DataLife Engine > ენერგეტიკა > "ენგურჰესი" - ხარკი წაგებული ომისთვის

"ენგურჰესი" - ხარკი წაგებული ომისთვის


23 იანვარი 2009. : vale
"ენგურჰესი" - ხარკი წაგებული ომისთვის

"ენგურჰესთან" დაკავშირებული სკანდალი არ ცხრება. ოპოზიცია და ექსპერტები ხელისუფლებას სტრატეგიული ობიექტის რუსეთზე გასხვისებაში ადანაშაულებენ. ხელისუფლება კი აცხადებს, რომ რუსულ კომპანია "ინტერ რაოსთან" გაფორმებული მემორანდუმი საქართველოსთვის ეკონომიკურად მომგებიანია.
საქმე ის გახლავთ, რომ ენერგეტიკის სამინისტროსა და რუსულ კომპანია "ინტერ რაოს" შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი 2008 წლის 28 დეკემბერს გაფორმდა, რომლითაც "ენგურჰესის" მართვას ქართული და რუსული მხარეები 10 წლის განმავლობაში ერთობლივად განახორციელებენ. ურთიერთგაგების მემორანდუმში გაწერილია ის პრინციპები, რომელთა საფუძველზეც შემდგომში ენგურის ჰესების კასკადის ერთობლივი მართვის ხელშეკრულება გაფორმდება.
ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმების შემდეგ გაჩნდა შიში იმის თაობაზე, რომ საქართველომ შესაძლოა დაკარგოს კონტროლი "ენგურჰესზე". თუკი იმას გავითვალისწინებთ, რომ "ენგურჰესის" ელექტროენერგიის გამანაწილებელი სადგური აფხაზეთში - საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზეა და ამასთან, აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება აქტიურად თანამშრომლობს რუსეთთან, ნათელი გახდება, რომ შიში არც ისე უსაფუძვლოა. რეალურია თუ არა "ენგურჰესის" დაკარგვა, ამის გრკვევა ექსპერტებთან და ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შევეცადეთ.
ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური აცხადებს, რომ საქართველო-რუსეთის ომის შემდეგ, აფხაზური მხარისგან "ენგურჰესის" გაჩერების შესახებ ხშირად ისმოდა მუქარები, ამიტომ მოლაპარაკებები და რუსეთის სახით გარანტორი ქვეყნის ჩართვა მნიშვნელოანი იყო. ხეთაგურის თქმით, მემორანდუმის მიხედვით, შეიქმნება მმართველთა საბჭო, რომელიც პარიტეტული პრინციპით დაკომპლექტდება და მას "ენგურჰესის" გენერალური დირექტორი უხელმძღვანელებს.
"ინტერ რაო" საქართველოს ენერგოსისტემასთან 2003 წლიდან თანამშრომლობს. დღეისთვის რუსული კომპანია საქართველოში თბილისის ელექტროგამანაწილებელი კომპანია "თელასის" 75%-ს, მე-9 და მე-10 ელექტრობლოკების აქციათა 100%-ს და ხრამი 1 და ხრამი 2 ჰიდროელექტროსადგურების მართვის უფლებას ფლობს. "ინტერ რაო" მემორანდუმის პირობების შესრულების გარანტად აღნიშნულ აქტივებს დებს. მემორანდუმით, "ინტერ რაომ" აიღო ვალდებულება, რომ აფხაზეთის მიერ მოხმარებულ ელექტროენერგიის საფასურს დაფარავს, რაც საქართველოს ელექტროსისტემას წელიწადში 15 მლნ. ლარის შემოსავალს მოუტანს.
ეკონომიკური განვითარების მინისტრი ლაშა ჟვანია აცხადებს, რომ "ენგურჰესი" იყო, არის და დარჩება საქართველოს კუთვნილებაში. რუსეთის სახელმწიფო კომპანია აღიარებს საქართველოს სრულ უფლებას "ენგურჰესზე", ისევე როგორც მათ მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობისთვის საჭირო ლიცენზიების და ნებართვის აღებას თბილისიდან. თუმცა აღნიშნულ მოსაზრებას ეჭვქვეშ აყენებენ ექსპერტები.
ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ `ენგურჰესის~ რუსულ კომპანია "ინტერ რაოსთან" ერთობლივ მართვაში გადაცემა რუსეთისთვის აგვისტოს ომის შემდეგ გადახდილი ხარკია. რუსეთმა საქართველოს ომი მოუგო და ხარკის სახით ხელისუფლებამ "ენგურჰესი" რუსეთს მისცა. იმის მტკიცება, რომ სადგური საქართველოს საკუთრებაში რჩება, აბსურდია. "ენგურჰესი" იყო უკანასკნელი ძაფი, რომელიც აფხაზ საზოგადოებას საქართველოსთან აკავშირებდა.
მემორანდუმს უარყოფითად აფასებენ ოპოზიციის წარმომადგენლები. მათი განცხადებით, აღნიშნული ხელშეკრულებით, საქართველომ საფრთხის ქვეშ დააყენა ქვეყნის სტრატეგიული ობიექტი და ჩაიდინა დანაშაული, როცა რუსულ კომპანია "ინტერ რაოს" გაურიგდა. ეს არის სამხედრო კაპიტულაციის ერთ-ერთი ნაწილი - ეკონომიკური კაპიტულაცია.
აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება აღნიშნულ მემორანდუმს დადებითად შეხვდა. დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ მემორანდუმთან დაკავშირებით კმაყოფილება გამოთქვა. საინტერესო ისაა, აფხაზეთში პრორუსული ორიენტაციის მქონე ხელისუფლების პირობებში, საქართველოს ხელისუფლება რამდენად შეძლებს იქ სიტუაციის კონტროლირებას. თუკი იმას გავითვალისწინებთ, რომ "ენგურჰესი" აფხაზ საზოგადოებას საქართველოსთან აკავშირებდა, ნათელი გახდება, რომ მისი გასხვისებით, ხელისუფლებამ არა მხოლოდ სტრატეგიული ელექტროსადგური დაკარგა, არამედ აფხაზებთან ურთიერთობის გზაც მოიჭრა.


ლამარა გულმაგარაშვილი