DataLife Engine > ბიზნესი > ვინც იხდის, ის უკვეთავს

ვინც იხდის, ის უკვეთავს


26 მარტი 2010. : merabi
გახდება თუ არა სტატისტიკის დეპარტამენტი რეალურად დამოუკიდებელი

თავისი არსებობის მანძილზე, 1918 წლიდან-დღემდე, სტატისტიკა ყოველთვის სამთავრობო ინტერესებზე იყო "მორგებული" - საბჭოთა საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის დაქვემდებარებაში, შემდეგ კი უშუალოდ მინისტრთა საბჭოს შემადგენლობაში მყოფ სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტს – სახელმწიფო ცენზურის მეშვეობით აკონტროლებდნენ, სსრ კავშირის დაშლის შემდეგ კი ჯერ საქართველოს უზენაესმა საბჭომ და შემდეგ პარლამენტმა დაიქვემდებარეს (მთავრობას არ ენდნენ), მომდევნო წლებიდან ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში "გადაამისამართეს". 2010 წლის 1 თებერვლიდან კი სტატისტიკის დეპარტამენტი საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბდა.
"რევოლუციის შემდეგ მოხდა პრაქტიკულად ჩვენი სტატისტიკის სამსახურის დანგრევა. რევოლუციის შემდეგ სტატისტიკის დეპარტამენტი შეიყვანეს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში. ეს იგივეა, მგელს რომ ჩააბარო ცხვარი სამწყემსად. ანუ სტატისტიკის დეპარტამენტი მთავრობაში არის ინტერესთა კონფლიქტი. ეს არ შეიძლება", - განმარტავდა ექსპერტი ლადო პაპავა.
როგორც ჩანს, მთავრობასაც გაუჩნდა სურვილი ძველი შეცდომების გამოსწორების და სტატისტიკის დეპარტამენტის დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბების. ახალი კანონი `ოფიციალური სტატისტიკის შესახებ" პარლამენტმა დეკემბერში დაამტკიცა. ამ კანონის შესაბამისად, უნდა შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება პრეზიდენტისა და პარლამენტის წინაშე. სამსახურის ძირითადი ფუნქცია იგივე რჩება - ოფიციალური სტატისტიკური ინფორმაციის კვლევა შეგროვება.
"დეპარტამენტის სსიპ ორგანოდ ჩამოყალიბება მისი სანდოობის ხარისხს კიდევ უფრო გაზრდის და მისი საქმიანობაც საზოგადოებისთვის უფრო გამჭვირვალე გახდება. ამასთან, დეპარტამენტის დამოუკიდებლობა იმითაც არის კარგი, რომ ეს ორგანო სახელმწიფოს ზეწოლის ქვეშ არ მოექცევა", - აღნიშნა დეპარტამენტის ახალმა ხელმძღვანელმა ზაზა ჭელიძემ.
დეპარტამენტის ხელმძღვანელისგან განსხვავებით ექსპერტების უმრავლესობას ეჭვი ეპარებათ, რომ სტატისტიკის დეპარტამენტი ნამდვილად დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გახდება. შეიძლება სტატისტიკის დეპარტამენტი სახელმწიფო ზეწოლას გაექცეს, მაგრამ ამჯერად თამაშში ბიზნესსექტორი ერთვება.
"ნებისმიერ ქვეყანაში, რაც უფრო განვითარებულია ქვეყანა ეკონომიურად, მით უფრო ძლიერი სტატისტიკური სამსახური აქვს და მით უფრო დივერსიფიცირებულია სტატისტიკის დაფინანსების წყაროები ე.ი. აქ არამარტო სახელმწიფო ღებულობს მონაწილეობას, არამედ საერთაშორისო ეკონომიკური და ფინანსური ინსტიტუტები, ბიზნესსექტორი ანუ არსებობს დაინტერესებული ინსტიტუტები, რომელთაც აინტერესებთ ქვეყანაში ამა თუ იმ მხრივ არსებული მდგომარეობა.
ბიზნესაც აქვს თავისი დაინტერესება და თუ მოხდება თანხვედრა სტატისტიკის სამსახურსა და ბიზნესს შორის, ეს მხოლოდ მოსაწონია, თუმცა აქ მთავარ აპრიორად იგულისხმება, რომ არ იქნება ციფრების გაყალბება~, _ აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე.
განვითარებულ ქვეყნებში კი, მაგრამ ეს ხომ საქართველოა და აქ დამოუკიდებლობაზე საუბარი ცოტა საეჭვოა, სწორედ ამიტომაც ექსპერტებში გაჩნდა ეჭვი, იქედან გამომდინარე, რომ სახელმწიფოს მცირედი დაფინანსების გარდა, სტატისტიკის დეპარტმენტს ბიზნესსექტორი დააფინანსებს, კვლევის შედეგებიც ისეთივე იქნება, როგორც ამა თუ იმ ბიზნესისთვისაა მისაღები.
შარშან ბიუჯეტიდან სტატისტიკის დეპარტამენტისთვის 4,6 მილიონი ლარი გაიწერა, წლეულს კი ეს მაჩვენებელი 2,7 მილიონ ლარამდე შემცირდა. ამ თანხის 55% ხელფასების დაფინანსებაზე დაიხარჯება. დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოებისთვის მხოლოდ 520 ათასი ლარია გათვალისწინებული, სტატისტიკური სახელმწიფო პროგრამებისთვის - 175 ათასი. ექსპერტთა აზრით, ეს ყველაფერი იმის წინაპირობას ქმნიდა, რომ რასაც სტატისტიკა აკეთებდა შარშან, წელს ამის გაკეთებასაც ვერ შეძლებს, მიუხედავად აბსურდული ციფრებისა და ზეწოლის ქვეშ ყოფნისა. მათი აზრით მხოლოდ დამოუკიდებლობის მიღწევა, დიდი ვერაფერი ხეირია. თუ სტატისტიკამ ვერაფერი გააკეთა და ვერაფერი დაამუშავა, ასეთი დამოუკიდებლობა, უბრალოდ, ფაქტიური დამოუკიდებლობა იქნება. მაგრამ აქვე სტატისტიკის დეპარტამენტის დაფინანსებაში ბიზნესსექტორი ერთვება და შესაბამისად, კვლევასაც ის დაუკვეთავს და შედეგებსაც ის გააკონტროლებს.
ექსპერტ ნოდარ ხადურის აზრით, მთავრობა ძველი შეცდომების გამოსწორებას ცდილობს, როცა სტატისტიკის დეპარტამენტს დამოუკიდებლობას უბრუნებს, თუმცა ეს რამდენად გახდის ამ სტრუქტურას ნამდვილად დამოუკიდებელს, საეჭვოა, _ "რაც ადრე გაკეთდა, იყო არასწორი – ის, რომ ეროვნული ბანკი გაყვეს შუაზე, ის, რომ სტატისტიკის დეპარტამენტი იყო ეკონომიკური სამინისტროს ნაწილი. დღეს იდგმება ნაბიჯები, რათა ეს შეცდომები გამოსწორდეს, ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ეს ცუდია, აქ მეორე საკითხია, რამდენად გახდება სტატისტიკის დეპარტამენტი ნამდვილად დამოუკიდებელი~.
საქართველოში სტატისტიკის დეპარტამენტი და მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ჩვენს საზოგადოებაში მაღალი ნდობით არასოდეს სარგებლობდა, შესაბამისად, საზოგადოებაც უკვე დიდი ხანია აღარ რეაგირებდა ამ ორგანოს მიერ გამოქვეყნებულ სხვადასხვა უცნაურ სტატისტიკურ მონაცემებზე, ამის მიზეზად კი დეპარტამენტის დამოუკიდებლობის დაბალი ხარისხი სახელდებოდა. თუმცა, არც არის გასაკვირი, სტატისტიკის ორგანო თავისი არსებობის მანძილზე რეალურად დამოუკიდებელი არასოდეს ყოფილა, რადგან მას საქმიანობა ყოველთვის უტილიტარულ (სსრკ) და არადემოკრატიულ (ამჟამად) გარემოში უხდება, რომელსაც ჯერ ხელისუფლება (ეკონომიკის სამინისტროს სახით), ახლა კი ბიზნესსექტორი განსაზღვრავს. არცერთ ხელისუფალს, არც ძველს და არც ახალს, ქვეყნის რეალური სოციალური და ეკონომიკური მონაცემების გახმაურება ხელს არ აძლევდა და შესაბამისად, არ სურდა! სწორედ ამიტომ დაკარგა, - და სამართლიანადაც, სტატისტიკამ საზოგადოების ნდობა და ძალიან საეჭვოა სისტემაში თითქოს და ახალმა რეფორმებმა ეს ნდობა აამაღლოს.

ნინო თამაზაშვილი