ნანახია: 690
ბოლო ერთი თვის განმავლობაში ოთხ საქორწინო სუფრაზე ვიყავი მიწვეული. ოთხივეგან უფლის სადიდებლის შემდეგ უწმიდესის და უნეტარესის ილია II-ს სადღეგრძელო შეისვა თამადის მიერ. ერთხმად და დიდი ენთუზიაზმით. ერთი მხრივ, ეს, ამ ბოლო დროს გამოკვეთილი ტენდენცია, საქართველოს სულიერი მოძღვრის და ლიდერის უზარმაზარ ავტორიტეტზე მეტყველებს. მეორეს მხრივ, პატრიარქის ასეთი სიყვარული და ერთგულება, ასეთი განდიდება გარკვეული სახალხო პროტესტის გამოხატულებაა. ეს კი კიდევ უფრო ამძაფრებს ქართული საზოგადოების ერთი მცირე ნაწილის უკმაყოფილებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მისი საჭეთმპყრობელის მიმართ. ასეთ განწყობას სახელისუფლო კულუარების გარკვეულ მონაკვეთში 26 მაისს დაედო სათავე, როცა ძმებმა გაჩეჩილაძეებმა 60 000 კაცი სამების ტაძარს მიაყენეს და ფაქტობრივად, პატრიარქს პოლიტიკაში ჩარევა სთხოვეს. პატრიარქი მაშინაც მოზომილი და აწონილ-დაწონილი სიტყვით გამოვიდა. მეორე დღეს ხელისუფლებას ხალხისთვის ყურის დაგდებისა და არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა. ამან ხელისუფლებაში მყოფი ბევრი პირი უკიდურესად გააღიზიანა. გაიხსენეს, როგორ მოუწოდა ილია II-მ ჯარს, არ ჩარეულიყო თანამოქალაქეთა, ანუ ხელისუფლებისა და ოპოზიციის პოლიტიკურ დაპირისპირებაში, მავანი კულუარებში და მართული მედიის მეშვეობით ქირქილებდა ეპარქიების ხელმძღვანელების მთავრობის მიერ ნაჩუქარ ჯიპებზე და სულაც არ ანაღვლებდა, რომ ათასობით ჩარჩი, კორუფციონერი და რეგვენი ფეშენებელური ჯიპით დაქრის და თუ მღვდელმთავარი ხალხის სულიერებაში შეტანილი ღვაწლისთვის სახელმწიფოსგან ამ სახით მიიღებს თანადგომას, არაფერია ამაში დასაძრახი. ილია II-მ ჩვეული სიდარბაისლით უპასუხა მისი და მართლმადიდებლური ეკლესიის საწინააღმდეგო კამპანიის მონაწილეებს: სასულიერო პირიც, გახსოვდეთ, ისეთივე ადამიანია, როგორც თქვენო. თუმცა მკრეხელებს ვერც ის შეაგნებინებს ვერაფერს. და პატრიარქზე ზეწოლა (მომიტევოს უფალმა ამ სიტყვისათვის) გრძელდება. ილია II იძულებული გახდა გირგვლიანის ციხიდან გამოსული და პრეზიდენტის მიერ შეწყალებული მკვლელები თავის ქადაგებაში მოეხსენიებინა. მისი სიტყვები საზოგადოების მიერ არაერთგვაროვნად იქნა აღქმული. რამდენიმე დღის შემდეგ პატრიარქმა ნოდარ დუმბაძე გაიხსენა და მისი მთაწმინდაზე გადასვენების იდეით მიმართა ხელისუფლებას. ამჯერად მისი მიმართვა, შესაშური ოპერატიულობით შესრულდა. უწმიდესის და უნეტარესის სიტყვისა და საქმის განსჯა მრევლის საქმე არ არის. საქმეც კარგი გაკეთდა, მაგრამ საზოგადოება ღირსია იმისა, რომ იცოდეს სიმართლე - ხომ არ მოხდა მწერლის ანდერძის დარღვევა იმის გამო, რომ ბავშვთა ქალაქი "მზიური" უქმდება. ის ხელს უშლის ესტაკადის მშენებლობას და ამ ქალაქის საზღვრებში სადღეისოდ დარჩენილი მიწის ფართობის გამოყენებაც მთავრობას სხვა მიზნებისთვის სურს. ნოდარ დუმბაძე უდაოდ გამორჩეული ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე იყო. ის მართლაც იმსახურებდა მთაწმინდაზე დაკრძალვას, იმ ურთულეს ეპოქაში რეპრესირებული მშობლების შვილის ტვირთიც ღირსეულად ატარა და ქართველი მწერლის მისიაც იტვირთა. ის "მზიურიდანაც" ღირსეულ გუშაგად ედგა საქართველოს და მთაწმინდიდანაც ჩირაღდნად აენთება. საგულისხმო სხვაა. ბავშვთა ქალაქი "მზიური" უფრო სჭირდებოდა ქალაქს, ვიდრე საცხოვრებელი კორპუსები და ესტაკადა. მე კი, როგორც ნოდარ დუმბაძის ერთგულ მკითხველს, მისი გენიის და ღვაწლის დამფასებელს, არ მინდა, რომ მთაწმინდაზე მას იმიტომ ასვენებდნენ, რომ ოჯახმა და საზოგადოებამ პროტესტი არ გამოთქვას ბავშვთა ქალაქ "მზიურის" განადგურება-გაჩანაგების გამო. მე არც ის მინდა, რომ მავანი პატრიარქის არაკეთილმოსურნე ქირქილებდეს: ილია II ნაციონალების დავალებებს ფრიადზე ასრულებსო. ეს ანგრევს ქართული საზოგადოების რწმენის ჯერ კიდევ შემორჩენილ ბალავერს. ამის სათქმელად დიდი ქართველი მწერლის ქალიშვილის, მანანა დუმბაძის სიტყვებმა განმაწყო ("ალია"): "გავიდა 25 წელი. თქვენ როგორ ფიქრობთ, კაცი, რომელიც ჩერნენკოს დროს გარდაიცვალა, იმას იფიქრებდა, რომ "მზიურში" არაფერი არ გაკეთდებოდა?! მისმა იქ ყოფნამ არაფერი არ მოუტანა "მზიურს", პირიქით, ხან ერთი ნაწილი ჩამოაჭრეს, ხან მეორე... და ეს მთავრობა რას გააკეთებს, ამაზე პასუხი ვინ უნდა აგოს _ მამაჩემის საფლავმა, მე და ჩვენმა ოჯახმა?!" ასე რომ, ღირსეული მწერლის მთაწმინდაზე გადასვენებამ…ამდენი შეკითხვა დაბადა. საზოგადოება ღირსია მიიღოს პასუხები ამ კითხვებზე. ეს მარტივი საკითხები არ არის და მათგან მთავარ შეკითხვაზე: იარსებებს თუ არა მომავალში ბავშვთა ქალაქი "მზიური", რა ფორმით, სად და რა ფუნქცია ექნება მას. ლევან ლიქოკელი
|