ნანახია: 943
ენგურჰესთან დაკავშირებული ხელშეკრულების რუსულ კომპანია "ინტერ-რაოსთან" დადების საკითხის ჩაშლა-არჩაშლამ საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. აგვისტოს ომის შემდეგ, ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ იმავე წლის დეკემბერში საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან ქვეყნისთვის საზიანო ენერგეტიკულ (და არა მარტო) გარიგებას დადებდა და ქვეყნის მთავარ ენერგომომმარაგებელ ჰესს მათთან "საზიაროს" გახდიდა. "ინტერ-რაოსა" და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს შორის ხელმოწერილი მემორანდუმის გათვალისწინებით ხელშეკრულება 30 დღეში უნდა გაფორმებულიყო, დათქმული ვადა კი კარგა ხანია გავიდა. საპარლამენტო ოპოზიცია ხელშეკრულებას ჩაშლილად ნათლავს და ძალიანაც მოხარულია ამ ფაქტით, პრემიერი გილაური და უმრავლესობა კი ამტკიცებენ, რომ იგი რამდენიმე თვეში გაფორმდება, როგორც კი ყველა პუნქტი ჩვენთვის სასარგებლოდ ჩამოყალიბდება. გთავაზობთ საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებისა და ექსპერტულ შეფასებასა - მოსაზრებას ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. პაატა დავითაია, პარლამენტის ვიცე-სპიკერი: "დავიწყოთ იმით, რომ კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი ეს ხელშეკრულება საერთოდ გაფორმებულიყო "ინტერ-რაოსთან" და თუ ეს აუცილებელი იყო, მესამე მხარე - IBRD უნდა ჩართულიყო ამ სიტუაციაში. როდესაც გავეცანი მემორანდუმს, მასში ასეთი პუნქტი იყო – 30 დღის განმავლობაში ხელშეკრულება უნდა მომზადებულიყო და მუშაობა დაწყებულიყო. ჩვენ საპარლამენტო კონტროლი მოვითხოვეთ ხელშეკრულების მუშაობასთან დაკავშირებით, რაზეც თანხმობა მივიღეთ. 31 დეკემბრიდან 30 დღიანი ვადა, ცხადია, გასულია და ავტომატურად ხელშეკრულება ფაქტიურად ჩაშლილია. დღეს, რა თქმა უნდა, "ინტერ-რაოც" და პრემიერ-მინისტრიც აკეთებენ განცხადებას, რომ ხელშეკრულების გაფორმება გადავადებულია და არა იმიტომ, რომ ამას ოპოზიცია გაეცნო. ფაქტი ერთია, რომ ხელშეკრულება გაფორმებული არაა, გადაიდო და მივესალმები ამას და იგივე პოზიციაზე ვრჩები, რომ აუცილებლად საპარლამენტო კონტროლი და მესამე მხარე უნდა იყოს ჩართული. მემორანდუმი ჩემს გარდა გურამ ჩახვაძემაც ნახა და მასში წერია, რომ ვადა 30 დღიანია, ეს სახელმწიფო საიდუმლოება არ არის და მე არ ვამჟღავნებ რაიმეს. მხოლოდ ენერგიის გაყიდვასთან დაკავშირებითაა საიდუმლო, რაზეც არ ვსაუბრობ, ამიტომ ჩვენი თხოვნით ენერგეტიკის მინისტრმა ძირითადი პრინციპები დაასახელა. ჩემთვის ფაქტი ერთია - "ინტერ-რაოსთან" ხელშეკრულება არ გაფორმდა, გადაიდო იმის გამო, რომ ოპოზიციამ გაიგო ეს ფაქტი. ხელშეკრულების გაფორმებაში აუცილებლად უნდა ჩაერთოს მესამე მხარე. რუსები აღშფოთებულნი არიან იმითი, რომ ჩვენ საქმის კურსში ვართ". გია ხუროშვილი, საპარლამენტო მდივანი: "მემორანდუმი რამდენიმე ძირითად პრინციპს მოიცავს: ენგურჰესი საქართველოს საკუთრებაში რჩება, იქედან მოხმარებული ელექტროენერგიიდან, ელექტროენერგიას და დამატებით შემოსავლებს ქართული მხარე მიიღებს, გაიზრდება ენერგო-უსაფრთხოების ხარისხი და შესაბამისად, იქ მომუშავე ქართველი პერსონალი დამატებით უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებს. რაც შეეხება სხვა საკითხებს, მემორანდუმის მეორე ეტაპი ხელშეკრულების გაფორმებას მოიცავს და მასში დეტალურად იქნება საუბარი ზემოთ ჩამოთვლილ პუნქტებთან დაკავშირებით. ხელშეკრულების გაფორმება უფრო ფრთხილი პროცესია, მემორანდუმი დეკლარაციაა, ხელშეკრულების თითოეული პუნქტი უკვე სამართლებრივი დატვირთვის მატარებელია და ბუნებრივია, ნებისმიერ სამართლის ნორმას შესასრულებლად სავალდებულო ხასიათი აქვს და მას შედეგი მოჰყვება. ამიტომ, სანამ ხელშეკრულებაში თითოეული ნორმა, პუნქტი ჩამოყალიბდება, აუცილებლად მიგვაჩნია, რომ კონსულტაციები გაიმართოს ყველა კვალიფიციურ ექსპერტთან, როგორც ენერგო-უსაფრთხოების სფეროში, ასევე სამართლის სპეციალისტებთან, პოლიტიკურ ძალებთან, რადგან ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და აუცილებლად პარლამენტის უშუალო მონაწილეობის გზით უნდა მოხდეს და ამის შემდეგ საბოლოოდ უნდა გაფორმდეს ხელშეკრულება. თუმცა პრინციპები უცვლელი უნდა დარჩეს. ამ ეტაპზე, თვითონ მოლაპარაკების პროცესთან დაკავშირებით საუბარი და ხელშეკრულების ცალკეული პუნქტების დეკლარირება არ მიმაჩნია მიზანშეწონილად, მანამ, სანამ ჩამოყალიბებული არ იქნება და თუკი რუსეთის მხარეს გარკვეული პრეტენზიები აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ აქ გაცილებით მეტადაა დაცული ქართული მხარის ინტერესები და ის ბოლომდე პრინციპულად იქნება. ვადა არ გასულა, არსებობს ჯგუფი, რომელიც ამ საკითხებთან დაკავშირებით მოქმედებს. კონკრეტული ხელშეკრულების დადება შესაძლებელი იქნება მაშინ, როდესაც არსებითი პრინციპების დაცვით მხარეები შეთანხმდებიან. როდესაც კონფლიქტის მონაწილე ერთ-ერთი მხარე მოლაპარაკების პროცესში იღებს მონაწილეობას, არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ პროცესი გარკვეულწილად გაჭიანურდა. ყველაფერი ქართული მხარის ინტერესების დაცვით გაკეთდება, ასე თუ არ მოხდა ეს დანაშაული იქნება, ხელისუფლება კი დანაშაულის ჩადენას არ აპირებს. ვადები შედეგების ადეკვატური იქნება, როცა შეთანხმება იქნება მიღწეული, მხოლოდ მაშინ მოხდება ხელშეკრულების გაფორმება, სამუშაო პროცესი დღემდე მიმდინარეობს". ჯონდი ბაღათურია, საპარლამენტო უმცირესობის წევრი: "ფინანსური და ეკონომიური მხარე უმნიშვნელო არ არის, მაგრამ მეორეხარისხოვანია. ეს დოკუმენტი მისი პოლიტიკური და მორალური მნიშვნელობითაა დასაწუნი. ეკონომიური ან ენერგეტიკული თვალსაზრისით გარდაუვალი აუცილებლობა რომ ყოფილიყო ამ დოკუმენტის გაფორმება, მაინც ჩანს საკითხის მიმართ არაკეთილსინდისიერი მიდგომა ხელისუფლების მხრიდან. ეს არის საზოგადოების ზურგს უკან გარიგება, საკითხის მიმართ თაღლითური მიდგომა. ხელისუფლებებს ერთმანეთში დეკლარირებული ომი აქვთ, საომარი მდგომარეობა გვქონდა და ასეთი ხელშეკრულების გაფორმება როგორ შეიძლება?! ჯარების გაყვანაზე, პოლიტიკურ საკითხებზე ხელშეკრულების გაფორმება კიდევ დასაშვებია, მაგრამ ეკონომიკური ხელშეკრულების ჩუმად გაფორმება ნიშნავს იმას, რომ გარიგება ანტისახელმწიფოებრივია, რაღაც სხვა ინტერესებია აქ ჩადებული. ხშირად მოუწოდებენ, რომ რუსეთთან დიალოგია საჭირო, თურმე დიალოგი აქვთ, მაგრამ ფარული. და რატომ ფარული? აქ ქვეყნის კი არა, სკამის სასარგებლო ტენდენცია ჩანს. ეს პირდაპირ დანაშაულია. შედეგი ჩანს, მოგვატყუეს და ჩვენს ზურგს უკან დადეს გარიგება. ოპოზიციას რომ არ გაგვეხეთქა ეს ამბავი, ვერც ვერავინ გაიგებდა. რუსებმა გასცეს, პირდაპირ საიტზე დადეს ეს ინფორმაცია და მივაწოდეთ პრესას. რაღაც შეთავაზება რომ ექნებათ, ფაქტია. ეს ყველაფერი ხმამაღლა და გამჭვირვალედ რომ გაკეთებულიყო, შესაძლოა, ასეთი უარყოფითი რეაქცია არ გამოეწვია საზოგადოებაში და არც ასეთი კომენტარი გამეკეთებინა". გია ხუხაშვილი, ექსპერტი: "ხელშეკრულება არათუ მავნე, ძალიან მავნეა, რითაც საბოლოოდ სამარდება ქართული ენერგეტიკული უსაფრთხოება და დამოუკიდებლობა. ის მთლიანად რუსული კონტროლის ქვეშ გადადის. კარგია, რომ ხელშეკრულება ჯერჯერობით არ შემდგარა და იმედია, რომ არც არასდროს შედგება. ეს არა ეკონომიკური, წმინდა პოლიტიკური საკითხია და იმ პოლიტიკურ პროცესებზეა მიბმული, რომლებიც ქვეყანაში უახლოეს მომავალში განვითარდება".
თამთა დადეშელი
|