DataLife Engine > ბიზნესი > პანტიკო თორდია იარაღით საერთაშორისო ვაჭრობის საქმეში ფიგურირებს

პანტიკო თორდია იარაღით საერთაშორისო ვაჭრობის საქმეში ფიგურირებს


17 ივნისი 2010. : merabi
საქმე ეხება ვინმე ისლამოვის ისტორიას, მას საქართველოს უშიშროება იძიებს. ინფორმაცია ხელში ჩაუვარდა ტელეკომპანია "მაესტროს", რომელმაც მისი დეტალები ფართო საზოგადოებას გააცნო.
გვინეის რესპუბლიკაში რეგისტრირებული კომპანია "პეგოს კომპანი ლიმითედი", რომელიც ალექსანდრე რაულის ძე ისლამოვს ეკუთვნოდა, რამდენიმე წლის წინ ქართულ მხარესთან აფორმებს ხელშეკრულებას ვადაგასული და მიზნობრივად გამოუყენებელი სამხედრო ტექნიკის შეძენის თაობაზე. 1300000 ამერიკული დოლარის ღირებულების პროდუქციის ტრანსპორტირება ქუთაისის კოპიტნარის აეროპორტიდან უკრაინული ავიაკომპანიის მეშვეობით იქნა ტრანსპორტირებული. საბოლოო დანიშნულების ადგილი გვინეის ქალაქი კონაკრი იყო, სადაც რეგისტრირებულია ფირმა "პეგოს კომპანი ლიმითედი".
საქმეში ფიგურირებს იარაღით ცნობილი მოვაჭრე ვიქტორ ბუტი. უკრაინული პრესის ცნობით, ალექსანდრე ისლამოვმა ყირგიზეთის თავდაცვის სამინისტროსთვის ვერტმფრენები ისე შეიძინა, რომ ყირგიზეთის მთავრობას ამის თაობაზე წარმოდგენაც კი არ ჰქონდა. გაეროს უშიშროების საბჭოს დასკვნით, ალექსანდრე ისლამოვი და ვიქტორ ბუტი აფრიკის ქვეყნების იარაღით მომარაგებაში არიან ბრალდებულნი.
ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ამ ალექსანდრე ისლამოვს საქართველოში ტვირთების გადამზიდავი ავიაკომპანია აღმოაჩნდა, "ეარ კარგო ჯორჯია" საჯარო რეესტრის ვებგვერდზეა დაფიქსირებული, მაგრამ ეს ერთადერთი ოფიციალური საჯარო დოკუმენტია, რომლითაც ამ კომპანიის არსებობა დასტურდბა. თუმცა ამ კომპანიას "წყაროს ცნობით" ყველა სახის საავიაციო მომსახურების უფლება ჰქონდა, მათ შორის, ეწარმოებინა საშიში და სპეცტვირთების გადაზიდვები. სამუშაო ჩვენს სპეცსამსახურებს ნამდვილად ექნებათ. დასადგენია, "ეარ კარგო ჯორჯიას~ დამფუძნებელთა ვინაობა და საქმიანობის ზუსტი შინაარსი. "ეარ კარგო ჯორჯიას" დამფუძნებლები არიან: შპს "გამა ცენტრი"(20%), შპს "ნავტე"(16%), შპს "აგრა ტექნოლოჯი"(49%), გ. გაბადაძე(7%), პ. ჩიტიაშვილი(5%), ვ. ნაყოფია(3%).
ტაილანდში რამდენიმე თვის წინ დაკავებულ იქნა 40 ტონა იარაღით დატვირთული, საქართველოში რეგისტრირებული თვითმფრინავი ილ-76. ისლამოვის განცხადებით, "ეარ კარგო ჯორჯია" სწორედ ასეთი ტიპის თვითმფრინავების შესყიდვას გეგმავდა. სპეციალურ რეპორტაჟში, რომელიც ისლამოვის განცხადების მიხედვით მომზადდა, იარაღის უკანონო კონტრაბადის კონტექსტში მოხსენიებულნი არიან იორდანია, ისრაელი, საქართველო და უგანდა. ალექსანდრე ისლამოვი გამოკვეთს თავის ახლო ურთიერთობას "თბილავიამშენის" გენერალურ დირექტორთან პანტიკო თორდიასთან. როგორც ისლამოვი აღნიშნავს, ამ უკანასკნელთან ჰქონდა არაერთი საუბარი კომერციულ თემებზე, რომლებიც შეეხებოდა "თბილავიამშენის" ნაწარმის, საბრძოლო თვითმფრინავების და მათი მარაგ ნაწილების რეალიზაციას აფრიკის განვითარებად ქვეყნებში. მალე ისლამოვის გადაზიდვები შეფერხდა. იარაღით მოვაჭრე, "მაესტროს" წყაროს თანახმად, სირთულეების შექმნაში პანტიკო თორდიას სდებს ბრალს. ისლამოვის ვერსიით, ქართველმა მილიონერმა, პანტიკო თორდიამ მოახერხა სამთავრობო დონეზე გარიგების ჩაშლა, რადგან აღნიშნული ტვირთების გადაზიდვით თავად იყო დაინტერესებული.
ამბობენ, რომ პანტიკო თორდია არ ადასტურებს ისლამოვის მიერ მოყოლილი ამბებიდან არც ერთს.
ჩვენ შევეცადეთ დავკავშირებოდით როგორც თავად პანტიკო თორდიას, ისე "თბილავიამშენის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, თუმცა არცერთი ტელეფონი სამუშაო საათებში არ პასუხობდა. ბოლოს შევძელით "თბილავიამშენის" წარმოების დირექტორთან, კობა კვაჭანტირაძესთან დაკავშირება. ბატონმა კობამ განაცხადა, რომ ის ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება, მკურნალობს, საქმესთან დაკავშირებით არაფრის თქმა არ შეუძლია და გვთხოვა უახლოეს პერიოდში დავუკავშირდეთ, ნებისმიერ საკითხზე სასაუბროდ. რაც შეეხება პანტიკო თორდიას, იგი ბატონ კობას ინფორმაციით, საქართველოში არ იმყოფება.
ასეა, ქართული ბიზნესის მასშტაბები იზრდება, სამწუხაროდ, იარაღით ვაჭრობასა და ნარკობიზნესში.

ადა ექიზაშვილი