DataLife Engine > ბიზნესი > "იაფი დაზღვევა" ფარსია, 5 ლარად ვერ დაეზღვევი
"იაფი დაზღვევა" ფარსია, 5 ლარად ვერ დაეზღვევი21 აპრილი 2009. : merabi |
|
მთავრობა "იაფი დაზღვევის" პროგრამის პოპულარიზაციას აქტიურად ეწევა. სატელევიზიო გამოსვლებსა თუ რეკლამებში ხელისუფლება დაზღვევის პროგრამის წარმატებაზე საუბრობს, თუმცა, როგორც ჩანს, მოსახლეობისთვის იგი მიმზიდველი არ აღმოჩნდა, ვინაიდან ამ ეტაპზე დაზღვეულთა რაოდენობა მხოლოდ 10 ათასი ანუ გათვალისწინებულის 2%-ია, დაზღვევის ვადის ამოწურვამდე კი თვე ნახევარი დარჩა. პროგრამის გათვლით, დაზღვეულთა რაოდენობა ქვეყანაში 500 ათასით უნდა გაზრდილიყო. თუმცა, დარჩენილ დროში 98%-ის დაზღვევა სადაზღვევო კომპანიებს არარეალურად მიაჩნიათ.
სადაზღვევო კომპანიები ვარაუდობენ, რომ "5 ლარიანი დაზღვევის" პროგრამის ვადის ამოწურვამდე 1 ივლისამდე 500 ათასი ადამიანის დაზღვევა ვერ მოესწრება და ვადის გადაწევა იქნება აუცილებელი. ჯანდაცვის სამინისტრო კი მიიჩნევს, რომ იაფი დაზღვევის პროგრამა წარმატებით ხორციელდება. "დაზღვევა ნებაყოფლობითია და 1 ივლისამდე დაეზღვევა იმდენი ადამიანი, რამდენიც მოისურვებს. თუ 500 ათას ადამიანზე ნაკლები ადამიანის დაზღვევა მოხდება, ეს არაა პრობლემა. ხოლო თუ მათი რიცხვი მეტი იქნება, მაშინ ბიუჯეტში თანხის დამატება მოხდება", - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ფრუიძე. 5 ლარიანი დაზღვევის პროგრამის მიმდინარეობით უკმაყოფილება პრეზიდენტმა გამოთქვა. მან ჯანდაცვის სამინისტროს ამ მიმართულებით მუშაობის გააქტიურებისკენ მოუწოდა. პრეზიდენტი "რევოლუციური" დაზღვევით ნახევარ მილიონამდე ადამიანის დაინტერესებას ელოდება. მისი აზრით, პროგრამის განხორციელების დაჩქარებისთვის მოსახლეობის უკეთ ინფორმირებულობაა საჭირო. საინტერესოა, რატომ არ ეზღვევიან მოქალაქეები და რა პრობლემები იკვეთება ამ კუთხით. "იაფი დაზღვევის" პაკეტი პირველად ჯანდაცვას, გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებასა და ტრამვების მკურნალობას მოიცავს. ცხადია, აღნიშნული პაკეტით ყველაფრის მკურნალობა შესაძლებელი არ არის, რაც მოქალაქეების უკმაყოფილების მიზეზია. პოლისით გათვალისწინებული დაზღვევა ითვალისწინებს: უბედური შემთხვევებით, ანუ ტრავმებით გამოწვეული გადაუდებელი სამედიცინო ხარჯების ანაზღაურებას, წელიწადში 5 ათას ლარიანი ლიმიტის ფარგლებში. სასწრაფო-გადაუდებელი შემთხვევები, რომელიც გარკვეული თანაგადახდით ფინანსდება, ლიმიტი კი წელიწადში 2000 ლარს შეადგენს. ურგენტულ-ამბულატორული დახმარებით ხარჯების ანაზღაურება და პირველადი ჯანდაცვის მომსახურება. დაზღვევის პაკეტში არ შედის სტომატოლოგიური მომსახურება, ქრონიკული დაავადებების – გულსისხლძარღვთა და ონკოლოგიური დაავადებების დაზღვევა. ამასთან, დაზღვევა 60 წლის ზევით ადამიანებისთვის ხელმიუწვდომელია. თუმცა, აქსიომური ჭეშმარიტებაა, რომ სწორედ აღნიშნული ასაკიდან იზრდება დაავადებების რისკი და სადაზღვევო კომპანიას ასანაზღაურებელი თანხა შესაბამისად გაეზრდება, რაც მისთვის წამგებიანია. აღნიშნული სადაზღვევო პაკეტით მოქალაქეს შეუძლია 5000 ლარის ღირებულების გადაუდებელი ოპერაცია გაიკეთოს, მაგრამ შედარებით რთული ოპერაციების ფასი გაცილებით მაღალია. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მკურნალობასა და მედიკამენტებზე ფასები თითქმის გაორმაგდა. ისეთი ოპერაციები, როგორიცაა გულის ან ონკოლოგიური, აღნიშნულ თანხაზე გაცილებით ძვირი ღირს. გულის ოპერაციების ფასი საშუალოდ 9000-10000 ლარია. რაც შეეხება ონკოლოგიურ ოპერაციებს, აქ სახელმწიფო 60 წელს ზევით მყოფ მოქალაქეებს 70%-ით აფინანსებს. 60 წლამდე მოქალაქეს თუ დაზღვევა არ აქვს, მთლიანი თანხის გადახდა თავად მოუწევს. აღსანიშნავია, რომ სადაზღვევო ბაზარზე ინდივიდუალური დაზღვევა ჯერ კიდევ არ არის ყველა სადაზღვევო კომპანიაში დანერგილი და კომპანიების უმეტესობა კორპორატიულ დაზღვევაზე მუშაობს. როგორც ჩანს, ჩვეულებრივი მოქალაქისთვის ჯანმრთელობის დაზღვევა ხელმიუწვდომელია და დიდ ფუფუნებასთან არის დაკავშირებული. თავად დაზღვევა გაუთვალისწინებელი შემთხვევების ფინანსურ ანაზღაურებას გულისხმობს და შესაბამისად, სადაზღვევო კომპანიები ქრონიკული დაავადებებსა და სხვა მძიმე დაავადებებს არ აზღვევენ. ქრონიკული დაავადების დიაგნოზის მქონე ადამიანის დაზღვევა, რომელიც მუდმივ მკურნალობას საჭიროებს, სადაზღვევო კომპანიისთვის, როგორც კომერციული ორგანიზაციისთვის, წამგებიანია. მხოლოდ იმ შემთხვევაში ანაზღაურებს სადაზღვევო კომპანია ქრონიკულ დაავადებას, თუ იგი მოქალაქეს დაზღვევის შემდეგ აღმოაჩნდა. ჯანმრთელობის და სოციალური სააგენტოს ხელმძღვანელი ვახტანგ სურგულაძე განმარტავს: "აუცილებელია, რომ ზუსტად მივაწოდოთ პაციენტებს ინფორმაცია, რას გულისხმობს დაზღვევა და რა პროგრამები მოქმედებს. მაშინ მოლოდინი არ იქნება იმაზე მეტი, ვიდრე ეს პროგრამა ითვალისწინებს. როდესაც პრეზიდენტმა ინიციატივა გააჟღერა, მეორე დღეს ჩვენი სააგენტოს ზუგდიდის ფილიალში მოქალაქეები პოლისების ასაღებად იყვნენ მოსულები, რომლებიც ოპერაციის გაკეთებას გეგმავდნენ." 500 ათასი ადამიანის დაზღვევას არარეალურად მიიჩნევს ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი. "ამ რაოდენობის სადაზღვევო პოლისების გამოწერას თავად სადაზღვევო კომპანიები არ დაუშვებენ. 500 ათასი კაცი თუ დააზღვიეს გაკოტრდებიან, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილის ჯანმრთელობა, რომელიც ნორმალურად ვერ იკვებება, შერყეულია." ექსპერტი 5 ლარიანი დაზღვევის პაკეტს სკეპტიკურად უყურებს და რეალურად მოკლევადიან პერიოდზე გათვლილ საარჩევნო პიარად მიიჩნევს. ლამარა გულმაგარაშვილი |