DataLife Engine > ბიზნესი > "გლობალ სთარი" ვარსკვლავებს ანიჭებს

"გლობალ სთარი" ვარსკვლავებს ანიჭებს


28 ივლისი 2010. : merabi
"გლობალ სთარი" იქნება აბსოლუტურად მიუკერძოებელი და ობიექტური "ვარსკვლავების" მინიჭებისას" - მიხეილ ბატიაშვილი

რამდენიმე თვეა, რაც ქართულ ბიზნესსივრცეში ახალი რეიტინგული კომპანია ასოციაცია "გლობალ სთარი" გამოჩნდა, რომელმაც იმთავითვე საკმაოდ ხმამაღალი განაცხადი გააკეთა და ბაზარზე სხვადასხვა სერვისებისთვის (ძირითადად სასტუმრო და სარესტორნო) ვარსკვლავების მინიჭების პროცესი დაიწყო. ამას მალევე მოჰყვა კონკრეტული ნაბიჯები, რომელსაც უნდა ითქვას, რომ მთლიანობაში, ბიზნესწრეები და საზოგადოება კეთილგანწყობით შეხვდა. "გლობალ სთარმა" ხუთი ვარსკვლავი (უმაღლესი შეფასება) მიანიჭა ქობულეთში მდებარე სასტუმრო "ჯორჯია პალას ჰოტელს", "ვერე პალასს" და ბათუმში მდებარე სასტუმრო "ერა პალასს" ოთხი ვარსკვლავი, სამი ვარსკვლავი, ასევე, ბათუმურ "ჩაოს" და თბილისში მდებარე სასტუმრო "რივერსაიდს". ორი ვარსკვლავით განისაზღვრა ქუთაისური სასტუმროს სერვისი. სულ ახლახანს, ძველ თბილისში მდებარე რესტორან "ოვალს" "გლობალ სთარმა" ხუთი ვარსკვლავი მიანიჭა.
"ბ&ფ" დაინტერესდა, თუ რა კრიტერიუმებით ხდება სასტუმროებისა და რესტორნებისთვის ვარსკვლავების მინიჭება. რამდენად აღიარებენ "გლობალ სთარის" ვარსკვლავებს საზღვრებს გარეთ, რა პრეფერენციებით სარგებლობს ასოციაციის მიერ ვარსკვლავმინიჭებული სასტუმრო თუ რესტორანი. ამ და სხვა თემებზე `გლობალ სთარის~ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მიხეილ ბატიაშვილი საუბრობს.

- ბატონო მიხეილ, რას წარმოადგენს კომპანია "გლობალ სთარი". როდის დაფუძნდა იგი და ვის მიერ? წმინდა ქართული კომპანიაა თუ რომელიმე დასავლური მარკეტინგული კომპანიის შვილობილის სტატუსი აქვს?

- "გლობალ სთარი" გახლავთ არაკომერციული ასოციაცია, რომელიც 2010 წელს დაფუძნდა. ამდაგვარი სერვისის შეთავაზება ფართოდაა აპრობირებული განვითარებულ დასავლეთში (იტალია, გერმანია, საფრანგეთი...). ყველა ქვეყანაში, სადაც აქცენტი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე კეთდება, ოპერირებს ადგილობრივი ასოციაცია, ანუ ყველა ქვეყანა აფასებს თავის სერვისებს. ისინი კარგა ხანია ავტორიტეტულ ორგანიზაციებად ჩამოყალიბდნენ. ისეთი პრაქტიკა, რომ ვთქვათ, ფრანგულმა ასოციაციამ შეაფასოს იტალიური სერვისი და პირიქით, არ არსებობს. ასოციაციები და შესაბამისად, მომხმარებლები, სრულად ენდობიან ერთმანეთის შეფასებებს, რამდენადაც ყველა მათგანი მაღალი სტანდარტებით მუშაობს და შეფასების კრიტერიუმებიც, პრაქტიკულად, იდენტური აქვთ. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ანალოგიურ, მაგალითად, იტალიურ, ჩეხურ, ასოციაციებთან. ასევე ევროკავშირში ტურიზმის საკითხებით დაკავებულ სხვადასხვა სტრუქტურებთან. ეს გვეხმარება საერთო კონცეფციის ჩამოყალიბებაში და მის განხორციელებაში.

- რატომ გადაწყვიტეთ ბაზრისთვის მომსახურების შეფასებითი სერვისის შეთავაზება?

- ჩვენ დავინახეთ, რომ ბაზარზე ავტორიტეტული შეფასებითი ორგანიზაციების დეფიციტი იყო, შევისწავლეთ საერთაშორისო გამოცდილება და, ჩვენი აზრით, ყველაზე ოპტიმალური გზა ავირჩიეთ, რომელიც ქართულ ტურისტულ პოტენციალს განვითარებაში დაეხმარება. ზოგადად, ტურისტისა თუ ბიზნესმენის ბუნება ასეთია, - მოგზაურობისას თუ საქმიანი ვიზიტისას, იგი აღიარებული ინტერნეტ საძიებო სისტემების მეშვეობით ეცნობა და ჯავშნის სასტუმროსა თუ რესტორანს. ჩვენს მიერ მინიჭებული ვარსკვლავები მისთვის კარგი ორიენტირი იქნება. მას იმთავითვე ეცოდინება, თუ რა დონის სერვისს მიიღებს ამა თუ იმ მომსახურების დაჯავშნისას. ეს, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ჩვენს სასტუმროებსა და რესტორნებს კლიენტურის მოზიდვაში.

- რა არის ის ძირითადი კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც "გლობალ სთარი" აფასებს ამა თუ იმ კომპანიის სერვისს?

- ჩვენ არ დაგვიწყია ველოსიპედის გამოგონება. სასტუმროების შემთხვევაში ვსარგებლობთ ევროკავშირის ქვეყნებში მიღებული კრიტერიუმებით, რესტორნებისა და კაფეების შემთხვევაში კი "ფორბსის" მიერ შემუშავებული სტანდარტებით. ეს არის 300-მდე კრიტერიუმის ერთობლიობა, რომელთა შესწავლის შედეგადაც ენიჭება სასტუმროს, რესტორანსა თუ კაფეს შესაბამისი ვარსკვლავი. ბუნებრივია, როცა საუბარია 300-მდე კრიტერიუმზე, იქ ცხადია, რომ ყველა თითქოს, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო ნიუანსსაც კი დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ჩვენ გვესმის, რომ თამასა მაღალია, მაგრამ სხვაგვარად, ვფიქრობ, საერთაშორისო სტანდარტების მიღწევა გაგვიჭირდება.

- სასტუმროების, რესტორნებისა და კაფეების შეფასების გარდა, მომსახურების სხვა სფეროების მოცვას თუ გეგმავს `გლობალ სთარი~ უახლოეს მომავალში?

- დიახ და ეს გახლავთ სასაწყობო მეურნეობები. ჩვენ უკვე გვქონდა განაცხადი "ლილო 1" -სგან. სიამოვნებით მინდა აღვნიშნო, რომ ამ კომპლექსმა ჩვენი აუდიტორების დიდი მოწონება დაიმსახურა. განსაკუთრებით "ლილო 1"- ის სამაცივრე ნაწილმა, რომელსაც უმაღლესი შეფასება – ხუთი ვარსკვლავი მივანიჭეთ. იგი პასუხობს ყველაზე მაღალ თანამედროვე სტანდარტებს, იქნება ეს ტემპერატურის ავტომატიზებული კონტროლის სისტემა თუ სხვა. ამ ეტაპზე ჩვენი საქმიანობა სწორედ ამ სფეროებით, სასტუმროების, რესტორნების, კაფეების და სასაწყობო მეურნეობების შეფასებით იქნება შემოფარგლული, თუმცა უკვე დამუშავების სტადიაშია საკითხები, რომლებიც კვების უსაფრთხოებას უკავშირდება.

- როგორია ვარსკვლავის მინიჭების პროცედურა. "გლობალ სთარი" თავად განსაზღვრავს კომპანიას, რომელიც ვარსკვლავის პრეტენდენტად მიაჩნია თუ ვარსკვლავობის პრეტენდენტმა კომპანიამ უნდა მიმართოს "გლობალ სთარს?" საშუალოდ, რა პერიოდს მოიცავს ვარსკვლავის მინიჭების პროცესი და რა პრივილეგიას ანიჭებს იგი ვარსკვლავის მფლობელს? ვინ აფინანსებს ან რა სახსრებით ფინანსდება კვლევები?

- პირველ ეტაპზე, როცა ესა თუ ის კომპანია მოგვმართავს ვარსკვლავის მინიჭების მოთხოვნით, ხდება განაცხადის შევსება და იმის დაფიქსირება, თუ რამდენ ვარსკვლავზე აქვს მას პრეტენზია. შემდგომ, ჩვენი აუდიტორები დეტალურად სწავლობენ მას. მეორე ეტაპია შემუშავებული რეკომენდაციების კომპანიისთვის გაცნობა და მის მიერ ამ რეკომენდაციების გათვალისწინება. სწორედ ამ პროცესის შემდგომ ხორციელდება საბოლოო მონიტორინგი და ობიექტს ენიჭება ვარსკვლავი. ბუნებრივია, პროცესი გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული, რასაც პრეტენდენტი კომპანია ფარავს. ისიც ბუნებრივია, რომ არავინ გასწევს ხარჯს, თუ მას კარგად არ აქვს გაცნობიერებული, რა პრეფერენციას მოუტანს, ამ შემთხვევაში, "გლობალ სთარის" მიერ განხორციელებული სამუშაო. აქვე იმასაც გეტყვით, უკვე გვქონდა პრაქტიკაში შემთხვევა, როცა კომპანიას უმაღლეს შეფასებაზე ჰქონდა განაცხადი გაკეთებული, მაგრამ რამდენადაც მან ვერ დააკმაყოფილა შესაბამისი კრიტერიუმები, ხუთი ვარსკვლავის მინიჭებაზე უარი ეთქვა. ეს "გლობალ სთარის" უმთავრესი პრინციპია. "გლობალ სთარი" ყოველთვის იქნება აბსოლუტურად მიუკერძოებელი და ობიექტური ვარსკვლავების მინიჭებისას.

- თქვენი აზრით, როგორია მომხმარებლის დამოკიდებულება "გლობალ სთარის" საქმიანობისადმი. რა გიჩვენათ გამოცდილებამ, ვარსკვლავის მინიჭების შემდგომ პერიოდში აისახა თუ არა ეს ამა თუ იმ კომპანიის საქმიანობაზე, მისი გაყიდვების მოცულობაზე?

- ამის განსაზღვრა რთული არ არის, რამდენადაც "გლობალ სთარი" უკვე აღიარებულია ანალოგიური დასავლური ასოციაციების მიერ, რაც შეფასებების გაზიარებას ნიშნავს და ნიშნავს იმას, რომ ჩვენს მიერ შეფასებული მომსახურების ობიექტები ხვდებიან ავტორიტეტული საძიებო სისტემების ვებგვერდებზე, რაც თავისთავად მათი ცნობადობისა და საქმიანობის არეალის გაზრდას უწყობს ხელს. გარდა ამისა, ჩვენ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს საქართველოს კულტურისა და ეკონომიკის სამინისტროებთან, გაფორმებული გვაქვს მათთან მემორანდუმები თანამშრომლობის შესახებ, რაც სხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს ჩვენს მიერ შეფასებული სერვისების შესახებ ინფორმაციის განთავსებას სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ სხვადასხვა სარეკლამო გამოცემებში.

- ქართულ სინამდვილეში რამდენიმე ჯგუფი ახორციელებდა და ზოგჯერ ახლაც ახდენს სხვადასხვა სერტიფიკატების გაცემას, მათი საქმიანობის ანალიზისას "ბ&ფ" მივიდა დასკვნამდე, რომ ხშირ შემთხვევაში მუშაობს არაჯანსაღი პრინციპი – გადაიხდი ფულს – მიიღებ სერტიფიკატს. ასეთ მომენტს როგორ გამორიცხავთ თქვენი საქმიანობიდან. რას გააკეთებთ, რომ თქვენი შეფასებები ავტორიტეტული იყოს საქართველოს მოქალაქეებისთვის?

- იმის შეფასება, თუ რა იყო ამ სფეროში, ან იყო თუ არა საერთოდ რაიმე, მე გამიჭირდება. მე შემიძლია თამამად იმის თქმა, რომ ანგარების მომენტი `გლობალ სთარის~ საქმიანობაში უბრალოდ გამორიცხულია. ჩვენ უკვე ვსარგებლობთ საერთაშორისო აღიარებით, გვაქვს მჭიდრო ურთიერთობა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ასოციაციებთან, მათ შორის გამოცდილების გაზიარების, პერსონალის მომზადებისა და ერთობლივი ტრენინგების ორგანიზების საქმეში. ჩვენს მიერ მინიჭებული ვარსკვლავის შესაბამისობა უპირობოდაა აღიარებული კოლეგების მიერ, რამდენადაც ვმუშაობთ მათ მიერვე შემუშავებული და საყოველთაოდ აღიარებული სტანდარტებით.

- მთლიანობაში, ქართული სერვისის ბაზარს რამდენი ვარსკვლავით შეაფასებდით?

- რთულია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ალბათ, ძალიან მცირედით, მაგრამ მე მახარებს ის ფაქტი, რომ სულ უფრო მეტი კომპანია ესწრაფვის მაღალი სტანდარტების მიღწევას. ჩვენ უკვე გვაქვს ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო (ჯორჯია პალას ჰოტელი) და ხუთვარსკვლავიანი რესტორანი (ოვალი), რაც ვფიქრობ, კარგი სტარტია. საკმაოდ ოპტიმისტურად ვუყურებ საქართველოს ტურისტულ პოტენციალს და დარწმუნებული ვარ, რომ ქართველებსაც თავისუფლად შეგვიძლია უმაღლესი სტანდარტის სერვისის შეთავაზება.

ესაუბრა
გოგა აბრამიშვილი