DataLife Engine > ბიზნესი > როდის გაარემონტებენ მწყობრიდან გამოსულ მთავარ კოლექტორს
როდის გაარემონტებენ მწყობრიდან გამოსულ მთავარ კოლექტორს30 აპრილი 2010. : merabi |
|
ფეკალური მასები გაუფილტრავად პირდაპირ აზერბაიჯანისკენ მიედინება
რამდენად რეალურია კონფლიქტი მეზობელ სახელმწიფოსთან ეკოლოგიურ საფრთხეს და მასთან დაკავშირებულ საკითხებს ყოველთვის დიდი გამოხმაურება მოყვება ხოლმე. ერთი შეხედვით ჩვენი პოლიტიზებული საზოგადოება განსაკუთრებით აღიქვამს ამ სფეროსთან დაკავშირებულ პრობლემებს. თუმცა, ამას ვერ ვიტყვით იმ შემთხვევაზე, რაზეც ქვევით უნდა ვისაუბროთ. თბილისის კანალიზაციის გამწმენდი კოლექტორის დაზიანების შესახებ ჩვენთვის რამდენიმე კვირის წინ გახდა ცნობილი. გარდაბნის ტერიტორიაზე არსებული დანადგარი, რომელიც თბილისის კანალიზაციის ისე გაწმენდას უზრუნველყოფდა, რომ შემდეგ ის მტკვარს ეკოლოგიურ პრობლემებს ააცილებდა თავიდან, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არათუ დაზიანებულია, არამედ საერთოდ მწყობრიდან არის გამოსული. შედეგად, თბილისის კანალიზაცია პირდაპირ ჩაედინება მტკვარში, რაც განსაკუთრებულ პრობლემებს ზაფხულში შექმნის, როდესაც მდინარეში წყლის დონე დაიწევს. ეს პრობლემა განსაკუთრებით დაუდგება აზერბაიჯანულ მხარეს, მოგეხსენებათ, გარდაბნის ტერიტორიიდან მტკვარი აზერბაიჯანში გაედინება. არსებობს ინფორმაცია, რომ მეზობელ სახელმწიფოში ფეკალური მასის გაშვებას, აზერბაიჯანული მხარე მწვავედ აპროტესტებს. კულუარებში იმაზეც საუბრობენ, რომ საქმე დიპლომატიურ სკანდალამდეც კი შეიძლება მივიდეს. პრობლემის ნათლად გააზრების შემდეგ, ბ&ფ დაინტერესდა, ვის, რომელ ქართულ სტრუქტურად ეკისრება პასუხისმგებლობა თბილისის კანალიზაციის გამწმენდი კოლექტორის გამართულად მუშაობაზე. როგორც გაირკვა, თბილისის კანალიზაციის მოწესრიგება "ჯორჯიან ვოთერს ენდ ფაუერს" ევალება, ის არის შპს "თბილისის წყალის" სამართალმემკვიდრე. "ჯორჯიან ვოთერს ენდ ფაუერს"-ი მოსახლეობიდან მომსახურების საფასურს როგორც წყლის მიწოდებისთვის, ასევე კანალიზაციის მოწყობისთვის იღებს. ერთი სიტყვით, დედაქალაქის მოსახლეობა იმისთვის, რომ კანალიზაცია მოწესრიგდეს, ფულს იხდის. ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად კომპანია "ჯორჯიან ვოთერს ენდ ფაუერს" მივმართეთ, სადაც ჩვენ კითხვას კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, იორგ მათისმა უპასუხა: "დიახ, ვადასტურებთ და ბევრს ვმუშაობთ აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად". გამწმენდი კოლექტორი მტკვარში გადამუშავებული მასის ჩადინებას უნდა უზრუნველყოფდეს. დღევანდელი მდგომარეობით კი, რომელსაც თავად თბილისის წყალში ადასტურებენ, კანალიზაციის წყალი პირდაპირ ჩაედინება მტკვრის იმ ნაწილში, რომელიც ქართულ-აზერბაიჯანულ საზღვართან გაედინება. ანუ, დაბინძურებული წყალი პირდაპირ აზერბაიჯანში მიედინება. ჩვენ ასევე დავინტერესდით, როდის და როგორ აპირებს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ამ პრობლემის მოგვარებას. "წყალგამშვები მილის გარემონტება შეუძლებელია, საჭიროა მისი რეკონსტრუქცია. ჩვენ დეტალურად შევისწავლეთ პრობლემის მოგავრების სხვადასხვა ვარიანტი. ტექნიკურად ამ პრობლემის მოგვარება რთულია, ვინაიდან აღნიშნული ტერიტორია დატბორილია, წყლის დონე მაღალია. რეკონსტრუქცია დაგეგმილია ზაფხულისთვის, როცა წყლის დონე დაბალი იქნება და შესაძლებელი იქნება მდინარის მიმართულების შეცვლა", - აცხადებს იორგ მათისი. ცნობისთვის, ჩვენი გაზეთის წინა ნომერში გამოქვეყნდა ინტერვიუ მწვანეთა მოძრაობის თავმჯდომარესთან, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების ყოფილ მინისტრთან ნინო ჩხობაძესთან, სადაც მან განაცხადა, რომ აღნიშნულ კომპანიას ხელშეკრულებაში უწერია, რომ კანალიზაციის სისტემას და გამწმენდ საშუალებას 2018 წლამდე უნდა მიხედოს. აქედან გამომდინარე, უცნობია, კომპანია ხელშეკრულებით დადგენილ ვადებზე ადრე მოაგვარებს პრობლემას თუ 2018 წლამდე დაბინძურებულ წყალს გავუგზავნით მეზობელს. მართალია, დღემდე აზერბაიჯანულ მხარეს არანაირი რეაგირება არ მოუხდენია აღნიშნულთან დაკავშირებით, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა და ეკოლოგიური საფრთხე რეალური გახდა, მათი სამართლიანი პრეტენზიების მოსმენა მოგვიწევს. დაკო შონია |