აურზაური "სალხინეთში" » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : აურზაური "სალხინეთში"
ნანახია: 773

დიდი გადანაწილება კომუნიკაციების ბაზარზე და რკინიგზის ჰოლანდიურ-ქართული პარადოქსი


საქართველოს კომუნიკაციების სფერო ბოლო წლებში მართლაც რომ ერთ დიდ "სალხინეთად" იქცა, სადაც ლხინი და დროსტარება ცხოვრების წესად და საქმიანობის მთავარ მიზნად ჩამოყალიბდა. აქაც, ისევე როგორც ბიზნესის სხვა დარგებში, როგორებიცაა ნავთობპროდუქტების იმპორტი, ფარმაცევტული სექტორი, ენერგოდისტრიბუცია და წყალმომარაგება, ტრანსპორტი და გადაზიდვები, შაქრის იმპორტი და სხვა, სრული იდილიაა სახელისუფლებო კულუარებთან დაახლოვებული, ანუ "ბუხართან" ახლოს მჯდომი ბიზნესსტრუქტურებისთვის. პრაქტიკულად არ არის რეგულირება და ზედამხედველობა, კონტროლი და საზოგადოებრივი ინტერესის გატარებისა და გათვალისწინების აუცილებლობა. ჩვენში წესად იქცა მაღალი და ეკონომიკურად დაუსაბუთებელი ფასები მობილურ თუ ფიქსირებულ საკომუნიკაციო მომსახურებაზე, ინტერნეტით სარგებლობაზე. და არანაირი ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე. აქ ყველაფერს მისი უდიდებულესობა მონოპოლიზმი და პროტექციონიზმი განსაზღვრავს. ამის შემხედვარე, უნებურად ლეგენდარული როკ ჯგუფის ასევე ლეგენდარული სიმღერა გახსენდება კაცს – შჰოწ მასტ გო ონ! მართლაც, შოუ უნდა გაგრძელდეს! სამწუხაროდ, ეს ჩვენი ცხოვრების მთავარ დევიზად იქცა.

სარკინიგზო "ვნებანი"

"რკინიგზის ტელეკომის" გასაყიდად 23 ნოემბერს გამართულ ტენდერში "ლინქს ტელეკომ ჯორჯიამ" გაიმარჯვა და ქვეყნის სარკინიგზო მაგისტრალის გასწვრივ 40 სანტიმეტრიან მონაკვეთში ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის განთავსების უფლება 13 მილიონ 344 ათას 800 დოლარად მოიპოვა. საქართველოს რკინიგზაში გამოცხადებული ღია აუქციონი სასწრაფო წესით დახურეს და გასაიდუმლოებულ ვითარებაში ჩაატარეს. ხოლო, აუქციონის დასრულების შემდეგ, რამდენად პარადოქსულიც არ უნდა იყოს, გამარჯვებული "ლინქს ტელეკომ ჯორჯიას" წარმომადგენლები, არც მეტი, არც ნაკლები, უკანა გასასვლელიდან "გააპარეს". კომენტარი არავის გაუკეთებია. მეტიც, რკინიგზის პრეს-მდივანი კომენტარის გაკეთებას და დეტალური ინფორმაციის მოწოდებას ერთი თვის შემდეგ გვპირდება, როცა ხელშეკრულება გაფორმდებაო. "ახალი ინვესტიცია და ახალი სამუშაო ადგილები, ევროპის აღიარება" - იტყვის გახარებული და აღფრთოვანებული ობივატელი. კეთილი და პატიოსანი! თუმცა, აუქციონის ეს შედეგები თავიდანვე ასეც იყო მოსალოდნელი და ამას რიგი წინაპირობები ახლდა თან.
საინტერესო დეტალი - საზოგადოებისთვის უცნობი კომპანია "ლინქს ტელეკომ ჯორჯია", რომელიც "რკინიგზის ტელეკომის" შესყიდვის ტენდერში თავიდანვე ფავორიტად მოიაზრებოდა, განთავსებულია მისამართზე რუსთაველის გამზირი 31. ეს ძველი ტელეგრაფის შენობაა. ცოტა ხნით ადრე კი "ლინქს ტელეკომ ჯორჯიას" მისამართად წინამძღვრიშვილის 160 ფიქსირდებოდა. ეს კი, არც მეტი და არც ნაკლები, "საქართველოს რკინიგზის" და "რკინიგზის ტელეკომის" მისამართია" ანუ, რა გამოდის, გასაყიდად გამწესებულ "რკინიგზის ტელეკომსა" და ფავორიტ მყიდველ კომპანიას "ლინქს ტელეკომ ჯორჯიას" ერთი და იგივე მისამართები ჰქონდათ. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, "საქართველოს რკინიგზასა" და "ლინქს ტელეკომ ჯორჯიას" რამდენიმე ერთობლივი პროექტი ადრეც განუხორციელებიათ. ახლა კი მათი ურთიერთობა, როგორც ჩანს, ახალ, უფრო მეტად დაახლოვებულ და ფართო "ფორმატში" გადადის.
მართალია, საქართველოში დღეს "მოდაშია" ინფორმაციის გასაიდუმლოება ამა თუ იმ ინვესტორის დამფუძნებლებსა და მათ უკან მდგომი პირების შესახებ, მაგრამ "რკინიგზის ტელეკომის" სტრატეგიული ეკონომიკური, და არა მხოლოდ ეკონომიკური, სტატუსის გათვალისწინებით, მქონდა მოკრძალებული მოლოდინი, რომ ამ კომპანიის შეძენით დაინტერესებული ინვესტორის შესახებ "საქართველოს რკინიგზაში" ინფორმაციას მეტ-ნაკლებად საჯაროს გახდიდნენ. მითუმეტეს, "საქართველოს რკინიგზისა" და "ლინქს ტელეკომ ჯორჯიას" პარტნიორობა ხომ აგერ უკვე რამდენიმე წელია გრძელდება. როგორ გეკადრებათ?! როგორც ყოველთვის, საზოგადოებისა და ჩემი მოლოდინები ამ შემთხვევაშიც, სამწუხაროდ, გადაჭარბებული აღმოჩნდა. თუმცა, მთავარი ის კი არაა, თუ ვინაა ჰოლანდიური "ლინქს ტელეკომი", არამედ ის, თუ ვინაა ქართული "ლინქს ტელეკომ ჯორჯია". ეს, ორი განსხვავებული თემაა.
ჰოლანდიური "ლინქს ტელეკომის" ოფიციალური ვებ-გვერდი (www.linxtelecom.com) მოგვითხრობს კომპანიის საქმიანობისა და იმ ოფისების შესახებ, რომლებიც განთავსებულია ჰოლანდიაში, რუსეთში, ესტონეთში, ლიტვაში, ლატვიაში, პოლონეთში, უკრაინასა და უნგრეთში. ხოლო, "ლინქს ტელეკომ ჯორჯიას" შესახებ კი პრაქტიკულად არაფერს გვეუბნება. ინტერნეტიდან დამატებით მოპოვებული ინფორმაციით მხოლოდ იმის გარკვევა შევძელით, რომ "ლინქს ტელეკომ ჯორჯიას" დირექტორი არის ვინმე ტომას ზუბიელა (Tomasz Szubiela) და ისიც პოლონეთის ოფისში საქმიანობს (საკომუნიკაციო ბიზნესჟურნალი "Capacity", ოქტომბერი 2009 წელი, გვერდი 55, (წ).

ყველა ერთის წინააღმდეგ

ერთი გარემოების ირგვლივ მინდა მკითხველის ყურადღება შევაჩერო. როგორც ცნობილია, "რკინიგზის ტელეკომის" გაყიდვის ტენდერის გამოცხადების შემდგომ, მისი შეძენის სურვილი სამმა კომპანიამ გამოთქვა. ესენია "ახალი ქსელები", "გაერთიანებული ტელეკომი" და "ლინქს ტელეკომ ჯორჯია". რეალურ კონკურენტებად სწორედ ეს ორი უკანასკნელი მოიაზრებოდა. "გაერთიანებული ტელეკომი" იმიტომ, რომ რეალურად ერთ-ერთი მსხვილი ოპერატორია საქართველოში და "ლინქს ტელეკომ ჯორჯია" იმიტომ, რომ საზოგადოებაში "უცნობ" ინვესტორების უკან ყოველთვის მოიაზრება დიდი კაპიტალი და დიდი პოლიტიკური გავლენა. მაგრამ, ჰოი საოცრებავ! "რკინიგზის ტელეკომის" აუქციონამდე ორი დღით ადრე "საქართველოს გაერთიანებული ტელეკომი" სახელმწიფო სატენდერო კომისიიდან იღებს შეტყობინებას, რომ იგი მოხსნილია ტენდერიდან და ვერ მიიღებს ამ ტენდერში მონაწილეობას. მიზეზი? მიზეზი არის მოსალოდნელი მონოპოლიზმის საფრთხე. დავაზუსტოთ ერთი დეტალი - "გაერთიანებული ტელეკომის~ აუქციონიდან ამგვარ მოხსნას არც აუქციონის დებულება და პირობები, და არც საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს და არც კავშირგაბმულობის ბაზარზე ამ კომპანიის ფაქტობრივი მდგომარეობა ("გაერთიანებული ტელეკომის" წილი ინტერნეტ მომსახურების ბაზრზე მხოლოდ 30%-ია). ანუ, რა გამოდის?! ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი დიდი გარიგებისა, რომლის შედეგადაც სახელმწიფო სატენდერო კომისიამ, "საქართველოს რკინიგზამ" და კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ "გაერთიანებული ტელეკომი" აუქციონს შეგნებულად, ხელოვნურად ჩამოაშორეს, რითაც, ნებსით თუ უნებლიედ, წარმატებისაკენ "გზა" "ლინქს ტელეკომ ჯორჯიას" გაუხსნეს. ხოლო, "ახალი ქსელები" კი ნომინალურად დატოვეს კონკურსში, რათა აუქციონს ფორმალური სახე მაინც შეენარჩუნებინა. ისევ – Show mast go on! საინტერესოა, რომ ხელისუფლებას სწორედ ახლა ახსენდება საქართველოში მონოპოლიის პრობლემა. არადა, პრემიერი გილაური და მთავრობის მთელი ეკონომიკური გუნდი ყოველთვის გულმოდგინეთ და დაბეჯითებით უმტკიცებს საზოგადოებას, რომ საქართველოში მონოპოლიები არ გვაქვს და მათი გაჩენის საფრთხეც პრაქტიკულად არ არსებობს.

"მობილური" დუეტი

აურზაურს კავშირგაბმულობის "სალხინეთში" კიდევ ერთი კომიკური დეტალიც ემატება. 20 ნოემბერს, ანუ სწორედ იმ დღეს, როცა "გაერთიანებულ ტელეკომს" გაურკვეველ ვითარებაში აუქციონიდან ხსნიან, "გაერთიანებული ტელეკომის" წინააღმდეგ "შავი პიარის" აგორებას იწყებს ენერგეტიკის ყოფილი ობმუცმენი დავით ებრალიძე. ბატონი დავითი კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ამ ორიოდე თვის წინ კავშირგაბმულობის ობმუცმენად არ დაამტკიცა და მას უარი ამ თანამდებობაზე იმ მოტივით ეთქვა, რომ, თითქოს, იგი ენერგეტიკის ობმუცმენად მუშაობის პერიოდში არასათანადოდ ასრულებდა თავის მოვალეობებს. ამას ბატონი დავითისთვის ხელი არ შეუშლია "რუსთავი 2"-ისა და "იმედის" საინფორმაციო საშუალებებში საზოგადოებისთვის თავი კავშირგაბმულობის ობმუცმენად წარედგინა და სასარჩელო დავა დაეწყო "გაერთიანებული ტელეკომთან" საფასო და სატარიფო პოლიტიკის შესახებ. ხოლო, თუ ეს ჟურნალისტების "დაუდევრობით" მოხდა, ერთხელ მაინც განემარტა მას საზოგადოებისთვის და ბოდიში მოეხადა ამ "უნებლიე" და უხერხული შეცდომის გამო. მგონი, ბატონ დავითს საზოგადოებისთვის თავი არა როგორც კომუნიკაციების სფეროს ობმუცმენს, არამედ, როგორც კომუნიკაციების სფეროს ლობისტს უნდა წარედგინა. ლობისტობა სავსებით ლეგალური და დაფასებული (როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით) პოსტია მთელ მსოფლიოში და ეს ფორმა უფრო შეესაბამება ბატონი დავით ებრალიძის წამოწყებული კამპანიის შინაარსს.
სამართლიანობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ სავსებით მართალია ენერგეტიკის ყოფილი ობმუცმენი, როცა "გაერთიანებული ტელეკომის" სატარიფო პოლიტიკასთან თუ სატარიფო აპოლიტიკურობასთან დაკავშირებით კითხვებს სვამს. აქ მართლაც აქვს საზოგადოებას ბევრი რამ "გასარკვევი" ტელეკომთან, მაგრამ, ეს ტარიფები ბაზარზე ივლისის ბოლოდან მოქმედებს და აქტიური საკომუნიკაციო კამპანიაც იქნა წარმოებული. ბუნებრივია, ბატონი დავითიც ამ "სიახლის" შესახებ ინფორმირებული თავიდანვე იქნებოდა. ხოლო, მას კი, რატომღაც ახლა, აუქციონის წინ გაახსენდა ეს ფრიად საჩოთირო "დეტალი". ახლა, როცა "ვიღაცას" ჰაერივით სჭირდება გაურკვეველ ვითარებაში აუქციონიდან მოხსნილი "გაერთიანებული ტელეკომისთვის" შავი პიარის აგორება. საკვირველია ჟურნალისტების განსაკუთრებული აქტიურობაც და მონდომება ამ საქმეში და, მეორეს მხრივ, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ტრადიციული "მრავლისმეტყველი" დუმილი. ამ უკანასკნელმა არა თუ არ გააპროტესტა ბატონი დავით ებრალიძის მიერ კავშირგაბმულობის ობმუცმენის ტიტულის თვითნებურად მისაკუთრების ფაქტი, არამედ, როგორც სჩვევია, წაუყრუა კიდეც.
კიდევ ერთი საგულისხმო დეტალი "სალხინეთიდან". როგორც ირკვევა, ბატონ დავით ებრალიძის ბოლოდროინდელი გააქტიურება რატომღაც საეჭვოდ ემთხვევა "გაერთიანებული ტელეკომის" მიერ კავშირგაბმულობის მარეგულირებელ კომისიაში "მაგთის" წინააღმდეგ საჩივრის შეტანის ფაქტს. "გაერთიანებული ტელეკომი" კომპანია "მაგთის" ერთგვარი დემპინგური საფასო პოლიტიკის გატარებაში სდებს ბრალს, რის შედეგადაც "მაგთი" უპირატეს მდგომარეობაში აყენებს თავს ბაზარზე სხვა საკომუნიკაციო კომპანიებთან შედარებით, რაც არაჯანსაღი კონკურენციის გამოვლინებაა. ბუნებრივად ჩნდება ადამიანური ცდუნება, ერთმანეთს დაუკავშირო "გაერთიანებული ტელეკომის" აუქციონიდან მოხსნის, ბატონი ებრალიძის საეჭვო კამპანიური გააქტიურებისა და კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში "მაგთის" წინააღმდეგ საჩივარის შეტანის ფაქტები.
თუმცა, "მაგთი" კიდევ ცალკე თემაა და მას ერთ წერილში, ალბათ, ვერც კი ამოწურავ. ისიც, ისევე როგორც "ლინქს ტელეკომ ჯორჯია", სქელ "ფარდებჩამოფარებული" და "დაბურულმინებიანი" კომპანიაა, რომლის დამფუძნებელთა და მეპატრონეთა შესახებ "ოფშორული" ყაიდის ლეგენდები დიდი ხანია დადის საზოგადოებაში. სამწუხაროდ, მხოლოდ დადის.
ქარავანი კი მიდის. მიდის და ძაღლი კვლავ ყეფს. შოუ კვლავ გრძელდება!

ვალოდია ჯინჭარაძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48