DataLife Engine > ბიზნესი > ფინანსთა სამინისტრო წლების განმავლობაში კანონდარღვევით მოქმედებდა

ფინანსთა სამინისტრო წლების განმავლობაში კანონდარღვევით მოქმედებდა


22 ნოემბერი 2009. : merabi
ფინანსთა სამინისტრო წლების განმავლობაში კანონდარღვევით მოქმედებდა

საქართველოს პრეზიდენტმა კახეთში, დასასვენებელ კომპლექს "ლოპოტაში" გამართულ მთავრობის ბოლო სხდომაზე რამდენიმე ახალი ეკონომიკური ინიციატივის შესახებ განაცხადა, რომელიც, მისივე თქმით, კერძო სექტორის სტიმულირებას შეუწყობს ხელს.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, პირველი ინიციატივა კომპანიებისთვის დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ) დაუყონებლივ დაბრუნებას ეხება.
პრეზიდენტის ინფორმაციით, კომპანიებს 10 თვის განმავლობაში 120 მლნ ლარზე მეტი დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ) დაუბრუნდა.
მისი თქმით, წინა წლებში ეს იმდენად რთულ ბიუროკრატიულ პროცედურებთან იყო დაკავშირებული, რომ ხალხი მის დასაბრუნებლად შესაბამის უწყებაში არც კი მიდიოდა.
"დღგ-ის დაბრუნება ის საგადასახადო შეღავათია, რომელიც თავის დროზე ჩვენს ბიზნესს მივეცით იმისთვის, რომ მეტი თავისუფალი საბრუნავი სახსრები ჰქონდეთ, მოახდინონ ინვესტირება ეკონომიკაში”, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისივე განცხადებით, თუ დღევანდელი პროცედურით ამ პროცესს 7-8 თვე დასჭირდებოდა, ახლა ეს დაუყოვნებლივ მოხდება.
პრემიერ-მინისტრთან ერთად გადაწყდა, რომ დამატებითი 35 მლნ ლარი ჩაესხას იმ ძრავაში, რომელიც ეკონომიკას ამუშავებს. წელს, შესაძლოა, 170-180 მლნ-ს გადააჭარბოს დღგ-ს დაბრუნებამ. ეს არის სახსრები, რომელსაც სახელმწიფო უბრუნებს ბიზნესსუბიექტებს.
ნავთობის იმპორტიორი კომპანიის "ვისოლის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, სოსო ფხაკაძის განცხადებით, ბიზნესსტრუქტურებისთვის უკან დაბრუნებული დღგ-ს სახით რამდენიმე მილიონი ლარის ისევ ეკონომიკაში ჩაბრუნება, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მისი თქმით, საკუთარი გამოცდილებით იცის, თუ რას ნიშნავს თვეების და წლების განმავლობაში დღგ-ს დასაბრუნებლად ლოდინი და მიიჩნევს, რომ ამ პრობლემის მოხსნა ბიზნესის განვითარებას მნიშვნელოვნად წაადგება.
სოსო ფხაკაძის განცხადებითვე, ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების საბჭოს მუშაობაში ბიზნესასოციაციის წარმომადგენლის ჩართვა, ბიზნესწრეებში საბჭოსადმი ნდობას გაზრდის. ფხაკაძის თქმით, ნდობა უმთავრესია, რაც დღეს ბიზნესმენებს სჭირდებათ.
მოქმედი საგადასახადო კოდექსით დღგ-ს დაბრუნების ვადა მაქსიმუმ 3 თვითაა განსაზღვრული. ეკონომიკის ექსპერტის ნოდარ ხადურის თქმით, რადგან დღგ ბიზნესმენებს უკან მხოლოდ 7–8 თვის შემდეგ უბრუნდებოდა, როგორც ჩანს, ამან მათი კანონიერი აღშფოთება გამოიწვია და ეს ინიციატივაც ამ განწყობის განეიტრალებას უკავშირდება. ხადური მიიჩნევს, რომ დღგ-ს დროულად უკან დაბრუნება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იგი ბიზნესმენს გამოთავისუფლებული თანხის ხელახალი ინვესტირების საშუალებას მისცემს. ამ საკითხთან დაკავშირებით "ბ&ფ" ეკონომიკის ექსპერტს დემურ გიორხელიძის ესაუბრა.
- საქართველოს პრეზიდენტმა კახეთში, დასასვენებელ კომპლექს "ლოპოტაში" გამართულ მთავრობის სხდომაზე რამდენიმე ახალი ეკონომიკური ინიციატივის შესახებ განაცხადა, პირველი ინიციატივა კომპანიებისთვის დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ) დაბრუნებას ეხება. მისივე განცხადებით, თუ დღევანდელი პროცედურით ამ პროცესს 7-8 თვე სჭირდებოდა, ახლა ეს პროცედურა მაქსიმუმ 1 თვემდე შემცირდა. თქვენი აზრით, რამდენად შეუწყობს ხელს ეს ინიციატივა საქართველოში ბიზნესის განვითარებას?
- ეს არ არის საკანონმდებლო ინიციატივა. პრეზიდენტმა, უბრალოდ, ფინანსთა სამინისტროს და მთავრობას მიცა დავალება, რომ ბიზნესს დაუბრუნდეს ის თანხები, რომლებიც არ გადის ექსპორტზე. არის სხვადასხვა ექსპორტის და სხვა რეჟიმები, რომლებშიც წარმოიქმნება ზედმეტობა, რომელიც ექვემდებარება კანონით ბიზნესისთვის დაბრუნებას. ფინანსთა სამინისტრო ამას ძალიან აჭიანურებდა და პრაქტიკულად, დაბრუნებას შეუძლებელს ხდიდა წლების განმავლობაში. ახლა ეს ცოტა სწრაფად კეთდება და, რა თქმა უნდა, ეს კარგია.
- ექსპერტთა ნაწილი აცხადებს, რომ მოქმედი საგადასახადო კოდექსით დღგ-ს დაბრუნების ვადა მაქსიმუმ 3 თვითაა განსაზღვრული. თქვენი აზრით, არღვევდა თუ არა ფინანსთა სამინისტრო კანონს, როცა ბიზნესმენებს დამატებითი ღირებულების გადასახადს 7–8 თვის შემდეგ უბრუნებდა?
- რა თქმა უნდა. წლების განმავლობაში დღგ-ს დაბრუნება სერიოზულ პრობლემებთან იყო დაკავშირებული. ახლა კი ავტომატურ პროცედურებს ითვალისწინებს და დღგ-ს დაბრუნებას 7 ან 8 თვე ნამდვილად არ სჭირდება. ერთი თვე არის ოპტიმალური ვადა, როცა შეიძლება შეჯერდეს ანგარიშები, გამოირიცხოს რაიმე გაუგებრობა და თანხა დაბრუნდეს იმ სუბიექტზე, რომელსაც ეკუთვნის. საუბარი არ არის იმაზე, რომ ბიზნესს დაუბრუნდება ცენტრალური ბიუჯეტის კუთვნილი გადასახადები. ბიზნესს უბრუნდება ის გადასახადები, რომელიც მას კანონით ეკუთვნის.
- ფინანსთა მინისტრ კახა ბაინდურაშვილის განმარტებით, დღგ-ს დასაბრუნებელი თანხა უკან დაბრუნების ფონდში გროვდება, ფონდი კი საგადასახადო შემოსავლების 2%-ით ივსება და იმის გათვალისწინებით, რომ დღეისთვის ფონდში თანხა აღარ არის, ბაინდურაშვილის თქმით, ხელისუფლებამ გადაწყვიტა 35 მილიონი ფონდში ბიუჯეტიდან ჩადოს. როგორ შეაფასებდით ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას?
- თავისთავად ფინანსთა სამინისტროს აქვს ის მონაცემები, თუ ვის რა ეკუთვნის. თუკი ბიუჯეტიდან არ გამოიყოფა ის თანხები, რომლებიც დღგ-ს სახით ბიზნესს უნდა დაუბრუნდეს, ეს ვალი ირიცხება ბიზნესისთვის დასაბრუნებლად, მაგრამ ამ ვალის დაბრუნება პრობლემებთან იყო დაკავშირებული, ახლა რაკი სპეციალური ფონდი იქნება მიზნობრივად გამოყოფილი, რომ მოემსახუროს ამ ვალების დაფარვას, ეს გაადვილებს საქმეს და, რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგია.

გოგა აბრამიშვილი