ნანახია: 732
ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები
უკვე ექვსი წელია ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს რკინის ქალამნები აქვთ ჩაცმული, ხელში რკინის ჯოხი უჭირავთ და მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაიარებიან ინვესტიციების მოსაზიდად. ამ საქმეს განსაკუთრებული მონდომებით პრეზიდენტი ეკიდება, რომელიც ხან ემირატებშია, ხან ბოდრუმში და ხანაც ბარსელონაში, რომ იქაურები ჩვენი ქვეყნით დააინტერესოს და კიდევ რამდენიმე მილიონი შემატოს ჩვენს მუდმივად მზარდ ეკონომიკას. ინვესტორების მოსაზიდად ჯერ საგადასახადო კოდექსი გავამარტივეთ, შემდეგ მსოფლიო რეიტინგების სათავეში მოვექეცით და ბოლოს, გაჭირვების ჟამს, სხვადასხვა ქვეყნებში მივლინებული ჩვენი დიპლომატები გამოვიძახეთ და მათ უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად აქტიურობისკენ მოვუწოდეთ. სამწუხაროდ, ამ პოლიტიკამ 2009 წელს აღარ გაამართლა და მთელ მსოფლიოში შემცირებული ინვესტიციებისა და საქართველოში არსებული მძიმე პოლიტ-ეკონომიკური ვითარების ფონზე მიმდინარე წელს ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციები წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდა. ამ მძიმე ვითარებაში, იმის მაგივრად, რომ მაქსიმალურად ვეცადოთ ინვესტორებს მაქსიმალურად მისაღები პირობები შევთავაზოთ, ჩვენი ხელისუფლება არსებულ კანონმდებლობას ამკაცრებს. თუკი 2009 წლის ივლისამდე ქართველ ბიზნესმენებს სახელმწიფო ორგანოსთან არსებული დავის შემთხვევაში უცხოელი ინვესტორებისგან განსხვავებით არ ჰქონდათ უფლება საერთაშორისო არბიტრაჟში შეეტანათ სარჩელი, მიმდინარე წლის ივლისში "საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ" კანონში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაცAინვესტორს სახელმწიფო ორგანოსთან უთანხმოების შემთხვევაში, დავა მხოლოდ ქართულ სასამართლოში შეეძლება. ექსპერტთა ნაწილის მოსაზრებით, მთავრობა ინვესტორებისთვის საერთაშორისო არბიტრაჟისთვის მიმართვის უფლების შეზღუდვით ბიუჯეტის იმ თანხებს გადაარჩენს, რისი გადახდაც შესაძლოა საერთაშორისო სასამართლოებში წაგებული საქმეების სანაცვლოდ მოუწიოს. შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული ცვლილებები პირდაპირ იმოქმედებს ინვესტორების სურვილზე, საქართველოში კაპიტალი შემოიტანონ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იურისტი იმედა დვალიძე აცხადებს: "ნებისმიერ სუბიექტს, რომელსაც პირობითად შეიძლება ვუწოდოთ ინვესტორი, საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებამდე უფლებამოსილი იყო წასულიყო დავების განხილვის საერთაშორისო ცენტრში. საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შემდეგ კი ამის უფლება ინვესტორს არ აქვს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ საქართველოს იმ ქვეყანასთან, საიდანაც ინვესტორია, გაფორმებული აქვს ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულება ინვესტიციების დაცვის შესახებ, რომელიც უპირობოდ ითვალისწინებს იმ ქვეყნიდან შემოსული ინვესტორის შესაძლებლობას, რომ საჭიროების შემთხვევაში მიმართოს დავების განხილვის საერთაშორისო ცენტრს. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ შეიზღუდა იმ ინვესტორთა წრე, რომლებსაც შეუძლიათ ისარგებლონ საერთაშორისო არბიტრაჟით. ამასთან, გაფართოვდა იმ ინვესტორთა წრე, რომლებიც იძულებული გახდებიან, რომ დავის შემთხვევაში სასამართლოს საქართველოში მიმართონ. ჩემი აზრით, დღევანდელ სიტუაციაში, როცა ინვესტიციების რაოდენობა ბევრი ფაქტორის გამო მნიშვნელოვნადაა შემცირებული, უკეთესი იქნებოდა ძველი კანონმდებლობა დარჩენილიყო. სავარაუდოდ, ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება იმითაა გამოწვეული, რომ მან შეიძლება წააგოს პროცესი საერთაშორისო არბიტრაჟში და ამის თავიდან ასაცილებლად განახორციელა საკანონმდებლო ცვლილებები. აქამდე არსებული კანონმდებლობა იყო ერთ-ერთი უმთავრესი მოსაზიდი ფაქტორი უცხოელი ინვესტორებისათვის". კანონიდან ამოღებულია მუხლი, რომელიც კანონმდებლობის შეცვლის შემთხვევაში ინვესტორებს გარანტიებს აძლევდა. კერძოდ, აქამდე კანონში შესული ცვლილება ადრე განხორციელებულ ინვესტიციებზე მხოლოდ 10 წლის შემდეგ აისახებოდა. ახლა კი ეს ჩანაწერი კანონში აღარ არსებობს. საინტერესოა, რა არგუმენტაცია ჰქონდათ ამ ცვლილების ინიციატორებს, ფაქტი კი ერთია: განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ ქვეყანაში ინვესტორების რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდება, რადგან თუ ინვესტორმა სხვა პრობლემებთან ერთად ქართული სასამართლოს "გადამკიდემ" ვერც სიმართლე დაამტკიცა, მაშინ მას აქ ნამდვილად არაფერი დარჩენია.
შოთა ბუჩუკური
|