DataLife Engine > ბიზნესი > "მაგთის" ახალი ტარიფები
"მაგთის" ახალი ტარიფები27 აგვისტო 2010. : merabi |
|
"მაგთის" ახალი ტარიფები მცირე შემოსავლის მქონე ადამიანებზე გათვლილი არ არის
თავის დროზე "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ეკონომისტთა ასოციაციის" დასკვნას, რომ საქართველოში მობილური ოპერატორები თავიანთ მომხმარებლებს ყვლეფენ, კომუნიკაციების კომისია არ დაეთანხმა. თუმცა, მოგვიანებით, ფიჭური კავშირგაბმულობის ოპერატორებს ურთიერთჩართვის ტარიფი შეუმცირა (თითქმის ორჯერ!), რამაც გააჩინა ეჭვი, რომ კომისია მთლად გულწრფელიც არ იყო თავის გადაწყვეტილებაში. იყო თუ არ იყო, პირველი აგვისტოდან მობილური ოპერატორების ნაცვლად დაგვპირდა ტარიფების შემცირებას, მანამდე კი "მაგთი" და "ჯეოსელი" აქციას აქციაზე გვთავაზობდნენ, ოღონდ, ბუნებრივია, ქსელის შიგნით. თუმცა 23 აგვისტოდან ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია "მაგთიმ" გადაწყვიტა მომხმარებელს ახალი ტარიფები შესთავაზოს. "მაგთიდან" "მაგთის", "ბალის", "ბანისა" და "მაგთი ფიქსის" აბონენტებთან საუბრის ღირებულება წუთში 5 თეთრად იქნება შესაძლებელი. "მაგთიდან" საქართველოს სხვა ნებისმიერ ქსელზე - წუთში 18 თეთრად; MMS -ის ღირებულება 10 თეთრი იქნება. საერთაშორისო ზარები - 35 თეთრიდან დაიწყება. ზარის წამოწყების ღირებულება ყველა მიმართულებით - 10 თეთრი გახდება", - ასეთ "გრანდიოზულ" ფასდაკლებას და ახალ ტარიფებს ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია "მაგთი" 23 აგვისტოდან სთავაზობს თავის აბონენტებს. ყველაზე საინტერესოა ისაა, რომ ახალი ტარიფების მიხედვით "მაგთი"/"ბალი"/"მაგთიფიქსი"/"ბანზე" უნდა ილაპარაკო 30 წამზე მეტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე ახლაა. სხვა ქსელებზე საქართველოს მასშტაბით კი 1 წუთზე მეტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე ეს მანმადე იყო. მისი პირობების მიხედვით, ზარის წამოწყების ღირებულება ყველა მიმართულებით - 10 თეთრია. ანუ, შიდა ზარების ყოველი პირველი წუთი 15 თეთრი ეღირება, ხოლო გარე ზარებზე პირველი წუთი, ისევ 28,8 თეთრი. თუ ჩვენს რეალობას გადავხედავთ, როცა მცირე შემოსავლის მქონე ადამიანები თანხის ეკონომიის მიზნით ცდილობენ რაც შეიძლება ცოტა ილაპარაკონ, ამ აქციით აზრს კარგავს. რადგან თუ მომხმარებელი ამ აქციის პირობებში, მაგალითად, 10 წამს ილაპარაკებს, მოუწევს ზარის წამოწყების ღირებულების 10 თეთრს დამატებული 3 თეთრი (18-ის მეექვსედი, ანუ 10 წამის ღირებულება), რაც, საბოლოო ჯამში, 13 თეთრი გამოდის. ამ აქციის გარეთ კი მას 10 წამის ლაპარაკის გამო 4,8 თეთრის (28,8/6=4,8) გადახდა უწევდა. მომხმარებელი აქციით "მოგებული" მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ იგი 1 წუთზე მეტს ისაუბრებს, რაც ისევ და ისევ კომპანიის წისქვილზე ასხამს წყალს, რადგან რაც მეტ ილაპარაკებენ მომხმარებლები, მით მეტ შემოსავალს მიიღებს ოპერატორი. ასე რომ, განცხადებები, რომ აგვისტო-სექტემბერში მობილურით საუბარი გაიაფდებოდა და ვითომ ეს გეგმისამებრ მიმდინარეობს, სიმართლეს არ შეესაბამება. საქართველოში არა მხოლოდ მობილურით საუბარი, არამედ არცერთ პროდუქტზე მომხმარებელი მანამ არ გადაიხდის სამართლიან ფასს, სანამ ბიზნესმენები ხელისუფლებასთან შეზრდილები, შეხმატკბილებულები და მათი მხრიდან ლობირებულები იქნებიან. ნინო თამაზაშვილი |