ნანახია: 1200
ნავთობის ბაზარი გრძელვადიანი რეცესიის შიშით მოძრაობს და "შავი" ოქროს ფასის ვარდნა გრძელდება, მაგრამ რამდენადაც პარადოქსული არ უნდა იყოს, ნაადრევია ფასის ვარდნის გამო მომხმარებლის ეიფორიაში ყოფნა.
ნავთობის გაიაფება
მსოფლიოს ბაზრებზე გრძელდება ნავთობზე ფასის კლება. პირველად, ბოლო ორი წლის განმავლობაში, ბარელი ნავთობის ფასმა 50 დოლარამდე დაიწია. თუმცა მომხმარებელი შეღავათს მხოლოდ დროებით იგრძნობს.
ვინ არის ყველაზე მეტად მოგებული ფასების ვარდნით? უპირველეს ყოვლისა, გადამყიდველები, ისინი, ვინც ფასის ზრდის შემთხვევაშიც მოგებულები რჩებიან. ის, ვინც შორსმჭვრეტელი იყო და გამოიცნო ზაფხულში მოსალოდნელი ფასების ვარდნა, ის, ვინც ცივსისხლიანად ითამაშა, ბოლომდე გაუძლო ფასების ვარდნას, ახლა შეუძლია იზეიმოს.
მოგებული დარჩა ასევე ადამიანთა ის ჯგუფები, რომლებიც თხევადი ნავთობის მომხმარებლები არიან და მძღოლები. ადამიანები, რომლებიც ზაფხულში უყურებდნენ ნავთობზე ფასის შეუკავებელ ზრდას, მათ შეუძლიათ ამოისუნთქონ.
ენერგოპროექტები დროებით შეჩერებულია
თუმცა ეიფორიაში ყოფნა მძღოლებს დიდი ხანს აღარ მოუწევთ, ამბობს საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მთავარი ეკონომისტი ფატიხ ბარელი. ჩვენ ვაკვირდებით თანდათან როგორ იყინება სხვადასხვა ენერგეტიკული პროექტები, პროექტები, რომლებზეც დამოკიდებულია ნავთობის მოპოვება და ელექტროსადგურების აგება. ეს პრობლემაა, რომელიც მოგვიანებით აუცილებლად იჩენს თავს. ექსპერტები გვაიმედებენ, რომ 2010 წელს ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება, ეს ნიშნავს, რომ ენერგო მატარებლებზე მოთხოვნა ისევ გაიზრდება, მაგრამ გადადებული პროექტების გამო, აღმოვაჩენთ შესუსტებულ ენერგეტიკას, იგი გახდება წინაპირობა კრიზისისა. იმ კრიზისისა, რომელიც გამოიწვევს ენერგო-მატარებლებზე ფასების ისეთ ზრდას, ზაფხულში არსებულთან შედარებით, გაცილებით მასშტაბური რომ იქნება.
იაფი ნავთობი – არა ბუნებრივია
უპირველეს ყოვლისა, გაყინულია ისეთი პროექტები, რომლებიც მნიშვნელოვან კაპიტალდაბანდებებს მოითხოვენ. ისეთები, როგორიცაა ნავთობის მოპოვება კანადაში, ნავთობის მოპოვება და დამუშავება მექსიკის ყურეში, ასევე საძიებო სამუშაოები არქტიკაში. ნავთობით ისეთ მდიდარ ქვეყანაშიც კი, როგორიც
ქუვეითია, სადაც მოპოვება შედარებით ნაკლებ დანახარჯებსა და შრომას მოითხოვს,შეჩერებულია ცალკეულ საბადოებში ნავთობის მოპოვება.
იმ სიტუაციაში, როცა ბარელი ნავთობი 50 დოლარი ღირს, ზოგჯერ ინვესტირება აზრს კარგავს.
ივნისში, როდესაც ნავთობის ფასები საოცარი სისწრაფით მატულობდა, მადრიდში ჩატარებულ საერთაშორისო ნავთობის კონგრესზე, ფრანგული ნავთობკომპანია ტოტალის პრეზიდენტმა ბატონმა კრისტოფ დე მარჟერიმ განაცხადა: "რატომ არის ასეთი მაღალი ფასები ნავთობზე? იმიტომაც, რომ ჩვენ ახალი საბადოების აღმოჩენა და დამუშავება შევძლოთ." მან აღნიშნა, რომ ბარელი ნავთობის ფასი 80 დოლარი იმის საშუალებას იძლევა, რომ გარკვეულ რეგიონებში გავზარდოთ ინვესტირება და საწარმოებს ყოველგვარი დანახარჯები ავუნაზღაუროთო.
უიმედი მოლოდინები
გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ნავთობზე ასეთი დაბალი ფასების არსებობისას, დარგში ახალი ინვესტიციების ჩადებას არ ჩქარობენ. ამჟამად მსოფლიოში არსებულ ნავთობის უდიდეს 800 მომპოვებელ საბადოში, ყოველწლიურად ნავთობის მოპოვება 9 პროცენტით მცირდება, საფინანსო კრიზისი კი ამ ეფექტს კიდე უფრო ამძიმებს. ენერგეტიკის დარგში მომუშავე საერთაშორისო საფინანსო სააგენტოების დასკვნით, ახლა კაპიტალდაბანდებები კი არ უნდა მცირდებოდეს, არამედ აქტიურად უნდა იქმნებოდეს.
ექსპერტების აზრით, იმისთვის, რომ შესაძლებელი გახდეს 2030 წლისათვის ენერგო-მატარებლებზე მოთხოვნების დაკმაყოფილება, საჭიროა საუდის არაბეთში ნავთობის მოპოვების მაჩვენებელზე 4-ჯერ მეტი ნავთობის მოპოვება. ხოლო ახალი საბადოების აღმოჩენისა და გადამამუშავებელი საწარმოებისათვის ყოველდღიურად მილიარდ დოლარამდე თანხის ინვესტირება.
პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ ფაქტები მეტყველებენ, რაც უფრო დაიწევს ნავთობზე ფასი და რაც უფრო დიდხანს დარჩება ის დაბალი, მით უფრო უარესია მომხმარებლისთვის, რამეთუ სპეციალისტები დარწმუნებულნი არიან, დღევანდელი ეკონომიკური რყევები არაფერია, იმ მოსალოდნელ სანავთობო კრიზისთან, რომელიც "შავ" ოქროზე ფასების ვარდნას მოჰყვება.
ნინო ნიკოლაიშვილი
|