DataLife Engine > ბიზნესი > "ჯი.მარტმა" 5 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა

"ჯი.მარტმა" 5 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა


11 ივნისი 2010. : merabi
სუპერმარკეტების ქსელმა "ჯი.მარტმა" 5 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა

"ჯი.მარტი" ქართული კაპიტალით შექმნილი ბრენდია, რომლის პარტნიორი "თიბისი ბანკია"

სუპერმარკეტების ქსელი "ჯი.მარტი" ოფიციალურად გაიხსნება. ახალი ქართული ბრენდის პრეზენტაცია სავაჭრო ცენტრ `ქარვასლაში~ შედგა, სადაც ქსელის ერთ–ერთი სუპერმარკეტი პირველ სართულზეა განთავსებული. "ჯი.მარტი ქარვასლა" საზეიმო ვითარებაში კომპანიის მენეჯმენტთან ერთად ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა გახსნა.
"ჯი.მარტი" იკავებს ახალ ნიშას და საქართველოში ნამდვილი სუპერმარკეტების ამუშავებას აპირებს. ჩვენ პირველები ვართ, ვინც ამ სტანდარტით იმუშავებს და მომხმარებელს მაქსიმალურად გაუადვილებს მისთვის საჭირო პროდუქტების შეძენის პროცესს. გვაქვს საკუთარი წარმოება, საკუთარი იმპორტი, კორპორატიული კლიენტების მომსახურების სერვისი და ვაკმაყოფილებთ ყველა იმ პარამეტრს, რომელიც ნამდვილ სუპერმარკეტს ახასიათებს. "ჯი.მარტ"-ის უპირატესობა – სუპერმარკეტების კომფორტული გარემო, სისუფთავე და მომხმარებლისთვის ისეთი ფასეულობების შექმნა და კონტროლია, როგორიც არის: პროდუქტის უმაღლესი, კონტროლირებული ხარისხი, ევროპული ექსკლუზიური პროდუქტი, მუდმივი ინოვაცია, მომსახურების მაღალი დონე და რაც მთავარია, ეკონომ ფასები~, – განაცხადა "ჯი.მარტის" დირექტორმა ეკატერინე ჩხაბერიძემ.
თუ ვინ არიან სუპერმარკეტ "ჯი.მარტის" დამფუძნებლები, რა ოდენობის ინვესტიცია ჩადეს დამფუძნებლებმა ახალი სუპერმარკეტის გახსნაში, მომხმარებელთა რომელ სეგმენტზეა გათვლილი მათი მომსახურება, ამ საკითხებთან დაკავშირებით გაზეთი "ბანკები და ფინანსები" "ჯი.მარტის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს ნატალი დარჩიაშვილს ესაუბრა.
`ჯი.მარტი ქართული კაპიტალით შექმნილი ბრენდია, რომლის პარტნიორი "თიბისი ბანკია". დღეისათვის 2 მეგამარკეტია გახსნილი: ესენია სავაჭრო ცენტრი "თბილისი ცენტრალი" და სავაჭრო ცენტრი "ქარვასლა". ორი ობიექტის გახსნაში კომპანიამ 5 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. "ჯი.მარტი" საშუალო ფენაზე გათვლილი სუპერმარკეტების ქსელია, რაც ძირითადად დაბალი ფასის შეთავაზებაში გამოიხატება. ჩვენ გვინდოდა საშუალო ფენის მომხმარებლისთვის გვეთქვა, რომ მათაც შეეძლოთ ხარისხიანი პროდუქტის შეძენა კომფორტულ, სუფთა გარემოში და თან მათთვის მისაწვდომ თანხად", - ამბობს ნატალი დარჩიაშვილი.

- რა სახის პროდუქტი იყიდება ქსელში და საიდან შემოაქვს "ჯიმარტს" საქონელი გასაყიდად?

- პირველადი მოხმარების საგნებიდან დაწყებული, სამეურნეო საქონლითა და მებაღეობით დამთავრებული ჩვენს ქსელში ყველაფერი იყიდება. გვაქვს როგორც ადგილობრივი წარმოებისა თუ დისტრიბუტორების მიერ მოწოდებული საქონელი, ასევე გერმანიიდან, ჰოლანდიიდან და დანიიდან იმპორტირებული პროდუქტი.

- რას სთავაზობს განსხვავებულს "ჯიმარტი" მომხმარებელს, რითი გამოირჩევით სხვა სუპერმარკეტებისგან?

- "ჯი.მარტი" თავისი ფორმატით ახალ ნიშას იკავებს ბაზარზე. ეს არის პირველი ნამდვილი სუპერმარკეტების ქსელი საქართველოში, რომელიც თავის არსს ფართობით, ასორტიმენტით და წარმოებით ამართლებს. "ჯი.მარტის" თითოეული მარკეტის ფართი 2700კვ/მ-ია. მის თითოეულ ობიექტში 30 000 დასახელების პროდუქტია წარმოდგენილი. ორივე ობიექტში ცალ-ცალკე საკუთარ პურ-ფუნთუშეულს, საკონდიტროს და მზა საკვებს აწარმოებს. "ჯი.მარტი" მომხმარებელს ყოველდღიურად ახალ და ცოცხალ პროდუქტს სთავაზობს, ლაბორატორიულად შემოწმებულ ხორცეულს და ყოველდღიურად სხვადასხვა სახის აქციას, რაც მომხმარებლის სტიმულირებისკენ იქნება მიმართული.

- სულ რამდენი ადამიანია დასაქმებული თქვენს სუპერმარკეტებში?

- "ჯი.მარტში" საწყის ეტაპზევე 400 ადამიანი დასაქმდა.

- რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ, რას უნდა ელოდეს მომხმარებელი უახლოეს ხანში "ჯიმართისგან?"

- მომავალში ბრენდი გაფართოებას გეგმავს. წლის ბოლომდე ორი ობიექტის დამატება გვინდა, თუმც, ამ შემთხვევაში იმ სავაჭრო ცენტრების კეთილმოწყობაზე ვიქნებით დამოკიდებული, საიდანაც გვაქვს შემოთავაზება.


ადა ექიზაშვილი