DataLife Engine > ენერგეტიკა > რა უნდა ღირდეს 1 ლიტრი ბენზინი

რა უნდა ღირდეს 1 ლიტრი ბენზინი


24 ოქტომბერი 2008. : vale
რა უნდა ღირდეს 1 ლიტრი ბენზინი

ნავთობის ფასის ცვლილებები კომიკურ ხასიათს იძენს. ორიოდ თვის წინ ერთი ბარელი ანუ 158,97 ლიტრი ნავთობი 145 დოლარი ღირდა, დღესდღეობით კი მისი ფასი მხოლოდ 70 დოლარს აღწევს. "შავ ოქროდ" აღიარებული ენერგომატარებლის ფასზე მთელი მსოფლიოს ეკონომიკის განვითარებაა დამოკიდებული, აქედან გამომდინარე, მის მიმართ ყურადღება უდიდესია. ნავთობის ფასის დაცემა კარგია თუ ცუდი ამაზე ბევრი დავობს და არა მგონია, ვინმემ ერთმნიშვნელოვანი პასუხი იპოვოს. ნავთობის მომპოვებელ და მწარმოებელ ქვეყნებს, რა თქმა უნდა, მაღალი ფასები აძლევთ ხელს, ხოლო მომხმარებელ ქვეყნებს დაბალი, ეს არის ყველაზე მარტივი და ჭეშმარიტი ლოგიკა. ამ ფონზე, ერთი რამის თქმა ცხადად შეიძლება - თუ შავ ოქროზე ფასები შემცირდება, მაშინ მისგან წარმოებულ პროდუქტებზეც უნდა დაეცეს ფასები. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო ნავთობის მომხმარებელი ქვეყნების რიგშია, ენერგომატარებლების ფასის შემცირება ყველა ქართველს უნდა ახარებდეს.
ნავთობზე მსოფლიო მასშტაბით ფასების ვარდნა საქართველო-რუსეთის ომის დროს დაიწყო. ყველას კარგად გვახსოვს და კიდევ დიდხანს არ დაგვავიწყდება, როგორი პანიკა არსებობდა მაშინ მოსახლეობაში. გაჩნდა შიში, რომ სულ მალე სურსათი და ნავთობპროდუქტები დეფიციტური საქონელი გახდებოდა და კიდევ უფრო გაძვირდებოდა, შესაბამისად, მოსახლეობამ ამ პროდუქტების მომარაგება დაიწყო. თუმცა, ერთ მშვენიერ დღეს საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ბენზინის ფასები 5 თეთრით შემცირდა. ხელისუფლებამაც არ დააყოვნა და ნავთობპროდუქტების დისტრიბუტორი კომპანიები ლამის ვახტანგ გორგასლის უმაღლესი ხარისხის მედლებით დააჯილდოვა.
ძალიან კარგი, ჩემგანაც დიდი მადლობა ქართული ნავთობკომპანიების ხელმძღვანელობას, იმის გამო, რომ მათ ომის პერიოდში შექმნილი პანიკით არ ისარგებლეს და ბენზინი არ გააძვირეს. თუმცა, რაც დრო გადის და ნავთობის მსოფლიო ფასები ეცემა, სულ უფრო ახლოს შეიძლება მივიდეთ იმ აზრთან, რომ ნავთობის დისტრიბუტორების "ღირსეული საქციელი" მხოლოდ ომისდროინდელი პროპაგანდა იყო და ეს კომპანიები არა თუ მაღალი ღირსების მატარებლები, არამედ თაღლითებიც კი არიან.
ჩვენ კარგად გვახსოვს მძღოლების აღშფოთებანარევი გაკვირვება, როცა ისინი ერთ დღეში რამდენიმე ათეული თეთრით გაძვირებული ბენზინისა და სხვა ტიპის ფასების შესახებ იგებდნენ. ამ ნავთობპროდუქტების უეცარ გაძვირებას მოვაჭრე კომპანიები მსოფლიო ბაზარზე ნედლი ნავთობის გაძვირებით ხსნიდნენ. ანუ, როცა ნიუ იორკისა თუ ლონდონის ბირჟებზე ნავთობის ფასი თუ რამდენიმე დოლარით გაიზრდებოდა, ჩვენი ბენზინგასამართი სადგურების მეპატრონეები მყისვე ეხმიანებოდნენ მსოფლიო ბაზარზე არსებულ ფასებს, მეორე დილითვე რამდენიმე ათეული თეთრით აძვირებდნენ ბენზინს, თითქოს ეს იმ ნავთობიდან წარმოებული პროდუქტი ყოფილიყო, რომელიც მხოლოდ წინა დღეს გაძვირდა. საპირისპირო შემთხვევებში, როცა ნავთობის ფასი მსოფლიო ბირჟებზე დაეცა, ქართული ნავთობკომპანიების მამები ან თვალს და ყურს იხშობდნენ, თითქოს მათ ნავთობის გაიაფების შესახებ არაფერი სმენიათ, ანაც დამწუხრებული გამომეტყველებით უხსნიდნენ მომხმარებლებს, რომ მათ ავზებში ჯერ კიდევ წინა პერიოდში, ძვირად ნაყიდი ბენზინია და სწორედ ძვირი პროდუქციით ვაჭრობდნენ, ამიტომ ფასების შემცირებასაც, მხოლოდ მაშინ პირდებოდნენ მომხმარებლებს, როცა ბენზინის ახალ, იაფ პარტიას მიიღებდნენ. მე პატივს ვცემ ქართული მასშტაბებით ადგილობრივ ნავთობმაგნატებს, მაგრამ დიდი ეჭვი მაქვს, რომ ისინი ერთ-ერთ შემთხვევაში მაინც ტყუიან. გაძვირების ტენდენციას ისინი მყისვე უწყობენ ფეხს, ხოლო გაიაფებისას ათასგვარ მიზეზებს იგონებენ, რომ შენარჩუნებული მაღალი ფასები გაამართლონ. სწორედ მსგავსი მიზეზები მოვისმინეთ, როცა ამ ადამიანებს ვკითხეთ, თუ რატომ არ მცირდება სამომხმარებლო ფასები ნავთობის საყოველთაო გაიაფების ფონზე. მოვისმინეთ, რა მოცულობის გადასახადები აქვთ ნავთობპროდუქტებით მოვაჭრე კომპანიებს, რა უჯდებათ პროდუქციის ტრანსპორტირება, რა მოცულობის სახელფასო ფონდი აქვთ და ასე შემდეგ...
ნავთობის იმპორტიორების მიერ გაცემული არადამაჯერებელი პასუხების შემდეგ, ვცადეთ საკუთარი კომპეტენციის შესაბამისად მაინც გამოგვეთვალა რა უნდა ღირდეს დღეს ერთი ლიტრი ბენზინი. დღესდღეობით ერთი ბარელი ნავთობი დაახლოებით 70 დოლარი ჯდება, ანუ 1 ლიტრი 0,62 ლარი. ნედლი ნავთობის გადამუშავების და მისთვის უკვე მზა პროდუქციის სახის მიცემის შემდეგ, საქართველოში იმპორტირებული ნავთობპროდუქტების ფასი ასეთია, _ 1 ტონა ბენზინი - 606 დოლარი (848 ლარი), 1 ტონა დიზელი - 674 დოლარი (943 ლარი), 1 ტონა ნავთი - 734 დოლარი (1027 ლარი). ანუ ის ბენზინი, რომელსაც ჩვენ დაახლოებით 1,8-2 ლარად ვყიდულობთ, რეალურად მხოლოდ 0,84 ლარი ღირს . . . საქართველოში ერთი ლიტრი ბენზინი 84 თეთრად შემოდის, ჩვენ კი მას დაახლოებით 1 ლარით ძვირად ვყიდულობთ.
ასე რომ, თუ ამ დონეზე მაინც არ შეუძლიათ ჩვენს ქვეყანაში მოქმედ ნავთობკომპანიებს არითმეტიკული ანგარიში, იქნებ ტექნიკის "უახლესი" მიღწევები "კალკულატორები" დაიხმარონ და ქართულ ბაზარზე ნავთობის მსოფლიო ფასებთან მიახლოებული ფასით მაინც ივაჭრონ.