ნანახია: 804
საქართველოს ხელისუფლება ხშირად იწონებს თავს სხვადასხვა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების მიერ ქართული ბიზნესგარემოს შესახებ გამოქვეყნებული შეფასებებით, სადაც საქართველოში ბიზნესის დაწყება საკმაოდ მარტივად არის შესაძლებელი. უცხოელებს შეფასების თავიანთი კრიტერიუმები აქვთ, რომელთა მიხედვითაც, ქართული ბიზნესი, შეიძლება, მართლაც დადებითი კუთხით შეფასდეს. თუმცა, არსებული რეალობა, სახელმწიფოს დამოკიდებულება ბიზნესისადმი, რბილად რომ ვთქვათ, არც იმდენად ჯანსაღია, როგორც ეს უცხო თვალისთვის შეიძლება წარმოაჩინონ. ბოლო დროს, ლიბერალიზაციის ახალი ტალღის დაწყების პარალელურად, ბევრი საუბრობს იმაზე, რომ საგადასახადო ადმინისტრირება ძალიან გამკაცრდა. შემოწმებები ამჯერად საშუალო მასშტაბების ბიზნესობიექტებში დაიწყეს. ზოგადად, ასეთი მიდგომა უცხო და მიუღებელი არც ერთ სახელმწიფოში არ უნდა იყოს, მაგრამ ჩვენთან შექმნილი სიტუაცია საგანგაშოა, იმიტომ, რომ საგადასახადო სამსახურის მოქმედებები რეკეტს უფრო ჰგავს, ვიდრე ბიზნესისადმი ჯანსაღ მიდგომას. დღეს ყველა მეტნაკლებად ობიექტური ანალიტიკოსი საუბრობს იმაზე, რომ სახელისუფლებო წრეებთან დაახლოებული ძალები აკონტროლებენ თითქმის ყველა სერიოზულ ბიზნესს. ამის მიზეზი, გარდა პირადი კეთილდღეობისა და ბევრი ფულის შოვნის სურვილისა, ყველაზე საყურადღებოა, რომ არის ფულის, ანუ პოლიტიკური შესაძლებლობების კონტროლი. მოსვლის დღიდან ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს ყველა ისეთი ბიზნესის განვითარება შეზღუდოს, საიდანაც ფული შეიძლება ალტერნატიული პოლიტიკური ძალის ხელში მოხვდეს. ასეთი ფაქტები იმდენად ბევრია, რომ თამამად შეიძლება ერთგვარ ტენდენციაზე საუბარი. რესტორნები, ბიზნესის ისეთი სეგმენტი გახლდათ, სადაც ფულის კონტროლი ბოლო დრომდე ვერ კონტროლდებოდა. განსაკუთრებით, ეს საშუალო მასშტაბების რესტორნებზე შეიძლება ითქვას, რომელთა სპეციფიკური საქმიანობა, მათი შემოსავლის დათვლას ართულებდა, გარდა ამისა, აქ არც იმდენად ბევრი ფული ტრიალებს, რომ დღემდე უფრო მსუყე ლუკმას მიჩვეული ძალების ყურადღების მიღმა რჩებოდნენ. ფინანსური და პოლიტიკური კრიზისის პირობებში, რომლის დროსაც ხელისუფლებას, ერთის მხრივ, ბიუჯეტის შევსება უჭირს და მეორეს მხრივ, პოლიტიკური ოპონენტები გაუაქტიურდნენ, საგადასახადო სამსახურის ყურადღება სწორედ საშუალო მასშტაბების რესტორნებმა დაიმსახურეს. ბიზნესისადმი საგადასახადო სამსახურის ყურადღება, ზოგადად, ცუდი არ არის, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ საგადასახადო სამსახურის მთავარი მოტივაცია, ამ შემთხვევაში, ბიზნესში გადაცდომების აღმოფხვრა უნდა იყოს და არა ამ ბიზნესების რეკეტი. ეს რომ სწორედ რეკეტია და არა სახელმწიფოებრივი ინსტიტუტის შესაბამისი მოქმედება, იმ მეთოდში ჩანს, რა მეთოდითაც რესტორნების შემოწმება ხდება. საგადასახადო სამსახური ახორციელებს ე.წ. საკონტროლო შესყიდვას, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სამსახურის წარმომადგენლები შედიან ობიექტში და გარკვეული პერიოდის, ძირითადად, ერთი კვირის განმავლობაში და ითვლიან ამ პერიოდში ობიექტის ბრუნვას. მიღებულ მაჩვენებელს ადარებენ წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. თუ განსხვავება იქნება უარყოფითი, ანუ აღმოჩნდება, რომ წინა წელს ობიექტს ნაკლები ბრუნვა ჰქონდა დაფიქსირებული, მაშინ საგადასახადო სამსახური, მას აკისრებს მაჩვენებლებს შორის სხვაობის გადასახადებს და ჯარიმებს. რაც ყველაზე მიუღებელია, ეს გადასახადები და ჯარიმები ირიცხება ზუსტად ერთი წლის ყოველი დღეზე. ანალოგიური სქემის გამოყენებით შევიდა საგადასახადო სამსახური სექტემბრის დასაწყისიდან თითქმის ყველა თბილისურ რესტორანში. რატომ არის ასეთი სქემა რეკეტი?! გავიხსენოთ, რომ შარშან სექტემბრის დასაწყისში ნაომარი ქვეყნის მოქალაქეებს რესტორანში წასვლის ნაკლები განწყობა და შესაძლებლობა ჰქონდათ, ვიდრე პრემიერის რეფორმების შემდეგ დღევანდელი საქართველოს აყვავებული ეკონომიკის პირობებში. გარდა ამისა, სექტემბერში და მთლიანად შემოდგომაზე, რესტორნებს უკეთესი ბრუნვები აქვთ, ვიდრე წლის სხვა პერიოდში და თუ ამ პერიოდში მართლაც იყო დარღვევა, იმის თქმა, რომ წლის სხვა პერიოდშიც ანალოგიური დარღვევები ხდებოდა, რბილად რომ ვთქვათ, არასამართლიანია. ერთი სიტყვით, რესტორნებს არც თუ ბარაქიანი შემოდგომა დაუდგათ, შეიძლება ითქვას, შემოდგომა ამ ბიზნესის წარმომადგენლებისთვისაც ისეთივე იმედგაცრუება იყო, როგორც დასეტყვილი ვენახის მეპატრონე გლეხისთვის. ბიზნესისადმი ასეთი მიდგომა, მითუმეტეს, ბიზნესის იმ სფეროში, რომელიც მეტნაკლებად წარმატებით ახერხებს ფუნქციონირებას, შეიძლება ითქვას, უგუნურობაა და მეტი არაფერი. უგუნურობა ვახსენეთ, მაგრამ მოვლენების განვითარების ლოგიკას თუ გავყვებით, გამოჩნდება, რომ გარკვეული ძალების მხრიდან ეს არა უგუნურება, არამედ გონიერი ქმედებით, შესაძლებლობების გაფართოებაა. საქმე ისაა, რომ ჯარიმებისა და გადასახადების დაკისრების შემდეგ, რესტორნის მეპატრონე იძულებული ხდება იშოვოს პარტნიორი, რომელიც ამ ფულს გადაიხდის და ამის სანაცვლოდ, მას წილში შეიყვანს. როგორც უკვე ვთქვით, დღეს საქართველოში ფულს ძირითადად სახელისუფლებო ძალებთან დაახლოებული პირები აკონტროლებენ. ათიდან ცხრა შემთხვევაში, რესტორნების მეპატრონეების პარტნიორები და მეწილეები სწორედ ისინი ხდებიან.. შეიძლება, ზოგადად, ეკონომიკისთვის და ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის ამით არაფერი იცვლება, მაგრამ რამდენად დადებითად აისახება სახელმწიფოს ასეთი დამოკიდებულება ბიზნესისადმი ქართულ ბიზნესგარემოზე, საკამათო საკითხია. საყურადღებო ისაა, რომ სწორედ ამ დროს დაიწყო ქვეყნის ეკონომიკის ლიბერალიზაციის ახალ ტალღაზე საუბარი, ამ დროს კი საგადასახადო პოლიტიკის გამკაცრება მიდის და არსებობს ინიციატივა საფინანსო პოლიციის აღდგენის თაობაზე. ნუთუ, ლიბერალიზაციის ტერმინის პოლიგლოტური ნიჭით დაჯილდოებული მთავრობის და მათზე მაღალი თანამდებობის პირების თარგმანი და განმარტება ასეთია. ნუთუ, სადმე, რომელიმე ქვეყანაში ლიბერალიზაცია რაიმე გაგებით გულისხმობს გამკაცრებას?!
თამარ ღლონტი
|