ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭო, ამ დრომდე, საგადასახადო რეიდებისგან გათანგული ბიზნესსექტორის 600-ზე მეტ საგადასახადო დავას განიხილავს. ამავდროულად, 21 დეკემბერს, საგადასახადო სისტემასთან დაკავშირებით, ცვლილებები ამოქმედდა, რომლის თანახმადაც, ბიზნესკომპანია, რომლის დავალიანებაც სახელმწიფოს მიმართ 10 000 ლარს აღემატება და მას აღიარებს, შესაძლებლობა ექნება, ამ გადასახადების ნაწილობრივ ჩამოწერის მოთხოვნით, ხელისუფლებას მიმართოს და ხელისუფლებაც ე.წ. საგადასახადო შეთანხმებას გაუფორმებს. მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული შეღავათით ყველა მეწარმე ვერ ისარგებლებს. მას შემდეგ, რაც მეწარმე მთავრობას თავისი საწარმოს ბიზნეს-გეგმას წარუდგენს, სახელმწიფო მოხელე, ამ შემთხვევაში, ფინანსთა სამინისტრო, ინდივიდუალურად გადაწყვეტს საგადასახადო დავალიანებიდან რომელ მეწარმეს რამდენი გადაახდევინოს, ან გადაახდევინოს თუ არა საერთოდ. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო მოხელე საკუთარი სუბიექტური შეხედულებით იღებს გადაწყვეტილებას და არა კანონის გათვალისწინებით, რომლის წინაშეც ყველა ბიზნეს-კომპანია თანასწორუფლებიანი იქნებოდა. გამოდის, რომ ობიექტური შეფასების კრიტერიუმი და მექანიზმი, რასაც ეს გადასახადი უნდა ეფუძვნებოდეს არ არსებობს.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ საუბარია არა გადასახადის გადავადებაზე, არამედ გადასახადის გაუქმებაზე. "ეკონომიკური კრიზისის ფონზე ეს ძალიან დიდი შვებას მიანიჭებს მეწარმეს, მაგრამ თითოეული მეწარმის ვალდებულება ბიუჯეტისადმი წარმოადგენს საზოგადოებისა და საზოგადოების წევრის მიმართ ვალდებულებას. სახელმწიფო ჩინოვნიკი კი იღებს გადაწყვეტილებას, რომელ მეწარმეს გააუქმოს გადასახადების ვალდებულება სახელმწიფოს წინაშე, ამ შემთხვევაში, საზოგადოების წინაში ვინ აიღებს ვალდებულებას?!", _ აღნიშნავს ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე.
ასევე საინტერესოა, რამდენად ისარგებლებენ აღნიშნული შეღავათებით მცირე და საშუალო მეწარმეები. მაშინ როდესაც, სტატისტიკის მიხედვით, წვრილი და საშუალო მეწარმეების დავალიანება ბიუჯეტისადმი, იშვიათი გამონაკლისების გარდა, არ აღემატება 5000 ლარს. "10 000 ლარის ზემოთ დავალიანებები, როგორც წესი, მსხვილ საწარმოებს აქვთ. მსხვილ საწარმოს, რომ შეღავათს ვუკეთებთ თავისთავად კარგია, მაგრამ უკვე ცუდია, როცა ეს შეღავათი წვრილ მეწარმეს არ ეხება. რა გამოდის?! ის წვრილი მეწარმე, რომლისთვისაც, სოციალური თვალსაზრისით, უფრო მეტად მნიშვნელოვანია გადასახადის პატიება, არ ვპატიობთ და ხელს ვუწყობთ ე.წ. "ბობოლა” მეწარმეებს, რომლებიც, გარკვეული თვალსაზრისით, შეიძლება ძალიან მაღალ დონეებზე არიან გასულნი თავიანთი კავშირებით და ლობით. ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში, როდესაც ხდება საგადასახადო ამნისტიის შემოტანა, იქ ცალსახად არის გაწერილი ვის ეკუთვნის საგადასახადო ამნისტია. რა პროცედურების გავლის შემდეგ ხდება ამ გადასახადების ჩამოწერა და როგორ. საქართველოში კი თავიდანვე იყო გამოცხადებული, რომ ამით ყველა მეწარმე ვერ ისარგებლებს", - განმარტავს ლევან კალანდაძე.
თეონა ჭიტაძე