DataLife Engine > ბიზნესი > მილენიუმის გზის პროგრამა - დეტექტივი სერიოზული ფინანსური დარღვევებით
მილენიუმის გზის პროგრამა - დეტექტივი სერიოზული ფინანსური დარღვევებით29 იანვარი 2010. : merabi |
|
პროექტი "ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს", რომელიც 395,3 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროგრამაა, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის გრანტია და საქართველოს მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით ხორციელდება. ეს გრანტი საქართველოს რეგიონებში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასა და საწარმოთა განვითარებას ხმარდება.
სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციის პროექტი ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის ყველაზე დიდი პროექტია. არასამთავრობო ორგანიზაციის "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის~ მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ ისევე როგორც წინა წლებში, "ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის" მთავარ პრობლემად ისევ სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება რჩება. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში წარმოქმნილმა პრობლემებმა, მენეჯმენტის მიერ დამატებითი დაფინანსების მიღებისთვის გაკეთებულ წინასწარ შეფასებებში ცდომილებებმა და სხვა ობიექტურმა თუ სუბიექტურმა მიზეზებმა, გამოიწვია მთელი პროგრამის დიზაინის ცვლილება. 2009 წელი ამ თვალსაზრისით გამონაკლისი არ ყოფილა. მონიტორინგის შედეგად ცნობილი გახდა, რომ კომპანიების მიერ გზების მშენებლობაზე ტენდერები კანონის უხეში დარღვევებით ჩატარდა, ხოლო სამუშაოების შესრულება არარეალური და გაბერილი ხარჯთაღრიცხვებით მოხდა. მიმდინარეობს იმ კომპანიების ლობირება, რომელთაც, პრაქტიკულად, ჩაშალეს ცალკეული პროექტები, უხეშად დაარღვიეს ვადები და წარმოადგინეს არარეალური ხარჯთაღრიცხვები. 2008 წლის 20 ნოემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებს (რომელსაც წარმოადგენდა "ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია") და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმდა "ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის პირველი შესწორება", რომელიც ათასწლეულის გამოწვევის პროგრამისთვის საერთაშორისო დახმარების ფარგლებში დამატებით 100 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებდა. თუმცა, 2009 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით 2008 წლის ნოემბრის კომპაქტის პირველ შესწორებაში, ანუ დამატებითი 100 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილებაში, შესულია რადიკალური ცვლილებები. დღეისთვის, დამატებითი 100 მილიონის უმეტესი ნაწილი _ 80 მილიონი სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციის პროექტისკენ მიემართება და მხოლოდ 20 მილიონი, ანუ დამატებითი დაფინანსების 20 პროცენტი მიიმართება დანარჩენ 4 პროექტზე. მონიტორინგის შედეგად აღმოჩენილ დარღვევებს შორის აღსანიშნავია ერთ-ერთ მონაკვეთზე გზის რეაბილიტაციის ტენდერში გამარჯვებული კონტრაქტორი კომპანიის "აშტრომ ინტერნეიშენელის" მიერ გზის სამუშაოების გაჭიანურების მიზეზით, შექმნილი ფორსმაჟორული სიტუაცია. რის გამოც 2008 წლის გაზაფხულიდან 2009 წლის აგვისტომდე პროექტის ფარგლებში სარეაბილიტაციო სამი ლოტის _ 119,5 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია გაძვირდა, დაახლოებით 24,389 მილიონი დოლარით. გავრცელებული ინფორმაციით "აშტრომ ინთერნეიშენალის" უკან, რომელიც წალკა-ახალქალაქის გზის ერთ-ერთი მონაკვეთის რეაბილიტაციას ახორციელებს, კობა ბექაური დგას. "აშტრომ ინტერნეიშენელთან" შექმნილი პრობლემების გამო 35 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტი 47,8 კილომეტრის რეაბილიტაციაზე კომპანია "აზერინშაათსერვისს" გადაეცა ტენდერის გარეშე, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით. შესაბამისად, ამ თანხის კონტრაქტის ტენდერის გარეშე, ანუ მშენებელი კომპანიის კონკურენციის პირობებში ჩაყენების გარეშე გაცემა, დამატებით კითხვებს აჩენს და მოითხოვს სერიოზულ დასაბუთებას. კონტრაქტორ კომპანიას, რომლის მიზეზითაც მოხდა ფორსმაჟორული სიტუაციის შექმნა, საჯარიმო სანქციები არ დაკისრებია. მეტიც, იგი მომგებიან სიტუაციაშიც კი აღმოჩნდა _ მოიხსნა რა 47,8 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციის ვალდებულება, კონტრაქტის ღირებულება კი მხოლოდ 20 მილიონი აშშ დოლარით შეუმცირდა. უცნაურია, მაგრამ ფაქტია, ჩასატარებელი სამუშაოების ღირებულება 102 მილიონიდან 203 მილიონამდე გაიზარდა, მაშინ როცა გასაყვანი გზის მონაკვეთი 245 კილომეტრიდან 222 კილომეტრამდე შემცირდა. პროგრამის "ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს" საქმიანობაში არსებული დარღვევების შესახებ ჯერ კიდევ გასულ წელს გაჩნდა ეჭვები, როცა მისი ყოფილი გენერალური დირექტორი ლაშა შანიძე ფინანსურ მაქინაციებში მონაწილეობისთვის დააკავეს. თუმცა, არც მაშინ და არც ახლა, მიუხედავად იმისა, რომ დარღვევები აშკარაა, პროკურატურა ამ საქმით არ დაინტერესებულა. მიზეზი მარტივია - პროგრამის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ხოლო საბჭოს წევრები ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრები, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტის თავმჯდომარე და ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნები არიან. პროკურატურის მიერ ამ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობით დაინტერესების შემთხვევაში, მაშინ დღის წესრიგში ზემოთჩამოთვლილი პირების პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს, რაც, ბუნებრივია, დაუშვებელია. სალომე სვანიძე |