DataLife Engine > ენერგეტიკა > გააიაფებს თუ არა მთავრობის ახალი ინიციატივა ისევ გაძვირებულ საწვავს
გააიაფებს თუ არა მთავრობის ახალი ინიციატივა ისევ გაძვირებულ საწვავს16 იანვარი 2010. : merabi |
|
საქართველოს მთავრობამ გასული წლის 30 დეკემბერს ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ დადგენილება მიიღო, რომელიც 2010 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. დადგენილების მიხედვით, დანაკარგი განისაზღვრება, ნორმის გამრავლებით, ერთ თვემდე შენახული ნავთობპროდუქტის წონაზე. დადგენილების მიღებამდე ნავთობპროდუქტების იმპორტიორები ტრანსპორტირების დროს დაკარგულ პროდუქტზეც იხდიდნენ გადასახადს.
ეს დადგენილება არ შეეხოთ მეწარმეებს, რომელთათვისაც საქონლის დანაკლისის შემთხვევაში პროდუქტი გადასახადით იბეგრება, თუმცა, სავარაუდოდ, ამ საკითხზე მსჯელობა კვლავ განახლდება და კანონი მათაც გაანთავისუფლებს ზედმეტი გადასახადისგან. ფინანსთა მინისტრის მოადგილის ირაკლი სირაძის განცხადებით, ქვეყანაში ბიზნესის ხელშეწყობისთვის, ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია. "როდესაც კომპანიას უმსუბუქდება საგადასახადო ვალდებულებები, მას შეუძლია გავლენა იქონიოს და შეამციროს დღეს არსებული ფასები", - აღნიშნავს სირაძე. იმ შემთხვევაში, თუ რეალური დანაკარგის რაოდენობა დადგენილი ნორმის მიხედვით გამოთვლილ დანაკარგს გადააჭარბებს, ეს რაოდენობა კომპანიებს რეალიზებულად ჩაეთვლებათ და გადასახადსაც შესაბამისი კანონის საფუძველზე გადაიხდიან. "ეს კანონი იძლევა საშუალებას, რომ უფრო ეფექტურად მოხდეს საწვავის იმპორტის ასევე რეალიზაციის სწორი აღრიცხვა", - განაცხადა "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ. "ფაქტი თავისთავად მისასალმებელია, რადგან ამ გადაწყვეტილების მიღებამდე ნავთობიმპორტიორებს გადასახადებს ფაქტიურად ნავთობის იმ პროდუქტზე ახდევინებდნენ, რომელიც მათ რეალურად არ ჰქონდათ. ბიზნესისთვის მხოლოდ სასარგებლოა აღნიშნული ცვლილებები, მაგრამ ამ სიტუაციაში საყურადღებოა, თუ რა ზეგავლენას მოახდენს აღნიშნული გადაწყვეტილება ნავთობპროდუქტების ფასებზე. ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგების ნორმების შესახებ ეს ცვლილება იმდენად მცირე შეღავათია ნავთობიმპორტიორი კომპანიებისთვის, რომ ნაკლებსავარაუდოა ამ გადაწყვეტილებამ ფასის, თუნდაც მცირედით, შემცირება გამოიწვიოს. საერთოდაც საქართველოში ნავთობპროდუქტების ბიზნესში ძალიან ცუდი მდგომარეობაა. ის სახელმწიფოს მხრიდან სერიოზულ ყურადღებას საჭიროებს და ასეთი მცირე ეფექტის მომცემი გადაწყვეტილებები სიტუაციას ვერ გამოასწორებს", - განაცხადეს არასამთავრობო ორგანიზაცია `ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში". აღნიშნული დებულების მიხედვით ნავთობიმპორტიორები თავისუფლდებიან ზედმეტი გადასახადისგან, რაც იმედს გვიტოვებს, რომ ისინი უკეთ შეძლებენ არსებული რესურსების გამოყენებას, რის საფუძველზეც საწვავის არსებული ფასები შემცირდება. თეა ცერაძე |