ნანახია: 836
"ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია,მას მთავრობასთან კარგი თანამშრომლობა ჰქონდეს"
სულ ახლახანს "საქართველოს ბიზნეს ასოციაცია" დაფუძნდა, სადაც 32 კომპანიაა გაწევრიანებული. იგი მოიცავს მსხვილი და საშუალო სიდიდის კომპანიებს. ასოციაციის მთავარი მიზანი საქართველოში ბიზნესის განვითარებისთვის ხელშეწყობა და ეკონომიკის განვითარებაა. ასოციაციის პრეზიდენტად კომპანია "იუ-ჯი-თის" ხელმძღვანელი გიორგი ჭირაქაძე დაინიშნა. თუ რა იქნება ბიზნესმენთა გაერთიანების პრიორიტეტები და როგორ შეძლებენ ბიზნესმენები ბიზნესისა და ეკონომიკის გაძლიერებას, ამ საკითხებთან დაკავშირებით "ბ&ფ" გიორგი ჭირაქაძეს ესაუბრა. - ახლახანს საზოგადოებამ "ბიზნეს ასოციაციის" შექმნის შესახებ შეიტყო, რა იქნება არსებული ბიზნესგარემოს ფონზე ამ ასოციაციის საქმიანობის მთავარი პრიორიტეტები? - მთავარი პრიორიტეტები ბიზნესმენებისთვის ხელშეწყობა იქნება, რათა მათ საქართველოში ბიზნესი განავითარონ. ასევე პრიორიტეტები იქნება ეკონომიკის განვითარების მაქსიმალური ხელშეწყობა. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ჩვენი ასოციაციის მუშაობაში, რაც შეიძლება მეტი ორგანიზაცია ჩაერთოს. შევეცდებით, რომ ისეთ პრობლემებს და საკითხებს შევეხოთ, რომელიც დღესდღეობით ბიზნესმენებს აწუხებთ. ასევე მნიშვნელოვანი საკითხი იქნება, რომ ჩვენ გავიაზროთ ის ეკონომიკური რეფორმები და ცვლილებები, რომელსაც მთავრობა ატარებს. შევეცადოთ ჩვენი მოსაზრებები მაქსიმალურად წარვუდგინოთ, ჩავერთოთ ამ პროცესში და შევეცადოთ, ის ინტერესები, რაც შეიძლება ამომწურავად დავიცვათ, რომლებიც ჩვენს წევრებს, ამ შემთხვევაში ბიზნესმენებს, ბიზნესორგანიზაციებს აქვთ. ასევე ჩვენი მიზანია, შევეცადოთ ეკონომიკის განვითარებას საქართველოში, მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ამ პროცესს, რადგან ეს, აბათ, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია. - ანალიტიკოსები ხშირად ფიქრობენ იმის შესახებ, რომ მსხვილ ბიზნესს თავიდან ბოლომდე სახელისუფლებო ძალები აკონტროლებენ. თქვენი აზრით, რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს და რამდენად მისაღებია პოლიტიკისა და ბიზნესის სიახლოვე? - მე, რასაკვირველია, არ დავეთანხმები. ამის მაგალითია ჩვენი კომპანია, რომელიც უკვე 12 წელია ბაზარზე მუშაობს. ჩვენ წინა მთავრობის დროსაც ვიყავით ბაზარზე. კომპანიაში ბევრი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, ვართ ძალიან ბევრი უცხოური მომწოდებლის პარტნიორები. მინდა ვთქვა, რომ ერთის მხრივ, საქართველოში ბიზნესის კეთება თავისუფლად შესაძლებელია ისე, რომ მთავრობასთან ასოცირებული პირდაპირ არ იყო. მეორე მხრივ, რასაკვირველია, ზოგადად მთავრობასთან კარგი ურთიერთობები, ხელსაყრელი პირობები, ისე რომ ფაქტიურად მთავრობა შენი პარტნიორი იყოს, შენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მიმაჩნია, რომ ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მას მთავრობასთან კარგი ურთიერთთანამშრომლობა ჰქონდეს და მთავრობას კარგად ესმოდეს, თუ რას აკეთებს ბიზნესი. იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში ეს კავშირი ორმხრივია. ერთის მხრივ, მთავრობა ხელს უწყობს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური გარემო უკეთესი იყოს, რაც აისახება იმაზე, რომ ბიზნესმენისთვის და ბიზნესორგანიზაციისთვის უფრო ადვილია ბიზნესის წარმოება. მეორე მხრივ, რაც უფრო მეტი ბიზნესია, მით უფრო მეტ გადასახადს იხდი და გადასახადი ფაქტიურად მთავრობაში პირდაპირ მიდის, რომლითაც სხვადასხვა პროექტები ხორციელდება. ანუ ეს ურთიერთთანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია და მიმაჩნია, რომ ბოლო პერიოდში საკმაოდ წარმატებულია. ჩვენ თუ დავფიქრდებით, სანამ ომი მოხდებოდა, საკმაოდ ბევრი კარგი რაღაც კეთდებოდა. - როგორც ცნობილია, ასოციაციაში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკება 100-ზე მეტ კომპანიასთან მიმდინარეობდა. დღეისათვის ასოციაციაში 32 კომპანიაა გაწევრიანებული, რატომ არ გაწევრიანდა ამ ორგანიზაციაში გოგი თოფაძე - კომპანია "ყაზბეგი" და საერთოდ, რა კრიტერიუმებით მოხდა ამ ასოციაციის დაკომპლექტება? - ასოციაციაში 100 კი არა, უფრო მეტი კომპანია გაწევრიანდება. როდესაც ჩვენ თავიდან განაცხადი გავაკეთეთ, გვინდოდა საქართველოში არსებული რაც შეიძლება მეტი ბიზნესორგანიზაცია გაგვეწევრიანებინა ამ ასოციაციაში, მათ შორის მოგვეზიდა მსხვილი და საშუალო ორგანიზაციები. მათთვის აგვეხსნა, თუ ჩვენ რას ვაკეთებთ და აქედან გამომდინარე, მათ გადაეწყვიტათ უნდოდათ თუ არა, ჩვენთან გაწევრიანება. რაც შეეხება 32 კომპანიას, ეს ძალიან დიდი წარმატებაა, იმიტომ რომ ასეთი რაოდენობის ბიზნესორგანიზაციებით საქართველოში არც ერთი ბიზნესასოციაცია არ დაფუძნებულა, ანუ აქ ვსაუბრობთ ფაქტიურად 32 კომპანიით ორგანიზაციის დაფუძნებაზე. ჩვენ უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში რამდენიმე კომპანია შემოგვიერთდა, ანუ ეს პროცესი მუდმივი იქნება. აქ საუბარი იმაზე კი არ არის, რომ 100 კომპანია იყო მოწვეული და გაერთიანება 32-მა გადაწყვიტა, არამედ საუბარი იყო, რომ ჩვენ ბევრს შევატყობინეთ. ხოლო დაფუძნების პროცესში, ანუ იმ მოკლე პერიოდში, რეალური გადაწყვეტილება მხოლოდ 32-მა მიიღო. ჩვენ ვხედავთ, რომ ასოციაციას 6 თვის თავზე, 1 წლის თავზე, გაცილებით მეტი წევრი ეყოლება. რაც შეეხება თვითონ გოგი თოფაძეს და სხვა ასეთ დიდ ბიზნესმენებს, კონტაქტი ჩვენ ყველასთან გვაქვს. თქვენ მე გაგახსენებთ, რომ თავიდან დაფუძნების დროს, გოგი თოფაძე ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ასოციაციის წამოწყების ინიციატივა დადებითად შეაფასა. თოფაძის გარდა სხვებიც იყვნენ. ჩვენი კარები ყველასთვის ღია არის, კრიტერიუმები არა გვაქვს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი გოგი თოფაძეც და ბევრი სხვა გამოცდილი ბიზნესმენიც გაწევრიანდება ჩვენ ორგანიზაციაში და იქნება ჩვენი ასოციაციის წევრი. ეს მათზეა დამოკიდებული. - რომელი კომპანიები არიან გაწევრიანებული სადღეისოდ ასოციაციაში და რა ურთიერთობა ექნება ასოციაციას ისეთი პრობლემური ბიზნესის მიმართ, როგორიც სამშენებლო ბიზნესია? - როგორც ვთქვი, ასოციაციაში 32 კომპანიაა გაწევრიანებული, მათ შორის არიან საკმაოდ მსხვილი ორგანიზაციები, ისეთი როგორიც არის "ვისოლი", "კოკა კოლა", "მადნეული", "თბილისის წყალი", ჩვენი კომპანია "იუ-ჯი-თი" და ა.შ. რაც შეეხება სამშენებლო ბიზნესს და ამ სფეროში არსებულ პრობლემებს, რასაკვირველია, არის სექტორები, რომლებსაც კრიზისი მეტად შეეხო, არის კომპანიები, რომლებსაც შედარებით ნაკლებად შეეხო. სამშენებლო სექტორი, ალბათ, ერთ-ერთი ისეთი სექტორია, რომელზეც კრიზისმა ყველაზე მეტად იქონია გავლენა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვხედავთ, რომ სამშენებლო სექტორიდან არიან ორგანიზაციები, რომლებიც გაწევრიანდებიან ჩვენს ორგანიზაციაში. ერთ-ერთი სამშენებლო კომპანია, რომელიც ჩვენი წევრია, არის `მაგი სტილი~, რომლის წარმომადგენელიც ჩვენი სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. ასე რომ, ჩვენს ასოციაციაში სამშენებლო სექტორიც არის წარმოდგენილი. - ლაშა პაპაშვილმა განაცხადა, რომ ეს ორგანიზაცია იქნება მხოლოდ მსხვილი ბიზნესის ინტერესების დამცველი. რატომ დარჩა ასეთი სერიოზული ორგანიზაციის ინტერესების მიღმა სოციალურად ისეთი მნიშვნელოვანი სექტორი, როგორიც მცირე და საშუალო ბიზნესია? - ლაშა პაპაშვილმა ეს განცხადება მაშინ გააკეთა, როდესაც ჩვენ ამ ასოციაციას ვაყალიბებდით. ეს იყო ფაქტიურად სულ ახალი წამოწყება, ეს მისი იდეა იყო. თავისთავად სხვა იდეებიც არსებობს ასოციაციაში. ბევრია მომხრე, რომ ასოციაციის წევრები საშუალო სიდიდის კომპანიებიც გახდნენ. მე გეტყვით, რომ ჩვენ გრძელვადიანად ვიქნებით ორგანიზაცია, სადაც ყველა ტიპის და ყველანაირი ორგანიზაციისთვის ღია იქნება კარი, მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესისთვისაც. ალბათ, ლაშამ რაც განაცხადა, ეს იყო განაცხადი თავიდან, რომ ჩვენ პირველ რიგში თავიდან ამ ორგანიზაციას დავაფუძნებდით მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები, ვინც ყველაზე მეტად ორგანიზებულები ვართ, ვისაც ყველაზე მეტად აქვს რესურსები, რომ ასეთი ორგანიზება გააკეთოს. მაგრამ ჩვენ აუცილებლად გავუხსნით კარს როგორც საშუალო, ასევე საშუალო სიდიდის კომპანიებს. ასე რომ, ჩვენ არ ვიქნებით მხოლოდ და მხოლოდ მსხვილი კომპანიების ინტერესების დამცველი. სახელსაც შეგახსენებთ: "საქართველოს ბიზნეს ასოციაცია", და ის არ მოიცავს მხოლოდ მსხვილ ბიზნესორგანიზაციებს, მაშინ დავარქმევდით "მსხვილ ბიზნეს ასოციაციას". მომდევნო 6 თვის, ერთი წლის და ორი წლის განმავლობაში აუცილებლად შევეცდებით მაქსიმალურად სწორი გზები ვიპოვოთ, რომ საშუალო სიდიდის ბიზნესი და ალბათ, მცირე სიდიდის ბიზნესის წარმომადგენლები ჩვენთან გაწევრიანდნენ.
ესაუბრა დიმიტრი ლელაძე
"საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" ახადარჩეულ პრეზიდენტს გიორგი ჭირაქაძეს აქვს კომერციული და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მართვის ათწლიანი გამოცდილება. ხუთ წელზე მეტი ხანი იყო კომერციული ორგანიზაციის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.
დაარსების დღიდან სათავეში უდგას კომპანია "იუ-ჯი-თი"-ს, რომელიც დღეისათვის წარმოადგენს რეგიონის ერთ-ერთ ლიდერ სისტემურ ინტეგრატორს და გადაწყვეტილებების მომწოდებელს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დარგში.
1997 წლიდან გიორგი ჭირაქაძე არის "იუ–ჯი–თი"-ს პრეზიდენტი და გენერალური დირექტორი.
1992 – 1997 წლებში იყო ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი (YSIA).
1992- 1995 წლებში საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის (YSC ვიცე-პრეზიდენტი.
|