DataLife Engine > ენერგეტიკა > "ენგურჰესის პირდაპირი ან შენიღბული გზით რუსეთისთვის გადაცემა ხდება"
"ენგურჰესის პირდაპირი ან შენიღბული გზით რუსეთისთვის გადაცემა ხდება"14 იანვარი 2010. : merabi |
|
"დარწმუნებით შემიძლია განვაცხადო, რომ საქართველოს მთელი ენერგეტიკის საკონტროლო პაკეტი რუსების ხელშია, დაწყებული დისტრიბუციით და გენერაციის საკითხებით დასრულებული", - ინტერვიუ ეკონომიკის ექსპერტ გია ხუხაშვილთან
- ბატონო გია, როგორ შეაფასებდით განვლილ 2009 წელს. რა გამოწვევები ჰქონდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას და როგორ გაუმკლავდა ჩვენი მთავრობა ამ პრობლემებს? - გარდა იმ სისტემური პრობლემებისა, რაც საქართველოს მრავალი წლის განმავლობაში ჰქონდა და აქვს, შარშანდელი აგვისტოს ომი დაემატა. წელი საკმაოდ რთული იყო. თუმცა პარადოქსია, მაგრამ ეს ომი გარკვეულწილად დაეხმარა კიდეც ჩვენს ეკონომიკას. ომის შედეგად საქართველომ მიიღო საერთაშორისო დახმარება. დახმარება იყო საკმაოდ მსუყე და მან პირველ რიგში ქვეყნის საფინანსო სისტემის სტაბილურობა განაპირობა. დახმარებამ შედარებით სტაბილურობა შეუნარჩუნა იმ სეგმენტებს, რომლებიც მეტნაკლებად განვითარებული იყო, ესაა სამშენებლო სექტორი. თუმცა ვფიქრობ, რომ ძირითადად პრობლემების გადავადება მოხდა და არა მათი მთლიანი გადაწყვეტა. ეკონომიკური აქტივობა ამ წლის განმავლობაში შემცირდა, აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ პრობლემები ჯერ კიდევ წინ გვაქვს. - როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორედ და ეფექტურად ხდება აღებული სესხების გამოყენება, რომ შემდეგ მან უკუგება მოგვცეს და ვალებიც დაფარული იქნას? - ზუსტად აქ არის ძირითადი პრობლემა, როდესაც ვსაუბრობ სისტემურ პრობლემაზე. ხელისუფლება თანხებს ხარჯავს არა სახელმწიფო, გრძელვადიანი ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ ტაქტიკური პოლიტიკური ამოცანების გადასაწყვეტად. ეს არის პიარ კამპანიები, მერკანტილური ინტერესები, კორუფციული გარიგებები, ანუ საერთოდ გაუმჭვირვალე სისტემაა შექმნილი. თანხები ძირითადად ვირტუალური კეთილდღეობის სურათების შექმნაზე იხარჯება და არა რეალურ კეთილდღეობაზე, შესაბამისად, ეკონომიკა ვერ ვითარდება. პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით ფული იდება მიწაში, ანუ ის ეკონომიკაზე არ მუშაობს. არ იქმნება დამატებითი ღირებულება და ჩვენ ძირითადად ვხედავთ, თუ როგორ აფეთქებენ ძეგლებს და მერე როგორ აშენებენ მათ მაგივრად ახლებს. ამაზე გადაყრილი ფინანსები ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით არაეფექტური ფულია. ინფრასტრუქტურის მშენებლობა შეიძლება ირიბად ძალიან კარგია ეკონომიკისთვის, მაგრამ დღეს მას სულ სხვა პრობლემები აქვს. როდესაც გაქვს მძიმე დაავადება და ვიღაც ცდილობს, რომ ზედაპირულად, კოსმეტიკურად მოგარჩინოს, ეს ნაჭრილობები ისევ გრჩება, ხოლო მკურნალობა უშედეგოა. - 2009 წელს საქართველოში, წინა წლებთან შედარებით, ბევრად ნაკლები ინვესტიცია შემოვიდა. ამ ინვესტიციების დიდი ნაწილი ენერგოსექტორში ჩაიდო, ხოლო ინვესტორებს უმეტესწილად თურქები შეადგენდნენ. არსებობს მოსაზრება, რომ თურქ ინვესტორებს საქართველოს ხელისუფლება ისეთ ხელშეკრულებებს უფორმებს, რომლის თანახმადაც ჩვენი ქვეყანა ამ ჰესების მშენებლობაზე დასაქმებული ხალხის გარდა, სხვა სარგებელს ვერ იღებს. თქვენი შეფასებით, რა სარგებელი მოაქვს ჩვენთვის ენერგოსექტორში თურქულ ინვესტიციას და რამდენად სწორ პოლიტიკას ახორციელებს საქართველოს მთავრობა ენერგოსფეროში? - იმას რასაც ხელისუფლება ინვესტიციას ეძახის, პირდაპირ ინვესტიციად იწოდება, სადაც ძირითადად ქვეყანაში ფულის შემოდინებაზეა ლაპარაკი და არა ეკონომიკური აქტივობის გაზრდაზე. მაგალითად, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ოპერაციები ან პრივატიზაციის პროცესი, ეკონომიკური აქტივობის თვალსაზრისით, მფლობელის გამოცვლაა ამა თუ იმ ობიექტისა და სულაც არ ნიშნავს ინვესტიციას. ინვესტიციად უნდა განვიხილოთ ის, რაც შეიქმნა დამატებული ღირებულების სახით. ინვესტიცია ეს არის ახალი კაპიტალის ყიდვის შემდეგ შექმნა. ასეთი ინვესტიცია კი ჩვენს ქვეყანაში გაცილებით მცირე შემოვიდა, ვიდრე მას ჩვენი ოფიციალური სტატისტიკა გვამცნობს. ეკონომიკური თვალსაზრისით იმ ინვესტიციების მხოლოდ 15-20% შეიძლება რეალურ ინვესტიციად ჩაითვალოს. რაც შეეხება ენერგეტიკის სფეროში არსებულ მდგომარეობას, ჩვენ გვაქვს შუქი, გაზი, მაგრამ აბსოლუტურად დაუცველი და მორღვეული გვაქვს ენერგეტიკული უსაფრთხოების თემა. ფაქტიურად, დღეს ჩვენი ენერგეტიკა მთლიანად გარედან კონტროლირდება. ამას გრძელვადიან პერსპექტივაში ძალიან ცუდი შედეგები მოჰყვება. პირველ რიგში, დარწმუნებით შემიძლია განვაცხადო, რომ საქართველოს მთელი ენერგეტიკის საკონტროლო პაკეტი რუსების ხელშია, დაწყებული დისტრიბუციით და გენერაციის საკითხებით დასრულებული. რაც შეეხება ამ გამოცხადებულ ახალ გიგანტურ პროექტებს, ეს თავისთავად ცუდი არ არის. თუმცა ამ კომპანიებთან გაფორმებულ კონტრაქტებს აქვთ მთავარი და ძირითადი ნაკლი, რომ ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების და დამოუკიდებლობის საკითხი, საერთოდ არაა გაწერილი. შესაბამისად ინვესტორს აქვს სრული თავისუფლება, რომ ეს ენერგია ნებისმიერი მიმართულებით მიმართოს. თუ მას ქვეყნის შიდა ბაზარზე მოგების მიღების შესაძლებლობა ექნება, ეს მისთვის მოტივატორი იქნება ადგილობრივ ბაზარზე ინვესტიციის განხორციელებისა ინვესტორები აბსოლუტურად თავისუფალნი არიან, რომ ეს ენერგია ნებისმიერი მიმართულებით მიმართონ. აქედან გამომდინარე, სავალალო სიტუაციაში ვართ. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ყველაფერი გვაქვს, არ გვყავს გადახდისუნარიანი მომხმარებელი ამ ენერგიისა, რასაც კიდევ სხვა ბევრი პრობლემა ებმება. ასევე აღსანიშნავია, რომ ენერგოსექტორში შემოსული ინვესტორები ქართული სახელმწიფოსადმი არ არიან კეთილგანწყობილნი, რასაც გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება სავალალო შედეგები მოჰყვეს. თურქების შემოსვლას აქვს დადებითი შედეგი, მაგალითად, მუშახელის დასაქმებაში, მაგრამ არა იმდენი სარგებელი, რაც შეიძლებოდა ჰქონოდა. დღეს სამომხმარებლო ტარიფები გაბერილია, ძალიან მაღალია და ბიზნესის თვალსაზრისით საკმაოდ საინტერესოა ნებისმიერი ინვესტორისთვის, მიუხედავად ამისა, როგორც ვხედავთ, დღეს საქართველოში ნორმალური, ცივილიზებული კაპიტალი მაინც არ შემოდის. ანუ ის კაპიტალი, რომელიც ამ დარგში შემოედინება, მაინც პოლიტიკური ინტერესებითაა შეზავებული. ეს იქნება თურქული თუ რუსული ინვესტიციები. თურქეთი კავკასიის რეგიონში დღეს საკმაოდ აქტიურია, მას გაუჩნდა თავისი ამბიციები და ინტერესები. ნებისმიერი ინვესტიცია და მითუმეტეს ენერგეტიკაში, სადაც პოლიტიკური კომპონენტებია, ქვეყნისთვის დამღუპველია. - რას გვეტყოდით ენგურჰესის ვალებთან დაკავშირებით, რაც ამ ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტუალური გახდა? - ენგურჰესის თემა გრძელი ისტორიაა. გვახსოვს ჩვენი ხელისუფლება, როგორ ცდილობდა ხარკის სახით რუსეთისთვის ენგურჰესი გადაეხდა, რაზეც შედგა შესაბამისი მემორანდუმიც. მიუხედავად რიტორიკული ომისა, დღემდე რუსეთი და საქართველო ძალიან კარგად აგვარებენ ასეთ საკითხებს, რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე. ეს არ არის ერთი შემთხვევა, როცა, ასე ვთქვათ, ქვემეხების ხმაურის ქვეშ ბევრ ობიექტს ძალიან ტკბილად აცურებენ, დაწყებული თელასიდან და ენგურჰესით დამთავრებული. ენგურჰესის ვალების თემა ზუსტად ამ რიგში ერთ-ერთია. ანუ ენგურჰესთან დაკავშირებით რაღაც მზადდება. არ ვიცი საბოლოო ჯამში ვინ გახდება მისი ბენეფიციარი, ვისზე უპირებენ გაჩუქებას, თუმცა ფაქტია, რომ ენგურჰესის პირდაპირი ან შენიღბული გზით რუსეთისთვის გადაცემა ხდება. ამის გამოა, რომ მოაქვთ ვალის მიზეზები და ა.შ, რადგან უნდათ ხელოვნურად ისეთი სიტუაცია შეიქმნან, რაც მის გასხვისებას და სხვის ხელში გადაცემის იძულებას გამოიწვევს. დღეს ენგურჰესის ირგვლივ საერთოდ გაურკვეველია რა ხდება. ვიცით, რომ პრივატიზება საქართველოს თავისით არ შეუძლია. რატომ ვამბობ, რომ რუსეთისთვის გადასაცემად მზადდება. იმიტომ, რომ საქართველოს მხარე ენგურჰესს ვერ აკონტროლებს. ის არის ორმხრივი კონტროლის ქვეშ - ქართული და აფხაზური მხარეების. საქართველოს ხელისუფლებას არ შეუძლია მისი პრივატიზება აფხაზეთის კეთილი ნების გარეშე, თუ არ იქნება იქითა მხარის თანხმობა. ხოლო თანხმობა შეიძლება იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ენგურჰესი რუსეთის კონტროლის ქვეშ გადავა. მაგალითად საქართველო თუ მოინდომებს მის მიყიდვას ამერიკისთვის. ეს თეორიულადაც წარმოუდგენელია, რადგან ამას აფხაზეთი არ დათანხმდება. აქედან გამომდინარე, უკვე ნათელია, თუ რისთვის მზადდება ეს ყველაფერი და რატომ დაიწყეს ვალებზეც საუბარი. ენგურჰესი "ინტერრაოსთვის" საბოლოოდ გადასაცემად მზადდება. - აქედან გამომდინარე, ნელ-ნელა ყველა ენერგეტიკული რესურსი რუსეთის ხელში გადადის? - რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად ცხადი პროცესი, როდესაც რიტორიკული ომის უკან იმალება თეთრი დროშები, ხდება კაპიტულაცია. ესაუბრა ნუცა თოხაძე |