ნანახია: 643
ამ ყაიდის სათაური, ზოგიერთ პრიმიტიულ სუბიექტს არ მოსწონს. რას იზამ, გემოვნების საკითხია. ადამიანი ესთეტიკური ფენომენია და ერთნაირი კატეგორიებით მსჯელობს, როგორც ფარულ ბიზნესგარიგებებზე, ისე კულუარულ პოლიტიკურ თამაშებზე, თუ თეატრალურ ფესტივალზე, რომელიც თურმე ქეთი დოლიძემ კინაღამ ჩაშალა მისი ხელმძღვანელობით წინა წლებში ორგანიზებული სხვა ფესტივალის _ "საჩუქარის" დაუფინანსებლობის ჩაშლაზე შურისგების გამო. ამ ყველაფერს უნივერსალური ცნებები, მიდგომები და დეფინიციები მიესადაგება. გახსოვთ, ზათქი და ზრიალი, როცა B&F-ს 12 აგვისტოს ნომერში დაბეჭდილ წერილს მოჰყვა. წერილი დაუდასტურებელ, მაგრამ სარწმუნო წყაროებიდან მომდინარე ინფორმაციაზე დაყრდნობით საზოგადოებას ამცნობდა, რომ "სახალხო ბანკს" ქართული წარმოშობის რუსი ოლიგარქი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი კახა ბენდუქიძე ყიდულობდა. მის მოწილედ ამ საქმეში დასახელდა ექს-პრემიერი ლადო გურგენიძე. "ბ&ფ" აღნიშნავდა: "ოფიციალური განცხადება ბანკის გაყიდვის შესახებ შემოდგომაზე გაკეთდება. ახლა, როგორც საქმეში ჩახედული ადამიანები ფიქრობენ, ზუსტდება სქემა და ლეგენდა, რომლის თანახმადაც ბანკის ოფიციალურ მესაკუთრედ რომელიმე არაბი შეიხი, რუსული კაპიტალით შექმნილი ოფშორული კომპანია ან სხვა ცრუმაგიერი პირი გამოცხადდება. თავად ბენდუქიძეს ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, ღიად დააფიქსირებს თუ არა თავს ამ ბანკის მეპატრონედ". ისე აგიხდეთ ჩანაფიქრი და წინასწარმეტყველება, როგორც ზუსტად ასე ხდება ყველაფერი. მანმადე, ვიდრე იმაზე მოგითხრობთ, რა აგვიხდა, გაგახსენებთ, რა გნიასი მოჰყვა "ბ&ფ"-ს ამ წერილს. განსაკუთრებით, ლადო გურგენიძე აქტიურობდა. ის უარყოფდა როგორც ბანკის მომავალ მეწილეობას, ისე ხშირ ვიზიტებს "სახალხო ბანკის" სათაო ოფისში და ფაქტობრივად, მის მართვაში უკვე რეალურ მონაწილეობას. და აი, ქართული საბანკი სისტემის კიდევ ერთი მასკარადი თამაშდება ჩვენს თვალწინ. საინფრმაციო სააგენტოები GBჩ და "კომერსანტი" ავრცელებენ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ლადო გურგენიძე რუმინელი მილიარდერი დინ პატრისიუ და სხვები ყიდულობენ "სახალხო ბანკს". "ლეგენდა" ნაწილობრივ ეყრდნობა რეალურ ფაქტებს, მაგრამ აშკარად აკლია დამაჯერებლობა. სისრულე აკლია საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციასაც, თუმცა ეს მათი ბრალი როდია. ვინც მათ ინფორმაცია მიაწოდა, სიმართლის დოზაც მან განსაზღვრა. ამ ეტაპზე ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა, მხოლოდ ის უნდა ვიცოდეთ, რაც მავანმა ჩათვალა საჭიროდ, რომ ვიცოდეთ. ინფორმაციაზე ღირებული იქ მინიშნებებია. ბანკს ყიდულობს არამხოლოდ და არამარტო "რომპეტროლის" მეპატრონე და რუმინეთის ყველაზე მდიდარი ადამიანი, არამედ ის და ლადო გურგენიძე. არავინ გეტყვით რა რანგით გაუთანასწორდა "საქართველოს ბანკის" ყოფილი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და მეწილე, "ფორბსის" მიხედვით 2 მლრდ დოლარის მფლობელ და "რომპეტროლის" დამფუძნებელ დინ პატრისიუს. ამ უკანასკნელმა 2007 წელს "რომპეტროლის" აქციების მსხვილი პაკეტი "ყაზმუნაიგაზს" მიჰყიდა. ეს ის "ყაზმუნაიგაზია", რომლის აქციების სოლიდურ წილსაც რუსები ფლობენ (ისევ ეს ჩვენი მტერი რუსები) და რომელიც საქართველოში სერიოზულ აქტივებს ფლობს დღემდე, ხოლო "ყაზტრანსგაზის" ერთადერთი აქციონერია. კი "დაგვაბოლეს" ამ შემოგდებული ინფორმაციით და კი დაგვიყენეს თვალები რუმინელი დინ პატრისიუს შთამბეჭდავი რენომეთი, მაგრამ არც მთლად ასეა საქმე. დონ დინს, თავის დროზე პატარა "გაუგებრობები" ჰქონია რუმინულ მართლმსაჯულებასთან და, როგორც ჩანს, მჭიდრო და ძმური ბიზნესკონტაქტები რუსულ კაპიტალთან. ასე რომ, ლადოს და დინის გარდა და მათ მიღმა, სავარაუდოა, რომ სხვა ქართველი და რუსი მოწილეები მოიაზრებიან და მათ შორის, კულუარებში, რა თქმა უნდა, კახა ბენდუქიძეზე საუბრობენ. სააგენტო "კომერსანტის" მიხედვით: ექსპერტთა ნაწილის ინფორმაციით, „სახალხო ბანკი“ სპეციალურად შექმნილმა კონსორციუმმა იყიდა, რომელშიც ლადო გურგენიძისა და დინ პეტრისიუს გარდა სხვებიც შედიან. თუმცა, კონსორციუმის სხვა წევრების შესახებ ინფორმაციას არ აკონკრეტებენ. საინტერესოა, ოდესმე დააკონკრეტებენ თუ არა. კონსორციუმის დაფიქსირებულ მოწილეებს შორის ოფშორში დაფუძნებული კომპანიები იქნებიან თუ ცრუმაგიერი პირები? რატომ არ დევს შესაბამისი განაცხადი საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოში? ეროვნული ბანკი რას აკეთებს? ძინავს? "სახალხო ბანკში" "ევროოილს" 14 მილიონ ლარს უხდიან. ასე იუწყებიან "მაუწყებლები". 14 მილიონი, რა, სახინკლეა? საბანკო ექსპერტები, "სახალხო ბანკის" დღევანდელი არასახარბიელო მდგომარეობის გათვალისწინებით, მინიმალურ ფასად 50 მილიონს ასახელებენ. საინტერესოა, რუსული ატომური რეაქტორების პროფესიონალი გამყიდველი კახა ბენდუქიძე და პროფესიონალი "ფაინანსედვაიზორი" ლადო გურგენიძე ვაკეში მდებარე "სახალხო ბანკის" მრავალსართულიან სათაო ოფისს რამდენად გაყიდიან? როგორც ამბობენ, აპირებენ კიდეც ამ შენობის გაყიდვას. აღარაფერს ვამბობთ ფილიალების ყველაზე ფართო ქსელზე, რომელთა შენობები თუ ოფისები ძირითადად ბანკის საკუთრებას წარმოადგენს. არავინ ამბობს, ბატონ პატრისიუს ვინ შთააგონა, რომ "სახალხო ბანკის" შესყიდვაში მონაწილეობა სარფიანი საქმეა. ბანკმა მიმდინარე წლის პირველი ორი კვარტალი 20 მილიონიანი ზარალით დაასრულა. საინტერესოა, გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც, როგორც ჩანს, ბანკის მომავალი მეპატრონეების გავრცელებულია, რატომ ფიგურირებს გამყიდველად "ევროოილი", ჩვენ ხომ ბოლო დროს გვეუბნებოდნენ, რომ "სახალხო ბანკი" "რაკია ჯგუფის" ხელში გადავიდა. მერე დააზუსტა მავანმა, რომ "რაკია ჯგუფის" ხელში კი გადავიდა, მაგრამ "ევროოილი", ლონდონის ერთ-ერთი სუპერმარკეტის მისამართზე დარეგისტრირებული, "რაკია ჯგუფის" შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. როცა "ევროოილმა" "სახალხო ბანკი" იყიდა, მაშინ არავის არაფერი უთქვამს მის არაბულ ფესვებზე. სადოური წესია? სადოური წესია და აქოური წესია ბიზნესის კეთება ხომ საქართველოში უფრო იოლია, ვიდრე საფრანგეთში, იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და მალაიზიაში. საღოლ, კახა! ჩემო კარგო ოპონენტო! მართლაც მართალი აღმოჩნდა გაზეთი "ბანკები და ფინანსები", - "საკმაოდ იაფად უნიკალური ფუნქციის მქონე, მაგრამ ცუდ ფინანსურ მდგომარეობაში მყოფი ბანკის იაფად შეძენა სარფიანი საქმეა. ვიღაც-ვიღაცები ფულს გააკეთებენ, ზოგიერთები პერსპექტიულ ბანკს ჩაიგდებენ ხელში, შეიძლება ვიღაცამ ფულიც გაათეთროს, მოკლედ, ყველა იხეირებს ირინა კოვალენკოს გარდა. უსაფუძვლოდ არ არიან შეშფოთებულები წამყვანი ქართული ბანკების მესვეურები. ბენდუქიძე-გურგენიძის ტანდემმა, გარანტირებული სახელისუფლო მხარდაჭერის პირობებში, შეიძლება ბაზარზე ისინი სერიოზულად შეავიწროვოს. ჩვენ კი, შესაძლოა, საბანკო სექტორში მესამე რუსული კაპიტალით ფუნქციონირებადი საფინანსო ინსტიტუტი მივიღოთ. ბუნებრივია, ვგულისხმობთ, რომ ბენდუქიძის "კაპიტალი" "მადნეულშიც" "თბილისის წყალშიც" და "სახალხო ბანკშიც" რუსული კაპიტალი იქნება, ისე როგორც "ვითიბი ჯორჯიას" რუსული სახელმწიფო ბანკის კაპიტალი და "სბერბანკის" კაპიტალიც, რომელიც გავრცელებული სარწმუნო ინფორმაციის თანახმად, "ბითიეი ბანკის" ყიდვას აპირებს". ლეგენდას კი მართლაც არაუშავს.
ბექა სავანელი
|