DataLife Engine > ენერგეტიკა > ინტერვიუ ყოფილ ენერგოობმუდცმენთან, დავით ებრალიძესთან

ინტერვიუ ყოფილ ენერგოობმუდცმენთან, დავით ებრალიძესთან


19 მარტი 2009. : tamuna
"ელექტროენერგიის დახარჯვა უფრო ეფექტურია ქვეყნისთვის, ვიდრე იმ რესურსების რომლებსაც ჩვენ არ გამომვიმუშავებთ"

ინტერვიუ ყოფილ ენერგოობმუდცმენთან, დავით ებრალიძესთან

- ბატონო დავით, რა ჰიდროენერგორესურსები აქვს საქართველოს?
- საქართველოს აქვს იმდენი ჰიდრორესურსი, რომ შეგვიძლია ელექტროენერგიის ჩანაცვლების გზით გაზი აღარ გამოვიყენოთ, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ჰიდრორესურსები გვაქვს გაზაფხულზე, ზაფხულში და შემოდგომაზე. მაშინ, როდესაც არის საკმარისი რაოდენობის წყალი, ხოლო ზამთარში ჩვენი ჰიდრორესურსები არის მცრე სიმძლავრის და ძალაუნებურად გვჭირდება თბოს გამოყენება. ჩვენ შეგვიძლია ჭარბი ელექტროენერგია გავიტანოთ ექსპორტზე და სანაცვლოდ ზამთარში შემოვიტანოთ ბუნებრივი აირი. ამას ნაწილობრივ ვანხორციელებთ კიდეც. ასეთი გაცვლა-გამოცვლა გვაქვს, მაგალითად, თურქეთთან. ამ პრინციპით მინიმუმამდეა დაყვანილი თბოსადგურების წვლილი ჩვენს ელექტროსისტემაში, მაგრამ ხელშეკრულება, რომელიც იდება რუსეთთან ენგურჰესთან დაკავშირებით, ამ კუთხით ჩვენთვის წამგებიანია. ყურადღებას არ ვაქცევთ იმას, რომ ამ კონტრაქტით ენგურჰესი არა მარტო გადადის ნაწილობრივ რუსეთის მმართველობაში, არამედ მათ ჭარბი ელექტროენერგიის გატანის უფლებასაც ვაძლევთ.
არასწორ ინფორმაციას აწვდიდა ხელისუფლება მოსახლეობას, როცა ამბობდა, რომ ენგურჰესის რუსებისთვის გადაცემის დადებითი მხარე ისაა, რომ აფხაზეთში მიწოდებულ ელექტროენერგიაში ისინი ფულს გადაიხდიან. იმას კი აღარ ამბობდა, რომ იძულებულები გავხდებით, ჩვენს მიერ მოხმარებულ ენერგიაშიც გადავიხადოთ ფული. ჩვენ რომ ჭარბი ელექტროენერგიით ბარტერულ გაცვლას ვაკეთებდით თურქეთთან, ახლა ამ ჭარბ ელექტროენერგიას რუსეთი გაიტანს და ამაში მხოლოდ ენგურჰესის ტარიფს გადაიხდის, რომელიც დაახლოებით 2 თეთრია. თბოსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია კი ჩვენ დაახლოებით 10 თეთრი გვიჯდება. ასე რომ, შეიძლება ითქვას, ოთხმაგად ვაგებთ. აი, ეს არის სიმართლე ენგურჰესთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თურქეთს მივყიდეთ აჭარაში 7 ჰესის აშენების უფლება და მოვითხოვეთ იქ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40%-ის საქართველოში დატოვება. ერთი შეხედვით, ეს კარგია, რადგან ჩვენს ქვეყანაში ზამთარში ჰიდრორესურსის დეფიციტია და შეგვეძლო ეს ელექტროენერგია ზამთარში გამოგვეყენებინა, მაგრამ მეორე მხრივ, ეს არაფრის მომცემი არ არის, იმიტომ, რომ როგორც უკვე აღვნიშნე, ზამთარში საქართველოში ჰიდრორესურსი არის ძალიან მწირი და ამდენად ზამთარში მიღებული ელექტროენერგიის 40% თითქმის არაფერი არ არის. ამას ჯობდა, მეტი პროცენტი მოგვეთხოვა ზაფხულში, როდესაც გავიტანდით ელექტროენერგიას ექსპორტზე და სანაცვლოდ შემოვიტანოთ ზამთარში.
ამდენად, იმ ჰიდრორესურსებსაც, რომელიც გააჩნია ქვეყანას, არასწორად ვიყენებთ. შეიძლება ითქვას, რომ ვანიავებთ.
- საქართველოში არსებული ჰიდრორესურსების რა პროცენტს ვიყენებთ?
- ჩვენ ვიყენებთ ჰიდრორესურსის დაახლოებით 50-60 %-ს. საერთოდ, ჩემი აზრით, ენერგეტიკაში არასწორი მიდგომა გვაქვს.
- როგორი სახელმწიფო პოლიტიკა უნდა გატარდეს, რომ სრულიად გამოვიყენოთ ქყეყანაში არსებული ჰიდრორესურსები?
- სახელმწიფო პოლიტიკა ამ მხრივ უნდა იყოს ის, რომ ჰიდროენერგორესურსი, რომელიც ქვეყანას ჭარბად აქვს, პრიორიტეტად ვაქციოთ, ისევე, როგორც აზერბაიჯანისთვის და რუსეთისთვის არის ნავთობი და გაზი. როდესაც ჩვენ ვიღაცას ვაძლევთ ჰიდროსადგურის აშენების უფლებას, არ ვუყენებთ ისეთ პირობებს, როგორსაც უყენებენ აზერბაიჯანი და რუსეთი, როდესაც ვინმეს თავიანთ საბადოებზე უშვებენ.
ჩემი აზრით, ელექტროენერგიის გამოყენებაზე უნდა გადავიდეს ბევრი რამ, მაგალითად, ტრანსპორტი, გათბობის სისტემა, იმიტომ, რომ როდესაც ჩვენ ვიხდით ფულს გაზში, ამ ფულის 90% გადის ქვეყნიდან, ხოლო როდესაც ფულს ვიხდით ელექტროენერგიაში, მისი 90% ქვეყანაში რჩება. აქედან გამომდინარე, რომც აღმოჩნდეს, რო ნავთობი და გაზი უფრო იაფი ჯდება, ვიდრე ელექტროენერგია, მაინც ელექტრო ენერგიის დახარჯვა უფრო ეფექტურია ქვეყნისთვის, ვიდრე იმ რესურსების, რომლებსაც ჩვენ არ გამოვიმუშავებთ.
- როგორ მოვიზიდავთ ამ სფეროში ინვესტიციებს და როგორ უნდა მოვიზიდოთ მეტი ინვესტიცია?
- ამ სფეროში ინვესტიციები ძირითადად ჰესების აშენების გზით შემოდის. მაგრამ მიდგომა აქაც არასწორია, რადგან, ჩემი აზრით, უნდა განხორციელდეს არა ნაბუკოს პროექტი და ევროპას უნდა მიეწოდოს არა გაზი, არამედ ელქტროენერგია. ის ბუნებრივი აირი, რომელიც უნდა მიეწოდოს თურქეთიდან საქართველოს გავლით, ჯობია ჩანაცვლდეს ელექტროენერგიით, რადგან გაზის გადასატანი მილები და ზოგადად ინფრასტრუქტურის გაკეთება გაცილებით ძვირი ჯდება, ვიდრე ელექტრო ენერგიისა და თანაც ამ შემთხვევაში მცირე სიმძლავრით და ძალისხმევით შეგვიძლია მეტი ეფექტის მიღება. თუ ეს პროექტი განხორციელდა, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან კარგი იქნება, იმიტომ რომ პროდუქციის გადამუშავება და ევროპისთვის მიწოდება უფრო იაფი დაჯდება. ევროპაც, ჩემი აზრით, უფრო დაინტერესებული უნდა იყოს ამ პროექტის განხორციელებით, იმიტომ რომ ევროპა გაზს იყენებს ძირითადად ელექტრო ენერგიის გენერაციისათვის, გასათობად და ქიმიური წარმოებისათვის. ელექტროენერგიის გენერაციისთვის არაა საჭირო, რომ გადაიტანო და იქ მოახდინო გენერაცია. შეიძლება ჯერ გენერაცია მოახდინო და მერე გადაიტანო. გათბობის თვალსაზრისითაც, გაცილებით იაფი და ეფექტურია თანამედროვე ელექტროენერგიის გასათბობი სისტემები, ვიდრე გაზის და ქიმიური წარმოებაც, რაც უფრო შირს იქნება ევროპისგან, მით უკეთესი მისთვის. ასე რომ, ამ სამი კომპონენტის გათვალისწინებით, უმჯობესია ევროპას მიეწოდოს ელექტროენერგია და არა გაზი.
- რამდენი ჰიდროელექტროსადგური აშენდა საქართველოში მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლად დავიწყეთ ცხოვრება?
- როგორც მე მახსოვს, ჩინელების მიერ აშენდა ერთადერთი ჰიდროსადგური, ისიც კაშხალის გარეშე. მეტი არც აშენებულა.
- ჰიდრორესურსის გამოყენების რა ტექნოლოგიები არსებობს საქართველოში და რამდენად თანამედროვეა ეს ტექნოლოგიები?
- ჩვენ ახლა არ ვაშენებთ ახალ ჰესებს, ამდენად ვერც იმას ვიტყვით, თუ რა ტექნოლოგიები არსებობს. თუ ვინმე აშენებას დაიწყებს, ცხადია, რომ ეს იქნება ან შემოტანილი, ან ძველი, საბჭოთა პერიოდის დროინდელი.
- როგორ დგება საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფი?
- ელექტროენერგიის გენერაციის ფასი, რაც ახლა მოქმედებს, არის ხელოვნურად დაწეული. მაგრამ რომ მოვინდომოთ ახალი ჰესის აშენება, ელექტროენერგიის თვითღირებულება იქნება 5 ცენტის ფარგლებში. დღეისთვის კი ეს ტარიფი 2,5 ცენტია. სამომხმარებლო ტარიფი არის 17 თეთრამდე.


ესაუბრა თაკო მათეშვილი