ნანახია: 974
ამ დღეებში "საქართველოს მწვანეთა პარტიამ" "ჰაიდელბერგცემენტკავკაზუსთან" მიღწეული შეთანხმების შესახებ პრესკონფერენცია გამართა. "საქართველოს მწვანეთა პარტიას" კასპის აღშფოთებულმა მოსახლეობამ არაერთხელ მიმართა. კასპის რაიონში არსებული ცემენტის გადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც არც თუ ისე დიდი ხანია ფუნქციონირებს, ადგილობრივ მოსახლეობას დიდი პრობლემების წინაშე აყენებს. "ჰაიდელბერგცემენტ-ჯორჯიაში" შემავალი საწარმოების მიერ შესრულებული სამუშაოების შედეგად ძალზე ბინძურდება გარემო და საწარმოთა მიმდებარე ტერიტორია, გამოიყოფა და 12 კილომეტრის რადიუსზე ვრცელდება ძლიერი ხმაური, რაც მოსახლეობის ჯანმრთელობაზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს. მოსახლეობამ არაერთხელ მიმართა ქარხნის დირექტორს, რათა ქალაქის შუაგულში არსებულ ცემენტის ქარხანას დაეცვა სანიტარულ- ჰიგიენური ნორმები. თუმცა მათ წერილობით თუ სიტყვიერ თხოვნას ჯერ შედეგი არ მოჰყოლია. "საქართველოს მწვანეთა პარტიის" განცხადებით "ჰაიდელბერგცემენტკავკაზუსის" საწარმოების მუშაობით დარღვეულია კონსტიტუციის 37-ე მუხლი და "გარემოს დაცვის შესახებ" კანონში ასახული მოსახლეობის უფლებები: "ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი და კულტურული გარემოთი". ასევე ირღვევა საქართველოს კანონი "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ". "საქართველოს მწვანეთა პარტიის" განცხადებას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროც გამოეხმაურა. მოსახლეობის განცხადებით, თუ სიტუაცია მათი უფლებების დარღვევის შესახებ არ გამოსწორდება, ისინი ცემენტის გადამამუშავებელი ქარხნის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანენ. უკიდურეს შემთხვევაში კი მოსახლეობა გერმანიაში არსებული სათაო ოფისის წინააღმდეგაც იჩივლებს. "პირობა მოგვცეს, რომ სიტუაციას 2 თვეში გამოასწორებენ და ჩვენ ამ ორ თვესაც დაველოდებით, თუ არადა, გარდა სარჩელის აღძვრისა, ჩვენ გზებსაც გადავკეტავთ და ისე შევაჩერებთ ქარხნის მუშაობას. ჩვენს რაიონში ადამიანები ძალიან დაავადნენ. უკვე 20 წლის ახალგაზრდასაც კი წნევა აწუხებს. 18 მინი ცემენტის ქარხანა ძალიან მძიმე სიტუაციას ქმნის. ახლა მეტეხში საბურავების დამამზადებელ ქარხანასაც ხსნიან. 8 თვე სახლიდან იძულებით წასვლა მომიწია, რადგან სუნთქვა და ხმაურის გაძლება აღარ შემეძლო. ეს ნამდვილი წამებაა," - აცხადებს კასპის რაიონში მცხოვრები გიული ოჩიშვილი. აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით გაზეთი "ბანკები და ფინანსები" გარემოს დაცვის სამინისტროს დაუკავშირდა. "პირველ რიგში ის უნდა იყოს გათვლილი, რომ ეს ქარხანა გერმანელი მფლობელების არის და მათ მემორანდუმს მოაწერეს ხელი, მათ აიღეს ვალდებულება დაემონტაჟებინათ ახალი ელექტროფილტრები თავისი გამწმენდებით. "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიამ" შეასრულა ეს მოთხოვნა და ორივე ქარხანაში ფილტრი დამონტაჟებულია, რომელიც 99% -ით ძირითად დამაბინძურებელ მტვერს აკავებს. აქედან გამომდინარე, კომპანია ჯერ-ჯერობით თავის ვალდებულებებს სრულად ასრულებს. თავიდანვე იყო ეს ფილტრები გათვალისწინებული, მაგრამ როცა ინვესტორი შემოდის, მას გარკვეული დრო აქვს, რომ კომპანიაში ინვესტიცია ჩადოს. ამის ძირითადი განმკარგველი თვითონ გარემოს ზემოქმედების შეფასება და მემორანდუმი იყო, რომელიც თვითონ კომპანიამ დადო სამინისტროსთან. "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას" ამისთვის გარკვეული დრო მიეცა, რომ თავისი ვალდებულება შეესრულებინა. ეს კომპანია თავის ვალდებულებას სრულად ასრულებს. მე პირადად და ჩვენს სამინისტროს არანაირი კონკრეტული ინფორმაცია არ გვაქვს, თუ მოსახლეობას რა მოთხოვნები და რა პრეტენზიები აქვს. მათ ჩვენ პირადად უნდა მოგვმართონ შესაბამისი მტკიცებულებებით და დოკუმენტებით. ცემენტის კომპანია ყოველთვის სამინისტროსთან შეთანხმებით დგამს ნაბიჯებს. მოსახლეობა ჩივის თუ არა, ჩვენთვის ეგაც არაა ცნობილი, რადგან ჩვენ ვთვლით, რომ დღეისათვის მაქსიმალურად ყველაფერი გაკეთებულია და თუ რამე საჩივარი არსებობს, ამის შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდონ. მერე სამინისტრო ამ მოთხოვნებს განიხილავს. რეალურად ქარხანა იქ უნდა იყოს თუ არა, ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ის ეკონომიკურ-სოციალური სტაბილურობის ერთ-ერთი გარანტია. ვინაიდან ვფიქრობ იქ ხალხია დასაქმებულია. როცა მოსახლეობა ჩიოდა იმის თაობაზე, რომ ფილტრები არ იყო, ჩვენ ეს შევასრულეთ. კომპანია მაქსიმალურს აკეთებს და გარემოს სამინისტროც მონიტორინგს აწარმოებს. უდავოდ სწორია რომ ჯანმრთელობის საკითხი უპირველესია. ჩვენ კონკრეტული საჩივრების შემოსვლა გვჭირდება სამინისტროში. ჩვენთან საჩივრები, რომელიც შემოვიდა განვიხილეთ და მოგვარდა. თუU კიდევ რამე საჩივარი არის, ჩვენ მასაც განვიხილავთ," - აცხადებს მიხელ თუშიშვილი, გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. "ჰაიდელბერგცემენტის" პრეს-სამსახურის ნინო სუბელიანის განცხადებით: "ჰაიდელბერგცემენტმა" ეკოლოგიური პრობლემების გადასაჭრელად 12 მილ. ევროს ინვესტიცია განახორციელა. საქცემენტის 2 ქარხანაში, კასპსა და რუსთავში ფილტრები დაამონტაჟა, რისი მეშვეობითაც დამტვერიანება პრაქტიკულად 0% - მდე დავიდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი კომპანია ნამდვილად ზრუნავს გარემოს დაცვის საკითხებზე".
ადა ექიზაშვილი
|