DataLife Engine > ენერგეტიკა > წინასაარჩევნოდ ხალხის ჯიბიდან ფულის ამოღება დაიწყო
წინასაარჩევნოდ ხალხის ჯიბიდან ფულის ამოღება დაიწყო21 იანვარი 2010. : merabi |
|
რატომ გაძვირდა საწვავი, ლოგიკური ახსნა არ არსებობს
არჩევნების წინ ან სააკაშვილი გაბრაზდება ან უგულავა და საწვავი 5 თეთრით გაიაფდება გუშინ ბენზინგასამართი სადგურების ფასების აბრებზე დაფიქსირებულმა ცვლილებებმა ქართველ მძღოლებს და საწვავის სხვა მომხმარებლებს კიდევ ერთხელ გაგვახსენეს, რომ საქართველოში ვცხოვრობთ. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საწვავის საცალოდ მოვაჭრე ყველა ქსელურმა კომპანიამ ერთხმად გაზარდეს ფასები. ბენზინი "ეტაპობრივად" ჯერ 5 თეთრით, ხოლო 20 იანვარს 10 თეთრით გაძვირდა. საბოლოო ჯამში, რეგულარის ტიპის საწვავზე, რომელზეც ყველაზე მაღალი მოთხოვნაა, ფასი 15 თეთრით გაიზარდა და 1.77 ლარი გახდა. საწვავის ფასებთან დაკავშირებით, მომხმარებლების და ამ სექტორის ანალიტიკოსების სერიოზული პრეტენზია გაძვირების ბოლო ტალღამდეც ფიქსირდებოდა. თუმცა, დღემდე ამ პრეტენზიების წინააღმდეგ, ნავთობიმპორტიორების ელემენტარულად შეთანხმებული და მწყობრი პასუხები მაინც არსებობდა. ეს არგუმენტები, რა თქმა უნდა, შორს იყო რეალობიდან, თუმცა, ტყუილი მაინც იყო ერთგვაროვანი და ერთმანეთში შეთანხმებული. ამჯერად, ნავთობკომპანიები მხოლოდ ფასების გაზრდისას არიან თანმიმდევრულნი, ხოლო, ფასის ზრდის საერთო ახსნა, როგორც ჩანს ჯერ არ მოუფიქრებიათ. მართლაც მესმის მათი მდგომარეობა. ძალიან ძნელია ერთი კვირის განმავლობაში საწვავზე ფასების 8-9 პროცენტიანი ზრდის ლოგიკური და ეკონომიკურად დასაბუთებული ახსნა. მით უფრო, როდესაც არც საერთაშორისო ბაზრებზე მომხდარა ნავთობპროდუქტებზე ასეთი ზრდა, არც ქართულ ბაზარზე გაზრდილა მოთხოვნა ფასის ზრდის შესაბამისად. ერთადერთი, რაც ნავთობიმპორტიორების ძლიერ მხარედ შეიძლება ჩაითვალოს, ეს გაწყვეტილი შუბლის ძარღვია. წინა კვირას, როდესაც საწვავი 5 თეთრით გაძვირდა, ეს ტრადიციული მიზეზით, საერთაშორისო ბაზრებზე ფასის გაზრდით, აიხსნა. იმ დღეს, როდესაც საქართველოში საწვავის ფასი გაიზარდა, ნედლი ნავთობის ფასი მართლაც იყო წინა დღესთან შედარებით გაძვირებული. მაგრამ, როგორ მოხვდა დილით გაძვირებული ნედლი ნავთობი საღამოს ქართული ბენზინგასამართი სადგურების ავზებში, ამაზე ნავთობიმპორტიორების ტრადიციულ დამცველს ბატონ ვანო მთვრალაშვილს არ უსაუბრია. ამაზე ჩვენც აღარ დავკონკრეტდებით, ტრადიციული ლოგიკაა. თუმცა, აღსანიშნავი ისაა, რომ მას შემდეგ გაძვირებისკენ მიმართული ტენდენცია, რომელიც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საერთაშორისო ბაზარზე ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე აღინიშნებოდა, შეიცვალა. ფასმა კლებისკენ იცვალა გეზი. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ბოლო კვირის განმავლობაში ნედლი ნავთობის ფასი დაახლოებით 2 დოლარით შემცირდა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიცით, რომ დილით გაიაფებული ნედლი ნავთობი საღამოს კი არა ერთი კვირის შემდეგაც ვერ მოხვდება ქართულ ბაზარზე, მაგრამ ეს ფაქტი იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ნავთობიმპორტიორებს არ მივცეთ კიდევ ერთი ტყუილის თქმის საშუალება და საწვავის გაძვირების საერთაშორისო ფასების ზრდაზე გადაბრალება. ასევე, ვახსენებთ ნავთობიმპორტიორებს, რომ თუ წინა კვირას ადგილობრივ ბაზარზე ფასები იმიტომ გაიზარდა, რომ ნავთობი გაძვირდა, დღეს ერთი ბარელი `შავი ოქრო~ წინა კვირის მონაცემებთან შედარებით 2 დოლარით არის გაიაფებული. `ბანკები და ფინანსები~ საწვავით მოვაჭრე თითქმის ყველა მსხვილ ქსელს დაუკავშირდა. ყველაზე არგუმენტირებული და დალაგებული პასუხი `სოკარის~ წარმომადგენელმა, ნავთობპროდუქტების მენეჯერმა რეზო ხუხაშვილმა გაგვცა, - `ჩვენს ქსელში საწვავის ფასის ზრდა საბირჟო ფასების აწევამ გამოიწვია. ჩვენ სხვადასხვა მარაგები გვაქვს და შემიძლია ლიტრებში გითხრათ ფასები: გვაქვს 1.65 ლარის, 1,69 ლ. 1.30 ლ 1,3 5ლ 1,55 ლარის ღირებულების სხვადსახვა პროდუქტი. 1 იანვრიდან დღემდე ფასთა დინამიკებში დიდი ცვლილება არაა, მაგრამ 1 იანვრამდე იყო ზრდა, შესაბამისად, ჩვენს კომპანიას მარაგები ჰქონდა, რამაც გადაგვატანინა ის პერიოდი, რომ ფასები არ აგვეწია. 1 იანვრიდან მოყოლებული, შესაბამისად, მოგვიწია უკვე ახალი საბირჟო ფასებით აღება და მომარაგება, ანუ ფასი შეიძლება აწეულიყო 25 დეკემბრიდან 31 დეკემბრამდე, მაგრამ საახალწლო სიტუაციის გამო არ ავწიეთ და ძველი მარაგებით ვისარგებლეთ, რომელიც შედარებით დაბალ ფასში გვქონდა. ახლა კი რახან ჩვენ იმპორტზე დამოკიდებული ვართ, საბაზრო სიტუაციამ პროდუქციის ღირებულებაზე ასახვა ჰპოვა. ჩვენს ქსელში საწვავი 10 თეთრით გაძვირდა~. თითქოს არგუმენტირებული პასუხია, თუმცა, ნავთობის საბირჟო ფასების შესახებ ინფორმაცია ადვილი მოსაპოვებელია და ძალიან მარტივად შეიძლება დამტკიცება, რომ ბატონი რეზო ცდება. 2009 წლის 20 ოქტომბერს, ერთი ბარელი ნავთობი 76,61 აშშ დოლარი ღირდა, 2009 წლის 20 ნოემბერს 75,93 აშშ დოლარი, 2009 წლის 21 დეკემბერს - 72,81 აშშ დოლარი, ხოლო 2010 წლის 19 იანვარს - 75,16 აშშ დოლარი. ვფიქრობ, ყველაფერი ნათელია, ნავთობის საერთაშორისო ფასები საქართველოში საწვავის გაძვირებასთან კავშირში არ არის. "ბანკები და ფინანსების" კითხვაზე, თუ რატომ გაძვირდა საწვავი, "ვისოლის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, რუსუდან კბილაშვილმა, რბილად რომ ვთქვათ, სასაცილო პასუხი გაგვცა. "5-10 თეთრით გაძვირდა. ჩვენთან ყოველთვის ფასების ცვლილება დამოკიდებულია ნავთობის საერთაშორისო ფასების ცვალებადობასთან. ახლა ბაკურიანში ვარ და მეტი არაფერი არ ვიცი, რომ ჩამოვალ მერე მოგაწვდით ინფორმაციას. რაც შეეხება კომპანიის გენერალურ დირექტორს, ის იმდენად დაკავებულია, რომ კომენტარის გასაკეთებლად ვერ მოიცლის". ძალიან საინტერესოა, რითია დაკავებული ბატონი ფხაკაძე, საზოგადოებას იმით მაინც სცეს პატივი, რომ ფასის ასე მკვეთრი ცვლილება დაასაბუთოს. ჩვენს პასუხებზე თავის არიდების მიზნით, უკეთესი ხერხი მოიფიქრეს `ლუკოილში~. რუსული კომპანიის წარმომადგენლები მთელი დღის განმავლობაში თათბირს მართავენ, ალბათ, საწვავის გაძვირების ლოგიკურ ახსნას ეძებენ, ამიტომ, სავარაუდოდ, მათი `თათბირი~ რამდენიმე თვე გაგრძელდება. უფრო მარტივად გადაწვიტა პრობლემა `რომპეტროლმა~. რუმინული კომპანიის ოფისში საკონტაქტო ტელეფონს არავინ პასუხობს, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლებს კი მობილური ტელეფონები გამორთული აქვთ. ნავთობბროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილმა, კი ჩვენი კითხვების ელექტრონული ვერსიის გადაგზავნა მოითხოვა, მაგრამ, როგორც ჩანს, საწვავის სიძვირის გამო, ავტომობილით ვეღარ სარგებლობს და ელ-ფოსტამდე ჩვენი წერილის სანახავად, ჯერჯერობით, ვერ მიაღწია (20.01.2010. 21 საათი). ერთი სიტყვით, რატომ გაძვირდა საწვავი ერთი კვირის განმავლობაში ორჯერ, საბოლოოდ 15 თეთრით, არავინ იცის, ან იციან, მაგრამ გვიმალავენ. ბუნებრივია, რაოდენობაში და დროში ასე შეთანხმებული გაძვირება, სპონტანურად და გაუაზრებლად არ მომხდარა. არის რაღაც მიზეზი. იქნებ ეს ფაქტი, გარკვეული პერიოდის შემდეგ, მსუყე საარჩევნო ქულების ჩაწერის საშუალება გახდეს. საქმე იმაშია, რომ ნავთობპროდუქტების იმპორტიორების მიმართ საზოგადოებაში ძალიან უარყოფითი დამოკიდებულებაა. ბუნებრივია, ყველას გაუხარდება, თუ მათ მოქმედებას ვინმე დროულად ალაგმავს. ხალხის გადამრჩენელის მანტიას ან პრეზიდენტი მოირგებს, ან ხელისუფლების მთავარი საარჩევნო კანდიდატი გიგი უგულავა. არჩევნებამდე ერთ-ერთი მათგანი აუცილებლად გაილაშქრებს ნავთობკომპანიების წინააღმდეგ და ფასების დაწევას მოითხოვს. ფასებიც დაიწევს, მაგრამ რა გამოვა? ხელისუფლება იმ ტოტს ხომ არ მოჭრის, რომელზეც ზის?! ამიტომ, მოიფიქრეს მეთოდი, რომ არც მწვადი დაწვან და არც ხმები დაკარგონ. დღეს იმიტომ გააძვირეს ნავთობი, რომ მალე ისევ გააიაფონ და ეს გაიაფება ხელიფუფლებამ მიიწეროს. სანამ არჩევნები იქნება, ნავთობკომპანიებისთვის ერთი სასარგებლო რჩევა მოვიფიქრე: კარტელური გარიგებები და შეთანხმებული ფასები, ასე აშკარა რომ არ გახდეს, საწვავი არა ერთდროულად, არამედ სხვადასხვა დროს გააძვირონ. კარგი იქნება, თუ ფასების გაზრდა ერთი საათით მაინც იქნება დაშორებული სხვა ქსელში დაფიქსირებული გაძვირებისგან, თორემ, უკვე ჩემი საყვარელი ბებიაც კი ხვდება, რომ რაღაც წესრიგში არ არის. ეს ფაქტი მაშინ დავაფიქსირე, როდესაც პრეზიდენტის ცნობილი გამოსვლის შემდეგ, მთელი თბილისის აფთიაქები შემომატარა, გაიაფებული წამლების ძებნაში. ბებიაჩემი ბენზინგასამართ სადგურებს მხოლოდ ფერების მიხედვით არჩევს. ფერები განსხვავდება, მაგრამ ციფრები არა... ლევან მარტაძე |