ნანახია: 1749
ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციაში - ოპეკში (ინგლ. Organization of the Petroleum Exporting Countries, OPEC) ნავთობმწარმოებელი ქვეყნები ალჟირი, ანგოლა, ინდონეზია, ირანი, ერაყი, ქუვეითი, ლიბია, ნიგერია, კატარი, საუდის არაბეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, ეკვადორი და ვენესუელა შედის. ის ბაღდადის კონფერენციაზე, 1960 წელს, ირანის, ერაყის, ქუვეითის, საუდის არაბეთისა და ვენესუელის მთავრობათა ინიციატივით შეიქმნა. 1965 წლიდან ოპეკის საერთაშორისო შტაბ-ბინა ვენაში (ავსტრია), იმყოფება, მანამდე ის ჟენევაში მდებარეობდა. ორგანიზაციის მთავარი მიზანი, წესდების მიხედვით, მისი წევრების ინტერესების, ინდივიდუალური და კოლექტიური, ოპტიმალურად დაცვის საშუალებების განსაზღვრაა, რაც გზებისა და საშუალებების გამონახვას ითვალისწინებს საერთაშორისო ნავთობის ბაზრებზე ფასების სტაბილიზაციის უზრუნველსაყოფად, ზიანის მომტანი ცვალებადობის თავიდან ასაცილებლად. მწარმოებელ ქვეყანათა ინტერესების მუდმივი დაცვა გამოიხატება მათთვის სტაბილური შემოსავლის უზრუნველყოფაში; ეფექტური, ეკონომიური და მუდმივი მიწოდება მომხმარებელი ქვეყნებისთვის, ასევე მომგებიანობის გარანტია კაპიტალზე, მათთვის ვინც ამ ინდუსტრიაში ინვესტიციას ახორციელებს. ოპეკის გავლენა ბაზარზე ყოველთვის მასტაბილიზებელი არ ყოფილა. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა 1973 წლის ნავთობის კრიზისის დროს იყო, როცა ორგანიზაციის მიერ ნავთობის ემბარგოს გამოყენების მცდელობა დაფიქსირდა, რაც განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში მაღალი ინფლაციის მიზეზი გახდა. ოპეკის გავლენა ნავთობის ფასების რეგულირებაზე მას შემდეგ შედარებით დაბალია, მექსიკის ყურის, ჩრდილოეთის ზღვის ჭაბურღილების განვითარებისა და ბაზრის მოქნილობის ზრდის გამო. მიუხედავად ამისა, ოპეკი დღემდე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ნავთობის მიწოდებაზე და შესაბამისად, მის ფასებზე მსოფლიო ბაზარზე. ეს ორგანიზაცია კარტელის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია სასწავლო სახელმძღვანელოებში. ოპეკის ოფიციალური ენა არის ინგლისური, თუმცა ოპეკის წევრი ქვეყნების უმრავლესობის ოფიციალური ენა არაბულია (შვიდი წევრი ქვეყანა არაბულია). მხოლოდ ერთი წევრი ქვეყნის - ნიგერიის - ოფიციალური ენა არის ინგლისური. მიუხედავად იმისა, რომ ოპეკის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ნავთობის ბაზარზე ფასების რეგულაციაა, მოსალოდნელი გაუთვალისწინებლობის თავიდან ასაცილებლად, თავისი 49 წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში, ის არც თუ ისე კარგად ფლობდა ბაზარს. საკმაოდ ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როდესაც დაწესებული ბენზინის ფასები საგრძნობლად აწეულა, ან პირიქით, რადიკალურად დაწეულა ამის მიზეზი კი, ორგანიზაციის წევრთა მიერ დაპირებულ კვოტებზე უარის თქმა ხდება. B ბევრი ექსპერტი თვლის, რომ უკანასკნელ წლებში ოპეკის არასწორმა ფუნქციონირებამ, განსაკუთრებით კი, ნავთობის ბაზარზე ფასების რეგულაციის უუნარობამ, მრავალი საზრუნავი გაუჩინა მსოფლიოს ისედაც არამყარ ეკონომიკას, უფრო მეტიც, თვლიან, რომ დღევანდელ მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისში ის ერთ-ერთი მთავარი დამნაშავეა. გამოკითხვებით, რომლებსაც პერიოდულად ამერიკის წამყვანი ჟურნალ-გაზეთები აწარმოებენ, რეიტინგით, ოპეკი "საამაყო" პირველ ადგილს იკავებს ყველაზე პოპულარულ დამნაშავეთა სიაში. როგორც ჩანს, ოპეკს ბევრმა ამერიკელმა ჯერ კიდევ ვერ აპატია 2008 წელს ბენზინის ფასის კატასტროფული ზრდა, რომელსაც ზოგი პოლიტიკოსი ეკონომიკური კრიზისის ერთ-ერთ მთავარ წინაპირობად თვლის, რადგან დანაკარგს, რომელიც ყოველ სამუშაო დღეს 1.2 მილიარდი დოლარიდან 1.9 მილიარდამდე მერყეობდა, ადვილად შეეძლო გამოეწვია დღევანდელი ეკონომიკური კრიზისის წინაპირობა ამერიკაში, თუმცა, ალბათ, გადაჭარბებული იქნება იმის მტკიცება, რომ ოპეკმა შეგნებულად გამოიწვია ეკონომიკური კრიზისი მსოფლიოში, თანაც იმ ფაქტს თუ გავითვალისწინებთ, რომ მოცემულ ვითარებაში ოპეკის მასულდგმულებელი ქვეყნები თავად არიან ეკონომიკურად ძალიან მძიმე ვითარებაში. ნავთობის ფასმა თავისი რეკორდული მაჩვენებლიდან - 147 მილიონიდან 2008 წლის ივლისში უკვე დაიწია 88 მილიონამდე. უკვე კრიზისის დასაწყისში, საუდის არაბეთის საფონდო ბირჟამ, ყველაზე მსხვილმა არაბულ სამყაროში, თავისი ღირებულების 17% დაკარგა, კატარმა კი 19%. ირანი და ვენესუალა შედარებით პოზიტიურ ვითარებაში აღმოჩნდა, რადგან მათ ნავთობის ყველაზე დიდი მარაგი აღმოაჩნდათ, რასაც ვერ ვიტყოდით მაგალითად, დუბაიზე, რომელიც ნავთობზე ფასის მატების შედეგად ყველაზე არასახარბიელო ვითარებაში აღმოჩნდა.ოპეკი იძულებული შეიქმნა, სიტუაციის დასარეგულირებლად, ნავთობზე ფასის ზრდა არაუმეტეს 90 დოლარიდან 95 დოლარამდე დაეწესებინა. ასეთ პირობებში, ვარაუდობენ, რომ მაგალითად, ირანი წლიურად მხოლოდ 50 ბილიონს დაკარგავს ეკონომიკური კრიზისის პირობებში, რაც ერთ სულ მოსახლეზე 700-800 დოლარის ოდენობით დანაკარგს გულისხმობს, თუმც, ექსპერტებს ოპეკის შემადგენელი მთავარი არაბული ქვეყნების გაღატაკების ალბათობის ნაკლებად სჯერათ. ჯერ კიდევ გასული წლის ივლისში აბუ-დაბის საინვესტიციო საბჭოს მიერ ნიუ-იორკში "ქრისლერ ბილდინგის" 800 მილიონ დოლარად შესყიდვამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ერთი რამ ცხადია, რომ, თუკი ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციას მართლაც მიუძღვის წვლილი ეკონომიკური კრიზისის გაღვივებასა და შემდგომში ჩამოყალიბებაში, ეს მხოლოდ და მხოლოდ გაუთვალისწინებელ შეცდომად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ მართალია, ოპეკის შემადგენელ ქვეყნებს ამერიკა გულზე დიდად არ ეხატებათ, მაგრამ ის შედეგები, რომლებიც კრიზისმა მოიტანა, მათ პირად ინტერესებზეც ფრიად უარყოფითი გავლენა მოახდინა. ასე რომ, ალბათ, უფრო მართებული იქნება თუკი ოპეკს ეკონომიკური კრიზისის ერთ-ერთ მსხვერპლად მოვიხსენიებთ, ვიდრე მთავარ დამნაშავედ, რადგან შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს ამჟამად იგიც აქტიურად ეძებს, თუმცა მისი პოვნა მასაც ისევე ძალიან უჭირს, როგორც არაერთ სხვა მასშტაბურ ორგანიზაციას.
ნინო კავკასიძე
|