DataLife Engine > ენერგეტიკა > "ნაბუკო" სერიოზულ დაფინანსებაზე პიურველად პირველად გავიდა

"ნაბუკო" სერიოზულ დაფინანსებაზე პიურველად პირველად გავიდა


25 ივნისი 2009. : merabi
"ნაბუკოს" პროექტის განხორციელბა, როგორც უკვე ყველასთვის ცნობილია, ევროპამ რამდენიმე წლის წინ რუსეთის ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების შესამცირებლად შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც ირანში, შუა აზიასა და კასპიის რეგიონში მოპოვებული გაზი აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით ევროპაში უნდა გავიდეს. პროექტის საერთო ღირებულება 7 მილიარდ ევროს აღემატება და მისი ექსპლუატაციის შემთხვევაში, მან ევროპას 26-დან 32 მილიარდ კუბომეტრამდე ბუნებრივ აირი უნდა მიაწოდოს.
ამჟამად ნაბუკოს მილში პირველი მილიარდი მიედინება. ევრობანკმა სურვილი გამოთქვა, რომ ამ ისტორიული პროექტის განხორციელებაში 1 მილიარდი ევრო ჩაუშვას. თუკი ბანკს სხვა დონორებმაც აუბეს მხარი, მაშინ ალტერნატიული მარშრუტის გასაყვანად ფინანსური საკითხი შემაფერხებელი ფაქტორი აღარ იქნება.
დიდი ალბათობაა იმისა, რომ "ნაბუკოს" პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა დააფინანსოს. გაზსადენის მშენებლობის დაფინანსების თაობაზე მზადყოფნა ბანკის ბიზნეს-ენერგეტიკის განყოფილების დირექტორმა რიკარდო პულიტმა გამოთქვა. "ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შეუძლია პროექტის დაფინანსებისთვის ბანკების სინდიკატს სათავეში ჩაუდგეს და ნაბუკოსთვის 1 მილიარდი ევრო გამოყოს", - განაცხადა პულიტმა სააგენტო "ბლუმბერგთან" საუბრისას.
გამოდის, რომ ევროპის გაზმომარაგების ალტერნატიული მარშრუტისთვის საჭირო თანხის 1/7 უკვე მოძიებულია. ექსპერტებს თანხის ოდენობაზე მეტად, პროექტის დაფინანსებაში ისეთის ძლიერი ორგანიზაციის ჩართვა ახარებს, როგორც ევრობანკია. ამასთან, მათი ვარაუდით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების კვალდაკვალ "ნაბუკოს" სხვა დამფინანსებლებიც გამოუჩნდებიან, რადგან ევრობანკის პროექტში ჩართვა აქამდე არსებულ უამრავ ეჭვს აქარწყლებს.
ყველაფერს ნათელს ჰფენს ისიც, რომ "ნაბუკოს" პროექტის ფარგლებში მთვარობათაშორისი შეთანხმება ივლისის ბოლოს გაფორმდება. ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ტანერ ილდიზმა ჟურნალისტებს კიდევაც მიაწოდა კონკრეტული ინფორმაცია. მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში თურქეთი უკვე თანამშრომლობს საბერძნეთთან, ბულგარეთთან, რუმინეთთან, ირანთან, აზერბაიჯანთან და თურქმენეთთან. მართალია, მთავრობათაშორისი შეთანხმება ამ თვის ბოლოს უნდა გაფორმებულიყო, მაგრამ ტექნიკური საკითხების მოუგვარებლობის გამო, ერთი თვით გადაიდო. რამდენიმე კვირის შემდეგ კი პარტნიორები ერთურთს თურქეთში შეხვდებიან და შეთანხმებაც დაიდება.
"ნაბუკოსთვის" გაზის პოტენციურ მიმწოდებლებად აზერბაიჯანი, ირანი, თურქმენეთი და ერაყი სახელდებიან. მშენებლობა 2011 წლიდან იგეგმება, პირველი მიწოდება კი 2014 წელს უნდა განხორციელდეს.
რუსული სააგენტოს "იტარ ტასის" ინფორმაციით, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელმარ მამედიაროვმა იაპონიაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ "ნაბუკოს" გაზსადენის შესავსებად პირველ ეტაპზე აზერბაიჯანს საკმარისი გაზის რესურსი უკვე გააჩნია. ანუ პრობლემა აქ სხვაგან უნდა ვეძებოთ. პროექტში მონაწილეობს რამდენიმე ქვეყანა და პრობლემები ზუსტად გაზის ტრანზიტისა და ტარიფის დადგენის კუთხით იქმნება".
მამედიაროვი გაზსადენისადმი ევროკავშირის დაინტერესებასაც შეეხო და მის მხარდაჭერას გაუსვა ხაზი, თუმცა აღნიშნა, რომ იგივე ევროკავშირის ცალკეულ ქვეყნებს ცალ-ცალკე ამ საკითხისადმი უკვე არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ.
აზერბაიჯანის მრეწველობისა და ენერგეტიკის მინისტრი კი ნატიკ ალიევი "ნაბუკოს" გაზსადენის პროექტს "დაუმუშავებელს" უწოდებს, რასაც ნედლეულის მიმწოდებლების გაურკვევლობითა და შესაბამისი ხელშეკრულებების გაუფორმებლობით ხსნის, `პროექტი, შეიძლება ითქვას, რომ "დაუმუშავებელია", რადგანაც არ არის გარკვეული გაზის მიმწოდებლების წყარო, არ გაფორმებულა გაზის მიწოდებაზე ხელშეკრულება და რაც მთავარია, არ ჩატარებულა კორიდორის საკმარისი კვლევა. რაც შეეხება გაზის მიწოდების წყაროებს, აზერბაიჯანს მხოლოდ საკუთარ თავზე შეუძლია პასუხისმგებლობის აღება და თურქმენეთისა და ყაზახეთის მაგივრად ვერ ისაუბრებს". - აღნიშნა ნატიკ ალიევმა.
აზერბაიჯანი გაზის ექსპორტის რამდენიმე ვარიანტს განიხილავს. მათ შორის `ნაბუკოს~, თურქეთი-საბერძნეთი -იტალიის დამაკავშირებელ გაზსადენს (TGI) და ტრანსადრიატიკულ მილსადენს. მისი განმარტებით, ქვეყანა სამივე პროექტს უჭერს მხარს, თუმცა აირჩევს მხოლოდ იმას, რომელიც კომერციულად ხელსაყრელი იქნება. "ირანსა და რუსულ "გაზპრომს" შაჰ-დენიზის საბადოს მეორე სტადიის დამუშავებიდან გაზის შესყიდვა სურს. ასე რომ, კარგად უნდა ავწონ-დავწონოთ წინადადებები და შევარჩიოთ მათ შორის კომერციულად ყველაზე მომგებიანი". - აღნიშნა ალიევმა.
"ნაბუკოს" გაზსადენის გამშვები საპროექტო სიმძლავრე წელიწადში 31 მლრდ. კუბ. მეტრს შეადგენს. თუმცა, მილსადენის საშუალებით გაზის გადაზიდვის თაობაზე დაინტერესება უკვე 16-მა გადამზიდავმა კომპანიამ გამოთქვა, რამაც დაგეგმილი სიმძლავრის ზრდის საჭიროების შექმნა გამოიწვია", - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"ნაბუკოს" პროექტს პირველ სტადიაზე 8 მლრდ კუბ. მეტრი გაზი ესაჭიროება, რომლის მოპოვებაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, აზერბაიჯანის შაჰ-დენიზის საბადოს მეორე სტადიიდან არის დაგეგმილი. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, მილსადენი საქართველოს ტერიტორიაზეც გაივლის და ევროპისთვის რუსული გაზის ალტერნატივა იქნება.
პიებალგსის განცხადებით, პროექტი წარმოადგენს გაზის მიღების დამატებით წყაროს ევროპისთვის. "გაზსადენების შეზღუდული რაოდენობა დაუცველს გვხდის, ამაში განსაკუთრებით ევროპა მიმდინარე წლის იანვარში დარწმუნდა. ასე რომ, რაც უფრო მეტი გაზსადენი გვექნება, მით უკეთესი",- აღნიშნა პიებალგსმა.
რაც შეეხება NATO-ს მიერ გაზსადენის უსაფრთხოების დაცვის შესაძლო უზრუნველყოფას, ამის შესახებ ინფორმაცია სამშაბათს ბაქოში გამართულ შეხვედრაზე გაჟღერდა. ნაბუკოს გაზსადენის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მზადყოფნას გამოთქვამს ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი. ნატოს ეკონომიკური უსაფრთხოების დირექტორატის ხელმძღვანელის მაიკლ გაულის განცხადებით, ალიანსი არ გამორიცხავს სამხედრო ექსპანსიას, რათა დაიცვას ენერგომატარებლების მიწოდების უსაფრთხოება ალიანსის პასუხისმგებლობის ზონის გარეთაც.
თათია ჩაფიჩაძე