
კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი პანელის (IPCC) მონაცემებით, ადამიანის ბუნებასა და გარემოზე ზემოქმედების შედეგად მსოფლიოს ეკოლოგიური მდგომარეობა ფასდება, როგორც კრიტიკულ ზღვართან ახლოს მდგარი.
გლობალური ეკოლოგიური ცვლილებები ფაქტის წინაშე აყენებს კაცობრიობას და აიძულებს მას ეძებოს გამოსავალი ამ რთული მდგომარეობიდან.
ეკოლოგების გათვლებით, დაუყონებლივ ზომების მიღების შემთხვევაშიც კი უკვე გარდაუვალია სტიქიური კატაკლიზმები და კლიმატის გლობალური ცვლილებები.
პროცესის შესაჩერებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გარემოს დაბინძურების ანტროპოგენური (ადამიანის ზემოქმედების შედეგად) ფაქტორის მინიმუმამდე დაყვანა.
ტექნიკური პროგრესის და ცივილიზაციის განვითარების შეჩერება წარმოუდგენელია, ამიტომ ადამიანმა სწორედ ტექნიკური მიღწევები და განვითარება უნდა გამოიყენოს სიცოცხლის სრულფასოვანი და კანონზომიერი გაგრძელებისთვის.
საერთოდ, მსოფლიოში გარემოს დაბინძურების მხრივ პირველი ადგილი უკავია სითბურ ენერგეტიკას. მისი ალტერნატიული წყაროს მოძიება და დანერგვა საგრძნობლად შეცვლის არსებულ ვითარებას.
საბედნიეროდ, დღესდღეობით ალტერნატიული, იგივე განახლებადი ენერგია ფანტასტიკის სფერო აღარაა და მსოფლიო პრაქტიკაში კარგად ნაცნობი და უკვე აპრობირებული გზაა ენერგიის საკმარისი რესურსის მისაღებად.
რა არის განახლებადი ენერგია?განახლებადს უწოდებენ ენერგიას, რომლის მიღებაც შესაძლებელია ამოუწურავი (მუდმივგანახლებადი) წყაროებიდან – ბუნებრივი რესურსებიდან, ასეთია მზე, ქარი, წყალი, ბიომასა და სხვა.
ბოლო დროს განვითარებული ქვეყნები სულ უფრო მეტ ინვესტიციას დებენ სითბური ენერგიის ამ რესურსში. ცნობილია ევროკავშირის გეგმა, რომლის თანახმადაც 2020 წლისთვის ენერგიის 20% მიღება მოხდება სწორედ განახლებადი ენერგორესურსებიდან. არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, სითბური ენერგიის ტრადიციული წყაროები აუცილებლად დაექვემდებარებიან გარკვეულ შეზღუდვებს. ესეც რომ არა, ენერგეტიკული დამოუკიდებლობა და სტაბილურობა საკმარისი მიზეზია საკუთარი ენერგორესურსის არსებობისთვის. ამის გარანტია ენერგიის განახლებად წყაროებზე გადასვლაა.
ამ მიზნით უკვე დღეს ბევრი ქვეყანა სთავაზობს კომპანიებსა და კერძო ინიციატივებს ფინანსურ დახმარებას და ენერგიის განახლებადი წყაროების დანერგვას. ამ გლობალურ ორომტრიალში გამონაკლისი არც საქართველოა და რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ჩვენთანაც არის შესაძლებელი სურვილისა და მონდომების შემთხვევაში პროგრესისთვის ფეხის აწყობა.
რატომ უნდა დაინტერესდეს საქართველო განახლებადი ენერგიით? ისეთი განახლებადი ენერგიის გამოყენება, როგორიცაა ჰიდროელექტროენერგია და მზის ენერგია შეამცირებს იმპორტის მოთხოვნას და საქართველოს ენერგომიწოდებას უსაფრთხოს და სტაბილურს გახდის. აქ არ არის საუბარი ტრადიციული ენერგეტიკის სრულ ჩანაცვლებაზე. ალტერნატიული წყაროები უნდა განიხილებოდეს, როგორც დამატებითი და სასურველი რესურსი ენერგიის გამომუშავებისთვის. (განახლებადი ენერგიის მომხმარებელ ისეთ განვითარებულ ქვეყანაშიც კი, როგორიც დანიაა, ტრადიციული ენერგეტიკის მხოლოდ 50% ჩანაცვლებაა დაგეგმილი და ისიც საკმაოდ გრძელვადიან პერსპექტივაში – 2030 წლისთვის. ამ დროისთვის ალტერნატიული ენერგიის ხვედრითი წილი ამ პატარა ქვეყანაში 20–25%–ია)
დღეისათვის საქართველოში არსებული განახლებადი ენერგიის წყაროების პოტენციალი ნაკლებად არის გამოყენებული. თუმცა სწორი სახელმწიფო პოლიტიკის და გათვლების შემთხვევაში ეს სფერო ინვესტიციებს და დაინტერესებას აუცილებლად გამოიწვევს. როგორია სახელმწიფოს პოზიცია ამ კუთხით, კონკრეტულად რომელი სახეობის განახლებადი ენერგიის გამომუშავებაა შესაძლებელი ჩვენს პირობებში, არის თუ არა ჩატარებული კვლევები საკითხის შესასწავლად და რა მონაწილეობას იღებს სახელმწიფო კერძო ინიციატივების გაჩენის შემთხვევაში – ამ საკითხებზე კომენტარი ვთხოვეთ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის პირველ მოადგილეს მარიამ ავალიშვილს:
`ქვეყანას ისეთი ბუნებრივი პირობები აქვს, რომ საცოდაობა იქნებოდა არ გვეფიქრა და არ გამოგვეყენებინა ეს შესაძლებლობა. ცხადია, სახელმწიფო დაინტერესებულია საკითხით. მთავრობის დადგენილებით დამტკიცებულია სახელმწიფო პროგრამა ”განახლებადი ენერგია 2008”. ეს არის სპეციალური რეგულაცია, რომლის მიზანია საქართველოში განახლებადი ენერგიის ახალი წყაროების მშენებლობის ხელშეწყობა ინვესტიციების მოზიდვის გზით. წიაღისეული ენერგორესურსების შემცირების ფონზე აქტუალურია ქარის, მზის, გეოთერმული წყლების, ბიოგაზისა და სხვა ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის წყაროების გამოყენება ელექტროენერგიისა წარმოებისა და სხვა პრაქტიკული დანიშნულებისათვის. რაც შეეხება ჩვენს პოტენციალს – ბუნებრივ სიმდიდრეთა შორის პირველ რიგში აღსანიშნავია ჰიდროენერგორესურსები, თუმცა საქართველოს გააჩნია ქარის ენერგიის მნიშვნელოვანი პოტენციალი და ასევე გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, საკმაოდ მაღალია მზის ეფექტური გამოსხივებაც. ჩვენში უკვე პოპულარულია მზის ენერგიით წყლის გამაცხელებელი სისტემები. ვიმედოვნებ, უახლოეს მომავალში ინვესტიციების მოზიდვით შესაძლებელი გახდება განახლებადი ენერგიის წყაროებით წარმოებული ელექტროენერგიის გამოყენება რეგიონალური მასშტაბით”.
ამ ეტაპზე თანხების გამოყოფასა და სახელმწიფოს მიერ კერძო ინიციატივების სუბსიდირებაზე საუბარი არ არის, თუმცა, მინისტრის მოადგილის განცხადებით, დაინტერესებულ პირს გაეწევა სხვადასხვა სახის დახმარება და პროგრამის ”განახლებადი ენერგია 2008” ფარგლებში გაუფორმდება ”ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს მთავრობას და შპს ”ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა” (ესკო)ს– შორის.
(დადგენილების სრული ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ ენერგეტიკის სამინისტროს ოფიციალურ ვებ–გვერდზე).
საინტერესოა, არასამთავრობო და საბანკო სექტორის აქტიურობაც ამ მიმართულებით. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა 35 მილიონი დოლარის საკრედიტო ხაზი გამოყო და პროექტის ”საქართველოს ენერგოეფექტურობის პროგრამა” ფარგლებში ”თიბისი ბანკისაგან”, ”ქართუ ბანკისაგან” და ”ბანკი რესპუბლიკასგან” შეღავათიანი კრედიტის გაცემის შესაძლებლობა შექმნა.
ენერგოკრედიტი – ეს არის სპეციალურად შემუშავებული საბანკო პროდუქტი, რომელიც შეღავათიან საკრედიტო პირობებს სთავაზობს ბიზნესწრეებს განახლებად ენერგიაში ინვესტიციების განსახორციელებლად. კერძო სექტორის ნებისმიერ წარმომადგენელს შეუძლია ენერგოკრედიტის მიღება და განახლებად ენერგიაში ინვესტირების საფუძველზე საწარმოო ხარჯების შემცირებაზე ზრუნვა. (უკვე არსებული ტექნოლოგიების გამოყენებით ქართულმა საწარმოებმა შეიძლება შეამცირონ ენერგიის მოხმარება 20%-ით)
”ბანკი ქართუს” ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად ”ბანკი დაინტერესებულია იმ წარმოებებთან თანამშრომლობით, რომლებიც იყენებენ ენერგოტევად წარმოების პროცესებს (საკვები პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოები, ჩამოსასხმელი საამქროები, პურის საცხობები და ლუდსახარშები,..) და რომელთაც აქვთ ხარჯების შემცირების მნიშვნელოვანი პოტენციალი ენერგოეფექტიან ტექნოლოგიებსა და მოწყობილობა-დანადგარებში ინვესტირების მეშვეობით. სესხები, ასევე, ხელმისაწვდომია სახლების და სხვა შენობების მშენებლების, ან მფლობელებისათვის, რათა მათ ააშენონ, ან ახალი სტანდარტების შესაბამისად გაარემონტონ შენობები, შეამცირონ გათბობის და გაგრილების ხარჯები და გააუმჯობესონ კომფორტი”.
ეს შემოთავაზება განსაკუთრებით საინტერესო იქნება მათთვის, ვინც გარემოს ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე ზრუნვასთან ერთად საკუთარი ხარჯების შემცირებაზეც ფიქრობს. გარდა ამისა, ინდივიდუალურ მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, შექმნას კომფორტი სახლში და უძრავი ქონების ღირებულებაც გაზარდოს.
ბანკი მომხმარებლების დაინტერესების შემთხვევაში დამატებით სერვისსაც სთავაზობს – უცხოელი სპეციალისტების უფასო კონსულტაციებს ტექნიკურ და ფინანსურ საკითხებში; საკრედიტო რესურსს დაბალი საპროცენტო განაკვეთით;
კონკრეტული ბიზნესის სპეციფიკაზე მორგებულ სესხის გრაფიკს და სხვა.
და ბოლოს, საინტერესო იქნება იმ ადამიანის მოსაზრების მოსმენაც, ვისაც უშუალო კავშირი აქვს ამ ტექნოლოგიების სამეცნიერო შესწავლასა და პრაქტიკაში დანერგვასთან. კარლო ბარბაქაძე ილია ვეკუას სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე და განახლებადი ენერგიის განყოფილების ხელმძღვანელია.
”დედამიწაზე გაზის, ნავთობის და ქვანახშირის – ტრადიციული ენერგორესურსების მარაგი ამოუწურავი არ არის. კაცობრიობას ადრე თუ გვიან მოუწევს ალტერნატიული და განახლებადი ენერგოწყაროების მოძიება და გამოყენება. ეს გარდაუვალი პროცესია. მართალია, არატრადიციული ენერგეტიკის დანერგვა პირველ ეტაპზე ძვირი ჯდება, მაგრამ მას ხანგრძლივ პერსპექტივაში, საკმაოდ დიდი ეკონომიკური და ეკოლოგიური ეფექტი აქვს. საქართველოს გააჩნია დიდი პოტენციალი ასეთი ელექტროენერგიის წარმოებისთვის –ჰიდრო, მზის, ქარის, თერმული, შავი ზღვის ენერგეტიკული რესურსები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქვეყანაში არიან შესაბამისი განათლების და კვალიფიკაციის სპეციალისტებიც. ჩვენს ინსტიტუტში (ილია ვეკუას სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი) მიმდინარეობს სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოები ამ კუთხით.
კონკრეტულად ჩვენი ინსტიტუტის მეცნიერები მუშაობენ მზის თერმოელექტრულ გარდამქნელებზე, გვინდა გავაუმჯობესოთ უკვე მიღწეული შედეგი და უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ მოხმარება. ვფიქრობ, გლობალური ენერგეტიკა უახლოეს მომავალში დიდი ცვლილებების და სიახლეების მომსწრე გახდება”.
ნინო ლომიძე