"გაზპრომი" ბორჯომის მწარმოებელს რუსეთისკენ გზას გაუხსნის
ქართველი ბიზნესმენების მრავალწლიანმა ჯაფამ შედეგი არ გამოიღო. მიუხედავად მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარაძის და მათი თანამოაზრეების მრავალწლიანი ბრძოლისა, საქართველომ "ბორჯომი" დაკარგა. რა თქმა უნდა, ოფიციალურად, სადღაც, რომელიღაც დოკუმენტაციის თანახმად, "ბორჯომს" ჰყავს მეპატრონე, ან მეპატრონეები, ხოლო რომელიღაც კომპანიას აქვს ინფორმაცია, ვის რა წილი ეკუთვნის იმ ბრენდისა, რომელიც საქართველოს ეროვნულ საგანძურს და სიმდიდრეს წარმოადგენს.
თუმცა, ეს როდია მთავარი. ვითარება "ბორჯომის" გარშემო უკვე რამდენიმე წელია უაღრესად ბუნდოვანია. როცა კომპანიის მენეჯმენტს მამუკა ხაზარაძე ხელმძღვანელობდა, ხოლო ბიზნესის მფარველად შევარდნაძის მძახალი გურამ ახვლედიანი მოიაზრებოდა, ვითარება გარკვეული იყო. GG&MW COMPANY ინვესტორებსაც იზიდავდა და გაყიდვებსაც ზრდიდა, როგორც ტრადიციულ, ისე ახალ ბაზრებზე. გენერალური ლიცენზიის მფლობელი კომპანია სხვა ფირმებსაც აძლევდა "ბორჯომის" უფლებას და კვოტას.
ვარდების ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ისევ ქართული მენეჯმენტის მეშვეობით, წარმოება შენარჩუნებულ იქნა, პერსპექტივა დაცული. თუმცა, მალე "ბორჯომი" მაინც აღმოჩნდა ბორის ბერეზოვსკის ხელში.
ამის შემდეგ უკვე ბუნდოვანი ხდება "ბორჯომის" პერსპექტივა. 2006 წელს მას ყველაზე დიდი, რუსეთის ბაზრიდან აძევებენ. ისედაც ძნელი წარმოსადგენია, როგორ უნდა აეწყო "ბორჯომს" ბიზნესი რუსეთში, როცა მისი მესაკუთრე გახდა ბორის ბერეზოვსკი, ხოლო ვლადიმერ პუტინსა და ბორის ბერეზოვსკის შორის მიმდინარეობდა სამკვდრო-სასიცოცხლო ომი, რომელიც დღემდე გრძელდება.
ამ საკითხით "ბანკები და ფინანსები" რამდენჯერმე დაინტერესდა. რატომღაც, ყოველ ჯერზე, ეს დაინტერესება "ბორჯომის" მენეჯმენტის გაღიზიანებას იწვევს. თუმცა, გაუგებარია რატომ. ქართულმა საზოგადოებამ ხომ უნდა იცოდეს, ვის ხელშია ჩვენი სანაქებო ბრენდი და ეროვნული საუნჯე? ისედაც ბევრი ხიფათი ელოდა და ელის ამ ბიზნესს. რამდენი მაგისტრალური ნავთობსადენისა და გაზსადენის გაყვანა გადაწყდა, ყველა "ბორჯომის" საბადოს დაუმიზნეს. განა აბსოლუტურადაც რომ გამოირიცხოს ამ მილსადენებზე ავარიის თეორიული შესაძლებლობაც კი, რა პერსპექტივა აქვს მსოფლიო ბაზარზე მინერალურ წყალს, რომლის საბადოს მახლობლად ნავთობსადენი გაივლის?
იყო ხმები იმის თაობაზე, რომ "ბორჯომი" ბადრი პატარკაციშვილს და მის სახელთან დაკავშირებულ SALFORD GEORGIA-ს ეკუთვნოდა. ჩანს, ამით რუსეთის ბაზრის დაკარგვის თავიდან აცილებას ცდილობდნენ მისი იმჟამინდელი მეპატრონეები. პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ SALFORD GEORGIA თბილისიდან და სარბიელიდან გაქრა.
იგი, ოფიციალურად "ბორჯომთან" არც მანმადე დაუკავშირებიათ.
გამოხდა ხანი. თითქოს რუსეთის ბაზარზე "ბორჯომის" დაბრუნების გარკვეული შანსიც გაჩნდა. სწორედ ამ დროს ჯერ რუსულ, ხოლო შემდეგ ქართულ მედიაში გამოჩნდა ცნობა, რომ "ბორჯომით" რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი დავით იაკობაშვილია დაინტერესებული, დიდი ფულის და უკვე საქართველოში შემოსული "ვიმბილდანის" მეპატრონე.
რა შეიცვალა ბოლო დროს "ბორჯომთან" დაკავშირებით? ამას ჩვენ ვერასდროს გავიგებთ. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, კომპანიების მოწილეთა შესახებ ინფორმაცია საჯარო აღარ არის. როგორც ეს კაიმანისა და ვირჯინიის კუნძულებზეა, ოფშორებში. ინფორმაცია კომპანიების მესაკუთრეების თაობაზე, ისე როგორც წილების ყიდვა-გაყიდვის, ან თუნდაც საკონტროლო პაკეტის გასხვისების თაობაზე კონფიდენციალურია და მისი გამოქვეყნება კომპანიის მესვეურთა სტრატეგიასა და კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.
"ბორჯომი" უბრალოდ მინერალური წყალი არ არის. ეს ყველას უნდა ესმოდეს. დიახაც, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ არიან მისი მეპატრონეები, მეწილეები და როგორ ვითარდება ეს კომპანია, რა პერსპექტივები აქვს მას. მნიშვნელობა არ აქვს ის GG&MW-ს გამგებლობაში იქნება, თუ IDS Internationale-ს საკუთრებაში. მთავარია, "ბორჯომი" გადარჩეს. ის გავიდეს ახალ ბაზრებზე და დაბრუნდეს რუსეთის ბაზარზე.
მით უფრო გაუგებარია ამდენი ხნის დუმილი კომპანიის მეპატრონეებთან და პერსპექტივებთან დაკავშირებით. ამის გათვალისწინებით, საოცრად არაბუნებრივი იყო რამდენიმე ქართულ გაზეთში კომპანიის მიერ სარეკლამო ინფორმაციის განთავსება. ეს ინფორმაცია იმდენად ბუნდოვანია, რომ კიდევ უფრო მეტ კითხვებს აჩენს.
მთავარი კითხვაა, თუ ვინ არის "ბორჯომის" რეალური მეპატრონე: ბორის ბერეზოვსკი თუ დავით იაკობაშვილი. ამის საპასუხოდ სარეკლამო ინფორმაცია გვაუწყებს, რომ IDS-BORJOMI-GEORGIA, რომელიც თურმე 2004 წელს შექმნილა და დღემდე რატომღაც გვიმალავდნენ, (გაუგებარია, რატომ?), გამხდარა "ბორჯომის" მეპატრონე და მწარმოებელი, მიუერთებია IDS Internationale და IDS Russia და საერთაშორისო ჰოლდინგი გამხდარა.
თავისთავად, დამაინტრიგებელია ეს ბუნდოვანება, ამიტომ რამდენიმე შეკითხვით კომპანიას მივმართეთ. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა ოპერატიულად მოგვაწოდა მოკლე პასუხები ჩვენს კითხვებზე. ჩვენ სხვა კითხვებთან ერთად, ასეთიც დავსვით: "რა ვითარებაა "ბორჯომის" გაყიდვების მხრივ საერთაშორისო და შიდა ბაზრებზე 2009 წლის მონაცემებით, 2008 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით?" პასუხი მხოლოდ შიდა ბაზართან დაკავშირებით მივიღეთ. იქ ნათქვამია: "გაყიდვები გეგმიურად მიდის. 2008 წლის ფინანსური კრიზისიდან გამომდინარე, ჩვენ 2009 წელი 2008 წლის მსგავსად დავგეგმეთ. წლის ბოლო მოდის და, შეიძლება აღინიშნოს, რომ შედეგები საკმაოდ კარგია. ყოველ თვეს გარკვეული გადაჭარბებით ვასრულებთ". ვერ გეტყვით, რა დაგეგმა კომპანიამ და რას ნიშნავს გარკვეული გადაჭარბება, მაგრამ რაც კომპანიისთვის კარგია, ჩავთვალოთ, რომ კარგია საქართველოსთვისაც.
ახლა უფრო მთავარი და პიკანტური. კითხვა: "არის თუ არა "ბორჯომი" ისევ ბერეზოვსკის აქტივი?" პასუხი: "ბორჯომი" არც არასდროს ყოფილა და, ცხადია, არც ახლაა ბატონ ბორის ბერეზოვსკის აქტივი". კეთილი და პატიოსანი.
კითხვა: "ვინ არის საერთაშორისო კომპანია IDS BORJOMI International-ს მეპატრონე?" პასუხი: " IDS BORJOMI International-ს მეპატრონეა საინვესტიციო ფონდი "სელფორდი", ქართველი ბიზნესმენები და კომპანიის ტოპ-მენეჯმენტი".
ოჰო!
"სელფორდი" ვიღასია?
ამ საკითხზე მოკვლევის ჩატარება არც ღირს. უბრალოდ, შემოგთავაზებთ რამდენიმე ამონარიდს ინტერნეტში განთავსებული ვებ-გვერდებიდან. "ვის ეკუთვნის "სელფორდ ქეფითელ პარტნერს"-ი? "სელფორდ ქეფითელ პარტნერს"-ი მართავს ბორის ბერეზოვსკის ორ საინვესტიციო ფონდს _ New World Value Falue და Bary Discovered Partners. მათ აქტივებს მიეკუთვნება სერბეთის კვების მრეწველობის საწარმოები, ქართული კომპანია `ბორჯომი~, უკრაინული მინერალური წყლის - "მირგოროდსკაია"-ს წარმოება და სხვა.
აკი, ბატონ ბერეზოვსკის აქტივი "ბორჯომი" არასდროს ყოფილაო?
ახლა კიდევ ერთი პატარა ამონარიდი ინტერნეტიდან, სათაურით "გაზპრომი" "ბორჯომის" მწარმოებელს რუსეთისკენ გზას გაუხსნის". მართალია ეს ინფორმაცია ორი წლის წინანდელია, მაგრამ IDS-ც ხომ 2004 წლიდან არსებობს? აი, ისიც: "კომპანია GG&MW, რომელიც რუსეთში აკრძალულ მინერალურ წყალ "ბორჯომს" ასხამს, აპირებს შეიძინოს წარმოება რუსეთში. ესაა კომპანია "ედელვეის ელ"-ი, რომელიც "გაზპრომის" ერთ-ერთ შვილობილ კომპანიას ეკუთვნის. ამას გაზეთი "ვედომოსტი" იუწყება". ეს გარიგება შედგა - "გაზპრომისგან" "ედელვეის ელ"-ი შეიძინა GG&MW-მ ანუ IDS-მა. ის ხომ 2004 წლიდან არსებობს. კიდევ ერთი საინტერესო დეტალია ამ ინფორმაციაში. GG&MW-ს საკონტროლო პაკეტი ეკუთვნის ფონდ "სელფორდს", რომლის აქციონერებიც ბადრი პატარკაციშვილთან ახლოს მდგომი ადამიანები არიან.
ჩვენ დავადგინეთ, რომ "ბორჯომს" "სელფორდი" და ბორის ბერეზოვსკი აკონტროლებენ. სხვა ფაქტები არც ინტერნეტ-სივრცეში არსებობს და არც კომპანია "ბორჯომს" გამოუქვეყნებია. თუ ბერეზოვსკისგან "ბორჯომის" აქტივები "სელფორდ ჯორჯიას" ჰქონდა გადაცემული, რის შესახებაც სარწმუნო ინფორმაცია არ მოგვეპოვება, გამოდის, რომ ამ აქტივების განკარგვა შეეძლო ჯოზეფ კეის და დღეს მის გარდა ვერავინ გეტყვით, რეალურად ვისი საკუთრებაა "ბორჯომი". შესაძლოა, დავით იაკობაშვილმა დიდი ხნის ოცნება აიხდინა, თავის ქართველ კომპანიონებთან ერთად, რომელთა შორის არც კახა ბენდუქიძის ყოფნაა გამორიცხული, ჩვენს დიდებულ წყალსაც დაეუფლა და, როცა იქნება რუსულ ბაზარზეც გუგუნ-გრიალით დააბრუნებს.
მთავარია, რატომ უმალავენ საზოგადოებას სიმართლეს? თუ ბორის ბერეზოვსკის არის, ითქვას, რომ არის ბერეზოვსკის. თუ იაკობაშვილისაა, იყოს იაკობაშვილის. ისე, ჯობდა ხაზარაძისა და მისი ჯგუფის ხელში დარჩენილიყო "ბორჯომი".
და კიდევ ერთი კითხვა, რომელიც იბადება ამ, საკმაოდ დახლართული და ბურუსით მოცული, გარიგებების უკან. რად უნდოდა ბერეზოვსკის ლიპეცკის ქარხნის ედელვეის "ელ"-ის შეძენა და რატომ ეჩვენებოდა მას რეალურად რუსეთის ცენტრალურ რაიონებში წყლის ბაზრის 30-35%-ის გაკონტროლება? განა პუტინი, მისი დაუძინებელი მტერი, ბერეზოვსკის რუსეთში ფულის კეთების და დიდი აქტივების შეძენის შესაძლებლობას მისცემდა? თუნდაც ის ბადრი პატარკაციშვილის სახელს ამოფარებოდა, რომელსაც რუსეთში უფრო მეტად აფასებდნენ, ვიდრე ბერეზოვსკის.
მაგრამ დიდი ფულის მკეთებელი ადამიანები, ეტყობა დიდ შეცდომებს უშვებენ. ან კიდევ - დიდ აზარტულ თამაშებში ერთი 100-200 მილიონი რა მოსატანია, გინდ იქეთ ყოფილა გინდ აქეთ.
მთავარია ჩვენს "ბორჯომს" ეშველოს და ხალხმა სიმართლე იცოდეს.
ზურაბ კუკულაძე