- საქართველოს ერთ-ერთი სიმდიდრე ჰიდროენერგორესურსებია. რამდენად სწორად იყენებს სახელმწიფო ამ რესურსს?- შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ხელისუფლება ჰიდროპოტენციალს ანიავებს. სხვა შეფასება არ შეიძლება იმისა, თუ რა პირობებით გასცა ჰესების მშენებლობის უფლებები ხელისუფლებამ. კერძო, უცხო კომპანიებს მიეცათ უფლება საქართველოში ააშენონ ჰესები იმ დათქმით, რომ მათ შეუძლიათ ამ ჰესებში გენერირებული ელექტროენერგია გაიტანონ უცხოეთში. მხოლოდ ზამთარში გენერირებული ელექტროენერგიის ნაწილის საქართველოში დატოვების ვალდებულება უდგათ ინვესტორებს. მაგრამ, რადგან საქართველოს მდინარეების ზამთარში ჩამონადენი მიზერულია, ამდენად ჩვენ რეალურად მივიღებთ ისეთ სიტუაციას, როდესაც ახალაშენებული ჰესების წვლილი საქართველოს ენერგეტიკაში იქნება მიზერი. ექსპორტზე გატანილი ენერგიიდან საქართველოს ბიუჯეტი არაფერს არ მიიღებს, რამდენადაც დღგ და აქციზი ელექტროენერგიის ექსპორტზე არ გაგვაჩნია. ერთადერთი შეღავათი, რასაც ამ ინვესტიციებიდან საქართველო მიიღებს, არის ის, რომ მშენებლობის პერიოდში დასაქმდება მუშახელი. მაგრამ ეს ძალზე ცოტაა იმ სიმდიდრეში, რასაც ქვეყანა გასცემს. წარმოგვიდგენია რომელიმე ჩვენგანს, რომ ნავთობისა და ან გაზის საბადოების მქონე ქვეყნებმა, მაგალითად რუსეთმა ან აზერბაიჯანმა, თავის ნავთობისა და გაზის საბადოებზე უცხო ინვესტორები დაუშვას მხოლოდ მოთხოვნით, რომ საბადოების დამუშავებაზე დასაქმდება ამ ქვეყნის მუშახელი? ეს ხომ აბსურდია. ჰიდრორესურსი ისეთივე და, შეიძლება ითქვას, უფრო ღირებული ენერგორესურსია, ვიდრე ნავთობისა და გაზის საბადოები. მომავალი ელექტროენერგიას ეკუთვნის და მითუმეტეს, მის ყველაზე ეკოლოგიურ რესურსს - ჰიდრორესურსს. ჩვენ კი მას საქართველოს მომავალ თაობას ვუკარგავთ.
- მოგეხსენებათ, საქართველო არ არის მდიდარი ნავთობისა და გაზის რესურსით, რამდენად აქვს ქვეყანას პოტენციალი, რომ ელექტროენერგიით მოახდინოს ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფა? თუ ეს შესაძლებელია, რა პოლიტიკა უნდა გატარდეს ამ კუთხით?- ამ კუთხით კომპლექსური ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. მათ შორისაა: ქვეყანამ ჰესებში გენერირებული ჭარბი ელექტროენერგიის ექსპორტზე რეალიზაცია კი არ უნდა მოახდინოს, არამედ მისი ეგრეთწოდებული "განათხოვრება". რაც იმას ნიშნავს, რომ როცა ჩვენ ჭარბი ენერგია გვაქვს, გავცეთ იმის სანაცვლოდ, რომ იგი ელექტროენერგიითვე დაგვიბრუნდება მაშინ, როდესაც ჩვენ გვჭირდება. დღეისათვის ჩვენ ჰესებში გენერირებული ჭარბ ელექტროენერგიას 4 თეთრად ვყიდით, მაშინ, როდესაც ზამთარში თბოსადგურებში გენერირებული ელექტროენერგია ჩვენ თვითონ 10 თეთრზე მეტი გვიჯდება. მეორე - ახალ ჰესებში გენერირებული ელექტროენერგიის ექსპორტზე გატანის პირობები უნდა გადაიხედოს, რათა რაც შეიძლება მეტი ენერგია ჩაერთოს ქართულ ენერგოსისტემაში. ელექტროტრანსპორტირების სისტემები (რკინიგზა, მეტრო, ტრამვაი, ელექტრომობილები) მეტად განვითარდეს. უნდა დადგინდეს ენერგოეფექტური საამშენებლო და ტექნოლოგიური სტანდარტები. ჩვენ უნდა ვესწრაფოთ, გავხდეთ ელექტროენერგიის ტრანზიტული ქვეყანა ყველა მიმართულებით.
ესაუბრა ნატო ლომსაძე