ეკოსისტემის განადგურების ხარჯზე აშენებული ჰესებით მხოლოდ ინვესტორი იხეირებსხეთაგური იტყუება- ხუდონჰესის პროექტის განხორციელება ელექტროენერგიის ტარიფებს ვერ შეამცირებსსაქართველოს მთავრობა საბჭოთა ენერგეტიკული მიღწევების გაგრძელებაზე მუშაობს. ხუდონჰესის ცნობილ პროექტს ეკოლოგები თავიდანვე კრიტიკულად აფასებდნენ. საქართველოს "მწვანეთა მოძრაობას" ქვეყნის მაღალმთიან და სეისმოაქტიურ ზონაში დიდი წყალსაცავების ხელოვნურად შექმნა დაუშვებლად მიაჩნია, - ასეთი განცხადება `მწვანეთა მოძრაობამ~ ონის, ხუდონისა და ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობებთან დაკავშირებით გაავრცელა. მწვანეთა მოძრაობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დიდი წყალსაცავების ხელოვნურად შექმნა რეგიონში კლიმატის ცვლილების მაღალ რისკს ქმნის.
`საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, რომ საქართველო `ევროპაში გახდეს ერთ-ერთი მთავარი ენერგოექსპორტიორი ქვეყანა~ ჰიდრორესურსების ხარჯზე, მიუღებელია და შეშფოთებას იწვევს ყველა ადამიანში, ვინც თუნდაც მეტ-ნაკლებად ინფორმირებულია, დიდი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობით და მისი შემდგომი ექსპლოატაციით გამოწვეულ იმ ნეგატიურ შედეგებზე, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე~, - აცხადებენ `მწვანეთა მოძრაობაში~.
ჯერ კიდევ 2000 წელს კაშხლების მსოფლიო კომისიამ გამოაქვეყნა ანალიზი, სადაც აღნიშნულია, რომ გიგანტური ჰიდროელექტროსადგურები არ განეკუთვნება მდგრადი და ალტერნატიული ენერგეტიკის წყაროებს და, როგორც წესი, შემდგომში, ასეთი ტიპის ჰიდროელექტროსადგურების ექსპლოატაციით მიღებული ეკონომიკური სარგებელი ბევრად ნაკლებია იმ სოციალურ, დემოგრაფიულ და ეკოლოგიურ ზარალზე, რომელსაც ქვეყანა იღებს ასეთი პროექტების განხორციელებიდან.
ამიტომაც `მწვანეთა მოძრაობა~ მოუწოდებს პოლიტიკოსებს, მთავრობის წევრებს, რეგიონული მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს, რომ მსგავსი გადაწყვეტილებების მიღებისას იხელმძღვანელონ არა შესაძლო ეკონომიკური სარგებელის მიხედვით.
ამ ფონზე, საინტერესოა კიდევ ერთი მოსაზრება, რომლის თანახმადაც, ხუდონჰესის პროექტის გაგრძელება, ისევე როგორც სხვა ჰესების მშენებლობა და ზოგადად საქართველოს მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკა, ეკონომიკურადაც არ იქნება პოზიტიური შედეგების მომტანი.
სხვა საკითხია, რამდენად რეალურია ინდური კომპანიის მილიარდიანი ინვესტიცია საქართველოში, ასევე ამ ინვესტიციის წარმომავლობა. ამ ეტაპზე საინტერესოა ზოგადად ის მიდგომები, რომლითაც საქართველოს მთავრობა სხვადასხვა ენერგეტიკული პროექტების განხორციელებისას და ზოგადად ენერგეტიკული პოლიტიკის განსაზღვრისას იყენებს.
ექსპერტს ენერგეტიკის საკითხებში, დავით ებრალიძეს ამ საკითხთან დაკავშირებით საინტერესო პოზიცია აქვს. ,,ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებებიდან ვიცი, რომ ზოგადად ჰიდრორესურსის გასხვისებას ახდენენ მხოლოდ იმ პირობით, რომ ზამთარში გენერირებული ელექტროენერგიის 40% უნდა გაიყიდოს ადგილობრივ ბაზარზე. ასეთი ზოგადი მიდგომები და პოზიცია ელემენტარულად არასერიოზულია. საინვესტიციო ხელშეკრულება შეიძლება გაცილებით მძიმე პირობებს შეიცავდეს საქართველოსთვის, თუმცა, სხვა ყველაფერი წესრიგშიც რომ იყოს, ჩემი აზრით, ამ პირობით ჰიდრორესურსის გასხვისება ჰიდრორესურსის განიავებას ნიშნავს.
ზამთარში საქართველოს მდინარეები წყალმარჩხია და ზამთარში გენერირებული ენერგიის 40% ძალზე მცირე მოცულობა იქნება მთელი წლის მოცულობასთან შედარებით. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ჩვენ ზამთარში ვართ დეფიციტური და სხვა დროს ისედაც ბევრი ენერგია გვაქვსო, მაგრამ საკითხი ამდაგვარად არ უნდა დაისვას. ჩვენ შეგვიძლია ჭარბი ენერგიის გაცვლა, სხვა ქვეყნისთვის ზამთარში უკან დაბრუნების პირობით. ასე რომ, მთავარია რამდენი ენერგია გვერგება და არა ის, თუ როდის.
გადასახადების კუთხითაც ქვეყანას ბევრი არაფერი დარჩება. ექსპორტზე დღგ არ არის. მოგების გადასახადი კი თითქმის არ იქნება დიდი საინვესტიციო ტევადობის გამო. ასევე, ჩვენ არ გვაქვს ელექტროენერგიის ექსპორტზე აქციზის გადასახადი.
ის, რომ დაბალი რანგის მუშახელი ქართული იქნება ენერგორესურსის გასხვისებისას, ადეკვატური სარგებელი ნამდვილად არ არის. ჰიდრორესურსი ისეთივე ენერგორესურსია, როგორიც ბუნებრივი გაზი და ნავთობი. შეიძლება ითქვას, მათზე უკეთესი რესურსია. უფრო ეკოლოგიურია და უფრო ტექნოლოგიური. ვინმეს წარმოუდგენია, რომ რომელიმე ქვეყანა თავის ენერგორესურს მხოლოდ იმ პირობით გასცემდეს, რომ ხუთი წლით რამოდენიმე ასეული იაფი მუშახელი დასაქმდეს?
აზერბაიჯანი, ან რუსეთი ვინმეს მისცემს თავის ნავთობისა და გაზის საბადოების დამუშავების უფლებას მხოლოდ იმ პირობით, რომ ჭაბურღილის დამუშავებისას ადგილობრივი იაფი მუშახელი იქნეს გამოყენებული? ეს ხომ წარმოუდგენელია. მაშ, ჩვენ რატომ გავცემთ ასე იაფად ჩვენს რესურს? მით უფრო, რომ ჰესის მშენებლობას სერიოზული ეკოლოგიური პრობლემებიც მოჰყვება~.
ხუდონჰესის პროექტის პრეზენტაციაზე ენერგეტიკის მინისტრმა საინტერესო განცხადება გააკეთა, მან პროექტის დასრულების შემდეგ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის შემცირება იწინასწარმეტყველა. როგორ მოხდება ეს, ბატონ ხეთაგურს არ დაუკონკრეტებია. როგორც ცნობილია, ელექტროენერგიის ტარიფის სტრუქტურაში გენერაციის ანუ წარმოების ღირებულება მხოლოდ 30%-ია. სხვა ხარჯები ძირითადად განაწილებაზე მოდის, ასევე მცირეა გადაცემისა და დისტრიბუციის ხარჯები. დღეისათვის ცნობილია, რომ საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის მიახლოებითი საშუალო ღირებულება 3 თეთრის ფარგლებში მერყეობს. ხუდონჰესის პროექტის განხორციელებაში ჩადებული ინვესტიციების მასშტაბებიდან გამომდინარე, ექსპერტების აზრით, იქ ნაწარმოები ელექტროენერგიის ფასი მინიმუმ 10 თეთრი იქნება. აქედან გამომდინარე, როგორ გააიაფებს ხუდონჰესის პროექტი საქართველოში სამომხმარებლო ტარიფებს, ეს წარმოუდგენელია. ამ კითხვით ჩვენ ენერგეტიკის სამინისტროსაც მივმართეთ, სადაც განგვიცხადეს, რომ ამ თემაზე უკვე ყველაფერი ნათქვამია და ახალს ვერაფერს გვეტყვიან.
მთვარისა ჭიღლაძე