ნანახია: 586
ახლახან, პარლამენტის ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა თამბაქოს რეალიზაციასა და მოხმარებაზე შეზღუდვის დაწესების გადავადება 3 წლით 2012 წლამდე მოითხოვა. მთავრობის ამ ინიციატივას მწვავედ დაუპირისპირდა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიგი წერეთელი. პარლამენტის მიერ 2008 წლის 30 დეკემბერს მიღებული კანონი კი ცვლილებებს ,,თამბაქოს კონტროლის შესახებ“ ითვალისწინებს, რის საფუძველზეც მოხდა აღნიშნული მოთხოვნის წამოყენება. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ცვლილებები ეხება მუხლს, რომელიც 2009 წლის სექტემბრიდან კრძალავს თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციას გათამაშების, ლატარიის, ლოტოს და სხვა მსგავსი საშუალებებით. ხუროშვილი განმარტავს რომ მთავრობის ეს მოთხოვნა მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით არის წარმოდგენილი და გამონაკლისი აკრძალვის ნუსხიდან სიგარეტის კოლოფებში არსებულ მომგებიან ბარათებზე არ უნდა გავრცელდეს, რადგან ამით შესაძლებელია თამბაქოს მომხმარებელმა რომელიმე საყოფაცხოვრებო ნივთი მოიგოს, რაც თამბაქოს ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს. გიგი წერეთელი აღშფოთებას ვერ მალავს ხუროშვილის კომენტარზე, იმასთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნულ აკრძალვას იგი მთავრობის ლიბერალური პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართულ ერთგვარ უარყოფით ფაქტორად მოიაზრებს. ,,მთავრობის ლიბერალურ პოლიტიკას მხარს ვუჭერ, მაგრამ არ შეიძლება ამ საკითხისადმი ასეთი დამოკიდებულება. მაშინ იგივე ლიბერალური პოლიტიკით ჩვენ შეიძლება დავუშვათ ნარკოტიკების შემოტანაც“, - აღნიშნა "ბ&ფ"-თან საუბრისას გიგი წერეთელმა. იგი ზედმეტად ლიბერალურ მიდგომად აფასებს თამბაქოზე აკრძალვის გამარტივებას, მაშინ როდესაც მსოფლიოს თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყანაში მიღებული პრაქტიკით თამბაქოს რეკლამირებაც კი აკრძალულია, მათ შორის თურქეთშიც. ხუროშვილის განცხადებით კი სწორედ კომიტეტში მოხდება მთავრობის კომიტეტის მხარდაჭერითვე ეკონომიკური კუთხით აღნიშნული საკითხის განხილვა და არა არასამთავრობო ორგანიზაციების წინაშე აღებული გარკვეული ვალდებულებების გათვალისწინებით. გიგი წერეთლის განმარტებით კი შეუძლებელია აქ რაიმე ეკონომიკური ფაქტორი იყოს ჩართული, რადგან ეს არ არის ბიუჯეტისთვის სერიოზული შემოსავლის წყარო. მისი აზრით, სიგარეტი არ უნდა გაიაფდეს, პირიქით, უნდა მოიმატოს კიდეც აქციზზე გადასახადმა. როგორც გიგი წერეთელმა "ბ&ფ"-თან საუბრისას განაცხადა, აღნიშნული საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა და სექტემბერში განიხილება მხოლოდ ადმინისტრირებასთან დაკავშირებული საკითხები. მართლაც დამაფიქრებელია მთავრობის მიდგომა აღნიშნული საკითხისადმი. როგორ შეიძლება მხედველობიდან გამოტოვებული იქნას ის სავარაუდო, სავალალო შედეგები რაც თამბაქოს რეკლამირებას აუცილებლად მოჰყვება თან. კერძოდ კი ის, რომ გაიზრდება ონკოლოგიური და ინფარქტით დაავადებული ადამიანების რიცხვი საქართველოში.
ქეთი სიხუაშვილი
|