DataLife Engine > ბიზნესი > საგადასახადო სამსახურის კიდევ ერთი "რეიდი"
საგადასახადო სამსახურის კიდევ ერთი "რეიდი"22 ნოემბერი 2009. : merabi |
|
კომპანია "ყაზბეგის" კუთვნილი რუსთავის ქარხანა შესაძლოა დაიხუროს "ეს არის პასუხი იმათთვის, რომლებიც ჩივიან, რომ ზედმეტად აქტიურობს ჩვენი საგადასახადო ორგანოები და მათ არ რჩებათ საბრუნავი საშუალება. გაძლევთ ფულს უკან, იმისათვის, რომ ამ ფულის რეინვესტირება მოხდეს თქვენი ბიზნესების განვითარებაში", _ მიხეილ სააკაშვილი ეს განცხადება პრეზიდენტმა კახეთში მთავრობის გასვლით სხდომაზე გააკეთა. აღნიშნული გამოსვლიდან სულ რამდენიმე დღეში კი გავრცელდა ინფორმაცია კომპანია "ყაზბეგის" კუთვნილი რუსთავის ქარხნის შესაძლო დახურვის შესახებ. კომპანიას საგადასახადო სამსახური გადასახადების გადაუხდელობას ედავება. როგორც გაირკვა, "ყაზბეგის" კუთვნილ რუსთავის ქარხანაში საგადასახადო სამსახური უკვე 7 თვეა დოკუმენტაციას ამოწმებს და მხოლოდ ამ ბოლო დღეებში აღმოაჩინეს დარღვევები. კონკრეტულად, თუ რა დარღვევებზეა საუბარი და რატომ მაინც და მაინც ახლა, ამ კითხვებზე ფინანსთა სამინისტროში არ გვპასუხობენ. მიზეზად შემოწმების დაუსრულებლობას გვისახელებენ: "სანამ არ დასრულდება შემოწმება, კომენტარი ვერ გაკეთდება", _ აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს პრეს-სამსახურში. კომპანია "ყაზბეგი" 100 პროცენტით ქართული კომპანიაა. მას ბევრ ქვეყანაში გააქვს "ყაზბეგის" პროდუქცია და რუსთავის ქარხანა სწორედ ის ქარხანაა, რომელიც საექსპორტო საქონელს აწარმოებს. ბოლო 2-3 წლის განმავლობაში კომპანიას ბიუჯეტში შეტანილი აქვს 30 მლნ. ლარის გადასახადი. მისი მფლობელის, გოგი თოფაძის განცხადებით, ამ თანხის მეათედიც არ მიუღიათ დივიდენდის სახით. ერთ-ერთი სააგენტოსთვის მიცემულ ინტერვიუში, სადაც იგი საგადასახადოსთან დავის შესახებ საუბრობდა, თოფაძემ განაცხადა: "საგადასახადო სამსახური გვედავება იმას, რაც ჩვენთვის მიუღებელია. მაგალითად, უნდა დაიბეგროს უფასო კვება. მთელ მსოფლიოში კომპანიები თავის თანამშრომლებს ბინებსა და მანქანებს ჩუქნიან და ეს არ იბეგრება. საგადასახადოს მოთხოვნით უნდა დაიბეგროს მაცივრები და ლუდის ჩამოსასხმელი აპარატურაც, რომლებსაც უსასყიდლოდ ვაძლევთ სუპერმაკეტებსა და რესტორნებს, რომ მათ პროდუქცია კარგად შეინახონ და გაყიდონ. ეს არის პრინციპული საკითხი, ასეთ პირობებში ჩვენ დამატებითი ღირებულების გადასახადი 60 პროცენტზე აგვივა. პრინციპულად არ გადავიხდი და ვიდავებთ სასამართლოში. ძნელია, სასამართლოს იმედი გვქონდეს, მაგრამ თუ ამისგან თავი არ დავიხსენით, გავაჩერებთ ქარხანას და 350 ადამიანი უმუშევარი დარჩება" _ ამბობს გოგი თოფაძე. მისი თქმით, ეს შემთხვევა იქნება საქართველოში ყველა მეწარმისთვის მაგალითი, თუ როგორ უნდა ებრძოლო ხელისუფლებას. "ყაზბეგის" ირგვლივ მიმდინარე მოვლენებმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა ქართულ პრესაში. ექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ ბოლო დროის ქმედებები სახელმწიფოს მხრიდან ბიუჯეტის შევსების მიზნით კეთდება. "ყველამ კარგად ვიცით, ხელისუფლება ბიზნესის დირექტორია, ამიტომ ამ კომპანიებში საგადასახადო სამსახურის თანამშრომლების შესვლა არ უნდა გაგვიკვირდეს. ახლა წლის ბოლოა და შესაძლოა, ბიუჯეტის შევსების გზით ხელისუფლებამ მსგავს ხერხებს თამამად მიმართოს", _ მიიჩნევს ექსპერტი გია ხუხაშვილი. შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში გარდა რუსთავის ქარხნისა, საგადასახადო სამსახური კომპანია "ჯეოსელსა" და "მაგთიშიც" შევიდა. ჯერჯერობით, უცნობია, რა ჯარიმებს დაუწესებს ფინანსთა სამინისტრო აღნიშნულ კომპანიებს. ამ ფონზე სასაცილოა პრეზიდენტის ზემოთ მოყვანილი განცხადება, სადაც იგი ბიზნესმენებს დამატებითი ღირებულების გადასახადის უკან დაბრუნებას ჰპირდება და ამისთვის წელს, თურმე, 35 მლნ. ლარია გამოყოფილი. ეს განცხადება რომ მორიგი ბლეფია და მხოლოდ პიარისთვის არის გათვლილი, ეს ისედაც ნათელია. ასე რომ არ იყოს, სახელმწიფო "ყაზბეგს" საკუთარი თანამშრომლების უფასო კვების დაბეგვრას არ მოსთხოვდა. ისედაც ამდენი ადამიანი შიმშილობს საქართველოში და თუ ვინმე ღვთისნიერი მათ გამოკვებაზე ფიქრობს, მადლობა უნდა ვუთხრათ. მიუხედავად ამისა, გაურკვეველია, დაიხურება თუ არა რუსთავის ქარხანა, სადაც ზამთარში 350, ხოლო ზაფხულობით 600 ადამიანი მუშაობს. დაკო შონია |