ნანახია: 769
"ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის"- ბიზნესმენებმა გაერთიანება გადაწყვიტეს! რამდენიმე დღეში საქართველოში ახალი ბიზნესგაერთიანება შეიქმნება. მათი ყრილობა ხუთშაბათს "ქორთიადრ-მარიოტში" გაიმართება. პირველი მსხვილი ბიზნესგაერთიანება კი გადამხდელთა კავშირის სახით 1998 წელს შეიქმნა, რომლის ხელმძღვანელიც ნიკო ლეკიშვილი იყო. ამ ორგანიზაციამ სახელი 2004 წელს შეიცვალა. გადამხდელთა კავშირის საფუძველზე კი "საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაცია" ჩამოყალიბდა. ფედერაციამ მოღვაწეობა 2007 წელს შეაჩერა. ბიზნესგაერთიანების ინიციატორები დღეს ამბობენ, რომ ეს გაერთიანება, ყველა ადრინდელი, თუ დღეს არსებული ბიზნესგაერთიანებებისგან განსხვავებით, უფრო მრავალწევრიანი და ბიზნესში არსებული იმ კონკრეტული პრობლემების აღმომფხვრელი იქნება, რომელიც აქამდე არსებობდა. მათი მიზანი ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის, ასევე ბიზნესსა და საზოგადოებას შორის ხიდის შექმნა იქნება. ბიზნეს-ასოციაციის შექმნის ინიციატივა ცნობილ ბიზნესმენებს ბანკი "რესპუბლიკას" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯოდმარეს ლაშა პაპაშვილს, ასევე ბიზნესმენთა ფედერაციის ყოფილ აღმასრულებელ მდივანს გიორგი ისაკაძეს ეკუთვნის. საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა, კომპანია "ვისოლის" პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ ახალი ბიზნესგაერთიანების შესახებ გაზეთ "ბანკები და ფინანსებს" შემდეგი განუცხადა: "ბიზნესის მიმართულებით ჩვენ გარკვეულ ვაკუუმს ვგრძნობდით და საქართველოში გვინდოდა ძალიან ეფექტური ბიზნეს-ასოციაცია შექმნილიყო, რომლის მთავარი მიზანი ბიზნესის მიმართულებით ობიექტური და კანონის ინტერესების დაცვა იქნებოდა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ეს ორგანიზაცია ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის ხიდი უნდა გახდეს, ხიდი იმასთან დაკავშირებით, თუ ბიზნესის როლი და ადგილი საზოგადოებაში რამდენად მნიშვნელოვანია. ძლიერი ბიზნესი ძლიერი ეკონომიკის არსებობის საწინდარია, ძლიერი ეკონომიკა კი მთავარი ფუნდამენტი და ქვაკუთხედი ძლიერი და სტაბილური ქვეყნისა". რაც შეეხება ანტიმონოპოლიურ სამსახურს, რომელიც ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი ბიზნესის განვითარების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, მასთან დაკავშირებით სოსო ფხაკაძე ამბობს, რომ "ანტიმონოპოლიური სამსახურის თაობაზე ვერ გეტყვით ვერაფერს, რადგან ეს უფრო დეტალურად განსახილველი თემაა და ასოციაციამ შეიძლება ამაში მონაწილეობა მიიღოს კიდეც. რაც შეეხება ზოგადად ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის არსებულ ურთიერთობებს, ბუნებრივია, ჩვენი ერთ-ერთი მიზანი ამ ურთიერთობების უფრო მეტი ნორმალიზაცია და ინსტიტუტიონალიზაცია იქნება. ესაა ჩვენი მთავარი ამოცანა, რის გამოც ვიკრიბებით, თუმცა ჩვენ სხვა მრავალი ამოცანა გვაქვს, რომელიც ჩვენს წესდებაში აისახება და ამ ამოცანების შესრულებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ჩვენ არ ველოდით ამდენი ორგანიზაცია თუ დაინტერესდებოდა ამ გაერთიანებით. ასზე მეტი ორგანიზაცია იყო მოსული. ეს კი დადებით მუხტს იძლევა, რომ ის საქმე, რასაც ჩვენ ხელი მოვკიდეთ, გავაკეთოთ". ხელისუფლების მხრიდან დახმარებასა და მხარდაჭერას ს.ს "მადნეულის" გენერალური დირექტორი გიორგი დევაძე ნამდვილად არ უჩივის და ოქროს ბიზნესში არსებული ყოველდღიური პრობლემების მოგვარების იმედს, ისევე როგორც სხვა ბიზნესმენები, ბიზნეს-ასოციაციის შექმნაზე ამყარებს, - "ჩვენი მოლოდინია ის, რომ შეიქმნას ერთობლივი პლატფორმა ბიზნესმენებისთვის, რომელიც ყველა იმ პრობლემას, საკითხს, მიზანს, რაც ჩვენს მუშაობაში წარმოიქმნება, გააერთიანებს. ჩვენ ამ გაერთიანებით შეგვიძლია ყველა ის წვრილმანი პრობლემებიც კი გადავჭრათ, რომელიც ყველა ბიზნესმენს აწუხებს. განსაკუთრებით მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს. ჩვენ თუ ამ პრობლემების გადაწყვეტაში ერთობლივ სისტემას შევიმუშავებთ, ვფიქრობ, ეს ყველა კომპანიას საქმეს ბევრად გაუადვილებს. საერთოდ ჩვენი მოლოდინია, რომ საქართველოში ბიზნეს გარემო შევცვალოთ, ბიზნესს გარკვეული სტიმული მივცეთ, რომ საერთო პლატფორმა გამოვიდეს. ხელისუფლების და ბიზნესის ურთიერთობას მე ჩემი კომპანიის მაგალითზე ვიტყოდი. ჩვენი კომპანია ძალიან დიდია, რომელიც საქართველოს ექსპორტის დაახლოებით 20 % უზრუნველყოფს და კრიზისის პირობებში, რომ არა სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა, მე ვიტყოდი, რომ ეს კომპანია, ალბათ, რამდენიმე თვის წინ არსებობას შეწყვეტდა. ეს იყო სრული მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან და არა როგორც პრივილეგირებულ კომპანიაზე, არამედ იმ დასაქმებული ხალხის მიმართ, რომელიც ჩვენს კომპანიაში მუშაობს". არსებობს თუ არა ხელისუფლების მიერ წახალისებული ბიზნესი ან ბიზნესმენები, როგორ აპირებს ახალი ბიზნესგაერთიანება თანამშრომლობას ხელისუფლებასთან და როგორ მოახერხებს მისგან არაკონტროლირებადი ორგანიზაციის ჩამოყალიბებას, ამ კითხვებზე ახალი ბიზნესგაერთიანების ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი ისაკაძე შემდეგნაირად პასუხობს: "ეს არის ერთად ყოფნა უკეთესი მომავლისათვის. მოლოდინი მაქვს, რომ აუცილებლად შედგება ეს ერთად ყოფნა. დარწმუნებული ვარ, ამდენი წარმატებული კომპანიის, მენეჯერის და ადამიანის ერთად ყოფნა იმას ნიშნავს, რომ უკეთესი მომავალი აუცილებლად შედგება. ნუ ჩავთვლით ისე, რომ ეს ორგანიზაცია იმისთვის იქმნება, რომ პრობლემებია. არის პრობლემები, მაგრამ ეს გაერთიანება უფრო მეტად უკეთესი მომავლისთვის, განვითარებისთვის იქმნება. დღეს ბიზნესები იმ მდგომარეობაში არიან, რომ მათ ახალი არეალი და ასპარეზი სჭირდებათ. ამ ორგანიზაციის მომავალი ნულოვანია, თუ მეორე მხარეც არ იქნება ჩართული. რა აქტივობაც თქვენ დაინახეთ დარბაზში, სადაც თითქმის ყველა კომპანია იყო წარმოდგენილი. თუ ანალოგიური სურვილები არ იქნება მეორე მხრიდანაც, ანუ სახელმწიფოს მხრიდანაც, ეს ბიზნეს-ასოციაცია უბრალოდ არ შედგება. ეს არაა რაიმე ბიზნესგაერთიანება, მას ჰქვია კავშირი იურიდიული ფორმის გამო, მაგრამ ის არის შექმნილი ბიზნესის განვითარებისთვის. ხელისუფლების მხრიდან წახალისებული ბიზნესმენები არ არის. მე მიმაჩნია, რომ წარმატებული და უნარიანი ადამიანები არსებობენ. არიან თუ არა ბიზნესმენები, რომლებიც ურთიერთობენ ხელისუფლებასთან, ამაზე ჩემი პასუხია, კი. ამ ბიზნესმენთა რაოდენობა კი მთელ ბიზნესმენთა საზოგადოებაში არის 99,9%. ანტიმონოპოლიურ სამსახურთან დაკავშირებით სულ ვცდილობ, რომ არ გავაკეთო კომენტარი, ერთი მიზეზის გამო. თითქმის ერთადერთი თემაა, როცა სუბიექტური ვარ. მე ვიყავი იმ ერთ-ერთთაგანი, ვინც ამ სამსახურის ხელმძღვანელი იყო და ამიტომ ვცდილობ, თავი შევიკავო. ისე კი დღევანდელი რეგულირების და ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში, რაც უფრო ნაკლები იქნება მარეგულირებლები, უკეთესია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ალალბედზე უნდა იყოს მიშვებული". ახალი ბიზნესგაერთიანების საწევრო გადასახადი, სადაც ასამდე კომპანია გაწევრიანდება, ჯერ ჩამოყალიბების ეტაპზეა და ერთი კვირის განმავლობაში ამ საკითხზე ბიზნესმენები ერთად ჩამოყალიბდებიან, რაზედაც ხუთშაბათს ყრილობაზე განაცხადებენ. ბიზნეს-ასოციაციის შექმნის ერთ-ერთმა ინიციატორმა, კომპანია "იუჯითის" ხელმძღვანელმა გიორგი ჭირაქაძემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა: "მთავარი მიზანი არის, რომ ქვეყანაში ეკონომიკა განვითარდეს, ბიზნესს უკეთესი გარემო ჰქონდეს და ბიზნესმენებმა ქვეყანაში განვითარების პოტენციალი, პერსპექტივები დაინახონ. ეს თავისთავად იმაში აისახება, რომ მეტი ადამიანი დასაქმდება. ბიზნესმენები მეტ პროექტებს განახორციელებენ, ასევე უფრო მეტი ინვესტიცია განხორციელდება, როგორც ადგილობრივი, ისევე უცხოური. ბანკები ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი როლის მატარებლები არიან. ისინი ჩვენი ასოციაციის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნებიან. ჩვენ ვხედავთ დიდ პერსპექტივას და წარმატებას, რომ ბიზნესებს დღეს რა პრობლემაც გააჩნიათ, მოგვარდეს. ამ საკითხებზე ვიმუშავებთ და შევეცდებით, რომ ჩვენ ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის ხიდი ვიყოთ. 4-5 წლის წინანდელი პერიოდი დღევანდელს რომ შევადაროთ, მიუხედავად ეკონომიკური კრიზისისა, რა თქმა უნდა, უკეთესია. მე მახსოვს, მაშინ ბიზნესი სულ სხვა მდგომარეობაში იმყოფებოდა, ვიდრე დღეს იმყოფება. 5-6 წლის წინ მაგალითად, როცა ნავთობის იმპორტი ხორციელდებოდა, ძალიან დიდი კონტრაბანდა იყო და ფაქტიურად ვერცერთი ადგილობრივი კომპანია სერიოზულ ბიზნესს ვერ აკეთებდა. დღეს კი ეს სიტუაცია შეცვლილია. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ბიზნესში ასეა. პრობლემებიც არის, მაგრამ მთავარი ისაა, რომ მომავალში უკეთესობა იყოს. დღეს რა პრობლემებიც არის ბიზნესში, ამის კომუნიკაცია უნდა მოხდეს. პრობლემები კი სახელმწიფომ და ბიზნესმა ერთდროულად უნდა გადაწყვიტონ. ბიზნესმენებს თავიანთი ინტერესი აქვთ, ანუ ბიზნესი განავითარონ და მოგება ნახონ. ამასთანავე სახელმწიფოს თავისი ინტერესი აქვს. ხანდახან ეს ინტერესები იკვეთება, ხანდახან კი არა. ჩვენ სწორი გზა უნდა ვიპოვოთ, რომ ეს ინტერესები დაბალანსდეს. ჩვენ თუ ბიზნესმენს 100% გადასახადებს გადავახდევინებთ, ხვალ ბიზნესი აღარ იქნება, მაგრამ არც ისე არ უნდა მოხდეს, რომ გადასახადები საეროდ არ გადავიხადოთ. ამიტომ ეს ერთობლივი საქმეა და ამისთვის შესაძლებლობები არსებობს, რომ ყველაფერი სწორად და ერთობლივად მოხდეს. ზოგადად კი მთავრობის დამოკიდებულება ჯანსაღი და ობიექტურია. მათ ბიზნესის განვითარების სურვილი აქვთ და ბოლო წლების განმავლობაში ეს ჩანს კიდეც. თუმცა პრობლემები არის და საკითხები, რომელიც უნდა დაისვას. ჩვენ ვაპირებთ დიალოგის რეჟიმში კონსტრუქციულად, ყველანაირი კრიტიკის გარეშე ვიმუშაოთ. მთავარია ერთობლივად კვეთის წერტილები ვიპოვოთ, სადაც რაიმეს გავაკეთებთ. ანტიმონოპოლიურ სამსახურს სხვადასხვა მხარე აქვს. მაგალითად, არის ქვეყნები, სადაც ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა გაამართლა, არის ქვეყნები, სადაც ვერ გაამართლა. ამ შემთხვევაში ეს ძალიან კონკრეტული საკითხია, რადგან არის სფეროები, სადაც ბიზნესის რეგულირება გაცილებით უკეთეს შედეგს იძლევა, ასევე არის სფეროები, სადაც საჭიროა კი არა, პირიქით, ხელისშემშლელია. ანტიმონოპოლიური სამსახური ძალიან კონკრეტული საკითხია და სანახავია კონკრეტულად რა სფეროს ეხება. ჩვენ ამ საკითხზე ცალ-ცალკე ვიმუშავებთ. ჩვენს რეკომენდაციებს შევთავაზებთ სახელმწიფოს, ესეც, რასაკვირველია, ბიზნესმენების ერთობლივი საქმიანობა იქნება. ამაზე ვისაუბრებთ და შევთანხმდებით".
ადა ექიზაშვილი
|