ნანახია: 819
ისტორიული მნიშვნელობის კულტურული ძეგლი, საბჭოური პერიოდის მონუმენტური არქიტექტურის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში "იმელის" შენობა ისტორიული ძეგლის მნიშვნელობას ბოლო წლებამდე ინარჩუნებდა. კულტურული მემკვიდრეობის სიიდან ამოღების საკითხი მას შემდეგ დადგა, რაც მის "საფუძველზე" "კემპინსკის" სასტუმროს მსოფლიო ქსელის აშენება გადაწყდა. ლოგიკურად ჩნდება შეკითხვა, თუ რატომ ამოიღეს "იმელის" შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიიდან. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, თბილისში არსებული ძეგლები მათ არ ეხებათ და ძეგლისთვის სტატუსის მინიჭება ან მისი ჩამორთმევის საკითხი მთლიანად თბილისის მერიის კომპეტენციაა. თუმცა თბილისის მერიაში მხოლოდ ისტორიულ ძეგლთა ნუსხის მოპოვებაა ხელმისაწვდომი, სადაც "იმელის" შენობას ნამდვილად ვერ ნახავთ. სავარუდო მიზეზად შენობის ავარიულობა სახელდება. გასაკვირია, რომ "იმელის" შენობის ავარიულობა მხოლოდ მაშინ დაადგინეს, როდესაც მისი ყიდვის მსურველი გამოჩნდა. ექსპერტები ამ ვერსიას ეჭვის თვალით უყურებენ. ძეგლის ავარიულობის ან დაზიანების შემთხვევაში მისი დანგრევის პრეცედენტი მსოფლიოში არ არსებობს. როგორც წესი რეკონსტრუქცია ხდება და არა განადგურება. "იმელის" შენობისგან კი ფასადიც არ დარჩება. რა ქნას "დაბი ჯგუფმა" ავარიულია და... "იმელის" შენობას იმთავითვე განწირული ბედი ერგო. "მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის" მყარად და საშვილიშვილოდ ნაგები შენობა, კომუნისტური რეჟიმის დაცემის შემდეგ ლამის ვანდალიზმის მსხვერპლი გახდა. რუსთაველი სგამზირის არქიტექტურულ ანსამბლში ორგანულად ჩამჯდარ ნაგებობას, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენდა, ჯერ ეროვნული მოძრაობის ზოგიერთმა ლიდერმა ამწებეი მიაყენა და იაკობ ნიკოლაძის მიერ შესრულებული ბარილიეფები მოანგრია. ამის შემდეგ იქ "პუტჩისტები" დასხდნენ. ჯერ სახელმწიფო საბჭო, ხოლო შემდეგ პარლამენტი და სახელმწიფოს მეთაურის შევარდნაძის აპარატი. საკონსტიტუციო სასამართლოსა და აფხაზეთის დევნილი ხელისუფლებისთვის გადაცემული ეს შენობა, ბენდუქიძემ გაყიდა. დღეს უკვე მისი დანგრევაა გადაწყვეტილი. სულ რომ არაფერი, როდესაც რუსთაველზე Mcdonald’s მშენებლობის საკითხი დადგა შენობის დანგრევისა და ახლის აშენების უფლება თემურ ჭყონიას არ მისცეს. რუსთაველის ერთიანი იერ-სახე რომ არ შეეცვლილიყო პროექტი შესაბამისი მასალით აშენდა და მოპირკეთებაც ისეთი გაუკეთდა, რომ "ზემელის" არქიტექტურული ანსამბლის იერი არ შეცვლილიყო. მაგალითად შეგვიძლია თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი ავიღოთ. "იმელის" შენობასა და ოპერას ერთი საერთო რამ აქვთ თურმე: ორივე ავარიულია. ოპერისა და ბალეტის თეატრი ბოლო სპექტაკლით სავარაუდოდ ნოემბრის ბოლოს დაიკეტება და მისი რეკონსტრუქცია დაახლოებით 7 წელს გასტანს. მისი არათუ კედლები არამედ საფუძველიც კი დაზიანებულია და დიდ სამუშაოებს საჭიროებს. ლოგიკურია, რომ 7 წელიწადში ახლის აშენებაც მოხერხდებოდა, თუმცა იმის გათვალისწინებით რომ მას თავისი ისტორია და არქიტექტორული და კულტურული ღირებულება აქვს, მის რეკონსტრუქციას ამჯობინებენ. თუმცა ხელისუფლება ამასაც ადვილად დაივიწყებდა, ვინმეს მის ადგილას ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობის იდეა და საინვესტიციო თანხა რომ შეეთავაზებინა. "იმელის" შენობის ადგილას ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო "კემპინსკის" მშენებლობა, ბრიტანულ-შვეიცარიულმა კომპანიამ "კაპიტალ ვოსტოკმა" დაიწყო, თუმცა შემდეგ ქონება "დაბი ჯგუფმა" შეისყიდა. ეს უკანასკნელი პროექტში 160 მლნ. დოლარის ინვესტიციის განხორციელებას და მშნებლობის 2012 წლისთვის დასრულებას გეგმავს. იქედან გამომდინარე რომ, "იმელის" ძველ შენობაში არათუ ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს, არამედ, საერთოდ, სასტუმროს განთავსება, თუნდაც მისი რეკონსტრუქციის შემთხვევაში, შეუძლებელი იყო, სახელმწიფომ მისი დანგრევა გადაწყვიტა. აქაოდა, ვინმე არ შემომედავოს, კულტურული ძეგლის დანგრევა არ შეიძლებაო, ერთი უკანონობის თავიდან ასაცილებლად მეორე ჩაიდინეს და ის სიიდან სამუდამოდ ამოშალეს. სამაგიეროდ, ნოვატორულ ქვეყანაში ყველაფერი "ნოვატორული" მისაღებია.
|