DataLife Engine > ბიზნესი > ბენზინგასამართ სადგურებზე მძღოლებს ატყუებენ
ბენზინგასამართ სადგურებზე მძღოლებს ატყუებენ26 დეკემბერი 2008. : vale |
|
მთელს მსოფლიოში საცალო ქსელში ბენზინით ვაჭრობა განსაკუთრებით მომგებიანია. მსოფლიო ფინანსური კრიზისისა და აგვისტოს მოვლენების შემდეგ, გაუარესებული ეკონომიკური სიტუაციის ფონზე, საწვავი ერთ-ერთი იშვიათი პროდუქტია, რომელზეც მოთხოვნა არ შემცირებულა. მსოფლიო ბაზარზე ნავთობის კატასტროფული გაიაფების შემდეგ, ფასები საცალო ქსელშიც შემცირდა. ამას თითქოს მომხმარებლების კმაყოფილება უნდა გამოეწვია. თუმცა, დღეს ქართველი მძღოლების მხრიდან ბენზინგასამართი სადგურების მიმართ საკმაოდ ბევრი პრეტენზია ისმის. ძირითადი პრობლემა, რასაც ქართველი მძღოლები აფიქსირებენ არის ის, რომ მათ ხშირად რაოდენობაში ატყუებენ. ‘როდესაც ბენზინმა გაიაფება დაიწყო, იმ დროს დავაფიქსირე, რომ უფრო მეტი საწვავი მჭირდებოდა. რა თქმა უნდა, გამიჩნდა ეჭვი, რომ ბენზინგასამართ სადგურზე მატყუებდნენ. ამის შესამოწმებლად ერთხელ ცარიელი ავზის გავსება მოვითხოვე. ნამდვილად ვიცი, რომ ჩემი ავტომობილის ავზში 70 ლიტრი ბენზინი ეტევა, მრიცხველმა კი 83 ლიტრი დააფიქსირა. 13 ლიტრი სხვაობა, ეს უკვე უნამუსო ტყუილი და თვალებში ნაცრის შეყრაა", - აცხადებს მოტყუებული მძღოლი ალექსანდრე კაპანაძე.
აღნიშნული პრობლემა ჩვენს მიერ გამოკითხული მძღოლების უმრავლესობას აწუხებს. მსგავსი შემთხვევები, როგორც ცნობილი ბრენდების ბენზინგასამართ სადგურებზე, ისე მცირე ზომის ‘კალონკებზეც" ხდება. მძღოლები მსგავს შემთხვევებს თითქმის ყველგან აწყდებიან, თუმცა გაწბილებულები პასუხს აღარავის სთხოვენ, რადგან თვლიან, რომ ჩივილს აზრი არ აქვს. პრობლემის გასარკვევად საქართველოში ბენზინის შემომტან რამდენიმე ცნობილ საწვავის კომპანიას დავუკავშირდით. მათი განცხადებით, მსგავსი შემთხვევები იშვიათია, მაგრამ კომპანიებს მომხმარებლის დასაცავად ცხელი ხაზი აქვთ შექმნილი, რათა კლიენტის ყველა პრეტენზია მათთვის ცნობილი იყოს. გარდა ამისა, კომპანიები ხშირად ატარებენ მონიტორინგსა და გამოკვლევებს, რათა მათი კლიენტები მაქსიმალურად იყოს დაცული. "ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა, მწარმოებელთა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციის" ხელმძღვანელის ვანო მთვრალაშვილის განცხადებით: "სახელმწიფო სამსახური ან ორგანიზაცია, რომელიც გააკონტროლებს მომხმარებლის ავტომობილში ჩასხმული საწვავის სიზუსტეს, არ არსებობს. მომხმარებლის უფლება ამ კუთხით, სამწუხაროდ, დღესდღეობით დაუცველია. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ ბევრი ცდილობს მომხმარებლის მოტყუებას. მძღოლებისათვის არაზუსტი რაოდენობის საწვავის ჩასხმა, გადახდილ თანხასთან შედარებით, ძირითადად, ქალაქგარეთ მდებარე ბენზინგასამართ სადგურებზე ხდება. ასეთი ფაქტები, ძირითადად, უსახურ ბენზინგასამართ სადგურებზე ფიქსირდება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არცერთი ცნობილი ბრენდის, სოლიდური კომპანიის ბენზინგასამართ სადგურებზე მსგავსი შემთხვევები არ ხდება, რადგან მომხმარებლის დაცვა თითოეული მათგანის ინტერესებში შედის და ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომაც ამ კომპანიების ხელმძღვანელობა რეგულარულად ატარებს მონიტორინგებს. უსახური ბენზინგასამართი სადგურები კი მსგავს საქმიანობას არ ერიდებიან. მათი ძირითადი სატყუარა საწვავზე დაბალი ფასია, ანუ ისინი მომხმარებელს ხშირად სთავაზობენ არარეალურად დაბალ ფასს და მძღოლებს ამით იტყუებენ. ეს მომხმარებელს გაცილებით ძვირი უჯდება, ვიდრე ჩვეულებრივ სადგურებში ჩასხმული საწვავი. ჯერჯერობით, ამ პრობლემის მომგვარებელი სახელმწიფო სამსახურიც არ არსებობს, თუმცა მომხმარებელი, თუ მოტყუების ფაქტს დაადასტურებს და საგადასახადო სამსახურს მიმართავს, კარგი იქნება. ამით შესაბამისი სამსახურები შეეცდებიან, რომ ქმედითი ნაბიჯების გადასადგმელად უფრო კომპეტენტურნი იყვნენ. სასურველი იქნება, რომ მსგავსი სადგურების გამოვლენა, მათი აფიშირება მოხდეს, რათა სხვა მომხმარებლებმა მსგავსი ბენზინგასამართი სადგურებით აღარ ისარგებლონ. მართალია, დღეს პრობლემის აღმოსაფხვრელი შესაბამისი სამსახური არ ფუნქციონირებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრობლემა არ უნდა მოგვარდეს. მომხმარებელს შეუძლია მიმართოს ჩვენს კავშირს, ჩავატაროთ მონიტორინგი ან სხვა ღონისძიებები და ერთად გადავწყვიტოთ ეს პრობლემა.” ადა ექიზაშვილი |