ნანახია: 849
ბიზნესი კვლავ ხელისუფლებაზე იქნება დამოკიდებული
"ბიუჯეტი პარტიზანული წესით მიიღეს", - ასე აფასებს ინოვაციური მართვის ინსტიტუტის დირექტორი თემურ მურღულია პარლამენტში შესულ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს. პარლამენტში განიხილეს ასევე "საბიუჯეტო პროექტის" კოდექსი, რომელიც მთავრობისთვის შესაბამისი უფლების მინიჭებას გულისხმობს. კანონპროექტით განსაზღვრულია ის ძირითადი პრინციპები, რომლის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მეწარმეებზე და ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემა ხდება შესაძლებელი. რაც შეეხება ავტონომიურ რესპუბლიკებსა და ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს, ისინი უფლებამოსილნი არიან ბიუჯეტიდან სესხი მხოლოდ ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით გასცენ. პროექტის თანახმად, ბიუჯეტიდან სესხი მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის ან მთავრობის განკარგულების საფუძველზე გაიცემა. განკარგულებით უნდა განისაზღვროს სესხის მიზნობრიობა, სესხის გაცემის წყარო, რაც შეიძლება იყოს როგორც საბიუჯეტო დაწესებულების ასიგნები, ისე პრეზიდენტის ან მთავრობის სარეზერვო ფონდი. განკარგულებაში განსაზღვრული უნდა იყოს სესხის გამცემი, სესხის გამყოფი, სესხის მიმღები, კონტროლის განმახორციელებელი და სესხის ხელშეკრულების მონაწილე სხვა მხარეები; სესხის ოდენობა, სესხით სარგებლობის წლიური საპროცენტო განაკვეთი; სესხით სარგებლობის და დაბრუნების ვადები. კოდექსის პროექტში ასევე გაწერილია, ვინ შეიძლება იყოს სესხის მიმღები. კერძოდ, საბიუჯეტო ასიგნებიდან გაცემული სესხის მიმღები შეიძლება იყოს საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საწარმო ან ორგანიზაცია, ან "მეწარმეთა შესახებ" კანონით განსაზღვრული ნებისმიერი სამართლებრივი ფორმის მეწარმე სუბიექტი ან ფიზიკური პირი. "ვერ წარმომიდგენია, რატომ უნდა დასჭირდეს ასეთი ფორმით სახელმწიფოს სესხების გაცემა, როდესაც მსოფლიოში აპრობირებული არის, რომ თუნდაც მაშინ, როცა სახელმწიფო აფინანსებს ვინმეს, მას უნდა დახვდეს კრედიტი საბანკო აქტივზე ანუ სახელმწიფო მისცემს საკრედიტო ხაზს ბანკს და ბანკი თვითონ წყვეტს, ვისზე გასცეს კრედიტი. დეკლარირებული ლიბერალიზმის ფონზე ფრიად გასაკვირი გადაწყვეტილებაა. თანაბარი შესაძლებლობების პრინციპი ამ შემთხვევაში სერიოზულად ირღვევა და ამიტომ ვერანაირად ვერ მივესალმები ბიუჯეტიდან სესხის გაცემის პრინციპს. მისცეს მთავრობამ ბანკებს საკრედიტო რისკი და ბანკებმა თავად გადაწყვიტონ, ვის უფრო მეტი შანსი აქვს ადეკვატურად გამოიყენოს ეს თანხა", _ აცხადებს თემურ მურღულია. სახელმწიფო ბიუჯეტიდან სესხის ამღებ პირებს, სავარაუდოდ, გარკვეული გარანტიების წარდგენა მოუწევთ. აღმასრულებელი ხელისუფლება მეწარმეებზე და ფიზიკურ პირებზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან სესხის გაცემის უფლებას `საბიუჯეტო კოდექსის~ პროექტით იძლევა, რომელშიც ასევე გაწერილია სესხის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება. კერძოდ, ერთ-ერთ საშუალებად პროექტში საბანკო გარანტიაა დასახელებული, რომლითაც სესხის მიმღების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გარანტიის გამცემი ბანკი კისრულობს წერილობითი მოთხოვნისთანავე სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხოს ფულადი თანხა დავალიანების დასაფარად. ასევე, არსებობს კიდევ ერთი საშუალება, რომელიც სადაზღვევო ორგანიზაციის სადაზღვევო პოლისს გულისხმობს. კერძოდ, პოლისის გამცემი სადაზღვევო ორგანიზაცია კისრულობს წერილობით ვალდებულებას, სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემთხვევაში სესხის გამცემის წერილობითი მოთხოვნისთანავე, სახელმწიფო ბიუჯეტში სასესხო დავალიანების დასაფარი ფულადი თანხა ჩარიცხოს. ამას გარდა, სესხის მიღების სურვილის შემთხვევაში, ალტერნატივად ფიზიკურ ან მეწარმე პირის ქონების სესხის გამცემის სასარგებლოდ დაგირავება ან იპოტეკით დატვირთვაც მოუწევთ. პროექტით ასევე გათვალისწინებულია ბიუჯეტის მევალის მიმართ, ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისთვის, პირსაგამტეხლოს დაკისრებაც. ექსპერტების დამოკიდებულება ამ ახალ პროექტთან დაკავშირებით უარყოფითია, რადგან მათი აზრით ამ შემთხვევაში ბიზნესი სახელმწიფოზე დამოკიდებული გახდება. "ქვეყანა ფინანსურად იმდენად რთულ მდგომარეობაშია, რომ თვითონ სახელმწიფო კომერციული ბანკებიდან შიდა ვალს იღებს და მეორეს მხრივ, საიდან უჩნდება ხელისუფლებას იმდენი რესურსი, რომ ბიზნესსექტორზე გასცეს სესხები. გარდა ამისა, უახლოესი რამდენიმე დღის წინ წარმოდგენილი ეკონომიკური თავისუფლების აქტი ეწინააღმდეგება ამ ძირითად საკითხს, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ხდება ბაზარზე სახელმწიფოს უხეში ჩარევა, რაც თავისუფალი ეკონომიკის პრინციპებს ეწინააღმდეგება, ამიტომ ასეთი ეკონომიკური პოლიტიკა ქვეყანაში არ უნდა იქნას გატარებული", _ აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი დავით ნარმანია. თემურ მურღულია ეთანხმება ნარმანიას და სხვა ექსპერტებს და აქვე მთავრობას იმაშიც ადანაშაულებს, რომ ისინი ახალ პროექტებს მათ არ უმხელენ _ "ხელისუფლება ახალ პროექტებს გვიმალავს, ჩვენ მოვითხოვეთ ინფორმაცია "საბიუჯეტო კოდექსის" პროექტის შესახებ, მაგრამ ჯერჯერობით ინფორმაცია არ გვაქვს. რაც შეეხება ბიუჯეტიდან სესხის გაცემას, როგორც ჩვენი წარსულიდან, ასევე სხვა ქვეყნების გამოცდილებიდან გამომდინარე, ვხედავთ, ნებისმიერ კომპანიას, რომელსაც სახელმწიფოსგან სესხი მიუღია, სესხის გასტუმრების შემთხვევაშიც კი სახელმწიფოზე გარკვეულწილად მიბმული ხდება, რადგან ამის შემდეგ იწყება გაუთავებელი შემოწმებები, კონტროლი და კვლევები ამ სესხთან დაკავშირებით". მისი აზრით, სახელმწიფო სესხები იმ შემთხვევაშიც კი არაა გამართლებული, როცა მათი გაცემა იაფი კრედიტის სახით, საბანკო არხებით ხდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ დროს სესხის მიმღები ბანკი, კერძო სტრუქტურის მიმართ იყო პასუხისმგებელი და დამოკიდებული და არა სახელმწიფო სტრუქტურის მიმართ. ეკონომიკის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ სახელმწიფო სესხების პროგრამები თითქმის ყველა სახელმწიფოში არსებობს და ეს ბიზნესში ჩარევად არსად არ განიხილება. მათი თქმით, ბიზნესის ხელშეწყობა, განსაკუთრებით კი კრიზისულ პერიოდში, სახელმწიფოს უშუალო მოვალეობაა და სახელმწიფო სესხები, მათ შორის `იაფი კრედიტის~ პროგრამაც ამას ემსახურება. თუმცა მთავრობამ იაფი კრედიტის გაცემის უფლება ამ პროექტში მონაწილე ბანკებს ჩამოართვა და პროგრამისთვის ბიუჯეტიდან გათვალისწინებული თანხებით გაცემა თავად გადაწყვიტა. საინტერესოა, რა თანხები გამოიყოფა ამ პროექტის დასაფინანსებლად, თუმცა დღეისათვის ამასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. "ჯერჯერობით კონკრეტულ თანხებზე არ არის საუბარი, საზოგადოებისთვის ასეთი ინფორმაცია არ არის ცნობილი, თუმცა, როგორც ჩანს, ეს არ იქნება ძალიან მცირე თანხები", - აცხადებს დავით ნარმანია.
ნინო თამაზაშვილი
|