DataLife Engine > ბიზნესი > საქართველოში ბიზნეს-ანგელოზებს ეძებენ

საქართველოში ბიზნეს-ანგელოზებს ეძებენ


31 მარტი 2009. : tamuna
(ბიზნეს-ანგელოზები საქართველოშიც გამოჩნდნენ)
დაფინანსების წყაროების იმ მრავალფეროვნების მიუხედავად, რომელსაც თანამედროვე ბიზნესის სამყარო ფლობს საქართველოში და საერთოდ, გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში, ადამიანების უმრავლესობას მიაჩნია, რომ საკუთარი საქმის დასაწყებად სახსრების მოძიება ზერთული ამოცანაა. ფულადი რესურსების წყაროს მოძიება და შერჩევა დამწყები მეწარმისთვის ერთ-ერთი ურთულესი პრობლემაა. ბანკები და სხვა ფორმალური ინვესტორები, რომლებიც დაფინანსებისას მკაცრი წესებით ხელმძღვანელობენ, როგორც წესი, ახლადდაწყებულ ბიზნესს არ ენდობიან. ამ და სხვა მიზეზების გამო, დამწყები ბიზნესმენებისთვის დაფინანსების საუკეთესო წყაროს "ანგელოზები" წარმოადგენენ. ამ საკითხებთან დაკავშირებით გვესაუბრება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, პროფესორი შოთა შაბურიშვილი.

- ბატონო შოთა, იქნებ უფრო დაწვრილებით მოგვიყვეთ ვინ არიან ბიზნეს-ანგელოზები?

- ბიზნეს-ანგელოზები, როგორც წესი, არიან მდიდარი ადამიანები, შეიძლება ესენი იყვნენ წარმატებული მეწარმეები, მენეჯერები ან სხვა პროფესიის ადამიანები, ვთქვათ, ექიმები ან იურისტები, რომლებმაც თავისი საქმიანობით გარკვეული დანაზოგი დააგროვეს და მზად არიან ეს დანაზოგი სხვის ბიზნესში ან პერსპექტიულ იდეაში დააბანდონ. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ "ანგელოზები" შეიძლება იყვნენ წარმატებული საწარმოებიც. როგორც წესი, "ანგელოზები" აფინანსებენ დამწყებ საწარმოებს ანუ ჩათესვის სტადიაზე მყოფ ბიზნესს. ამ სტადიაზე ბიზნესის დაფინანსება სარისკოა და ბანკები თუ სხვა ფინანსური ინსტიტუტები თავს არიდებენ ასეთი ბიზნესის დაფინანსებას, რასაც ვერ ვიტყვით "ანგელოზებზე". "ანგელოზი" არის პარტნიორი, ბიზნესმენის მეწილე. შესაბამისად, თუ ბიზნესი წარუმატებელი იქნება, ის უკან აღარ მოითხოვს დაბანდებულ კაპიტალს. აღსანიშნავია ის, რომ ევროპასა და აშშ-ში ანგელოზები არიან ბიზნესის დაწყების დაფინანსების ყველაზე მნიშვნელოვანი გარე წყარო.

-თქვენს მიერ შემუშავებული იქნა პროექტი ქართველი ბიზნეს-ანგელოზების შესახებ, რა არის პროექტის მიზანი?
წარმოდგენილი პროექტის მიზანია საქართველოში ქართველი მეწარმეების პერსპექტიული საქმიანი იდეების პრაქტიკული რეალიზაციის შესაძლებლობების გაზრდა არაფორმალური კერძო კაპიტალის ორგანიზებული ბაზრის ფორმირების ხელშეწყობით და ბიზნესის დაწყების დაფინანსების ყველაზე მნიშვნელოვანი გარე წყაროს ("ანგელოზების") მოძიების თეორიულ-მეთოდოლოგიური და ორგანიზაციულ-პრაქტიკული საფუძვლების უზრუნველყ¬ოფით, ასევე სტუდენტების ჩართვა სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებში. მიზნიდან გამომდინარე პროექტი კონცენტრირებულია შემდეგ ამოცანებზე: ბიზნესის განვითარებაში "ანგელოზების" როლის შეფასების არსებული მეთოდოლოგიის და უცხოელი მეცნიერების ნაშრომების სისტემური ანალიზი; წარმატებულ ქართულ საწარმოებში "ანგელოზების" როლის პოზიტიურ-ნეგატიური ასპექტების სისტემური ანალიზი; საქართველოში არსებული არაფორმალური ინვესტორების საერთო რაოდენობის და მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციების მოცულობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება, მისი სისტემატიზაცია, ანალიზი და მონაცემთა ბანკის შექმნა; ქართველი "ანგელოზების" მიერ განხორციელებული ინვესტიციების სტრუქტურის ანალიზი, მათი საინვესტიციო პოტენციალის შეფასება, მათი მამოძრავებელი მოტივების, ძირითადი მახასიათებელი თავისებურებების და ინვესტირების შესახებ გადაწყვეტილებების მიღების კრიტერიუმების შესწავლა, ბიზნეს-ანგელოზების ასოციაციის დაფუძნება დამწყები მეწარმეებისათვის მეთოდური რეკომენდაციების დამუშავება და აშ.
ამჟამად ვაწარმოებთ საწარმოების გამოკითხვას "ანგელოზების" გამოვლენის მიზნით. უნდა აღინიშნოს ის, რომ საქართველოში საწარმოები სკეპტიკურად უყურებენ გამოკითხვას, ბევრი თავს არიდებს პასუხის გაცემას. მიუხედავად ამისა, გამოკითხული 400-მდე საწარმოდან 30-მდე "ანგელოზი" გამოვლინდა, მაგრამ ის, თუ ვინ არიან ეს ბიზნეს-ანგელოზები, ამის გამხელისგან საწარმოები თავს იკავებენ.
- როგორც ცნობილია, თქვენი პროექტი დაფინანსდა საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდიდან. რა რაოდენობის თანხა გამოგეყოთ, რაში იხარჯება ძირითადად ეს თანხები და ხომ არ ელოდებით დამატებით სახსრებს?

- ჩვენი პროექტი ეროვნული სამეცნიერო ფონდის, საქართველოს პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტები ახალგაზრდა მეცნიერთათვის, ერთ-ერთი საგრანტო პროექტია. მთლიანი ბიუჯეტი 12000 ლარია. ეს თანხები ძირითადად თნამშრომლების ხელფასებზე იხარჯება, ასევე კაპიტალურ შესყიდვებზე, არის მცირე ხარჯებიც. 1500 ლარი გათვალისწინებულია საგამომცემლო ხარჯებზე, უნდა გამოვცეთ სახელმძღვანელო როგორ "ვიპოვოთ ბიზნეს-ანგელოზი" საქართველოში, სადაც იქნება რეკომენდაციები დამწყები მეწარმეებისთვის. ამ მხრივ ბევრი რამ არის შესასწავლი და იმედი გვაქვს, კიდევ მოვიპოვებთ დაფინანსებას სამეცნიერო ფონდებიდან, რათა კვლევები კიდევ უფრო გაღრმავდეს. საჭიროა თანხები ევროპის ბიზნეს-ანგელოზთა ქსელში (EBAN) გასაწევრიანებლად, რომელიც დაფუძნებულია ევროკომისიის ხელშეწყობით და სპონსორად 4 უმსხვილესი კორპორაცია ჰყავს, ესენია: Pera The Inovation Network, Angelsoft, Greater London Interprise, Eurada. ევროპული ბიზნეს-ანგელოზების მიერაა შექმნილი ისეთი კომპანიები, როგორიცაა: : Skype, Google, Dell, Apple და ა.შ. იმედი გვაქვს, საქართველოშიც ვიპოვით ასეთ ბიზნეს-ანგელოზებს.


პ.ს ამ ეტაპზე პროექტის ავტორებისთვის ყველაზე აქტუალურია ბიზნეს-ანგელოზთა გამოვლენა, რომელთაც შემდეგ მისამართზე ელოდებიან: თსუ მაღლივი კორპუსი #1009.
T:304511; 899259435; E-mail georgianbaa@yahoo.com
დოდო შენგელია