ნანახია: 537
ბოლო პერიოდში, სხვადასხვა მიზეზების გამო, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი ინტენსიურად მერყეობს. სამწუხაროდ, ქართულ ბაზარზე მხოლოდ მისი ნეგატიური მხარე აისახება. საქართველოში მოქმედი ნავთობიმპორტიორი კომპანიები კი მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების ასეთ ინტენსიურ ცვლილებას, შეიძლება ითქვას, არაკეთილსინდისიერად იყენებენ. მაშინ, როდესაც მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი იზრდება, ქართული კომპანიებიც ფასს დაუყოვნებლივ ზრდიან, მაგრამ მსოფლიო ბაზარზე ფასების კლების შემთხვევაში, შემცირების ნაცვლად არაადეკვატურად მაღალ ფასს ინარჩუნებენ. გასულ კვირას ამ თემაზე ბრიფინგი კონსერვატიული პარტიის წევრებმა გამართეს, რომლებმაც კონკრეტული ფაქტები წარმოადგინეს იმის დასამტკიცებლად, თუ როგორ იყენებენ ნავთობიმპორტიორი კომპანიები ქვეყანაში ანტიმონოპოლიური სამსახურის არ არსებობას და როგორ აწესებენ არაადეკვატურად მაღალ ფასებს. კონსერვატორების ერთ-ერთი წევრის, ბიძინა გუჯაბიძის განცხადებით, მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბერში მსოფლიო ბაზარზე 1 ბარელი ნავთობის ფასი თითქმის არ გაზრდილა (0,8%), მაშინ როდესაც ქართულ ბაზარზე ბენზინის ფასმა მოიმატა თითქმის 7,0%-ით. "ეს კატასტროფული მაჩვენებელია, ამ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს კონსერვატიულმა პარტიამ ჩაატარა კვლევა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ საქართველოში საწვავზე არსებული ფასები ხელოვნურადაა შექმნილი. ფასების ასეთი მაქინაციებით სახელისუფლებო მონოპოლიებმა მოსახლეობის ხარჯზე ხელისუფლების ხელშეწყობით მიითვისეს მილიონობით ლარი. კონსერვატიული პარტია მოითხოვს ხელისუფლებისგან უზრუნველყოს მკაცრი კონტროლის დაწესება საწვავის სპეკულაციურ ფასებზე და ფასწარმოქმნის პროცესის გამჭვირვალობა”, _ განაცხადა ბიძინა გუჯაბიძემ. როგორც ბრიფინგზე კონსერვატიული პარტიის ეკონომიკურმა ექსპერტმა კახა ხაინდრავამ განაცხადა, ნავთობის იმპორტიორი კომპანიები შეთანხმებულები არიან და ისინი ნავთობპროდუქტებზე მონოპოლიურ ფასებს აწესებენ, მისი თქმით, სწორედ ამის წინააღმდეგ არის ბრძოლა საჭირო, ამასთან, აუცილებელია ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენა. კონსერვატორებმა სხვა კონკრეტული ფაქტებიც წარმოადგინეს იმისა, თუ როგორ ხდება საქართველოში ნავთობპროდუქტებზე ფასების ხელოვნურად დაწესება და ამ კომპანიების ლობირებაში ხელისუფლების მაღალჩინოსნები დაადანაშაულეს. კერძოდ, 2008 წლის ივლისიდან აგვისტომდე მსოფლიო ბაზარზე 1 ბარელი ნავთობი გაიაფდა 145 აშშ დოლარიდან 114 დოლარამდე (21,2%), საქართველოში კი საწვავის ფასმა 2,08 ლარიდან 1,95-მდე (6,2%) დაიკლო. 2008 წლის სექტემბერ-ოქტომბერში 1 ბარელი ნავთობის ფასი ისევ დაეცა 28,2%-ით, ხოლო საქართველოში მხოლოდ 5,5%-ით დაიკლო. მიმდინარე წლის ივნის-ივლისში, როცა მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასი დაეცა 11,2%-ით, საქართველოში ბენზინის ფასმა 8%-ით მოიმატა. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენთან მოქმედი ნავთობკომპანიები მსოფლიო ბაზარზე ფასების შემცირების პირობებში ფასებს გარკვეული პერიოდის შემდეგ ამცირებენ, რასაც იმით ხსნიან, რომ მათ საწვავი მაღალ ფასად ჰქონდათ შეძენილი. საინტერესოა, თუკი საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის შემცირების შემთხვევაში, გარკვეული პერიოდია საჭირო, რომ ფასების ცვლილება ქართულ ბაზარსაც შეეხოს, მაშინ რატომ არ ინარჩუნებენ ანალოგიურად ფასს კომპანიები, როდესაც მსოფლიოში ნავთობი ძვირდება. ამ დროს ხომ საქართველოში საწვავი მეორე დღესვე ძვირდება.
ელინა აივაზოვა
|