,,იაფი კრედიტი"-ს პროგრამა პირველად 2008 წელს განხორციელდა, რომლითაც საქართველოს მთავრობა კარგა ხნის განმავლობაში თავს იწონებდა და ახლაც იწონებს. მათი აზრით, ეს პროგრამა წარმატებით განხორციელდა და ამიტომ ის 2009 წელსაც გაგრძელდება, თუმცა წელს მხოლოდ 20 მლნ. ლარია გამოყოფილი ამ პროგრამისთვის.
2009 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში უკვე დაფინანსდა პროექტები სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროებში, კრედიტები გაიცა გადამამუშავებელი მრეწველობის განვითარებისთვის.
აღსანიშნავია, რომ 2009 წელს "იაფი კრედიტის" პროგრამის მომსახურე ბანკების შერჩევის მიზნით კონკურსი გამოცხადდა, სადაც "ვითიბი ბანკი ჯორჯიამ", "ბაზისბანკმა", "სახალხო ბანკმა" და "ბითიეი ბანკმა" გაიმარჯვეს.
თუმცა, "იაფი კრედიტის" სახელმწიფო პროგრამას კვლავ მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს, - ნათქვამია საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 სექტემბრის დადგენილებაში.
მიუხედავად იმისა, რომ ,,იაფი კრედიტის," პროგრამით რამდენიმე მცირე ბიზნესი დაფინანსდა. ის არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს მათ, ვინც სესხი ჩვეულებრივი პირობებით აიღეს, ეს კი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს ეწინააღმდეგება. ამის მიუხედავად მთავრობამ გადაწყვიტა, იაფი კრედიტისთვის გამოყოფილი სახსრები თვითონ გაანაწილოს და არა კერძო კომპანიებმა, რომლებიც ამას მეტნაკლებად კონკურენტულ გარემოში გააკეთებდნენ.
როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, პროგრამის ფარგლებში შერჩეულ ბენეფიციარებთან ფონდი საკრედიტო ხელშეკრულებას გააფორმებს და განახორციელებს პროგრამის დოკუმენტურ მონიტორინგს. ,,იაფი სესხის" პროგრამაში მონაწილე კომერციულ ბანკებს "ბაზისბანკს", "ვითიბი ბანკ ჯორჯიას" და "სახალხო ბანკს" იაფი კრედიტების გაცემის უფლება ჩამოერთვათ.
პროექტების შერჩევას საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები ახორციელებენ.
იაფი კრედიტის პროგრამიდან ბანკების გამოთიშვის ერთ–ერთ მიზეზად ეკონომიკის სამინისტროში მათ მიერ კრედიტის გაძვირებას ასახელებენ. გადაწყვეტილების შესახებ ბანკებისთვის ოფიციალურად ჯერ არ უცნობებიათ.
იაფი სესხის პროგრამის ფარგლებში ბანკებში 300–მდე განცხადება იყო შესული, რომელთა ბედი ჯერჯერობით გაურკვეველია.
აქვე ცნობილი ხდება, რომ იაფი სესხის წლევანდელი პროგრამა ძირითადად რთველზე იქნება ორიენტირებული. პროგრამისთვის გათვალისწინებული 20 მილიონი ლარიდან 13,2 მილიონი ლარის კრედიტი 100%–ით პროცენტით სახელმწიფო საკუთრებაში მყოფ ორ კომპანიას – "რთველი 2008"-ს და "აკურას" გადაუნაწილდა.
"რთველი 2008"-მ 7,5, ხოლო "აკურამ" 5,7 მილიონი ლარი მიიღო. 400 ათასი ლარის კრედიტი ღვინის კომპანია "გურჯაანი 1929"-ს გადაეცა, დარჩენილი თანხა კი განსაზღვრულია მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სასაკლაო მეურნეობებისა და ხილისა და ბოსტნეულის შესანახი მეურნეობების მოსაწყობად.
გოგა აბრამიშვილი