ნანახია: 2242
თავის დროზე, ქართულ ბაზარზე მიკროფინანსებით დაინტერესებული ეს საკრედიტო ინსტიტუტი მალევე იქცა ბაზრის მნიშვნელოვან ფიგურანტად. 10 წლის განმავლობაში ბანკის მხრიდან მცირე და საშუალო ბიზნესზე აქცენტირებამ, საყოველთაო აღიარებით, მნიშვნელოვანი სტიმული მისცა ქვეყანაში ამ უმნიშვნელოვანესი მიმართულების განვითარებას. 10 წლის შემდეგაც ინტერესის ძირითადი სფერო და მიმართულება იგივეა - მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტება, თუმცა, საქმიანობის მასშტაბი საგრძნობლადაა გაზრდილი. დღეს "პროკრედიტ ბანკ საქართველოს" ქვეყანაში ლიცენზირებულ და მოქმედ ბანკებს შორის აქტივების მიხედვით მეოთხე პოზიცია უჭირავს და ერთ-ერთია იმ იშვიათ გამონაკლისთაგან, ვინც ომისა და კრიზისის გამოძახილს ნაკლები, შეიძლება ითქვას, უმნიშვნელო დანაკარგებით გამოსცდა. რა მიდგომებით, რა ბიზნეს-ფილოსოფიით აგრძელებს ოპერირებას ბაზარზე "პროკრედიტ ბანკი". 10 წლის თავზე ხომ არ შეიცვალა მისის პრიორიტეტები, ხომ არ ფიქრობენ აქტივების სხვა ბიზნესებშიც დაბანდებას... ამ და სხვა მნიშვნელოვან პროფესიულ საკითხებთან დაკავშირებით "ბ&ფ" "პროკრედიტ ბანკი საქართველოს" გენერალურ დირექტორს ფილიპ პოტს ესაუბრა. - ბატონო ფილიპ, როგორ შეაფასებთ ქართულ საბანკო სისტემაში არსებულ მდგომარეობას, როგორ გადაიტანა ამ სისტემამ ის გამოწვევები, რაც მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს, ქართული ეკონომიკის სირთულეებიდან და გართულებულ საგარეო თუ საშინაო პოლიტიკურ სიტუაციას მოჰყვა. რამდენად მოახერხა პროკრედიტბანკმა ამ არაორდინალურ ვითარებაში განვითარების სტრატეგიის შენარჩუნება? - მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა, რომელიც შემდგომ ეკონომიკურ კრიზისში გადაიზარდა, ბუნებრივია, თავისი ასახვა ჰპოვა ქართულ რეალობაზე და მათ შორის საბანკო-საფინანსო სექტორზეც. ჩვენ ყველანი ამას ვხედავდით და ვხედავთ. ამ პროცესს თან დაერთო შარშან აგვისტოს ომის დროს ბანკებიდან დეპოზიტების გადინების რამდენიმედღიანი მონაკვეთი. ამ კრიზისმა და დაცემამ თავისი ნეგატიური შედეგი გამოიღო, მაგრამ, საბედნიეროდ, დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ ვითარება გამოსწორებულია და რომ საბანკო სექტორმა ძალები აღიდგინა. დეპოზიტების ზრდის დადებითი ტენდენცია სახეზეა, სექტორი კვლავ ჩვეულად ემსახურება ბიზნესს და აფინანსებს რეალურ და გამართულ საკრედიტო პროექტებს. სექტორის ლიკვიდობის მაჩვენებელი კვლავ მაღალია და აღარც მოსახლეობის მხრიდან ნდობის დეფიციტი შეინიშნება. კონკრეტულად ჩვენთვის, "პროკრედიტ ბანკ საქართველოსთვის", ეს ბუნებრივი ფორს-მაჟორი ერთგვარ კარგად მოდელირებულ პირობით სიტუაციად იქცა, რომელშიც ნათლად გამოჩნდა ჩვენი მუშაობისა და განვითარების სტრატეგიის სუსტი და ძლიერი მხარეები. სიამაყით ვიტყვი, რომ ძლიერი მხარეები გაცილებით მეტი აღმოგვაჩნდა. ჩვენ არ შეგვიწყვიტავს კლიენტთა მომსახურება, არ შეგვქმნია ლიკვიდობის პრობლემა. ბანკი ყველა საანგარიშო პერიოდს, იქნება ეს თვე, კვარტალი თუ წელი, სოლიდური მოგებით ამთავრებს. ჩვენმა ორიენტირებამ მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაზე, ანუ რეალური ეკონომიკის დაკრედიტებაზე, თავისი შედეგი გამოიღო. "პროკრედიტ ბანკმა" ეს მძიმე ტესტი, რასაც კრიზისისა და ომის შედეგებთან ბრძოლა და მათი დაძლევა ჰქვია, წარმატებით ჩააბარა. ამაზე მეტყველებს სტატისტიკა და ამას ჩვენი კლიენტებიც დაადასტურებენ. რაც შეეხება ბანკის განვითარების სტრატეგიაში შეტანილ კორექტივებს, ამ კუთხით ერთადერთი ის არის, რომ თუკი კრიზისამდე და ომამდე ჩვენ წელიწადში 10-15 ფილიალით ვაფართოებდით ქსელს, ახლა ამ მიმართულებით ფართო ინვესტირების უფლებას თავს აღარ ვაძლევთ და შესაძლოა წელს დაახლოებით 2-3 ახალი ფილიალი გავხსნათ. აქვე უნდა ითვას, რომ უარი არ გვითქვამს დაგეგმილ პროექტზე და სწორედ ომის შემდეგ და კრიზისის პირობებში დავიწყეთ ინვესტირება ბანკის ახალი სათაო ოფისის მშენებლობაში, რომლის დასრულებაც 2011 წლისთვისაა ნავარაუდევი და რომლის ღირებულებაც დაახლოებით 20 მილიონი დოლარია. ბუნებრივია, ამ მასშტაბის პროექტს ბანკი არ განახორციელებდა, რომ არ ჰქონდეს გარანტირებული მოლოდინი იმისა, რომ ბანკის ფინანსურ მდგრადობას ასეთი მასშტაბური პროექტი არანაირ საფრთხეს არ შეუქმნის. უფრო პირიქით - ეს პროექტი, ახალი და ახლებური, თანამედროვე სათაო ოფისის მშენებლობა, დარწმუნებული ვარ, მთლიანობაში, დადებითად აისახება ბანკის იმიჯზე. - სექტემბრის დასაწყისიდან საბანკო სისტემაში ერთგვარი გამოცოცხლება შეინიშნება. "საქართველოს ბანკმა" შეამცირა საპროცენტო განაკვეთები მიკრო სესხებზე და გაზარდა იპოთეკური სესხების ლიმიტები; ანაბრების ზრდის გამო სესხების გაცემის პროცედურა "თი ბი სი ბანკმაც" გაამარტივა; ბიზნესსესხებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირების შესახებ "პროკრედიტ ბანკმაც" მიიღო გადაწყვეტილება. მეორეს მხრივ, "კრედიტინფოს" "შავ სიაში" ჩანაწერების რაოდენობა კვლავ ყოველთვიურად მატულობს. წამყვანი ბანკების ეს გადაწყვეტილება თითქოს თანხვედრაში არ არის რეალობასთან. ფიქრობთ თუ არა ასე და, თქვენი შეფასებით, რამ გამოიწვია ეს ტენდენცია? - ეს ტენდენცია ბაზარზე შექმნილმა კონიუნქტურამ გამოიწვია, როცა ფრთხილად, მაგრამ შესამჩნევად, ბიზნესმა დაიწყო მოლოდინის რეჟიმიდან აქტიურ მოქმედებაზე გადასვლა. ჩვენ გამოვეხმაურეთ ეკონომიკური გარემოს სტაბილურობას და უკვე სექტემბრიდან დოლარსა და ევროში გასაცემ ბიზნესსესხებზე საპროცენტო განაკვეთი შევამცირეთ. ჩვენ უკვე კარგად შევისწავლეთ ჩვენი კლიენტების მუშაობის სპეციფიკა კრიზისის პირობებში. მინდა გითხრათ, რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობა მედეგი აღმოჩნდა ამ გამოწვევების მიმართ. მათ ბიზნესიც და ბანკის წინაშე ვალდებულებებსაც ემსახურებიან. ბანკიც, ყველა შემთხვევაში, მათ გვერდით არის. ჩვენ ერთად ვაფასებდით რეალურ თუ პოტენციურ რისკებს და ბიზნესის ინტერესების შეაბამის გადაწყვეტილებებს ვიღებდით. ახლა ამ გადაწყვეტილებებში თამამები შეგვიძლია ვიყოთ, რამდენადაც რისკ-ფაქტორებმა რაოდენობასა და ხარისხში შემცირება დაიწყეს. ამის დადასტურებაა ისიც, რომ სულ რამდენიმე კვირაა, რაც პროკრედიტ ბანკს" Fitch Ratings - მა რეიტინგი გაუუმჯობესა BB-მდე. ეს ის საფეხურია, სადაც შარშან აგვისტომდე ვიყავით. დღეს ეს რეიტინგი ყველაზე მარალია ქართულ ბანკებს შორის. ეს წარმატება მე იმედს მაძლევს, რომ ბანკს უფრო გაუადვილდება შედარებით იაფი საკრედიტო რესურსის მოზიდვა და შესაბამისად, მეტი შესაძლებლობა გვექნება, რათა ბაზარს უფრო კონკურენტული პირობებით, ანუ უფრო გაიაფებული საკრედიტო პროდუქტები შევთავაზოთ. - ექსპერტებისა და ანალიტიკოსების ერთი ნაწილის შეფასებით, საბანკო სისტემაში სერიოზული პრობლემების ნიშნები ჯერ კიდებ 2008 წლის მაისის ბოლოს გაჩნდა, მაშინ აგვისტოს ომის პროგნოზირებაც კი არ ხდებოდა და არც მსოფლიო ფინანსური კრიზისი გახლდათ ბოლომდე გაღვივებული. მათ შეფასებით, ამ მოვლენებს ლაკმუსის ქაღალდის ეფექტი ჰქონდათ, რომლებმაც საბანკო სისტემის განვითარების საფუძველში არსებული პრობლემები გამოაჩინა და გაამწვავა. თქვენი აზრით, მართებული იყო თუ არა ბანკების აგრესიული საკრედიტო პოლიტიკა 2008 წლის მაისამდე, როდესაც სხვადასხვა სახის საკრედიტო პროდუქტის შეთავაზება მოსახლეობისთვის ლამის საცხოვრებელ სახლებში ხდებოდა; თქვენი აზრით, იყო თუ არა რეალურად ეკონომიკიდან იმ მოცულობის მოთხოვნა, როგორიც იმხანად ბანკების მიერ სტიმულირებულ საცალო მიწოდებაში დაფიქსირდა? - უნდა დაგეთანხმოთ, რომ საბანკო ბაზრის ზრდის ტემპი 2008 წლის აგვისტომდეც შენელების ტენდენციით ხასიათდებოდა. მთავარი იყო ის, რომ სისტემის საკრედიტო პორტფელი მოზიდულ დეპოზიტებთან შედარებით გაცილებით სწრაფად იზრდებოდა. საჭირო გახდა ამ შეუსაბამობის კორექტირება. ფაქტია, რომ იმ აგრესიულმა პოლიტიკამ. როცა ბანკები ძალიან ლიბერალურად გასცემდნენ სესხებს, ძირითადად, სამომხმარებლო დანიშნულებით, საბოლოო ჯამში, მსესხლებლებსაც პრობლემა შეუქმნა და ბანკებსაც. დღეს ბანკებს სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი აქვთ. შესაბამისად, ნაკლები რესურსი რჩებათ რეალური ეკონომიკის დასაკრედიტებლად. ჩვენ შემთხვევაში ასე არ მოხდა, რადგან თქვენს მკითხველს ემახსოვრება, ჩვენ ყოველთვის უარს ვამბობდით სამომხმარებლო დაკრედიტებაზე, განვადების პროდუქტებზე და საკრედიტო ბარათების ემიტირებაზე. ჩვენ მუდამ ორიენტირებულნი ვიყავით ბიზნესის ხელშეწყობაზე და იმავდროულად დიდ ყურადღებას ვაქცევდით დაგროვების კულტურის ამაღლებას ჩვენხ მომხმარებლებში. საერთოდაც, ჩვენ ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ არც ქვეყანა და არც ერთმა ცალკე აღებულმა ადამიანმა არ უნდა დახარჯოს იმაზე რამდენჯერმე მეტი, ვიდრე ეს მას იმ მომენტისათვის გააჩნია. ამ მოსაზრებიდან გამომდინარე, ჩვენ ყოველთვის თავს ვიკავებდით აგრესიული საკრედიტო პოლიტიკისგან. უფრო დინჯ მაგრამ კარგად აწონილ-დაწონილ პოლიტიკას ვახორციელებდით. სხვათა შორის, სამომხმარებლო კრედიტების ბუმის პერიოდში, ანუ 2006-2008 წლებში ჩვენი წილი ბაზარზე შემცირდა. თუ მთლიანად საბანკო სექტორი 70%-იან წლიურ ზრდას უჩვენებდა ჩვენი ბანკი მხოლოდ 30%-ით იზრდებოდა. სადღეისოდ უკვე სხვა პროცესს ვხედავთ, - გასული წლის შემოდგომიდან მოყოლებული პროკრედიტ ბანკის საბაზრო წილი სტაბილურად იზრდებოდა. ბოლო თორმეტი თვის განმავლობაში პროკრედიტ ბანკმა საბაზრო წილი 8%-დან 10%-მდე გაზარდა როგორც ანაბრების, ასევე კრედიტების ნაწილში. ასეთია რეალობა, რომელიც მე, როგორც "პროკრედიტ ბანკის" მენეჯერს, ცხადია, მეამაყება. ამ პოლიტიკამ კონკრეტული შედეგი გამოიღო: ოცდაათ დღეზე მეტი ხნით ვადაგადაცილებული კრედიტები დღეს ჩვენი პორტფელის 3%-ზე ნაკლებს შეადგენს. ეს თითქმის იგივე მაჩვენებელია, რაც 2006-2007 წლებში გვქონდა. თქვენ "კრედიტ ინფო" ახსენეთ საუბარში. ეს ორგანიზაცია ბანკების მონაწილეობითაა დაფუძნებული და მასში თავმოყრილი ინფორმაცია ბანკებს ძალიან უუიოლებს ამა თუ იმ მსესხებელთან დაკავშირებით შემდგომი სწორი გადაწყვეტილების მიღების პროცესს. ცხადია, ომმა და კრიზისმა მსესხებლების გადახდისუნარიანობას დიდი დარტყმა მიაყენა, მაგრამ ჩვენ თითოეულ მათგანთან, ვისაც პრობლემა შეექმნა, ინდივიდუალურ რეჟიმში ჩავატარეთ ხელახალი ბიზნეს ანალიზი, შევთავაზეთ მათ სესხების მომსახურების ახალი, უფრო მსუბუქი გრაფიკები, მაქსიმალურად მოვურგეთ ჩვენი პროდუქტები მათ მდგომარეობას. ამგვარი მიდგომა მესახება შექმნილი ვითარებიდან გამოსავლადაც, ცხადია ამ პროცესს ეკონომიკური გამოცოცხლებაც უნდა დაერთოს თან. - ქართულ საბანკო სისტემაში მიღებული პრაქტიკა გახდა, რომ მსხვილი ბანკები ფლობენ არაპროფილურ ბიზნესებს. ანალიტიკოსების ერთი ნაწილის აზრით, ის რომ არაპროფილურ ბიზნესებში ბანკების ინტერესები ჩნდება, არაკონკურენტულ მდგომარეობაში აყენებს ამ ბიზნესებს. ეთანხმებით თუ არა ამ პოზიციას და თქვენი აზრით რამდენად სწორია, რომ ბანკი მართავდეს, მაგალითად, სუპერმარკეტს და რამდენად არის ქართულ საბანკო სისტემაში იმ დონის მენეჯმენტი და ისეთი კვალიფიკაცია, რომ არაპროფილური ბიზნესების ბანკის პოლიტიკასთან შეთანხმება და საქმიანობის წარმატებულად განხორციელება შეძლონ? - ჩვენ არასოდეს ვყოფილვართ დაკავებული რაიმე სხვა ბიზნესის მართვით, გარდა საბანკოსი. ამის მიზეზი არის ის, რომ მე თუ მკითხვათ, და საერთოდაც, ასე მივიჩნევთ "პროკრედიტ ჰოლდინგში", რომ ძნელია ერთდროულად მაღალხარისხიანად იყო დაკავებული საბანკო საქმითა და ფინანსებით და პარალელურად მართავდე რაიმე სხვა სერიოზულ ბიზნესს, იქნება ეს ვაჭრობის თუ წარმოების სფერო. ჩემი აზრით, ასეთ შემთხვევაში, ორივე მიმართულებას დააკლდება შენი ენერციაც და პროფესიონალიზმიც და შედეგიც არასახარბიელო დადგება. - საბანკო სისტემაში არსებული პრობლემების ფონზე, ქართულ ბანკებში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შემოსვლა დაფიქსირდა, თქვენი აზრით რა გახდა მათი საქართველოში შემოსვლის მთავარი ინტერესი და რა დადებითი და უარყოფითი გავლენა შეიძლება მოახდინოს რამდენიმე ბანკში ერთი და იგივე ძალის შესვლამ. შეიძლება თუ არა ამ შემთხვევაში კონკურენტული გარემოს შემცირებაზე საუბარი? - თავისთავად კარგია, რომ ამ დღევანდელ ვითარებაში არსებობენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, რომლებიც ჩვენს ბაზარზე, იქ სადაც ეს ყველაზე მეტადაა საჭირო, გარკვეულ ინვესტიციებს ახორციელებენ. ასეთი ინვესტიციის მოძიება დღეს დასავლეთის კაპიტალის კერძო ბაზარზე პრაქტიკულად შეუძლებელია. ცალსახაა, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების როლი დღევანდელი ქართული საფინანსო სისტემის შენარჩუნებაში ძალიან მნიშვნელოვანია. - არსებული პრობლემების ფონზე, საბანკო სისტემა ინარჩუნებს ქვეყნის ეკონომიკის ლოკომოტივის პოზიციას. თქვენი შეფასებით, განვითარების რა ეტაპზეა ქართული საბანკო სისტემა და როგორია ქართული საზოგადოებაში საბანკო მომსახურების გამოყენების კულტურა? - საბანკო მომსახურების გამოყენების კულტურით დავიწყებ. თუ ვკითხავთ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც პროკრედიტ ბანკში მუშაობის ათი წლის სტაჟი აქვთ, ისინი, ბუნებრივია, უხვად მოგიყვებიან სიტუაციებს, რაც მაშინ, ათი წლის წინ ექმნებოდათ კლიენტებს საბანკო მომსახურების მიღებისას. ეს არც არის გასაკვირი. მთავარია, რომ განვითარება სწრაფად მოხდა და დღეს თქვენ გაგიჭირდებათ ქვეყანაში ისეთი ადამიანის პოვნა, საბანკო სისტემასთან ინტენსიური შეხება არ ჰქონდეს. მათ უმრავლესობას დეტალურად ესმის ამა თუ იმ საბანკო პროდუქტის ბუნება, მისით სარგებლობის წესები და პირობები. ცხადია, ეს ბანკების მხრიდან ჩატარებული უზარმაზარი მარკეტინგული სამუშაოს შედეგიცაა. საუბარში დაზოგვის კულტურა ვახსენე. ჩვენ ვცდილობთ, ჩვენს კლიენტებს კარგად ესმოდეთ დაზოგვის მნიშვნელობა. დაზოგვის კულტურის ამაღლება თავისთავად შეუწყობს ხელს კლიენტურის მხრიდან რისკების თვითშეფასების კულტურის ამაღლებასაც, რაც საბოლოო ჯამში, საბანკო ბაზრის დახვეწის ხელშემწყობი დამატებითი ფაქტორი იქნება. თუმცა, ამ პროცესს დრო სჭირდება. პროკრედიტ ბანკი ხელს უწყობს დაზოგვის კულტურის დამკვიდრებას და განვითარებას. ეს კლიენტებს საშუალებას მისცემს, თავიანთი ფინანსური გეგმები ისე განახორციელონ, რომ გადაჭარბებული ფინანსური ვალდებულებების რისკი არ დაემუქროთ. ჩვენი თანამშრომლები თითოეულ კლიენტს ურთიერთობის დასაწყისშივე ნათლად განუმარტავენ ყველა პირობას და მომსახურებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს. ასეთი მიდგომა ამაღლებს ურთიერთნდობისა და თანამშრომლობის ხარისხს. - "პროკრედიტ ბანკი საქართველო" 10 წლისაა. საინტერესო იქნებოდა იუბილარი ბანკის გენერალური მენეჯერის მიმართვა კლიენტებისა და თანამშრომლებისადმი. "ბანკები და ფინანსები" საამისოდ სიამოვნებით გითმობთ საგაზეთო ფართს. გმადლობთ, მეც სიამოვნებით ვისარგებლებ ამ შემთხვევით. 10 წელი თითქოს არ არის ძალიან დიდი დრო, მაგრამ "პროკრედიტ ბანკი საქართველოს" იმ თანამშრომლებისათვის, რომლებიც ბანკის დაარსებიდანვე ჩვენთან მუშაობენ, ეს მთელი ისტორიაა. პირველ რიგში სწორედ მათ ვულოცავ მათი ბანკის იუბილეს, მრგვალ თარიღს, რასაც "პროკრედიტ ბანკი" ხვდება, როგორც წარმატებული საფინანსო ინსტიტუტი, რომელმაც პასუხისმგებლობის მატარებელი, ადვილად გასაგები და გამჭვირვალე საბანკო დაწესებულების სახელი დაიმკვიდრა. სიხარულით მინდა აღვნიშნო, რომ დრომ გამოსცადა და დაადასტურა ჩვენი მიდგომების მართებულობა, როცა ბაზარზე დამკვიდრების კარგად გააზრებული სტრატეგიის დინჯი და თანმიმდევრული დანერგვა ვარჩიეთ. მეამაყება, როცა თვალნათლივ ვხედავ, რომ ბანკის თანამშრომლები თავს პროკრედიტის ერთიანი გუნდის წევრებად გრძნობენ. ამ 10 წლის მანძილზე ბანკში ჩამოყალიბდა კარიერული წინსვლისა და სტიმულირების ისეთი ორიგინალური და ჯანსაღი პროცესი, რომელიც გვერდზე არ ტოვებს არც ერთ ნიჭიერ და მოტივირებულ მუშაკს. მათ ეძლევათ საშუალება საკუთარი გამოცდილება და შესაძლებლობები გაუზიარონ თავიანთ კოლეგებს მსოფლიოს 3 კონტინენტზე, 22 ქვეყანაში. ბუნებრივია, ამ პროცესის შედეგად ჩვენი თანამშრომლებიც ფასდაუდებელ გამოცდილებას იძენენ და ყალიბდებიან, როგორც ნამდვილი ლიდერები და გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებული ადამიანები. დღეს "პროკრედიტ ბანკი" საქართველოში სიდიდითა და მოცულობით მეოთხეა ბაზარზე და ეს არ იყო იოლი მისაღწევი. ჩვენი სტაბილურობა განსაზღვრა ჩვენმა ორიენტირებულობამ კლიენტზე და მის ჯანსაღ ინტერესებზე. ჩვენი მომავალი წარმატებების და კეთილდღეობის საწინდარიც ჩვენივე მიდგომების ურყევობაშია, რომლებიც გულისხმობს ჩვენი კორპორატიული ღირებულებების განუხრელად დაცვას და ჩვენს ყველაზე ძვირფას აქტივზე, ჩვენს თანამშრომლებზე ზრუნვას, რომლებიც ძალისხმევას არ იშურებენ იმისათვის, რომ ჩვენი კლიენტები მუდამ კმაყოფილი გვყავდეს.
|