"ამიერკავკასიაში ატომური ელექტროსადგური საერთოდ არ უნდა არსებობდეს, რადგან სეისმური ზონა არამარტო საქართველოა, არამედ სომხეთიც და მთელი კავკასიაც"არა მხოლოდ აზერბაიჯანი, არამედ მთელი კასპიისპირა და მოსაზღვრე ქვეყნები დაინტერესებულია სომხეთის ატომური ელექტროსადგურის დახურვით და სადგურის მუშაობასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. სადგურზე გამოყენებული აღჭურვილობა მოძველებულია, თანამედროვე სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს და სერიოზულ რისკს ქმნის. ჩვენ განზრახული გვაქვს, რომ მივაღწიოთ ელექტროსადგურის დახურვას რათა თავი დავაღწიოთ შესაძლო უბედურებას", - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის მრეწველობისა და ენერგეტიკის სამინისტროს აპარატის ხელმძღვანელი, რასიმ მამედოვი ავრცელებს.
ჩერნობილის ავარიამ საქართველოც გარკვეულწილად დააზარლა. რადიაციულმა მტვერმა მთელს ევროპას შემოუარა, საქართველოსაც გადმოსწვდა და როგორც ცნობილია, ამის შემდეგ ჩვენ მეზობელ სომხეთში რაზდანის ატომური ელექტროსადგურიც დაიხურა. თუმცა, კარგა ხანის გაჩერების შემდეგ, იგი კვლავ აამუშავეს. რამდენად უსაფრთხოა იგი, რა ელის საქართველოს, თუ იქ ჩერნობილის მსგავსი კატასტროფა მოხდება, უცნობია. ამ ატომური ელექტროსადგურის გაჩერების მიზეზად აკადემიკოსი თენგიზ სანაძე ჩერნობილის სინდრომს მიიჩნევს, მისივე განმარტებით, რაზდანის ატომური ელექტროსადგური ჩერნობილისგან კონსტრუქციითაც განსხვავდება. იგი დახურულია უჟანგავი ფოლადის 15 სანტიმეტრიანი სისქით.
ეს არის 15 სანტიმეტრიანი უჟანგავი ფოლადის უზარმაზარი ქვაბი, რომლის გადახსნა და რეაქტორში ღერების გამოცვლა შეიძლება. ჩერნობილის შემდეგ სომხებმა ჭკუა ისწავლეს. თუ ჩერნობილში რეაქტორიდან 28 ღერო კადმიუმის ამოღების უფლება არ ჰქონდათ, ახლა უკვე რექტორში მუდმივად 72 კადმიუმის ღეროა, რომელთაც ვერ ამოიღებ და ისინი ამას ენერგიის გაქანებისგან დაიცავენ. ავარია პრაქტიკულად გამორიცხულია, - გვაიმედებს აკადემიკოსი სანაძე.
თუმცა, სხვაგვარად ფიქრობს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი შალვა საბაშვილი, მისი აზრით, კავკასიის რეგიონში და მათ შორის საქართველოში ატომური ელექტროსადგურის არსებობა არ შეიძლება.
ჩვენთან შეიძლება გამოვიყენოთ წყლის ენერგია, რომელიც ჩვენს ქვეყანას ძალიან ბევრი აქვს და იმდენად ბევრი, რომ ჩვენ მისი გატანა საზღვარგარეთაც შეგვიძლია. თუ საქართველოში, მომავალში ატომური ელექტროსადგურის აშენება მოხდება, იმდენად უნდა იყოს დაცული, რომ ნაკლებ საფრთხეს უნდა შეიცავდეს და დაცვის მექანიზმები მრავალჯერ ძლიერი უნდა იყოს.
საქართველოში შეიძლება აშენდეს ისეთი ატომური ელექტროსადგური, რომელიც გათვლილი იქნება მხოლოდ მეცნიერული დაკვირვებებისთვის. ჩვენი ქვეყნის მთა-გორიანი რელიეფი საფრთხეს უფრო აძლიერებს, რადგან სეისმურად საშიშ ზონაში ვართ, გარდა ამისა, გვაქვს მიძინებული ვულკანები იალბუზის სახით, რომლის ამოფრქვევა ბოლოს XII_XIII საუკუნეების პერიოდში დაფიქსირდა, ამას მოწმობს მისი ზედაპირი. სომხები კი არასგზით არ აჩერებენ მეწამორის ატომურ ელექტროსადგურს. ერთი პერიოდი გააჩერეს, შემდეგ ეკონომიკის ინტერესებიდან გამომდინარე, კვლავ ჩართეს. ეს ხომ პატარა ქვეყანაა, სადაც სპიტაკის ტრაგედია მოხდა, ამიტომ, სასურველია, რომ ამიერკავკასიაში ატომური ელექტროსადგური საერთოდ არ არსებობდეს, რადგან სეისმური ზონა არამარტო საქართველოა, არამედ სომხეთიც და მთელი კავკასია. თუ რეაქტორს ეკონომიკური მოგებისთვის ააშენებენ, შეიძლება ითქვას, რომ იმავე ეკონომიკისთვის, მან შესაძლოა ბევრად მეტი ზარალი მოიტანოს", - განმარტავს შალვა საბაშვილი.
ფაქტია, რომ საქართველო ატომური ელექტროსადგურების მქონე ქვეყნების რკალში მოექცა. რუსეთი, საერთოდ, ბირთვული ქვეყანაა, სომხეთი ატომურ ელექტროსადგურს ამუშავებს, ირანი არამარტო ბირთვული იარაღის წარმოებას აპირებს, არამედ ბუშერის ატომურ ელექტროსადგურს აშენებს.
სომხეთის ატომურ ელექტოსადგურს, რომელზედაც მოძველებული რეაქტორებია, გარკვეული პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში, საფრთხეს შეუქმნის საქართველოსაც.
ღმერთმა დაგვიფაროს და თუ კი სომხეთში მიწისძვრა მოხდა, ეს უბედურება იქნება სომეხი ხალისთვის და თუ ქარმა რადიაქტიული ნივთიერებები საქართველოსკენ წამოიღო, ჩვენი ტერიტორია დაბინძურდება, ისე, როგორც ჩერნობილის შემთხვევაში მოხდა. საქართველოში და მთელ მსოფლიოში რადიაციული ფონი მოიმატებს, - ამბობს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკიაციების ფაკულტეტის დეკანი გია არაბიძე.
შეგახსენებთ, რომ სომხეთის ატომური ელექტროსადგური რეგიონის მასშტაბით ერთადერთია. იგი აღჭურვილია პირველი თაობის რუსული რეაქტორით ВВЭР-440. ამჟამად სადგურზე მეორე ბლოკი, სიმძლავრით 407,5 მგვტ, მუშაობს და ქვეყნის მოთხოვნილების 40-50%-ს აკმაყოფილებს. პროექტის მიხედვით, მისი საექსპლუატაციო ვადა 2016 წლამდეა.
ატომური სადგურის აქციების 57,3%-იანი წილის მფლობელი რუსული კორპორაცია "როსატომია. გავრცელებული ინფორმაციით, სადგურს ფუნქციონირება 2016 წლამდე შეუძლია. ყოველწლიურად ის 90 ბირთვული საწვავის "კასეტას გადაამუშავებს, რომელიც სადგურზე რუსეთიდან შეაქვთ.
მარიამ ბიბილაშვილი