ნანახია: 791
ქართველ მძღოლებს ახალი სადარდებელი გაუჩნდათ. ისინი ახლა მსოფლიო ბირჟებზე ნავთობის ფასის ცვლილებას დიდი გულისყურით აკვირდებიან და იმედი აქვთ, რომ საზღვარგარეთ ნავთობპროდუქტებზე ფასის შემცირება ოდესღაც საქართველოშიც ჰპოვებს ასახვას. საინტერესოა, რომ უკვე ერთ წელიწადზე მეტი იქნება, რაც მსოფლიო ბაზარზე ნავთობმა პერმანენტული ზრდა, როგორც იქნა, შეწყვიტა და გაიაფება დაიწყო. მართალია, იგი ისეთ დაბალ ნიშნულს როგორიც 1990-იან (ან უფრო ადრინდელ) წლებში იყო არ დაბრუნებია და ნაკლებსავარაუდოა, რომ ეს როდესმე მოხდეს, მაგრამ არც იმ რეკორდებს ხსნის, რაც 2008 წელს ხდებოდა. მიუხედავად მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის გაიაფებისა, ეს საქართველოს ადგილობრივ ბაზარზე ნაკლებად აისახა. ნავთობის ფასები მსოფლიო ბირჟებზე განუწყვეტლივ, ზევით თუ ქვევით იცვლება, რატომღაც საზღვარგარეთ ბენზინზე ფასის ცვლილება ქართულ ბაზარზე ან არ აისახება ან ძალიან გვიან იწვევს ასახვას. საზოგადოების მრავალჯერადი მოთხოვნისა და პროტესტის მიუხედავად, ნავთობიმპორტიორი კომპანიები ყურის შეფერთხვასაც არ აპირებენ და საკუთარი არარეალური საფასო პოლიტიკის გამართლებას, ისევ მათივე შექმნილი `ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირის~ მიერ გაკეთებული განცხადებებით ცდილობენ. რომლებიც, რა თქმა უნდა, გულისამაჩუყებლად აცხადებენ, თუ რაოდენ ბევრი ხარჯი აქვთ გასაწევი საცოდავ ნავთობიმპორტიორ კომპანიებს, თუ როგორ დაბალ მოგების მარჟაზე მუშაობენ, რომელიც დაახლოებით 5-დან 10%-მდე მერყეობს. საინტერესოა, კიდევ ერთი არგუმენტი, რითაც ნავთობიმპორტიორი კომპანიები, საქართველოში ნავთობზე მაღალ ფასებს ამართლებენ. მათი განცხადებით ნავთობის ფასის მსოფლიო ტენდენციების ადეკვატურად საფასო პოლიტიკას ვერ განსაზღვრავენ, ვინაიდან საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტი საშუალოდ 1-1,5 თვეში ხდება. საკითხავია, რატომ ერთხელ მაინც არ დაემთხვა, რომ საზღვარგარეთ იაფად ნაყიდი ნავთობის მეშვეობით მსოფლიო ფასებისაგან განსხვავებით, საქართველოში ნავთობპროდუქტების გაძვირება ერთი თვის მანძილზე არ მომხდარიყო. მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაძვირებას საქართველოში ნავთობიმპორტიორი კომპანიები მალევე უწყობენ ფეხს, ხოლო გაიაფების შემთხვევაში, ყოველთვის ერთი და იგივე არგუმენტები მოჰყავთ, რომ მათ 1-1,5 თვის მარაგი აქვთ და პროდუქტს ვერ გააიაფებენ. ნავთობიმპორტიორმა კომპანიებმა და მათმა მხარდამჭერებმა, ხმა აიმაღლეს 2008 წლის საქართველოში ლარის ნახტომისებრი გაუფასურების გამო. მათი განცხადებით, რომ არა ეს ფაქტი, ნავთობი გაცილებით, 15-20 თეთრით იაფი ეღირებოდა. ლარის მოულოდნელი და ნახტომისებრი, ერთბაშად 18%-ით გაუფასურება, რომ ჩვენი ქვეყნის მონეტარული პოლიტიკის ერთ-ერთი კრახი იყო, გასაგებია, მაგრამ აქვე არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ 2008 წლის ზაფხულამდე რამდენიმე წლის მანძილზე ლარი პერმანენტულად სრულიად გაუმართლებლად მყარდებოდა, რაც ისევ და ისევ იმპორტიორების და მათ შორის ნავთობიმპორტიორების წისქვილზე ასხამდა წყალს. არ შეიძლება არ აღინიშნოს ისიც, რომ ლარის პერმანენტულ გამყარებას თან ახლდა ქვეყანაში არსებული მაღალი ინფლაცია, რაც კიდევ ერთი ხელშემწყობი და ნავთობიმპორტიორთათვის დამატებითი ფინანსური სარგებლის მომტანი პროცესი იყო. ძნელად თუ ვინმე გაიხსენებს ისეთ ფაქტს, რომ ლარის გამყარებისა და მაღალი ინფლაციის პერიოდში ნავთობიმპორტიორ კომპანიებს დიდი სოციალური პასუხისმგებლობა გამოეჩინათ და მსოფლიო ნავთობის ბაზარზე არსებული ღირებულების შესაბამისი საფასო პოლიტიკა ეწარმოებინათ. ასე რომ, ის განცხადებები, რითაც ნავთობიმპორტიორები ქართველების ნუგეშს ცდილობენ, საფუძველს მოკლებულია. ძალზედ სამწუხაროა და ჩვენი ქვეყანა რომ ნამდვილი სახელმწიფო იყოს, დაუშვებელიც კი იქნებოდა ის საფასო პოლიტიკა, რასაც უკვე რამდენიმე წელია ნავთობიმპორტიორი კომპანიები საქართველოში ატარებენ. ინფორმაციისათვის მინდა აღვნიშნო, რომ ნავთობპორდუქტებზე ფასის მინიმალური ზრდაც კი ქვეყნის მთელს ეკონომიკაში ინფლაციისა და სხვა პროდუქტებზე ფასების ზრდას იწვევს. ის 280 პროდუქტი, რომელიც სამომხმარებლო კალათაში მოისაზრება და რომლებზეც ფასის ცვლილების მიხედვით ქვეყანაში ინფლაციის გაანგარიშება ხდება, ნავთობზე ფასის მიმართ ძალზედ ელასტიურია. იმის გათვალისწინებით, რომ წარმოუდგენელია ქვეყანაში რაიმე სახის პროდუქტი იწარმოებოდეს, რომელსაც დისტრიბუცია არ სჭირდება, რაც თავისთავად ნავთობზე მის დამოკიდებულებას ზრდის. ენეგრომატარებლებზე და მათ შორის ნავთობზე ფასის ზრდა ქვეყანაში ინფლაციის ზრდის პირველი მასტიმულირებელია. ხოლო თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში ნავთობპროდუქტების ფასი ადეკვატურ ღირებულებაზე გაცილებით მაღალია, თავისუფლად შესაძლებელია ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთ მთავარ ხელშემშლელად სწორედ მისი იმპორტიორები მივიჩნიოთ. ასეა თუ ისე, საქართველოში კვლავ მიმდინარეობს უბრალო ხალხის მძარცველი ის პოლიტიკა, რაც წლების განმავლობაში არ შეწყვეტილა. თუ ამას ეძახის პრეზიდენტი ლიბერალიზაციას, რომ კერძო კომპანიებმა საზოგადოების ხარჯზე ჯიბეები გაისქელონ, მაშინ ჯობია ლიბერალიზაციის ახალი ტალღა არც განახორციელოს. ხოლო თუ პრემიერი ბიზნესისთვის დამატებითი ბარიერების შექმნას იმიტომ არ აპირებს, რომ ნავთობიმპორტიორებს არ შეეშალოთ ხელი, მაშინ სირცხვილია, რომ საქართველოში ვინმემ ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციაზე ისაუბროს, რადგან ამ ორი ორგანიზაციის წევრი ვერასოდეს გახდები, თუ საკუთარი ხალხის უფლებებზე არ იზრუნებ. ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება საქართველოში მოქმედი ნავთობიმპორტიორი კომპანიების მიმართ, მაგრამ ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. მკითხველის ყურადღებას კიდევ ერთ ფაქტზე შევაჩერებ, რომელიც, ალბათ, თვითონაც ხშირად ექნება შემჩნეული. ნავთობიმპორტიორ კომპანიებს რატომღაც თითქმის ერთნაირი ფასები აქვთ და მათ გაზრდასა და შემცირებას (თუ ასეთი ოდესმე ხდება) ერთ ხმაში ახდენენ. ასე რომ, ნავთობიმპორტიორი კომპანიები კვლავ უდარდელად აგრძელებენ უბრალო ხალხის გამღატაკებელ და მთელი ქვეყნის ეკონომიკის დამანგრეველ პოლიტიკას. ძნელია მათ რამეში შეედავო, რადგან ქვეყანაში არ არსებობს ისეთი პირი, კანონი ან ორგანო, რომელიც მას არარეალურად მაღალ ფასად პროდუქციის გაყიდვას აუკრძალავს. თუ არ გინდათ ამ ფასად პროდუქტის შესყიდვა, მაშინ ნუ იყიდით, მარტივად ეტყვიან მათ წინააღმდეგ ამხედრებულ ხალხს, რომლებიც იძულებული არიან, რომ ნავთობპროდუქტები მოიხმარონ.
მერაბ ჯანიაშვილი
|