DataLife Engine > ენერგეტიკა > გაყიდიან თუ არა ორთაჭალჰესს მოიჯარის უფლებების დარღვევით?

გაყიდიან თუ არა ორთაჭალჰესს მოიჯარის უფლებების დარღვევით?


23 დეკემბერი 2008. : vale
ტესტი ლაშა ჟვანიასთვის

როგორც ჩანს საქართველოში კერძო მეწარმეებისათვის ქონების ჩამორთმევებისა და მათი რეპრესიების პროცესი ისევ გრძელდება. ამის ნათელ დადასტურებად შეიძლება ჩაითვალოს ფაქტი, რომ სახელმწიფო კერძო კომპანია "ორთაჭალენერჯის" ცალმხრივად უწყვეტს 25 წლიან საიჯარო ხელშეკრულებას და ჰესის მართვის უფლბას ვადაზე 10 წლით ადრე ართმევს.
ამბავი ბანალურია და ქართული საზოგადოება ასეთ ძალადობრივ მიდგომებს შეჩვეულიცაა, მაგრამ უსასრულოდ ასე გაგრძელებაც რომ შეუძლებელია, ესეც ფაქტია. დავიწყოთ იმით, რომ ორთაჭალჰესის მფლობელი შპს "ორთაჭალჰესი 2007"-ია, რომლის დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფო, ანუ ეკონომიკის განვითარების სამინისტრო გახლავთ. ჰესი, 1994 წლიდან, 25 წლიანი იჯარით აქვს აღებული კერძო კომპანიას, შპს "ორთაჭალენერჯის" და ამ ხელშეკრულებას მოქმედების ვადა 2019 წელს გადის. მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს "ორთაჭალჰესი 2007"-ის ხელმძღვანელობამ შპს "ორთაჭალენერჯის" წერილობით აცნობა, ხელშეკრულება ცალმხრივად უნდა შეგიწყდეთ და თუ რაიმე პრეტენზიები გაქვთ, 7 დღის ვადაში ასევე წერილობით მოგვმართეთო. "ორთაჭალენერჯის" საპრეტენზიო პასუხის მიუხედავად "ორთაჭალა 2007"-მა მეორე წერილიც არ დააყოვნა - თქვენს პრეტენზიებს ვერ გავითვალისწინებთ და ხელშეკრულება მაინც უნდა შეგიწყდეთო. ამის პარალერულად ეკონომიკის სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა ორთაჭალჰესის პრივატიზაციასთან დაკავშირებით. გამოცხადებული აუქციონის მიხედვით, რომელიც ამ წლის 19 დეკემბერს უნდა ჩატარდეს, ორთაჭალჰესის საწყის ფასად 25 მილიონი აშშ დოლარია დასახელებული. ეს არაადეკვატურად მაღალი ფასია, რამდენადაც 1 მეგავატი დადგმული სიმძლავრის, ახალი ჰესის ფასი 1 მილიონი აშშ დოლარია. ორთაჭალჰესის დადგმული სიმძლავრე 18 მეგავატია, მაგრამ, 8 მეგავატ ელექტროენერგიაზე მეტი არასოდეს გამოუმუშავებია.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალიც - მართალია სატენდერო პირობებში აღნიშნულია, რომ ორთაჭალჰესი იჯარით აქვს აღებული შპს "ორთაჭალენერჯის", მაგრამ იქვე მითითებულია: "ეკონომიკური განვითარების სამინისტრო გასწევს კანონით გათვალისწინებულ ყველა ძალისხმევას იმისთვის, რომ შპს-ს ქონება იყოს უფლებრივად უნაკლო". ანუ, რადგანაც საიჯარო ხელშეკრულებაა გაფორმებული, ჰესის ქონება უფლებრივად დატვირთულია და კანონის თანახმად, თუ მას სახელმწიფო გაყიდის "ორთაჭალენერჯიმ" საიჯარო ხელშეკრულებით მუშაობა ახალ მფლობელთან უნდა გააგრძელოს, მაგრამ ზემოაღნიშნული შენიშვნით ეკონომიკის სამინისტრო ახალ მფლობელს ჰპირდება მოიჯარეს გავაგდებთ და უფლებრივად უნაკლო ობიექტს მოგყიდითო. ამაზე "ორთაჭალენერჯის" მენეჯმენტი აცხადებს, რომ სახელმწიფო მათი კომპანიის მიმართ, რბილად რომ ითქვას, არამართლზომიერდ იქცევა და მათ სასამართლოს გარდა სხვა გზა არ გააჩნიათ.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ წლების განმავლობაში, სახელმწიფოს მხრიდან საიჯარო ხელშეკრულების პირობები რამდენჯერმე შეიცვალა. ბოლოს, სულ ახლახანს, 2008 წლის 11 ივლისს ეკონომიკის სამინისტროს და მეიჯარის ინიციატივით იჯარის ფასი თითქმის გასამმაგდა და "ორთაჭალენერჯის" ყოველწლიური საიჯარო თანხა, 67 ათასი ლარის ნაცვლად, 170 ათასი ლარი დაუწესდა. ამავე ცვლილებით დაფიქსირდა, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში არ გადაიხედებოდა ხელშეკრულების პირობები და მათ შორის საიჯარო ქირა. ამის შემდეგ "ორთაჭალენერჯიმ" ჰესზე კიდევ 300 000 ლარზე მეტი მოცულობის ინვესტიცია განახორციელა. კერძოდ, მთლიანად შეიცვალა ჩამკეტი ფარი, რომელიც მძიმე კონსტრუქციაა 30 ტონას აღემატება.
ცალკე საკითხია ისიც, რომ სახელმწიფოსა და "ორთაჭალენერჯის" შორის საიჯარო ხელშეკრულება 1994 წელს, საიჯარო კანონის თანახმად გაფორმდა. ანუ, მაშინ, როცა ჯერ კიდევ არ არსებობდა სამოქალაქო კანონმდებლობა. მართალია სამოქალაქო კოდექსში არის ასეთი მუხლი, რომლის თანახმადაც სახელმწიფოს აქვს უფლება ცალმხრივად შეუწყვიტოს ხელშეკრულება მეიჯარეს, თუ ეს ხელშეკრულება 10 წელზე მეტი ვადითაა გაფორმებული. ეკონომიკის სამინისტრო და მის მიერ დაფუძნებული "ორთაჭალა 2007" ხელშეკრულების შეწყვეტის მოტივად სწორედ კანონის ამ მოთხოვნას იშველიებენ, მაგრამ სამართლებრივად კანონის ამ ნორმას უკუქმედების ძალა არ გააჩნია. ანუ, უფრო გასაგებად რომ ავხსნათ, ეს მუხლი არ მოქმედებს მის მიღებამდე დადებულ ხელშეკრულებებზე. თუმცა, საბოლოოდ ეს სასამართლოს გადასაწყვეტია და "ორთაჭალენერჯიმ", როგორც უკვე აღინიშნა, უკვე მიმართა სასამართლოს.
გარდა ამისა, კანონის თანახმად, თუ მეიჯარემ იჯარით აღებულ ობიექტზე რაიმე განაახლა, მისი ღირებულება უნდა აუნაზღაურდეს. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ორთაჭალჰესს ქალაქში "ზარალჰესად" მოიხსენიებდნენ. მას 1954 წლიდან 1994 წლამდე კაპიტალური რემონტი არ ჩატარებია და 1994 წელს "ორთაჭალენერჯის" სამართავად ფაქტობრივად გაპარტახებულ მდგომარეობაში გადასცეს. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო სამუშაოების ჩატარება და დღემდე 3 მილიონზე მეტი ინვესტიციაა განხორციელებული. ამ ინვესტიციებისა და შესაძლო მისაღები მოგების ანაზღაურებაზე ეკონომიკის სამინისტრო "ორთაჭალენერჯის" არაფერს ეუბნება.

ჯერ-ჯერობით ჰესის ყიდვის სურვილი არავის გამოუთქვამს, ან კი, ვინ უნდა გადაწყვიტოს 25 მილიონი დოლარის გადახდა არაადეკვტურად მარალ ფასად შეფასებულ ქონებაში?! ობიექტურად ჩნდება ეჭვი, რომ ტენდერის გამოცხადების და საერთოდ ამ "გაუგებრობის" ერთადერთი მიზეზი მხოლოდ "ორთაჭალენერჯისთვის" საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტაა. შესაძლოა ხელშეკრულების გაუქმების გადაწყვეტილების უკან ვინმეს კერძო ინტერესიც კი იდგეს.

მოიჯარემ სასამართლოს მიმართა. ეკონომიკის სამინისტროს ახალი თავკაცი ჰყავს, - დიპლომატი ლაშა ჟვანია, რომელსაც საზოგადოება იცნობს, როგორც უცხოელი ინვოსტერების წარმატებულ მეგზურს საქართველოში და როგორც ჩვენი ქვეყნის, მისი საინვესტიციო კლიმატის პოპულიზატორს საზღვარგარეთ. როგორც ჩანს, ორთაჭალჰესის საკითხი მისთვის ერთგვარი ტესტი იქნება პრინციპულობაზე. - შეძლებს და დაიცავს ჟვანია კანონის მოთხოვნებს და ჰესის პრივატიზებას მოიჯარის უფლებების შეულახავად მოახდენს, თუ არ ეყოფა ძალისხმევა და პრინცპებს გვერდზე გადადებს და განაგრძობს კარგად ცნობილ მანკიერ პრაქტიკას, როცა ბიზნესის კანონიერი ინტერესები უაპელაციოდ ითელება ფეხქვეშ.
ამ კონკრეტული საქმის მაგალითზე გარკვეულწილად ან დადასტურდება, ან კვლავ ლიტონ სიტყვებად დარჩება სახელმწიფოს პირველი პირების მიერ დეკლარირებული მიდგომა, რომ ბიზნესის სამართლიანი ინტერესები და საკუთრების ხელშეუხებლობა ქვეყანაში ყველა შემთხვევაში უმაღლეს დონეზე უნდა იყოს დაცული.


დავით ჭედია