WTO - ახალი შემოვლითი გზა ბიზნესისთვის, თუ უარი ნაციონალურ ეკონომიკურ ინტერესებზე
გასული კვირის ბოლოს საქართველოს მთავრობამ ფორსირებული წესით მიიღო გადაწყვეტილება იმპორტირებული და თამბაქოს ადგილობრივ ნაწარმზე აქციზის გადასახადის გათანაბრების თაობაზე. შესაბამისად, საქართველოში წარმოებული სიგარეტისთვის აქციზის გადასახადის განაკვეთი ერთი კოლოფზე 40 თეთრიდან 60 თეთრამდე გაიზარდა. მთავრობის ამ გადაწყვეტილებას ექსპერტებიცა და ბიზნესწრეების წარმომადგენლები არაერთგვაროვნად შეხვდნენ. აღნიშნულ საკითხებზე თავის მოსაზრებებს ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე გვიზიარებს. ამ საკითხს ორი მხარე აქვს. ორივე საინტერესო და ყურადღების ღირსია. აქ, ერთის მხრივ, არც არის საკამათო, რომ ისევე, როგორც თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის გაზრდის მომხრეების არგუმენტები, ასევე მოწინააღმდეგეთა მოსაზრებები საფუძვლიანი განსჯისა და განხილვის საგანი უნდა გახდეს. თითქოს უჩვეულო ამაში არაფერია, თუ არ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ საზოგადოებამ და ბიზნესწრეებმა მთავრობის ეკონომიკური გუნდის ეს გადაწყვეტილება პრინციპში მხოლოდ დე-ფაქტოდ მიიღო და ისე, რომ აზრის გამოთქმაც და პოზიციის დაფიქსირებაც კი ვერ მოასწრო, ქვეყანაში ერთ ღამეში საგადასახადო რეჟიმი შეიცვალა. საჭადრაკო ტერმინს თუ მოვიშველიებთ, ისევ ცაიტნოტში ვართ და დრო ისევ არ გვაქვს სათანადო ანალიზსა და ღრმა კვლევას დავუქვემდებაროთ ჩვენი ეკონომიკური გადაწყვეტილებები. ისევ სადღაც გვეჩქარება და ისევ გაუაზრებლად ვახდენთ ახალი ეკონომიკური დოქტრინებისა და იდეების ინიცირებას. "ქათამს კვერცხი რომ მოადგება, მაშინ აკაკანდებაო", ასე მოგვდის ჩვენც და მხოლოდ ახლა გვახსენდება, რომ დეკემბრის პირველ ნახევარში "ვაჭრობის საერთაშორისო ორგანიზაციაში" დაგეგმილ სხდომაზე შესაძლებელია ამ ორგანიზაციიდან საქართველოს გარიცხვის საკითხი დადგეს. როგორ? მთავრობის ეკონომიკურ გუნდს ახლა გაახსენდა, რომ WTO-ს მოთხოვნა ცალსახაა იმპორტირებული და ადგილობრივი პროდუქციისთვის აქციზის გადასახადის განაკვეთების გათანაბრების შესახებ?! არადა, ეს განაკვეთი სწორედაც რომ ერთნაირი და თანაბარი იყო საქართველოს WTO-ში გაწევრიანების შემდგომ 2000-2004 წლების პერიოდში და ფაქტობრივად ვარდების რევოლუციის შემდგომ მოხდა მისი გაყოფა და დიფერენცირება. მაშინ, რატომღაც ჭთO და მის წინაშე ქვეყნის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებები არავის გახსენებია.
დღეს მთავრობის ეკონომიკური გუნდი გულმოდგინედ გვიმტკიცებს, რომ ეს ნაბიჯი აუცილებლად გადასადგმელია და იგი არც ადგილობრივ წარმოებას დააზარალებს და არც სიგარეტზე ფასების ზრდას გამოიწვევს. რაც, პრინციპში, სრული სიცრუე და უპასუხისმგებლობაა! ადგილობრივი წარმოება, რომელიც მთელი თამბაქოს ნაწარმის დაახლოებით 60%-ს შეადგენს, პრაქტიკულად გაჩერდება ან იძულებულს გახდის მწარმოებელს გაზარდოს ფასები თამბაქოს ადგილობრივ ნაწარმზე, რაც პრინციპში, წარმოების გაჩერების ტოლფასია. გაძვირებული ადგილობრივი სიგარეტი, ბუნებრივია, კონკურენციას ვერ გაუწევს იმპორტირებულ ანალოგებს. აქ საყურადღებო და გასათვალისწინებელია თამბაქოს ნაწარმის კონტრაბანდის დონის მატების რისკი, რაც პრაქტიკულად მოშლილი და მორღვეული ეკონომიკური საზღვრების პირობებში ჩვენი შეშფოთებისა და წუხილის საგანი მაინც უნდა იყოს. რამდენად შესწევს სამთავრობო უწყებებს დღეს ძალა, გააკონტროლონ და დაიცვან კონტრაბანდული სიგარეტის შემოსვლისგან სამაჩაბლოსა და აფხაზეთის სასაზღვრო მიმართულებები? ეს კი, საბოლოო ჯამში, ნეგატიურად აისახება თამბაქოს გადამამუშავებელი ადგილობრივი ქარხნების ფინანსურ მაჩვენებლებზე და საპროგნოზოდ გაზაფხულის დასაწყისისთვის უკვე უნდა ველოდოთ თანამშრომელთა მასობრივ დათხოვნებს ამ საწარმოებიდან. რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს, სავარაუდოდ, რამდენიმე ათასი უმუშევარი კიდევ შეემატება ჩვენი ქვეყნის უმუშევართა მრავალათასიან არმიას.
WTO თუ ადგილობრივი წარმოება?
დღეს ხელისუფლება ასე სვამს საკითხს _ ან "ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის" წევრობა, ან ადგილობრივი წარმოების განვითარება. რაც პრინციპში არასწორია და ეს მთავრობის ეკონომიკური გუნდის მხრიდან საკუთარი პასუხისმგებლობის მოხსნასა და თავის არიდებას უფრო ჰგავს, ვიდრე საკითხის რაციონალური და ეფექტური გადაწყვეტის მცდელობას. WTO წევრები სხვა ქვეყნებიც არიან, მაგრამ მათი ამ საერთაშორისო ორგანიზაციის წევრობა ადგილობრივი წარმოების შეზღუდვისა და ადგილობრივი ქარხნების გაჩერების ხარჯზე კი არ არის უზრუნველყოფილი. ხელისუფლების უმთავრესი ამოცანა სწორედ ოქროს შუალედის მოძებნა და დაცვაა ნაციონალურ ეკონომიკურ ინტერესებსა და საერთო, გლობალური ეკონომიკურ ინტერესებს შორის. ჩვენ პრაქტიკულად არ ვმუშაობთ WTO–სთან და ევროსტრუქტურებთან და მხოლოდ თავის დაქნევითა და პირობების უსიტყვო შესრულებით შემოვიფარგლებით. შესაბამისად, "გორდიას" ეკონომიკური კვანძის გახსნისას მხოლოდ უხეშ, თუმცა ამავდროულად გამარტივებულ, ხმლის ერთი დარტყმის მეთოდს ვიყენებთ, რასაც ხშირ შემთხვევაში დიდი ჭკუა და გამჭრიახობა არ სჭირდება. სამწუხაროდ, ყოველივე ეს ქვეყნის ნაციონალური ეკონომიკური ინტერესების შეზღუდვის ხარჯზე ხდება ხოლმე.
WTO–ს საკითხისაგან განსხვავებით კი რატომღაც არ ვჩქარობთ ევროინტეგრაციის პროცესების დაჩქარების უზრუნველსაყოფად საქართველოს წინაშე ევროკავშირის მიერ დასმული სხვა პირობების დროული შესრულებისთვის. მხედველობაში მაქვს შემდეგი საკითხები: საქართველოში ანტიმონოპოლიური რეგულირების სისტემის ინსტიტუციონალიზაცია, ქვეყანაში სურსათის უვნებლობის საკითხის უზრუნველყოფა, დამოუკიდებელი სტატისტიკური აღრიცხვა-ანგარიშგების სისტემის შექმნა-მოწესრიგება, შრომითი კანონმდებლობის ლიბერალიზაცია. აქტუალობის მიუხედავად, ეს თემები დღემდე არაპრიორიტეტულად და "არამოდურადაა" მიჩნეული ჩვენს ქვეყანაში.
სიჩქარეში მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა ისიც კი ვერ მოახერხა, რომ იმ "სიკეთეების" შესახებ, რაც საქართველოს WTO-ში წევრობას ახლავს, საზოგადოებისთვის მცირედი ანგარიში მაინც ჩაებარებინა. საერთოდ არის კი ხელისუფლების მიერ გაანალიზებული ამ ორგანიზაციის წევრობის სუსტი და ძლიერი, დადებითი და უარყოფითი მხარეები? ან, გვაქვს კი WTO-ში წევრობის ეკონომიკური ეფექტურობის ფინანსური გათვლები და ანალიზი? იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოებას ამ საკითხზე არავინ ესაუბრება, უფლებას ვიტოვებ, საფუძვლიანი ეჭვი გამოვთქვა ამის თაობაზე.
და ეს ყველაფერი იმ ფონზე, როცა ორიოდე კვირის წინ დეკლარირებული `ეკონომიკური თავისუფლების აქტი~ თითქოს ხდება გარანტია იმისა, რომ ქვეყანაში გადასახადების განაკვეთები არ გაიზრდება და ინვესტიციები დაცული იქნება, ცოტა სასაცილოდაც კი გამოიყურება.
ვინ დარჩება მოგებული?
ბუნებრივია, იმპორტირებული და თამბაქოს ადგილობრივი წარმოების აქციზის გადასახადის განაკვეთების გათანაბრება გარკვეულ ფინანსურ `ეფექტს~ მოუტანს რიგ იმპორტიორებს. ეს ძალიან მარტივი გასათვლელია. განვიხილოთ ბაზარზე არსებული ტენდენციები და აქციზების გათანაბრების შემდგომი პერიოდისთვის მოსალოდნელი მდგომარეობა.
დღეს საქართველოს თამბაქოს ბაზარზე დომინირებს სიგარეტის 3 ძირითადი ბრენდი. ესენია, "ელიზის ჯგუფის" მიერ იმპორტირებული "ვინსტონი", რომელსაც ბაზრის დაახლოებით 27% უჭირავს, "ომეგას ჯგუფის" მიერ წარმოებული "ელ-ემი", რომელსაც ბაზრის დაახლოებით 14% უჭირავს და "სამგორის ჯგუფის" მიერ წარმოებული "პირველი", რომელსაც ბაზრის დაახლოებით 28% უჭირავს. აქციზის გადასახადის განაკვეთების გათანაბრების შემდგომ ადგილობრივ ბაზარზე წარმოებული "ელ-ემის" საცალო ფასი გაუთანაბრდება იმპორტირებული "ვინსტონის" ფასს და შეადგენს 1,8 ლარს, ხოლო ადგილობრივი "პირველის" საცალო ფასი დაახლოებით 35-40%-ით გაიზრდება და შეადგენს დაახლოებით 1,4 ლარს, რაც არაპრეზენტაბელურ და არაკონკურენტუნარიან საფასო შუალედშია. ამ პირობებში, "ელ-ემი", სავარაუდოდ, რეალურ კონკურენციას "ვინსტონს" ვერ გაუწევს და მისი ხვედრითი წილი ბაზარზე, საუკეთესო შემთხვევაში, 2-3%-მდე დაეცემა, შესაბამისად, "ვინსტონის" ხვედრითი წილი გაიზრდება დაახლოებით 45%-მდე. ასევე მოხდება "პირველთან" მიმართებაში, რომელმაც საეჭვოა სათანადო კონკურენცია გაუწიოს მისი კლასის იმპორტირებულ ანალოგიებს. შესაბამისად, სავსებით შესაძლებელია "პირველის" ხვედრითი წილი ბაზარზე 28%-დან 10-12%-მდეც კი შემცირდეს, რაც პოზიტიურად აისახება ისევ და ისევ "ვინსტონისა" და სხვა შედარებით იაფფასიანი იმპორტირებული ბრენდების გაყიდვების მაჩვენებელზე.
საბოლოო პროგნოზით, მოსალოდნელია საქართველოს თამბაქოს ნაწარმის ბაზარზე "ელიზის ჯგუფის" პოზიციების მნიშვნელოვნი, შეიძლება ითქვას უპრეცენდენტო, გამყარება და ბაზარზე მისი დღევანდელი დაახლოებით 30%-იანი წილის მთლიანობაში, სავარაუდოდ, 50%-მდე ზრდა. არსებული რეალობის გათვალისწინებით კი, WTO, ნებსით თუ უნებლიედ, "ელიზის" და ამ ჯგუფის უკან მდგომი პირების ბიზნესინტერესების "ლობისტად" გვევლინება. ღირს კი ჩიტი ბრდღვნად?
ყოველივე ამის შემდეგ, როცა ნაციონალური ეკონომიკური ინტერესების სრულფასოვან დაცვას ვერ უზრუნველყოფს ჩვენი WTO-ში წევრობა, ბუნებრივად ჩნდება ამ ორგანიზაციაში საქართველოს წევრობის და წევრობის პირობების გადახედვის აუცილებლობის საკითხი.
საქართველოს თამბაქოსა და სიგარეტის ბაზრის ზოგადი მიმოხილვა
საქართველოს თამბაქოსა და სიგარეტის ბაზრის დღევანდელი მოცულობა ექსპერტული შეფასებებით წელიწადში დაახლოვებით 700-800 მილიონი კოლოფია, რაც 700 მილიონი ლარის ეკვივალენტურია, ანუ წლის განმავლობაში ქვეყანაში 700 მილიონი ლარის ღირებულების პროდუქცია (ადგილობრივი და იმპორტული ფილტრიანი და უფილტრო სიგარტი, თამბაქო და სიგარა) იყიდება.
საქართველოს თამბაქოს ბაზრის ძირითადი მოთამაშეები შესაძლებელია ოთხ ძირითად ჯგუფად დაიყოს:
1. ელიზის ჯგუფიდამფუძნებელი თამაზ და ზაურ ელიზბარაშვილები. 100%-ით იმპორტიორი კომპანია. აკონტროლებს თამბაქოსა და სიგარეტის მთელი ბაზრის დაახლოვებით 33%-ს. ექსპერტული შეფასებებით, სავარაუდო წლიური ბრუნვა 230 მილიონ ლარს შეადგენს. მოგების სავარაუდო მარჟა 25%-ია, შესაბამისად, წლიური სავარაუდო მოგება დაახლოებით 58 მილიონ ლარს შეადგენს.
ძირითადი ბრენდებია:
JTI (იმპორტი) – "ვინსტონი" (ბაზრის 27%), "ქემელი" (ბაზრის 5%), "გლამური" (ბაზრის 0,1%);
KARELIA (იმპორტი) _ "კარელია" (ბაზრის 0,2%).
2. ომეგას ჯგუფიდამფუძნებელი ნატო ჩხეიძე ("ომეგას" ყოფილი მფლობელის ზაზა ოქუაშვილის მეუღლე). ახორციელებს სიგარეტის როგორც იმპორტს, ასევე ადგილობრივ წარმოებას.
აკონტროლებს თამბაქოსა და სიგარეტის მთელი ბაზრის დაახლოვებით 33%-ს. ექსპერტული შეფასებებით, სავარაუდო წლიური ბრუნვა 230 მილიონ ლარს შეადგენს. მოგების სავარაუდო მარჟა 30%-ია, შესაბამისად, წლიური სავარაუდო მოგება დაახლოებით 68 მილიონ ლარს შეადგენს.
ძირითადი ბრენდებია:
"ო-ჯი-თი" (ადგილობრივი წარმოება) _ "ელ-ემი" (ბაზრის 14%), "კომეტი" (ბაზრის 7%), "ასტრა" (ბაზრის 8%), "მტკვარი" (ბაზრის 0,5%);
Philip Morris (იმპორტი) _ "მალბორო" (ბაზრის 2%), "ჩესტერფილდი" (ბაზრის 0,5%), "პარლამენტი" (ბაზრის 0,5).
3. სამგორის ჯგუფიდამფუძნებელი ავთანდილ (ჭუტა) წერეთელი. ახორციელებს სიგარეტის როგორც იმპორტს, ასევე ადგილობრივ წარმოებას.
აკონტროლებს თამბაქოსა და სიგარეტის მთელი ბაზრის დაახლოვებით 31%-ს. ექსპერტული შეფასებებით, სავარაუდო წლიური ბრუნვა 217 მილიონ ლარს შეადგენს. მოგების სავარაუდო მარჟა 30%-ია, შესაბამისად, წლიური სავარაუდო მოგება დაახლოებით 65 მილიონ ლარს შეადგენს.
ძირითადი ბრენდებია:
"საქართველოს თამბაქოს წარმოება" ჟთM (ადგილობრივი წარმოება) _ "პირველი" (ბაზრის 28%);
BAT (იმპორტი) _ "კენტი" (ბაზრის 1,5%), "ლაქი სტრაიკი" (ბაზრის 1%), "პალ-მალი" (ბაზრის 0,4%).
4. სხვა ყველასაქართველოს თამბაქოსა და სიგარეტის ბაზარზე, ყველა ზემოთჩამოთვლილი მსხვილი მოთამაშეების გარდა, ოპერირებს რამდენიმე წვრილი იმპორტიორი და თამბაქოს ადგილობრივი მწარმოებელი ფირმა, რომელთაც ჯამურად ბაზრის მხოლოდ 3% უჭირავთ. მათ შორის, შედარებით ყველაზე მოთხოვნადი ბრენდებია:
"გალუაზი" (ბაზრის 0,6%), "ვოგი" (ბაზრის 0,5%), "ესსე" (ბაზრის 0,3%), "ემ-ემ" (ბაზრის 0,2%).