DataLife Engine > ბიზნესი > "ბილაინს" ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ტარიფები საქართველოში აქვს

"ბილაინს" ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ტარიფები საქართველოში აქვს


24 მარტი 2010. : merabi
"აფბა": "ბილაინი" დსთ-ს 8 ქვეყანაში ოპერირებს, ამ ქვეყნებს შორის "ბილაინ საქართველო" არსებული ტარიფების სიძვირით, მეორე ადგილზეა"

ბოლო დროს ფიჭური კავშირგაბმულობის თემის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი არ ცხრება. არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" (აფბა) მოწოდებას, რომ საკითხით მერობის კანდიდატები დაინტერესებულიყვნენ, უკვე თბილისის მერობის ორი მსურველი გამოეხმაურა. ნიკა ივანიშვილისა და გია ჭანტურიას განცხადებით ისინი სრულიად ეთანხმებიან "აფბას" მოთხოვნებს ფიჭური კავშირგაბმულობის ტარიფების შემცირებასთან დაკავშირებით.
ასეა თუ ისე, მობილური საუბრის სიძვირის წინააღმდეგ განწყობილი საზოგადოების რაოდენობა ნელ-ნელა იზრდება. რის პარალელურადაც მობილური ოპერატორები ცდილობენ მოსახლეობაში არსებული "ხანძარი" სხვადასხვა აქციებითა თუ მცირე ზომით ტარიფების შემცირებით ჩააქრონ. ფიჭური კავშირგაბმულობის ოპერატორი კომპანიების წინააღმდეგ დაწყებული მოძრაობის შემდგომ "მაგთიმ" ახალი აქცია დანერგა. ყველა "მაგთის" აბონენტს ერთმანეთთან პირველი წუთი 15, ხოლო ყველა დანარჩენის 5 თეთრად საუბარი შეუძლიათ. ამასთან საინტერესოა, რომ კომპანია აქციის დასრულების დროს არ აკონკრეტებს, რაც იმის ვარაუდის საშუალებას იძლევა, რომ საზოგადოებაში საპროტესტო ტალღის ჩაცხრობის შემთხვევაში კომპანია მოსახლეობას ისევ ძველი ტარიფით (28,8 თეთრი) მოემსახურება.
ამასთან "ჯეოსელმა" 8 77-ის ინდექსის აბონენტთათვის ყოველთვიური 7 ლარიანი სააბონენტო გადასახადი გააუქმა და შიდა ზარებზე (მხოლოდ 877-ის აბონენტებს) 28,8-ის ნაცვლად 25,9 თეთრიანი ტარიფი შემოიღო. რა თქმა უნდა, "ჯეოსელის" ნაბიჯი მისასალმებელია. კარგია, რომ კომპანიამ მცირედით მაინც იღო ყურად საზოგადოების მოთხოვნა, მაგრამ სამწუხაროა, რომ ეს შემცირების ტენდენცია "ლაი-ლაის" აბონენტებს არ შეეხოთ. მაშინ, როცა "ჯეოსელის" 877-I ინდექსის მომხმარებელები უმეტესწილად შეძლებული მოსახლეობაა, რომლისთვისაც ტარიფის 3 თეთრიან შემცირებას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა. აი, "ლაი-ლაის" აბონენტებს კი უმეტესწილად ახალგაზრდობა და სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობა წარმოადგენს, რომელთათვისაც თუნდაც 3 თეთრიანი შემცირებაც კი დიდი შვება იქნებოდა. სამწუხაროდ, "ჯეოსელის" ტარიფების შემცირება ჯერ-ჯერობით "ლაი-ლაის" აბონენტებს არ შეხებიათ.
ორი მსხვილი კონკურენტისგან განსხვავებით "ბილაინს", "აფბას" კვლევის გამოქვეყნების შემდგომ თავი დიდად არ შეუწუხებია ტარიფების გადახედვით. კომპანიაში პირველ პოზიციას კვლავ არ ცვლიან და აცხადებენ, რომ საქართველოში მათ ყველაზე დაბალი ტარიფები აქვთ, ბაზარზე ძალიან მცირე წილს ფლობენ და შესაბამისად, კვლევაში მოყვანილი ფაქტებიც და ბრალდებებიც ყველაზე ნაკლებად ეხებათ. საინტერესოა, რამდენად დაბალია "ბიალინის" ტარიფები სხვა ქვეყნებთან შედარებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს კომპანია დღეისათვის ქართულ ბაზარზე ყველაზე იაფი სატარიფო პაკეტებით ოპერირებს. აღნიშნული ინფორმაციის მისაღებად დახმარება ამ საკითხში კარგად გარკვეულ "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციას" ვთხოვეთ, საიდანაც ძალიან საინტერესო ფაქტები მივიღეთ. აღმოჩნდა, რომ "ბილაინის" ესოდენ საამაყო დაბალი ტარიფები არცთუ დაბალი ყოფილა.
"როდესაც ჩვენ ვაცხადებთ, რომ საქართველოში მობილურზე ტარიფები ძალიან მაღალია, რატომღაც ყველას გონია, რომ ეს მარტო "მაგთისა" და "ჯეოსელს" ეხება. დამერწმუნეთ, "ბილაინის" ტარიფებიც არ წყვეტენ ციდან ვარსკვლავებს, მიუხედავად იმისა, რომ ქართულ რეალობაში მათ მიერ შემოთავაზებული მომსახურება ყველაზე იაფია", - აღნიშნა "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" პრეზიდენტმა მერაბ ჯანიაშვილმა.
როგორც "აფბაში" განაცხადეს, ისინი დაინტერესდნენ "ბილაინის" ტარიფებით იმ ქვეყნებში, სადაც ეს კომპანია ოპერირებს და აღმოჩნდა, რომ "ბილაინის" ქსელში საქართველოზე მაღალი ტარიფები მხოლოდ ყაზახეთშია.
"ჩვენ ძალიან მარტივად შევადარეთ ერთმანეთს ტარიფები. ავიღეთ 30 წუთიანი პაკეტი, რომელშიც 10 წუთი "ბილაინის" შიდა ქსელზე, 10 სხვა ოპერატორებთან დარეკვაზე და 10-იც ფიქსირებული კავშირგაბმულობის ტელეფონებზე მოდის. ამ პაკეტის ღირებულება დავთვალეთ ყველა ქვეყანაში, სადაც იგი ოპერირებს და ყველა იმ ტარიფზე, რომელსაც "ბილაინი" სთავაზობს მომხმარებელს. აღმოჩნდა, რომ "ბილაინი" დღეისათვის დსთ-ს 8 ქვეყანაში ოპერირებს, ამ ქვეყნებს შორის "ბილაინ საქართველო" ტარიფების სიძვირით, მეორე ადგილზეა და იგი მხოლოდ ყაზახეთში არსებულ ტარიფებს ჩამოუვარდება. ამის მერე გაუგებარია, როგორ აცხადებს "ბილაინი", რომ საქართველოში მათი სატარიფო პაკეტები იაფია? შეიძლება "მაგთისთან" და "ჯეოსელთან" შედარებით მართლაც დაბალია, მაგრამ რეალურად მათივე ქსელში არსებულ ფასებში სიძვირის მიხედვით მეორე ადგილს იკავებს", - განაცხადა მერაბ ჯანიაშვილმა.
"აფბას" მიერ მოწოდებული მასალების თანახმად 30 წუთიანი პაკეტის ღირებულება, რომელშიც 10-10 წუთი შიდა, გარე და ფიქსირებული ოპერატორებთან დარეკვაზე მოდის, საქართველოში "ბილაინის" აბონენტისთვის საშუალოდ 5,5 ლარს შეადგენს. ასეთივე პაკეტის შეძენა "მაგთისა" და "ჯეოსელის" აბონეტებს (აქციების გარეშე) კი 8,6 ლარი უჯდებათ. ამ პაკეტის შეძენა ყაზახეთში "ბილაინის" აბონენტს 10,9ლ; სომხეთში - 5,2ლ; რუსეთში - 3,8ლ; უკრაინაში - 3,06ლ; ტაჯიკეთში - 2,9ლ; ყირგიზეთში - 2,6ლ, ხოლო უზბეკეთში - 1,3ლ.
აღსანიშნავია, რომ ზემოთ მოყვანილი ტარიფების შედარების მარტივი მეთოდითაც კი მტკიცდება, რომ საქართველოში "ბილაინის" ტარიფები ძალიან მაღალია. კომპანიის ინფორმაციით ტარიფს, მათ შორის საქართველოშიც, ბაზარი ადგენს. ეს ახალი ინფორმაცია არაა, რომ პროდუქციასა თუ მომსახურებაზე ფასებს, ბაზარი არეგულირებს, მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ ბაზარზე რეალური, ადეკვატური და სამართლიანი ფასი, მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღწევა, თუ ბაზრის ამ სეგმენტში ჯანსაღი კონკურენციაა. საქართველოს ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე არსებული სიტუაცია რომ შორსაა ჯანსაღი კონკურენციისგან, ამას დიდი მტკიცება და კვლევების ჩატარება არ უნდა. "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონის თანახმად, თუ 2 კომპანია ბაზრის 60%-ს და მეტს ფლობენ, ისინი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორებად, ანუ მონოპოლისტებად მოიაზრებიან. დღეისათვის კი ბაზრის 90%-ს ორი ოპერატორი ფლობს და არც მესამე 10% საბაზრო წილის მქონე "ბილაინის" მოქმედებებს ეტყობა რაიმე ჯანსაღი კონკურენციის მცდელობისა. სფეროში არსებული სიტუაცია რეალურ ეჭვებს ბადებს, რომ კომპანიებს შორის რაიმე სახის ურთიერთგარიგება ან კარტელური შეთანხმებები არსებობს და არა მხოლოდ "მაგთისა" და "ჯეოსელს" შორის, რადგან "ბილაინის" ამ ბაზარზე შემოსვლა და მის მიერ წარმოებული პოლიტიკა ფაქტობრივად ვერ ან არ უწევს ბაზრის ძირძველ გიგანტებს ჯეროვან კონკურენციას. ამით კი ისევ და ისევ ქართველი მომხმარებელი ზარალდება, რომელიც უკეთესის პოვნის იმედად "ბილაინის" ქსელში ერთვება, ნაკლები ტარიფის გადახდის გამო, თანახმაა ყველა იმ დისკომფორტზე, რომელიც ამ ქსელის აბონენტობას ახლავს თან (მაგ.: "ბილაინის" დაფარვის ზონა), მაგრამ რეალურად იგი ისეთივე უსამართლო ტარიფის ტყვეობაში ექცევა, როგორიც ზოგადად საქართველოში მოქმედებს.

შოთა ბუჩუკური