ნანახია: 1353
კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაფუძნდა. ხორცპროდუქტების წარმოებით დაწყებული საქმე კომპანიამ სწრაფად გააფართოვა და ადგილობრივ ბაზარზე კვების პროდუქტების მწარმოებელთა შორის ლიდერის პოზიცია დაიკავა. დღეისათვის "ნიკორა" ხორცისა და რძის პროდუქტებს, ნახევარფაბრიკატებს, თევზეულს, პურს, უალკოჰოლო გაზიან სასმელებსა და ღვინოს აწარმოებს. გარდა ამისა, კომპანიას საკუთარი ძალებით მაღალი ხარისხის კვების პროდუქტები და სასმელები ევროპის ქვეყნებიდან შემოაქვს. 2008 წლის დეკემბერში ხორცპროდუქტების კომპანია "ნიკორა" ფინანსთა სამინისტრომ საგადასახადო შემოწმების შედეგად 15 მილიონი ლარით დააჯარიმა. როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა გრიგოლ გობეჯიშვილმა პრესას განუცხადა, დაჯარიმების მიზეზი კომპანიის მიერ შემოსავლების დამალვა და არასწორი ბუღალტერიის წარმოებაა. გობეჯიშვილის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით "ნიკორას" 66 ობიექტზე ფინანსთა სამინისტროს აუდიტის დეპარტამენტმა, რისკის კრიტერიუმებიდან გამომდინარე, გეგმიური შემოწმება ჩაატარა. მისივე განცხადებით, აქამდე "ნიკორაში" აუდიტორული შემოწმება არ ჩატარებულა და ეს შემოწმება 2005 წლიდან მოყოლებული დღემდე კომპანიის მუშაობას მოიცავდა. კომპანია "ნიკორა" ფინანსთა სამინისტროს აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგებს არ ეთანხმება და არც აღიარებს. კომპანიამ შემოწმების შედეგები ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში გაასაჩივრა. სახელმწიფოს მიერ კომპანიის დაჯარიმებას სხვადასხვა მითქმა-მოთქმა მოჰყვა. საზოგადოებაში გავრცელდა აზრი, რომ ვინც ხელისუფლებას ფულს არ აძლევს, ამგვარ ჯარიმებს ვერ გადაურჩება! გაზეთი "ბანკები და ფინანსები" ამ საკითხთან დაკავშირებით სს "ნიკორას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა: სს "ნიკორა" ფინანსურ აღრიცხვიანობას აწარმოებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და სახელმწიფო ბიუჯეტში შენატანების მხრივ ერთ-ერთი მსხვილი გადამხდელია. ფინანსთა სამინისტროს აუდიტის დეპარტამენტის მიერ კომპანიაზე დაკისრებული ჯარიმა რუსული წარმოების სალარო აპარატებით გამოწვეულ ტექნიკურ შეცდომას ეხებოდა, რაც არასწორად ინტერპრეტირდა, როგორც შემოსავლების დამალვის მცდელობა. კომპანიამ სასჯელის საფუძვლიანობა გაასაჩივრა. ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ლაშა ჟვანია ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც საკითხის ობიექტური შესწავლით დაინტერესდა. ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა კომპანიის სარჩელი და სს "ნიკორას" 4 მლნ-ის გადახდა დააკისრა. თანხის დაფარვა უკვე დაწყებულია, ხოლო დარჩენილ ნაწილზე მიმდინარეობს რესტრუქტურიზაცია. კონკრეტული ვადების დადგენისთანავე კომპანია ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს. საჯარიმო სანქციის მიუხედავად, სს "ნიკორაში" გაერთიანებული ყველა ბრენდი შეუფერხებლად მუშაობს. წარმოებული პროდუქტის, როგორც ხარისხზე ასევე ფასებზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია აღნიშნულ ვითარებას და არც მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს. უფრო მეტიც, კომპანია აგრძელებს გეგმიურად განსახორციელებელ პროექტებს, მათ შორის სოციალურად დაუცველი ფენისთვის სურსათით დახმარებას. დასაქმებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. ამჟამად სს "ნიკორაში" 1400-მდე თანამშრომელი მუშაობს. სს "ნიკორა", რომელიც ადგილობრივ ბაზარზე 10 წელია წარმატებით მოღვაწეობს, მუდმივად ზრუნავს მოპოვებული ნდობის გამყარებაზე და მიმდინარე პერიოდში რამდენიმე სიახლეს სთავაზობს ერთგულ მომხმარებელს. კიდევ უფრო ფართოვდება საფირმო მაღაზიათა ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით, იზრდება როგორც ადგილზე წარმოებული, ასევე იმპორტირებული პროდუქციის ასორტიმენტი. ზაფხულიდან იწარმოება კოლას სერიის ახალი გამაგრილებელი სასმელი – "შხეფი-კოლა". ახლახან დაიხვეწა "მზარეულის" ნახევარფაბრიკატების შეფუთვის ტექნოლოგია და პროდუქტთა შენახვის ვადა 3 თვემდე გაიზარდა. მომდევნო კვირიდან სარეალიზაციოდ გამოდის გაყინული ფენოვანი ხაჭაპური, რომლის შენახვის ვადაა 1 თვე", - აცხადებს სს "ნიკორას" პრეს-სამსახური. სს "ნიკორა" "ოკეანის" მიერ ზღვის პროდუქტების სეგმენტს გვთავაზობს. მათზე მოთხოვნა განსაკუთრებით მარხვის პერიოდში მატულობს, ვინაიდან მათზე ყოველთვის ხსნილია. "ოკეანე" მომხმარებელს ასევე ზეთოვან თევზს სთავაზობს, რომელიც თავისი საგემოვნო თვისებებითა და ფასით ზუთხისებრთა ჯიშის ძვირადღირებულ თევზეულს ჩაენაცვლება. სს "ნიკორას" პრემიუმ კლასის სოსისებს (კაიზერი, კაიზერი საბავშვო და კაიზერი ბეკონით) მალე ახალი პროდუქტი შეემატება. ხაჭოს სახეობათა გამრავლფეროვნების კუთხით ცვლილებებს "ჩვენი ფერმერიც" გეგმავს.
|