DataLife Engine > ენერგეტიკა > "ბუნებრივი გაზის ფასი სულ უფრო მოიმატებს"
"ბუნებრივი გაზის ფასი სულ უფრო მოიმატებს"23 ოქტომბერი 2008. : vale |
|
საქართველოს ბუნებრივ სიმდიდრეთა შორის ერთ-ერთი მოწინავე ადგილი ჰიდროენერგორესურსებს უკავია. ჩვენს ტერიტორიაზე არსებულ მრავალრიცხოვან მდინარეთა საერთო სიგრძე დაახლოებით 60 ათასი კმ-ია. მტკნარი წყლის საერთო მარაგი, რომელიც მყინვარების, ტბებისა და წყალსაცავების წყლის მარაგებისაგან შედგება 96,5 კუბურ კილომეტრს შეადგენს, ენერგეტიკული მნიშვნელობით კი – 300-მდე მდინარე გამოირჩევა, რომელთა წლიური ჯამური პოტენციური სიმძლავრე 15 ათასი მეგავატის ეკვივალენტურია, ხოლო საშუალო წლიური ენერგია 50 მლრდ. კილოვატსაათისა. საქართველოს მდინარეების სპეციფიურობიდან გამომდინარე, რომელთაც ახასიათებთ მკვეთრად გამოხატული სეზონურობა, ამ რესურსების გადანაწილება წლიურ, ან მრავალწლიურ ასპექტში შესაძლებელია მხოლოდ მარეგულირებელი წყალსაცავებიანი ელექტროსადგურების მშენებლობის გზით. თუმცა ეკოლოგიური თვალსაზრისით ასეთი სადგურების მშენებლობა გართულებულია, ამიტომ ძირითადი აქცენტი მცირე წყალსაცავიანი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაზე კეთდება.
7 ოქტომბრიდან საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდებისა და მოხმარების ახალი წესები ამოქმედდა, რომელიც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 18 სექტემბერს გამართულ სხდომაზე დაამტკიცა. ელ.ენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები ურთიერთობებს არეგულირებს ერთი მხრივ განაწილების ლიცენზიატს, მცირე სიმძლავრის ელ.სადგურსა და მეორე მხრივ, მომხმარებელს შორის ელ.ენერგიის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან მოხმარების დროს. ამ პირობების შესრულება სავალდებულოა. გარდა ამისა, წინასწარი ნებართვის გარეშე იკრძალება მომხმარებელთა ელ.ენერგიით მომარაგების შეწყვეტა. Aამ საკითხებთან დაკავშირებით ყოფილ ენერგოომბუდსმენს დავით ებრალიძეს გავესაუბრეთ. - ბატონო დავით, როგორც ვიცით, საქართველო ჰიდრორესურსებით მდიდარი ქვეყანაა, რუსეთთან ომის შემდეგ ენერგოუსაფრთხოება აქტუალური საკითხი გახდა, თუ შეიძლება ვისაუბროთ, როგორია საქართველოს შესაძლებლობები ამ კუთხით და როგორ ვიყენებთ ამ შესაძლებლობებს? - მეჩვენება, რომ ხელისუფლების სტრატეგია არასწორია. ისინი დიდ აქცენტს გაზიფიკაციაზე აკეთებენ, ხოლო პოტენციურ ჰიდროელექტროსადგურებს ისე ყიდიან , რომ, შეიძლება ითქვას, დანაშაულიც კია მომავალი თაობების მიმართ. მაგალითად, აჭარაში თურქებს 7 ჰესის მშენებლობის უფლება მიჰყიდეს, შემდეგი პირობით, რომ ზამთარში გენერირებული ელექტროენერგიის მხოლოდ 40 % დარჩება ქვეყანაში, დანარჩენი კი - ყველაფერში თავისუფლები არიან. საქართველოში, საერთოდ, ზამთარში ყველა მდინარე წყალმარჩხია. ამდენად, შეიძლება ჩაითვალოს, რომ გენერირება ამ დროს არც არაფერი იქნება. რაც უნდა დამაგროვებელი კაშხლები ააშენონ, თუ ეცოდინებათ, რომ ზამთარში გენერირებული ელ.ენერგია საქართველოში უნდა დატოვონ, ყველანაირად ეცდებიან, რომ მთელი გენერირება სხვა სეზონებზე მოახდინონ. Aამდენად, შეიძლება ჩაითვალოს, რომ ეს ენერგორესურსის განიავებაა, არამარტო ელ.ენერგიის, არამედ გადასახადების თვალსაზრისითაც. საქართველოში ასეთი კარგი ბუნებრივი პირობებია და საბედნიეროდ, ჰიდრორესურსები არამარტო იაფი, არამედ, ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის საშუალებაა. ბუნებრივი გაზის ფასი სულ უფრო მოიმატებს. მიუხედავად იმისა, რომ ნავთობის ღირებულება დაეცა, "გაზპრომმა" ევროპას გაზი გაუძვირა და საფასური 500 დოლარი გაუხადა. ეს ერთი საკითხია. მეორეა ის, რომ ბუნებრივ აირში გადახდილი თანხის ძირითადი ნაწილი ქვეყნიდან გადის, იმიტომ, რომ იმპორტირებას ვახდენთ, ხოლო ელ.ენერგიაში გადახდილი თანხის ძირითადი ნაწილი ქვეყანაში რჩება. დღევანდელი ფასებითაც კი, ელ.ენერგიის გათბობის თანამედროვე საშუალებები კონკურენტუნარიანია ბუნებრივი აირის გამათბობლებთან შედარებით. ამდენად, ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული სტრატეგია, ჩემი აზრით, უნდა ყოფილიყო ელ.ენერგიის სისტემების გაფართოება, სიმძლავრის შექმნა და არა გაჩუქება. Aარ ვარ განკერძოების წინააღმდეგი, მაგრამ ისეთნაირად უნდა მოხდეს, რომ მან მაქსიმალური ეფექტი საქართველოსთვის დატოვოს. რა პირობებითაც გაზისა და ნავთობის საბადოებს სხვა ქვეყნებში ყიდიან, იგივე პირობებით უნდა მომხდარიყო ჩვენთანაც. ჰიდრორესურსი იგივე საბადოა. მაგრამ ამ სიტუაციაში ერთი სერიოზული პრობლემა ჩნდება ენგურჰესთან დაკავშირებით. პირველი ის, რომ აფხაზეთის მთავრობამ მინიშნება გააკეთა, თითქოს მათ მეტი უფლებები აქვთ ენგურჰესზე, ვიდრე ჩვენ, რადგან კაშხალი მათ ტერიტორიაზეა, ეს ძალიან შემაშფოთებელია და შეიძლება დიდი რისკის მატარებელი იყოს ჩვენთვის. თუ ეს მოხდა, ჩვენი ენერგეტიკისთვის სერიოზული დარტყმა იქნება. საპირისპირო ბერკეტი კი ჩემი აზრით, დღევანდელ ხელისუფლებას ბევრი არ აქვს. - რა უარყოფითი და დადებითი მხარეები აქვს ელექტროენერგიის დღევანდელ დიფერენცირებულ ტარიფს? საერთოდ, როგორ იანგარიშება ტარიფის რაოდენობა, რა პროცენტული წილი აქვს გენერაციას (წარმოების ხარჯი), დისტრიბუციას და გადასახადებს? - ჩვენს ტარიფებს ორი პრობლემა აქვს: პირველი - მთლიანი ტარიფი არასწორი, არაჯანსაღი, გარკვეულწილად გაბერილია; მეორე - თვითონ ტარიფის სტრუქტურაც შიგნით არასწორია, განაწილების წილი არასამართლიანად დიდია, გენერაციის კი ძალიან მცირე. ტარიფის ეს არასწორი სტრუქტურა ბევრ უარყოფით შედეგს იძლევა, არ წახალისდება ახალი გენერაციების შექმნა და ძირითად თანხებს ის იღებს, ვისაც არ ეკუთვნის. ჩვენი გაბერილი ტარიფი ერთ-ერთი ყველაზე დიდია რეგიონსა და მთელ მსოფლიოშიც. რაც შეეხება კომუნალური აღრიცხვის პრინციპს, ესეც გაბერილია, რადგან სხვა ქვეყნებში ყველა ერთნაირად იხდის. საფეხურეობრივი ტარიფი თითქოს სოციალური დაცვისთვისაა შემოღებული, მაგრამ არასწორია, იმიტომ, რომ სოციალურად დაუცველები, პირიქით, უფრო კომპაქტურად ცხოვრობენ და ნაკლებ თანამედროვე ტექნიკას იყენებენ, რაც უფრო მეტ ელ.ენერგიას წვავს. Aამდენად, ეს პრინციპი სოციალური დაცვის კუთხითაც არასამართლიანია. ეი. იაფი ტარიფის გადახდა ძირითადად უხდებათ არა მათ, ვინც სოციალურად დაუცველია, არამედ პირიქით. არის მეორე პრობლემაც. მაგალითად, სადარბაზოებისა და ლიფტების გადასახადს თელასი სრულიად უკანონოდ, საფეხურეობრივი ტარიფით ახდევინებს. Aარადა, ეს გადასახადი ე.წ. საერთო მრიცხველითაა, კომუნალურია, სემეკის დადგენილებაში პირდაპირ წერია, რომ იქ, სადაც კომუნალური აღრიცხვაა, გადახდა პირველი საფეხურით უნდა მოხდეს. თელასი კი საფეხურებრივად ახდევინებს. ჩემი აზრით, ეს ტარიფი აუცილებლად უნდა გადაიხედოს. შესაძლებელია, განაწილების წილი შემცირდეს, გენერაცის წილი მოიმატებს, მაგრამ არა იმ მოცულობით, რომ მთლიანი ტარიფი გაიზარდოს. პირიქით, შემცირების შესაძლებლობაცაა. - როგორია ქართული ელექტროენერგიის საექსპორტო პოტენციალი და რომელ ქვეყნებში შეიძლება გავყიდოთ იგი? - ჩვენ, როგორც წესი, გაცვლას ვაკეთებთ, როცა ჩვენთან ჭარბია ელ.ენერგია, მაშინ ვაწვდით და ზამთარში, დეფიციტის დროს პირიქით ხდება. ასეთი ხელშეკრულება რუსეთთან, თურქეთთან და აზერბაიჯანთანა გვაქვს. კონფლიქტის მიუხედავად, რუსეთში გადადინება არ შემწყდარა, ეს ორივეს ინტერესშია და ასეთი საკითხები პირდაპირ ომთან არ არის დაკავშირებული. გარდა ამისა, როგორც ვიცი, დენს ყიდიან კიდეც, რაც, ჩემი აზრით, არასწორია. აუცილებლად გაცვლითი უნდა იყოს 1:1- თან, დღეს იცვლება 1:1,2 კვტ-ზე, როდესაც ვამბობდი, რომ არასწორი სტრატეგიაა ჰიდრორესურსების პრივატიზაციასთან დაკავშირებით, ვთვლიდი, რომ აქცენტი ბარტერზე უნდა გაკეთებულიყო. - შეაფასეთ საკანონმდებლო და პრაქტიკული თამაშის წესები, რომელიც ელექტროენერგიის წარმოებას არეგულირებს. როგორი გარემო სჭირდება ინვესტორს, რომ ამ სფეროში ფული ჩადოს? - ახლა ნებისმიერ სფეროში ინვესტიციების ჩადება, განსაკუთრებით ენერგეტიკაში, რომელიც გრძელვადიანი უნდა იყოს, პოლიტიკურ რისკებთანაა დაკავშირებული. საქართველოს პოლიტიკური არასტაბილურობა სერიოზული რისკია და ინვესტორთა გადაწყვეტილებებს განსაზღვრავს. ყველა დანარჩენი-საგადასახადო შეღავათები, ჩვენი კანონმდებლობის ლიბერალური კოდექსი და სხვა, არაარსებითია ამ სიტუაციაში. ყველაზე არსებითი ქვეყნის დღევანდელი მდგომარეობა და რა თქმა უნდა, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისია. ამ სიტუაციაში ინვესტიციების მოზიდვის დიდი იმედები არ უნდა იყოს. - ეკოლოგიური თვალსაზრისით რამდენად მავნებელია დიდი ჰესების მშენებლობა და იწვევს თუ არა გარემოს ძლიერ დაბინძურებას? - ჰესები მიწისქვეშა წყლების რაოდენობას, ტენიანობას ზრდის, შეიძლება ნიადაგის ეროზია ან აორთქლების მატება გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ ისე უნდა აშენდეს ჰესები, რომ ეს ყველაფერი გამოირიცხოს. Eენგურჰესის მშენებლობის დროს საუბარი იყო ამ პრობლემებზე, მაგრამ არ დადასტურდა. მაგალითად, თურქეთში რომ ჰესს აშენებენ, ის ჩვენთან, აჭარაში ეკოლოგიურ პრობლემებს იწვევს, ამიტომ ჰესის მშენებლობის საკითხები ყველანაირად გაანალიზებული უნდა იყოს. - და მაინც, კონკრეტულად რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ჰიდრორესურსებით მიღებულმა ელექტროენერგიამ ჩაანაცვლოს გაზი და ამით კიდევ უფრო გაიზარდოს ჩვენი ენერგოუსაფრთხოება? - ტარიფების სტრუქტურა უნდა შეიცვალოს. ჰესების, ახალი ჰიდრორესურსების მშენებლობის საკითხები გადაიხედოს და ინვესტორის წინაშე სხვა მოთხოვნები თუ პრინციპები უნდა იქნეს დაყენებული. ტექნოლოგიები, უკვე არსებული გათბობის საშუალებები, ელექტრო ხელსაწყოები უნდა წახალისდეს თანამედროვე, მცირე მოხმარების ელექტრო გათბობის სისტემების და სხვა ტექნიკის შემოტანა. ტრანსპორტირების საკითხიც უნდა გადაიხედოს. რკინიგზა, მეტრო უფრო მეტად უნდა განვითარდეს და გამოიყენოს ხალხმა, რადგან ძალიან დიდი თანხა გადის ნავთობპროდუქტების შესყიდვაზე. სწორედ ეს ნაბიჯები უნდა გადაიდგას და გრძელვადიან პერსპექტივაში ის შედეგს აუცილებლად გამოიღებს. თამთა დადეშელი |