DataLife Engine > ბიზნესი > საქართველოს ეკონომიკა ნიკარაგუის ეკონომიკას ჯობს
საქართველოს ეკონომიკა ნიკარაგუის ეკონომიკას ჯობს30 სექტემბერი 2009. : merabi |
|
"პროკრედიტ ბანკი" საქართველოში გაფართოვებას აპირებს. ბანკი თბილისში დამატებით ათ, რეგიონებში კი ხუთ ფილიალს გახსნის. ბანკის ასეთ აქტიურ მოღვაწეობას ნიკა გილაურმა ახსნა უპოვა და საქართველოში ბანკის ათი წლის იუბილეზე განაცხადა, რომ იმ ოცდაორ ქვეყანას შორის, სადაც "პროკრედიტ ბანკს" ფილიალები აქვს, საქართველოს ყველაზე სტაბილური ეკონომიკა აქვს.
"პროკრედიტ ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, დოქტორმა კლაუს-პიტერ ცაიტინგერმა გილაურის სიტყვები დაადასტურა, - "ევროპის ქვეყნებში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველო კრიზისულ მდგომარეობას საკმაოდ კარგად უმკლავდება. ვერ ვიტყვი, რომ თქვენს ქვეყანას კრიზისი არ შეეხო, ეს სწორი არ იქნება. უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, მომავალ წელს საქართველო ეკონომიკურ ზრდას განაგრძობს. იმ ქვეყნებთან შედარებით, სადაც ჩვენ ფილიალები გვაქვს ბიზნესგარემო საქართველოში საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია", - აცხადებს კლაუს-პიტერ ცაიტინგერი. ძალიან კარგია, როდესაც პრემიერ-მინისტრი ქვეყნის პირველობაზე საუბრობს, უკეთესია, როდესაც ამას ისეთი სერიოზული საფინანსო ინსტიტუტის ხელმძღვანელი ადასტურებს, როგორიც "პროკრედიტ ჯგუფია". როგორც ვიცით, გერმანულ "პროკრედიტს" ფილიალები მსოფლიოს სამ კონტინენტზე, 22 ქვეყანაში აქვს. ზემოთ ხსენებული ბატონების ლოგიკას თუ გავყვებით, საქართველოს ამ 22 ქვეყანაზე სტაბილური ეკონომიკა აქვს და მათზე უკეთ უმკლავდება კრიზისს. ამ ტიპის შეფასებები საქართველოს ხელისუფლებას ხშირად აძლევს უკიდეგანო პროპაგანდის საფუძველს. "პროკრედიტ ბანკი საქართველოს" 10 წლის იუბილეზე გაკეთებული განცხადებები მართლაც იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს. საფინანსო სისტემის განსაკუთრებული მგრძნობელობიდან გამომდინარე, ამგვარი განცხადებები, არა მარტო მდგომარეობის შეფასებად უნდა აღვიქვათ, არამედ ამ სისტემაში მოსალოდნელი დადებითი ძვრების იმპულსად. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელი ხელისუფლება, მსგავს განცხადებებს უსაფუძვლო მოლოდინების გასაჩენადაც იყენებს. სწორედ მსგავს უშინაარსო მოლოდინებს მოჰყვა ჩვენს საბანკო სისტემაში კრიზისული ვითარება. მართალია ცაიტინგერი გულწრფელობაში ეჭვი არ შეგვპარვია, მაგრამ გილაურის განცხადების პათოსი, რომ საქართველოს ეკონომიკა ყველაზე მდგრადია სამ კონტინენტზე, ცოტა არ იყოს, დამაჯერებელი არ გახლდათ. ამიტომ, "პროკრედიტის" სათოაო ოფისის ვებ-გვერდზე იმ ქვეყნების ჩამონათვალს გადავხედეთ, რომლებშიც "პროკრედიტს" ფილიალები აქვს და რომელთა ეკონომიკასაც საქართველოს ეკონომიკა სჯობს. ნიკარაგუა, ჰონდურასი, ელ სალვადორი, ეკვადორი, კოლომბია, ბოლივია, სიერა ლეონე, განა, მოზამბიკა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, მაკედონია, საქართფელო, ხომხეთი, მოლდოვა, უკრაინა, ბულგარეთი რუმინეთი, მექსიკა, სერბეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, კოსოვო, ალბანეთი, - ეს იმ ქვეყანათა ჩამონათვალია, რომელთა ეკონომიკებიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას ჩამოუვარდება და ამით პრემიერი გილაური ამაყია. ამაყმა პრემიერმა ამაყი პრეზიდენტი გაგვახსენა, რამდენიმე დღის წინ სააკაშვილი თვალებში გვიყურებდა და ისე აცხადებდა, რომ საქართველო ევროპის ეკონომიკების ლოკომოტივი გახდება. როგორც ჩანს, პრეზიდენტს ჰქონდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ეკონომიკა მოზამბიკის და ნიკარაგუის ეკონომიკებზე მდგრადია. თუმცა, რამდენად საამაყოა ეს, საკამათო საკითხია. ირმა ზარნაძე |