DataLife Engine > ბიზნესი > რატომ დააკავეს მილენიუმის პროგრამის ყოფილი გენერალური დირექტორი

რატომ დააკავეს მილენიუმის პროგრამის ყოფილი გენერალური დირექტორი


29 ოქტომბერი 2009. : merabi
ჰქონდა თუ არა კორუფციულ გარიგებებთან ხელისუფლების ყოფილ და ამჟამინდელ მაღალჩინოსნებს შეხება, უცნობია.
ლაშა შანიძის დირექტორობისას "მილენიუმის" სამეთვალყურეო საბჭოშ იშედიოდნენ ზურაბ ნოღაიდელი, ნიკა გილაური და გიორგი არველაძე
კონტროლის პალატის დასკვნის საფუძველზე საინვესტიციო კომპანია "რუგე კაპიტალი"-ს 100%-იანი წილის მფლობელი ლაშა შანიძე დააკავეს. შანიძე დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მითვისებაშია ეჭვმიტანილი. ასევე დაკავებული არიან ლაშა შანიძის მამა, შპს "სპეც-კაპ-სერვისის" დირექტორი შალვა შანიძე და "თელეთის ნავთობკომპანიის" დირექტორი თეიმურაზ ბარაბაძე. გამოძიების ინფორმაციით, თეიმურაზ ბარაბაძემ და შალვა შანიძემ, 2008 წლის 26 სექტემბერს ლაშა შანიძეს კანონდარღვევით გადასცეს სახელმწიფოს კუთვნილი 300 ათასი აშშ დოლარი. კონტროლის პალატის დასკვნით, თანხა მათ მიითვისეს და ზარალი დღემდე აუნაზღაურებელია. დაკავებულებს შვიდიდან თერთმეტ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
"საქნავთობი-სამგორმა" სესხი დამოუკიდებელ სუბიექტზე გასცა, რაც არ ყოფილა შეთანხმებული საწარმოთა მართვის სააგენტოსთან და ბიზნესგეგმაში სათანადო ცვლილებებიც არ ასახულა. ანუ ეს თანხა სათანადო შემოწმებისა და ანალიზის გარეშე სრულიად უკონტროლოდ აღმოჩნდა მესამე პირის ხელში.
როგორც ცნობილია, "საქნავთობი–სამგორმა" ამ ოპერაციის შესახებ მხოლოდ დამფუძნებლებს _ "თელეთის ნავთობის კომპანიას" აცნობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საკითხი სახელმწიფოსთან, როგორც პარტნიორთან, შეთანხმებული იყო, რადგან "თელეთი", თავის მხრივ, ვალდებული იყო აღნიშნული საკითხი საწარმოთა მართვის სააგენტოსთან შეეთანხმებინა. ამასთან, გარიგება სახელმწიფოსთვის არახელსაყრელი პირობით მოხდა. კერძოდ, თანხა გაიცა 14%-ით მაშინ, როცა ეროვნული ბანკის მონაცემებით, იმ დროისთვის უცხოურ ვალუტაში კრედიტი იურიდიულ პირებზე მინიმუმ 18,2%-ით გაიცემოდა. სახელმწიფოსთვის უცნობი დარჩა სესხის უზრუნველყოფის ფორმები, ასევე თანხის გამოყენების მიზნობრიობა. საბოლოო ჯამში, სახელმწიფო ბიუჯეტს 244 056 აშშ დოლარის ზარალი მიადგა.

დავა ჯერ კიდევ გაზაფხულზე დაიწყო

დავა სახელმწიფოსა და კომპანია "რუგე კაპიტალს" შორის ჯერ კიდევ კონტროლის პალატის დასკვნის გამოქვეყნებამდე დაიწყო. დაპირისპირება ამ ორ მხარეს შორის მიმდინარე წლის ზაფხულში წარმოიშვა. როდესაც "რუგე კაპიტალმა" ეკონომიკური განვითარების სამინისტრო პირობის დარღვევაში დაადანაშაულა, ბაბაკიარის საბადოდან საცემენტე კირქვის მოპოვების ლიცენზიის ჩამორთმევის გამო. "რუგე კაპიტალმა" ბაბაკიარის საბადოდან საცემენტე კირქვის მოპოვების ლიცენზია 2008 წლის ოქტომბერში 6 მილიონ 800 ათას დოლარად შეიძინა. მაგრამ ყველაფერი ისე არ გამოვიდა, როგორც ეს ლაშა შანიძეს წარმოედგინა. "რუგე კაპიტალის" პარტნიორმა ამერიკულმა საინვესტიციო ჯგუფმა FireBird Management-მა გაურკვეველი მიზეზების გამო საქართველოში ინვესტიციის განხორციელებაზე უარი განაცხადა. რამაც გამოიწვია ის, რომ "რუგე კაპიტალმა" მასზე დაკისრებული მოვალეობა ვერ შეასრულა და მის მიერ ლიცენზიის მისაღებად გადახდილი თანხაც წყალში გადაყრილი აღმოჩნდა.

როგორ "გადააგდო" FireBird Management-მა და ეკონომიკის სამინისტრომ "რუგე კაპიტალი"

ლიცენზიის მიღების დროს კომპანია "რუგე კაპიტალის" პარტნიორი ამერიკული საინვესტიციო ფონდი FireBird Management იყო. ფინანსურად ძლიერი პარტნიორის იმედით შანიძე თავის კომპანიასთან ერთად დიდ მიზნებს სახავდა, კერძოდ, საინვესტიციო კომპანია მარნეულში ცემენტის ქარხნისა და ნაგვის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობაში 200 მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავდა, მაგრამ მალევე საინვესტიციო ფონდმა, გაურკვეველი მიზეზების გამო, პროექტში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და კომპანია "რუგე კაპიტალმაც" აღებული პირობა ვერ შეასრულა, რაც გახდა კიდეც მისთვის ლიცენზიის ჩამორთმევის მიზეზი.
რაც შეეხება, FireBird Management-ს, შეგახსენებთ, რომ მისი შვილობილი კომპანიები FireBird Avrora limited და FireBird Republic limited იმ პერიოდისთვის ფლობდა "საქართველოს ბანკის" აქციების შესაბამისად 5,81 და 5,67%-ს.
უცნაურია, რატომ თქვა საინვესტიციო ჯგუფმა FireBird Management-მა უარი პროექტში მონაწილეობაზე, მაშინ როცა მას პროექტის ფარგლებში საკმაოდ დიდი გეგმები ჰქონდა.
კომპანია "რუგე კაპიტალი" არც ეკონომიკის სამინისტრომ დაინდო და არ შეასრულა მისთვის მიცემული პირობა, რომ სექტემბრის ბოლომდე კომპანიას ახალი პარტნიორის მოსაძებნად დროს აძლევდა და ამ პერიოდში არ ჩამოართმევდა ლიცენზიას. ეკონომიკის სამინისტრომ კი ჯერ კიდევ, აგვისტოში კომპანიას ლიცენზიაც ჩამოართვა და მისი ახალი მფლობელიც გამოავლინა.
"რუგე კაპიტალს", ხელისუფლებასთან დაახლოებული ცნობილი ბიზნესმენის ფადი ასლის სახელიც უკავშირდება, თუმცა ბიზნესმენი და საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი ამ დრომდე არავის დაუკითხავს, მეტიც: ლიბანელი ბიზნესმენი ფინანსურ გარიგებასთან კავშირს საერთოდ უარყოფს. მისი განცხადებით, საინვესტიციო კომპანია "რუგე კაპიტალში" ის აღნიშნული სესხის მიღებიდან რამდენიმე თვეში მივიდა და არც სესხის შესახებ ფლობს ინფორმაციას, ამასთან, კომპანიასთან თანამშრომლობა მან ერთი წლის წინ გაწყვიტა.

მილენიუმის მილიონების საეჭვო ხარჯვა

გავრცელდა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ შესაძლოა ლაშა შანიძეს კიდევ ერთი ბრალი წაუყენონ და მას სასჯელი დაუმძიმდეს. საქმე ეხება ფონდის "ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე შანიძის ყოფნის დროს კორუფციულ გარიგებებს და თანხების არამიზნობრივად ხარჯვას. გავრცელებული ინფორმაციით, ფონდის მიერ დახარჯული მილიონების მიზნობრიობაზე სამართალდამცველები კარგა ხანია მუშაობენ. ამ საქმეს უკავშირდება საქართველოს ყოფილი პრემიერის ზურაბ ნოღაიდელისა და ასევე ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი არველაძის სახელი. კულუარული ინფორმაციით, ლაშა შანიძემ სწორედ ზურაბ ნოღაიდელზე უნდა "გაიყვანოს" გამოძიება. საქმე ისაა, რომ პრემიერობის დროს ზურაბ ნოღაიდელი "მილენიუმის" პროექტის სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორი თუ თავმჯდომარე იყო. თუმცა, ამ საკითხთან დაკავშირებით ყოფილი პრემიერი კომენტარზე უარს აცხადებს. გარდა ნოღაიდელისა, "მილენიუმის" პროგრამის მუშაობას, მასზე დაკისრებული ვალდებულებებისა და მოვალეობების შესრულებას ზედამხედველობას უწევს სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც პროგრამის მიმდინარეობასთან და პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით რეკომენდაციას აწვდის საკონსულტაციო კომიტეტი. სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში შედიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, ეკონომიკური განვითარების მინისტრი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ბიზნესისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
საინტერესო ფაქტია ის, რომ ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელ დირექტორს ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
ლაშა შანიძემ ეს თანამდებობა წელიწადნახევრიანი საქმიანობის შემდეგ 2007 წლის სექტემბერში დატოვა, როგორც მაშინ აცხადებდა, საკუთარი სურვილით. თუმცა იმ პერიოდში მასმედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ემ-სი-ჯის დირექტორს, მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ნოღაიდელი დაუპირისპირდა.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ შანიძის გენერალური დირექტორობის პერიოდში ნიკა გილაური, როგორც ფინანსთა მინისტრი, ასევე იყო "მილენიუმის" ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და თუკი პროკურატურამ მართლაც აღმოაჩინა დარღვევები ფონდის საქმიანობაში, მაშინ გილაური და ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს სხვა წევრები მინიმუმ უნდა დაიკითხონ.

ნინო რუაძე